წავიდა თუ არა ვაშაძე კვიპროსში კეზერაშვილთან შესახვედრად? - რას ამბობენ "სტრატეგია აღმაშენებელში"
„სტრატეგია აღმაშენებლში“ უარყოფენ, რომ პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი ვაშაძე ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება და კვიპროსში წასვლას არ აპირებს.
„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ვაშაძე ქვეყანაში ნამდვილად არ იმყოფება, წასულია საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით. კვიპროსში არანაირი შეხვედრა არ აქვს და არც აპირებს წასვლას“,- განაცხადეს პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში წავიდა გიორგი ვაშაძეც.
"ინტერპრესნიუსი"