რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ს ახალ ელჩ რობინ დანიგანზე, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა
საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ღირებულ წვლილს, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ღირებული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი.
"ინტერპრესნიუსი"