(+18) ყურადღება! მასალა შეიცავს შოკისმომგვრელ დეტალებს - კფარ-აზას ტრაგედია, რომელიც ისრაელში არასოდეს დაავიწყდებათ - კვირის პალიტრა

(+18) ყურადღება! მასალა შეიცავს შოკისმომგვრელ დეტალებს - კფარ-აზას ტრაგედია, რომელიც ისრაელში არასოდეს დაავიწყდებათ

კფარ - აზა: რეპორტაჟი ისრაელის კიბუციდან, სადაც "ჰამასმა" მოსახლეობა ამოხოცა

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში მიმდინარე სისხლიანმა შეტაკებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თითქმის პირდაპირ ეთერში ადევნებდა მთელი მსოფლიო თვალს რა სასტიკად უსწორდებოდნენ „ჰამასის“ წევრები მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, ორსულებს, ჯარისკაცებსა და ტურისტებს...

ისრაელის კიბუც კფარ-აზაში განვითარებული შემზარავი მოვლენები კი, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ ისრაელის მცხოვრებთ.

შეტაკებები აქ სამშაბათის დილამდე არ შეწყვეტილა და მოსახლეობა მხოლოდ ახლა ნახულობს გარდაცვლილებს. კიბუცი კფარ-აზა ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარეობს.

ჯარისკაები, რომლებიც ტერორისტთა თავდასხმას გადაურჩნენ, ამბობენ, რომ აქ მშვიდობიანი მოსახლეობის ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ადამიანთა უმეტესი ნაწილი შაბათს, "ჰამასის" შემოჭრის პირველ რამდენიმე საათში მოკლეს.

screenshot-2023-10-12-122039-1697099938.png

71-ე რაზმის მეთაურის დავიდ ბენ სიონის განცხადებით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა 12 საათიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს კიბუცამდე მისვლა.

„მადლობა ღმერთს, მოსახლეობის დიდი ნაწილის გადარჩენა შევძელით, მათ შორის ბავშვების და მათი მშობლების. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი "მოლოტოვის კოქტეილებით" დაწვეს. ჰამასის მებრძოლები ცხოველებივით აგრესიულები არიან“.

„ჰამასის მებრძოლები იყვნენ ჯიჰადის მანქანა, რომელიც კლავდა ყველა ადამიანს, იმათაც კი, ვისაც იარაღიც არ ჰქონდა, კლავდნენ უბრალო მოქალაქეებს რომლებიც სადილისთვის ემზადებოდნენ“ , - აღნიშნა დავიდ სიონმა და დაამატა, რომ ჰამასის მებრძოლებმა ამოწყვიტეს ოჯახები, მათ არ დაინდეს ახალშობილებიც. მისი განცხადებით, ზოგიერთ გარდაცვლილ ადამიანს თავი ჰქონდა მოკვეთილი...

screenshot-2023-10-12-121649-1697099937.png

„მათ მოკლეს ისინი და შემდეგ თავები მოჰკვეთეს... ეს საშინელი სანახაობა იყო. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მტერი და რა არის ჩვენი მისია. იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს“.

„ჰამასის“ მებრძოლებს გადარჩენილი მოსახლეობა მედიასთან შემზარავ ისტორიებს იხსენებს. ერთ-ერთი მათგანი მორ ბაიდერია, რომელმაც "ფეისბუქით" გაიგო, რომ ბებო დაეღუპა.

screenshot-2023-10-12-115633-1697097523.png

გოგონამ ბებოს დაღუპვის შესახებ "ჰამასის" გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოდან გაიგო. ვიდეო გოგონას დეიდამ უჩვენა.

„გახსენი "ფეისბუქი", გახსენი "ფეისბუქი"... დედამ ვერც კი შეძლო გვერდის გახსნა, მთელი სხეულით კანკალებდა. გავხსენი "ფეისბუქი" და ეს საშინელება დავინახე. ყველაზე საშინელი კატასტროფა დავინახე, რაც შეიძლებოდა ოდესმე წარმომედგინა...

screenshot-2023-10-12-115651-1697097524.png
მორ ბაიდერი ბებიასთან ერთად

ბებიაჩემი მიწაზე მოკლული იყო, ის საკუთარ სახლში მოკლეს და ეს ვიდეოთი გადაიღეს. იატაკი მთლიანად სისხლში იყო და ბებია ამ სისხლში იწვა. ტერორისტმა აიღო ბებიას ტელეფონი, გადაუღო ვიდეო და ბებიას "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა. აი, ასე შეგვატყობინეს" - ამბობს გოგონა მედიასთან საუბრისას.

ის რაც კფარ-აზას დასახლებაში მოხდა, იმ სამხედრო დანაშაულებათა გრძელი სიის გაგრძელებაა, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა აქამდე ჩაიდინეს.

დასახლების მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, აქ დაიღუპნენ ის მოქალაქეებიც, რომელთაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ და კიბუცის ტერორისტებისგან დაცვას ცდილობდნენ. მათი გვამები სხვა გარდაცვლილთა ცხედრებთან ერთად, კიბუცის ცენტრში იპოვეს.

ღაზის სექტორთან მდებარე კიბუცში მცხოვრებ ადამიანებს გააზრებული ჰქონდათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სწორედ ამიტომ, აქ ყველა სახლს ბუნკერი ჰქონდა, რათა მოსახლეობას რაკეტებით დაბომბვისას თავი შეეფარებინა. ასევე, აქ თითქმის ყველა სახლთან დასასვენებელი ტერასა და ბავშვებისთვის გასართობი ადგილი იყო გაშენებული. კფარ-აზას მოსახლეობა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ „ჰამასის“ წევრები ასე მოულოდნელად შეიჭრებოდნენ და ოჯახებს ამოუწყვეტდნენ, დედების თვალწინ მოკლავდნენ ჩვილ ბავშვებს, მოკლავდნენ ქალებს, კაცებს...

ისრაელელების გლოვას თან ბრაზი ერთვის სახელმწიფოსა და არმიის მიმართ, როგორ შეძლეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ამგვარად ტერიტორიაზე შემოღწევა და ამდენი ხალხის მოკვლა...

screenshot-2023-10-12-123257-1697099939.png

საშინელება ტრიალებს კიბუცის ქუჩებში, მოკლულ "ჰამასელთა" გვამები ქუჩებში მზის გულზე ყრია, მათ მოსახლეობა არ ეკარება. ზოგიერთის გვამს ბუჩქებში, არხებში და სად არ ნახავთ...

ისრაელის არმია იძულებული გახდა სისხლის ბოლო წვეთამდე, თავგანწირულად ებრძოლა რათა კფარ-აზა და სხვა სასაზღვრო დასახლებები გაეთავისუფლებიათ ტერორისტებისგან.

მთელი ისრაელი გლოვობს. თუმცა ღაზის სექტორშიც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება.

ყველასათვის ნათელია, რომ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის ასე სასტიკად მოკვლა, „ჰამასის“ ტერორისტების მხრიდან ომის კანონების კიდევ ერთი უხეში დარღვევაა. ამასთან, ისრაელელები „ჰამასის“ მიერ მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობასა და საპასუხოდ, ღაზაში რაკეტებით დაბომბვისას გარდაცვლილ ადამიანთა შედარებაზე უარს აცხადებენ.

გენერალ-მაიორი იტაი ვერუვი, რომელიც კიბუცის დაბრუნების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ ისინი ყველა წესს იცავდნენ, რომელიც ომის მსვლელობისას სამხედრომ უნდა დაიცვას.

„ვიცი, რომ ჩვენი კულტურისა და ღირებულებებისთვის ვიბრძვით... ჩვენ შეუპოვრად და ძლიერად ვიბრძოლებთ, მაგრამ არ დავკარგავთ მორალურ ღირებულებებს. ჩვენ ისრაელელები ვართ, ჩვენ ებრაელები ვართ“, - აღნიშნა მან. გენერალმა უცხოელ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ რაც კიბუცში ხდებოდა „სრული ქაოსი იყო, ყველგან ტერორისტები იყვნენ“.

- რამდენად რთული იყო ბრძოლა?

- თქვენ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, იმდენად რთული...

- მსგავსი რამ აქამდეც გაგიკეთებიათ?

- დიახ, მაგრამ არა ასე.

- რა იქნება შემდეგ?

- არ ვიცი, იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნებიან. ჩვენ ტერიტორიაზე შევალთ.

- ღაზაში? ეს რთული ბრძოლა იქნება

- დიახ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ

screenshot-2023-10-12-123248-1697099939.png

ოფიცერი დავიდ ბენ სიონი, რომელიც 71-ე რაზმს ხელმძღვანელობდა და „ჰამასელთა“ პირველი შემოჭრისას ტერორისტებს დაუპირისპირდა, აღნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეთა შორის ბევრია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანი, თუმცა საერთო საფრთხის წინაშე ისინი გაერთიანდნენ.

უცხოელი ჟურნალისტის თქმით, იმ პერიოდში, როცა ისინი კფარ-აზას კიბუცში იმყოფებოდნენ, სამხედროები აუფეთქებელი ბომბების გვერდის ავლით, ფრთხილად ცდილობდნენ გარდაცვლილი ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანას. ყოველი შემოტევისას კი საქმეს წყვეტდნენ და შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ გვამების გადასვენებას...

screenshot-2023-10-12-122106-1697100823.png
Ohad Zwigenberg / AP / Scanpix / LETA

უახლესი ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 300-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს გატაცებული და ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150 ადამიანის ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია.

ამასთან, დაშავებულია დაახლოებით 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა. (წყარო)