"აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე არსებობდა. ასევე, როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, მოკლულის ბიძა ქალზე ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევია და საზღვრის უკანონო კვეთაც უფიქსირდება.
როგორც პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი აქვს, რომ დედამ და ბიძამ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.
"სწორედ დედამ აიძულა გოგონა, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იძულებითი ქორწინების დროს ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექტემბერს შეუსრულდა 14 წელი, გათხოვილიყო მისთვის უცნობ და ასაკით უფროს - 27 წლის მამაკაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - თქვა პროკურორმა.
ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა თავისი ნებით გათხოვდა. საქმის მთავარი მოწმე მოკლული გოგონას ბებიაა, რომლის ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ სწორედ დედამ აიძულა არასრულწლოვანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გათხოვილიყო და რომ მას კატეგორიულად არ სურდა ამის გაკეთება. (გააგრძელეთ კითხვა)
საკუთარი დედის ჩვენება, ეგანა მაგარამოვამ სხდომაზე ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მან ქართული არ იცის და გამოკითხვის ოქმზე ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარსი არ იცოდა, რასაც პროკურორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.