ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსების საკითხით ჩინელებიც დაინტერესდნენ - რატომ უწოდა ამ ფაქტს China National Radio-მ "უკანდახევა შეტევისთვის"
ჩინეთის ეროვნულმა რადიომ ( China National Radio, CNR) ეთერში გადასცა სიუჟეტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ, რომლის ბაზა ნაწილობრივ ყირიმიდან აფხაზეთში (საქართველოს ტერიტორია, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს), ოჩამჩირეში გადადის. ტექსტი გამოქვეყნებულია რადიოს ვებგვერდზე სათაურით - „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გადასახლება“: უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?“ (ავტორი - ჯოუ ვეიჯენი, სამხედრო მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ამას წინათ, თანამგზავრის მიერ კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბევრმა ხომალდმა ყირიმში მდებარე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვა.
ბოლო დროს უკრაინის არმია რამდენჯერმე შეეცადა სევასტოპოლზე თავდასხმას და სამხედრო ბაზას გარკვეული ზიანიც მიაყენა. ამ ფონზე მოსკოვმა გადაწყვიტა, შავი ზღვის ფლოტისათვის ახალი ბაზა გამოეძებნა და იპოვა კიდეც - ოჩამჩირის უბე აფხაზეთში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.
რატომ ტოვებენ რუსეთის სამხედრო გემები ყირიმს
მონაცემები გვაჩვენებენ, რომ ამას წინათ უკრაინამ გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები და საზღვაო დრონი-კამიკაძეები, რითაც შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი სერიოზულად დააზიანა. საჰაერო დრონებით დაიბომბა ფლოტის შტაბიც.
პრობლემა ის არის, რომ სევასტოპოლი შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროს ცენტრში მდებარეობს და რუსული გემები, რომლებიც ამ ნავსადგურიდან გამოდიან, იოლად არიან ხელმისაწვდომი უკრაინელებისათვის.
ფლოტის ხომალდების დისლოცირების შეცვლას („გადასახლებას“) ნამდვილად იძულებითი ხასიათი აქვს: ბოლო დროს უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული შეტევებით მნიშვნელოვნად დაზიანდნენ როგორც წყალზედა გემები, ისე - წყალქვეშა ნავებიც, რომლებიც სევასტოპოლის გემთსარემონტო ქარხანაში იდგნენ.
ოჩამჩირე: შავი ზღვის ფლოტის „ახალი სახლი“?
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის უბეში - იქ, სადაც ქალაქი ოჩამჩირეა, განლაგებული, შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ახალ პუნქტს ქმნის. ოჩამჩირის პორტი ორმაგი დანიშნულებისაა - იქ არის როგორც სამოქალაქო, ასევე - სამხედრო ნავმისადგომები. როგორც ჩანს, ახალი ბაზის მშენებლობა გულისხმობს „დროებით უკანდახევას შეტევაზე გადასვლის მიზნით“ ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „სივრცის დროზე გადაცვლას“. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუს სამხედროებს შეუძლიათ სტრატეგიული პასიურობიდან აქტიურობაზე გადავიდნენ.
რასაკვირველია, შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლიდან გაყვანა არ ნიშნავს ამ სამხედრო პორტზე უარის თქმას, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია, მოქმედებს (1783 წლიდან). ოჩამჩირის პორტი შეიძლება ახალი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი გახდეს რუსეთის ფლოტისათვის, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს, შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი შეინარჩუნოს. ოჩამჩირე ოდესიდან პირდაპირი ხაზით 700 კილომეტრით არის დაშორებული, ასეთი მანძილი კი უკრაინას ხელს შეუშლის საზღვაო თუ საჰაერო დრონების დარტყმებისათვის გამოყენებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ „გადასახლება“ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ხომალდების მობილურობასა და შემტევ ძლიერებაზე. რუსულ გემებს ახალი ბაზიდანაც შეუძლიათ უკრაინის ღრმაწყლიან ნავსადგურებზე შეტევა.
ტაქტიკური უკანდახევა სამომავლო შეტევისათვის, ნატოსთან პირისპირ
როგორც ჩანს, რუსეთი ტაქტიკურად უკან იხევს, რომ შემდეგ შეტევაზე გადავიდეს - სავარაუდოდ, ნატოსთან დასაპირისპირებლად. გარდა ამისა, რუსეთს ოჩამჩირეში ახალი ბაზის მშენებლობისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება. 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ კრემლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არც საქართველო დაეთანხმა და მთლიანობაში - არც საერთაშორისო გაერთიანება.
სამხრეთ კავკასიაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ამას წინათ მომხდარი ამბებით, რასაკვირველია, რეგიონში ნატოს გეგმებიც სერიოზულად იცვლება, მისი გააქტიურების მხრივ. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთული ექსპანსიის შესაკავებლად, მოსკოვმა აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნა განიზრახა.
რუსეთი თვლის, რომ ნატომ უკრაინის კონფლიქტი შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში თავისი გავლენის გაფართოებისათვის გამოიყენა, ხოლო ალიანსის შემდგომი გაფართოების ძალისხმევის მიმართულება, სავარაუდოდ, აღმოსავლეთი იქნება, მათ შორის - საქართველოც.
რუსეთი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ახლა სწორედ ის დროა, რომ ფლოტის გადანაცვლებით აფხაზეთში ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზა შეიქმნას.
ოჩამჩირე: რა შეიძლება მოხდეს ახლო პერსპექტივაში
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ოჩამჩირის პორტში დღეს არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები არასაკმარისია და, აქედან გამომდინარე, ხომალდების დიდი რაოდენობით გასათავსებლად მოუხერხებელია. შესაბამისად, ამ მომენტში მოსკოვისათვის ოპტიმალურ ვარიანტს ოჩამჩირეში ჯერჯერობით ფლოტის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ბაზირება წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ოჩამჩირეში მსხვილი სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობისათვის აუცილებელია რიგი პროექტების რეალიზება, მაგალითად, საჭირო იქნება ფსკერის გასაწმენდი და გასაღრმავებელი სამუშაობის ჩატარება, სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.
უფრო ფართოდ თუ ვიტყვით, თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა - ეს გრადიოზული გეგმაა, რომელიც მოითხოვს არა მარტო ღრმაწყლოვან და გაუყინავ ნავსადგურს, არამედ - კარგად შეთავსებულ ბუნებრივ პირობებსაც, ასევე, რიგი დამატებითი სამხედრო ობიექტების მშენებლობას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ამიტომ, რადგანაც ამ მომენტისათვის ოჩამჩირის პორტი გარკვეულწილად მოუხერხებელია, რუსეთი სარგებლობს ფეოდოსიის (ყირიმში), ნოვოროსიისკის, ტუაფსის და სხვა ნავსადგურებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ - ხომალდებს უსაფრთხო ადგილებს მიუჩენს, მეორე მხრივ კი - გაუმჯობესდება მათი მომარაგება მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ