მოახლოებული სამხედრო აპოკალიფსი?! - ისრაელს შესაძლოა, ოთხი ფრონტი ერთდროულად გაუხსნან
ისრაელმა მოახერხა „ჰამასის“ დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების განდევნა თავისი ტერიტორიიდან და საფუძვლიანად ემზადება ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, თუმცა სიტუცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, თუკი ომის ესკალაცია დაიწყო და ბრძოლებში სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოავანი ძალები ჩაერთვნენ...
ისრაელმა სახელმწიფოდ შექმნისა და განვითარების ისტორიაში ბევრი მტერი გაიჩინა, რომლებიც, ფაქტობრივად, სამი მხრიდან ესაზღვრებიან მას და ყველა მათგანს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია ოფიციალური თელ-ავივის მიმართ (იმიტომაც, რომ თავისი გაძლიერებისა და გაფართოების ისტორიაში ისრაელს ოკუპირებული აქვს ის ტერიტორიები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა თავიდან), უფრო მეტიც - ყველაზე რადიკალური მტრები საერთოდ უარყოფენ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობის იდეასაც კი და დიდი სურვილით „გადაყრიდნენ“ ისრაელის მოსახლეობას... ხმელთაშუა ზღვაში...
აქედან გამომდინარე, ისრაელ-პალესტინელთა ერთობლივი მშვიდობიანი თანაცხოვრება თითქმის შეუძლებელი ხდება და ამიტომაც პერიოდულად იწყება ასეთი შეიარაღებული დაპირისპირებები.
ისრაელს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ იარაღით ხელში დაიცვას თავისი არსებობა და იქით დაასწროს შეტევა არაკეთილმოსურნეებს, რაც მსოფლიო საზოგადობას ხშირად სწორედ ისრაელის ძალისმიერი მოქმედებების მიმართ ძალზე კრიტიკულად განაწყობს, მაგრამ ამჯერად სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია - პირველი ძალისმიერი სვლა და თანაც - ძალზე სასტიკი, „ჰამასმა“ გააკეთა ღაზის სექტორიდან, რაც ერთგვარად გზას უხსნის ისრაელს ეცადოს, ერთხელ და სამუდამოდ მოსპოს „ჰამასის“ პრობლემა და ღაზის სექტორშიც ძალიან ბევრი რამ შეცვალოს...
პირველი ფრონტი
პირველი ფრონტი უკვე ყალიბდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე, დაახლოებით, 60 კმ-ის სიგრძეზე (სამხრეთ-დასავლეთით ღაზის სექტორს 12 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აქვს ეგვიპტესთან, რომელსაც ისრაელი არ აკონტროლებს).
მრავალდღიანი საჰაერო დაბომბვების შემდეგ, რომელსაც მალე საარტილერიო და სარაკეტო საცეცხლე მომზადებაც დაემატება, „ცახალი“ რამდენიმე მიმართულებიდან შეუტევს ღაზის სექტორს, მისი ტერიტორიის მართლაც სექტორებად იზოლირების მიზნით, რომ „ჰამასის“ მობილურ საბრძოლო ჯგუფებს ოპერატიული მანევრირების საშუალება მოუსპოს, მათ შორის - მიწისქვეშა გვირაბების გამოყენებით.
ერთი შეხედვით, ისრაელის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება „ჰამასისას“ და შედარებით ადვილი გამარჯვების ილუზია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ეს ასე, ეტყობა, არ იქნება, რადგან ისრაელის წინააღმდეგ შეიძლება ახალი ფრონტი გაიხსნას და - არა ერთი...

მეორე ფრონტი
შეიძლება „ჰამასის“ სახელი ეხლა უფრო ხშირად ჟღერს, მაგრამ მასზე ყოველმხრივ ბევრად ძლიერია (გინდ რიცხოვნობით, გინდ ორგანიზებით და მით უმეტეს - შეიარაღებით) ლიბანში მოქმედი შიიტური ორგანიზაცია „ჰესბოლა“, რომლის ხელმძღვანელობა დაემუქრა თელ-ავივს, რომ „ცახალის“ ღაზაში შეჭრისთანავე „ ჰესბოლა“ ისრაელს ჩრდილოეთიდან დაარტყამს...
ისრაელის არმიას არა ერთხელ უომია „ჰესბოლასთან“ ლიბანის ტერიტორიაზე და იცის, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს ნახევრად ტერორისტული-ნახევრად ოფიციალური დაჯგუფება ხელწამოსაკრავი არ არის, მით უმეტეს, რომ „ჰესბოლას“ შეიარაღებაშია ირანიდან მიწოდებული ბევრად უფრო შორს და ზუსტად მფრენი ბალისტიკური რაკეტებიც კი, რომელთა ჩამოგდება ისედაც ძალზე გადატვირთულ „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას კიდევ უფრო გაუჭირდება, შესაბამისად, ისრაელის ქალაქები აღმოჩნდებიან ორმაგი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ - სამხრეთიდან, ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ გაშვებულების, ხოლო ჩრდილოეთიდან - „ჰესბოლასგან“ სტარტაღებულების...
ხოლო, თუკი „ჰესბოლამ“ შეასრულა დანაქადი და „ცახალის“ ღაზის სექტორზე შეტევის საპასუხოდ ისრაელის ჩრდილოეთი საზღვარი გადალახა და დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფები მასობრივად შეგზავნა, მაშინ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება...
მესამე ფრონტი
თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ჩნდება მესამე ფრონტის გახსნის საშიშროება აღმოსავლეთ მიმართულებიდან - მდინარე იორდანის დასავლეთი ნაპირიდან...
მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირს გაეროს უშიშროების საბჭოც კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა თელ-ავივში მას „საკამათო ტერიტორიად“ ნათლავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ ტერიტორიის 83%-მდე ნაწილობრივ ან მთლიანად აკონტროლებს სამხედრო ძალის საშუალებით, მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე მაცხოვრებელი 2,8 მლნ ადამიანიდან 2,3 მლნ არაბია, რომლებსაც გასაგებია, რომ ისრაელის სახელმწიფოს ქვეშ ყოფნა გულზე ძალიან არ ეხატებათ და როგორც კი მომენტს ნახავენ, ქვებსა და „კოქტეილი მოლოტოვისთვის“ ბოთლებს ესვრიან ისრაელის მობილურ საპატრულო ჯგუფებს.
მდინარე იორდანის დასავლეთი ნაპირზე მაცხოვრებელ არაბებს არ „ჰყავთ „ჰამასის“ და მით უმეტეს - „ჰესბოლას“ მსგავსი გასამხედროებული საბრძოლო ჯგუფები, მაგრამ მასობრივი დივერსიული თავდასხმების მოწყობა, მათ შორის - მეზობელ ისრაელის კიბუცებზე თავდასხმების სახითაც, მათაც შეუძლიათ მოაწყონ და ამით კიდევ უფრო გაურთულონ ცხოვრება ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელის სახელმწიფოს.
მეოთხე ფრონტი
ისრაელს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი „საინტერესო“ ქვეყანა - სირია ესაზღვრება, რომელთანაც რამდენჯერმე ჰქონდა ომი და ეხლაც სერიოზულ დაპირისპირებაში იმყოფება გოლანის სიმაღლეების რაიონში, რაც გამოიხატება პერიოდულ ორმხრივ სროლებში, თუმცა ისრაელის ავიაცია ხშირად წერტილოვან საჰაერო დარტყმებს აყენებს სირიის სიღრმეში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის - სამხედრო აეროდრომებსაც, რომლებზეც ირანული სამხედრო ბაზების განადგურებას ცდილობს.
შესაბამისად, თუკი სირია დაინახავს,რომ „ჰამასის“ შემდეგ „ჰესბოლამაც“ შეუტია ისრაელს, იქნებ მასაც გაუჩნდეს სურვილი, შური იძიოს 50 წლის წინ წაგებული „განკითხვის დღის“ ომის გამოც?
სხვა მეზობლები...
ისრაელს აღმოსავლეთით 238 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აქვს იორდანიასთან (მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირის საზღვრის ჩაუთვლელად), ხოლო სამხრეთით კი - 266 კმ ყოფს ეგვიპტისგან.
1967 წლის „ექვსდღიანი ომის“ დროს ისრაელს საბრძოლო დაპირისპირება ჰქონდა იორდანიასთან და ეგვიპტესთანაც, თუმცა დღეს მათი ურთიერთობები, ასე თუ ისე, დარეგულირებულია და თელ-ავივი, წესით, არ უნდა მოელოდეს დამატებითი ფრონტების გახსნას ამ მიმართულებებზე, პირიქით იორდანია ამაგრებს საზღვარს ისრაელთან, რათა იორდანიაში მაცხოვრებელმა პალესტინელმა დევნილებმა არ სცადონ მისი გადაკვეთა და ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელება.
ირანი
ირანის ისლამური რესპუბლიკა ის გავლენიანი შიიტური სახელმწიფოა, რომელიც, მართალია, ათასი კმ-ითაა დაშორებული ისრაელისგან და მათ ორი სხვა ქვეყანაც ჰყოფთ, მაგრამ თეირანის მონდომების შემთხვევაში, ირანმა შეიძლება, ისრაელის წინააღმდეგ გაააქტიუროს ამ მომენტისთვის პირობითი - მეორე და მეოთხე ფრონტები, შესაბამისად, ლიბანიდან „ჰესბოლასა“ და სირიიდან სხვა შიიტური შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმების სახით.
„ცახალის“ მიერ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ თუ რა პოზიციას დაიკავებს ირანი, ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული, გაეხსნება თუ არა ახალი ფრონტები ისრაელს...
ეს რომ არ მოხდეს, აშშ-მა ჯერ ერთი ატომური საავიამზიდო ჯგუფი გადაისროლა უშუალოდ ლიბანის სანაპიროს სიახლოვეს და ეხლა მეორესაც აგზავნის ირანის გასაფრთხილებლად...
ამერიკული ატომური ავიამზიდების გამოჩენა ამ საომარი მოქმედების თეატრში და ისრაელის ბირთვული შეირაღების შესაძლებლობები ანუ რაოდენ კრიტიკულ მომენტში შეიძლება გამოიყენოს თელ-ავივმა თავისი ბირთვულქობინიანი რაკეტები, შემდგომი სტატიების თემა გახდება...