"14 წლის ვიყავი, სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში მითხრეს, რომ ეს სტუმრები შენი ხელის სათხოვნელად არიან მოსულებიო... "
ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონა სიმამაცისა და გამბედაობის გამო სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა.
ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.
ჩინარა სახლიდან 5 წლის წინ წამოვიდა, 1 წლის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა. ბევრი იბრძოლა, გამოიარა რთული დღეები. დღეს ჩინარა ბედნიერია. ოცნება აისრულა და საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.