მეტსახელად "ქართველი", რომელიც "ჰამასს" შიშის ზარს სცემდა - ვინ იყო ავთანდილ წიწუაშვილი, რომელმაც 7 ოქტომბრის კატასტროფა იწინასწარმეტყველა - კვირის პალიტრა

მეტსახელად "ქართველი", რომელიც "ჰამასს" შიშის ზარს სცემდა - ვინ იყო ავთანდილ წიწუაშვილი, რომელმაც 7 ოქტომბრის კატასტროფა იწინასწარმეტყველა

უკვე შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა, თავისი არსებობის ისტორიაში ტერორისტული ორგანიზაციისგან ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. რატომ? როგორ? ვისი (პოლიტიკური ხელმძღვანელობის, თუ სპეცსამსახურების) შეცდომის გამო მოხდა ამგვარი კატასტროფა? – პასუხგაუცემელი კითხვები ძალზე ბევრია. ისრაელის „ამანისა“ და „მოსადის“ ზოგიერთი ძველი, სკანდალური შეცდომების შესახებ უკვე ვისაუბრე. „7 ოქტომბრის კატასტროფის“ დროს ამ სპეცსამსახურების მოქმედებების შეფასებას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. დღეს კი ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურის – „შინ–ბეთის“ (იგივე „შაბაკის“) – ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ვისაუბროთ.

„შინ ბეთი“ 1948 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტრდაზვერვითი საქმიანობაა. ის უშუალოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. ამ სპეცსამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უცხოეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მუშაობა, ისრაელში მცხოვრები პალესტინელების სამხედრო ორგანიზაციების კონტროლი და ისრაელის მოქალაქეების ექსტრემისტული მოქმედებების აღკვეთა. აქედანაც ჩანს, რომ „შინ ბეთსაც“ ეკისრება პასუხისმგებლობა „7 ოქტომბრის კატასტროფის“ გამო.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ათწლეულების მანძილზე ისრაელის კონტრდაზვერვის ერთ–ერთი წამყვანი თანამშრომელი და ხელმძღვანელი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ჭაბუკი ავთანდილ წიწუაშვილი (იგივე იცჰაკ ილანი) იყო.

ზუსტად სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 ოქტომბერს კორონავირუსმა მსოფლიოს დონის მზვერავი შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა ( იცჰაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამო სასუფეველში. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს. ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი. ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი, გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. 1973 წელს ავთანდილ წიწუაშვილი ოჯახთან ერთად დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს - ისრაელს და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცჰაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს.

ერთ–ერთ ინტერვიუში იცჰაკ ილანმა გაიხსენა: „ ჯარში შევხვდი არიელ შარონს. მან შენიშნა ჩემი უცნაური აქცენტი და მკითხა, საიდან ვიყავი. როცა გაიგო – საქართველოდან, მითხრა: „მეც ბევრი რამ მაკავშირებს ამ ქვეყანასთან – ჩემი ბებია და პაპა იქ არიან დაკრძალულიო“ . მერე მკითხა, რა ენები ვიცოდი და მეც ჩამოვთვალე“. ჩემი აზრით სწორედ ენების ცოდნამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში. 1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცჰაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში ( "შინ ბეთში") დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ "საბჭოთა განყოფილებაში" (საბჭოთა კავშირის დაზვერვის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს.

"სურამელი ჭაბუკი” 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას. ამ პერიოდში მან ურთულესი გზა განვლო: იყო "შინ ბეთის" საგამოძიებო დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი, ისრაელის სხვადასხვა რეგიონის კონტრტერორისტული დანაყოფების უფროსი, 2004-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო დეპარტამენტს, .ხოლო 2010-2011 წლებში იყო "შაბაკის" უფროსის მოადგილე. იცჰაკ ილანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისრაელის კონტრდაზვერვის შეფის პოსტის დასაკავებლად. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგად სხვა, კერძოდ იორამ კოენის კანდიდატურა ამჯობინა. უნდა ითქვას, რომ იცჰაკ ილანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა ამ წყენას. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ნათანიაჰუმ, როგორც ყველგან და ყოველთვის ხდება ხოლმე, თბილი სიტყვები არ დაიშურა იცჰაკ ილანის მისამართით.

2011 წლის სექტემბრიდან იცხაკ ილანი თადარიგში გავიდა და სხვადასხვა ბიზნესპროექტში ჩაერთო. არ ივიწყებდა საქართველოსაც, სადაც 2013 წელს იყო ჩამოსული და მშობლიურ სურამსაც ეწვია. 2018 წელს იცხაკ ილანს ფილტვების უმძიმესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფილტვების გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

picture1-1697137933.jpg

იცჰაკ ილანი (1956-2020)

იცჰაკ ილანი იყო დიდი პროფესიონალი: საგამოძიებო ხელოვნების დიდოსტატი, ანტიტერორისტული ოპერაციების უმაღლესი დონის ანალიტიკოსი და რაც ყველაზე საინტერესოა – ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციების ერთ–ერთი ხელმძღვანელი. ისრაელში მას მეტსახელი "ქართველი" შეარქვეს და როგორც მისი კოლეგები იხსენებენ "ქართველი" შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს. იცჰაკ ილანის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 1987 წელს, ისრაელში მოქმედი საბჭოთა ჯაშუშის, შაბთაი კალმანოვიჩის გამოვლენა და გამოტეხვა იყო. იცჰაკ ილანი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საბჭოთა აგენტის გამოტეხვაში მას "სიცრუის დეტექტორი" (იგივე პოლიგრაფი დაეხმარა). ზოგადად იგი დიდად აფასებდა დაკითხვების ამ მეთოდს და მიაჩნდა, რომ "სიცრუის დეტექტორი" არასდროს ცდება,

picture2-1697137933.jpg

შაბთაი კალმანოვიჩი (1947–2009)

თუ ოპერატორმა სწორად შეარჩია კითხვები. წლების განმავლობაში იცჰაკ ილანი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა ისრაელის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების გამოვლენისა და ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციების დაგემვასა და რეალიზაციაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გამოყენების მომხრე იყო.

იცჰაკ ილანი პირადად მონაწილეობდა ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალ-კარმის ლიკვიდაციის ოპერაციაშიც.

„შინ ბეთმა“ ალ-კარმის ლიკვიდაციის ბრძანება პირადად ისრაელის პრემიერ–მინისტრ არიელ შარონისგან მიიღო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ არიელ შარონი მოთმინებიდან გამოვიდა: იგი თითქმის ყოველდღე ურეკავდა „შინ ბეთის“ უფროს ავი დიხტერს და ეკითხებოდა, რატომ დადიოდა ალ–კარმი ჯერ კიდევ დედამიწაზე. დიხტერმა კი ილანს დაურეკა და უთხრა: „იციკ, ძვირფასო, ეს საუბრები მკლავს. მოდი უკვე დავასრულოთ!” მას შემდეგ, რაც „შინ ბეთმა“ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ალ-კარმი ნეთანიაში ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა მიხვდნენ, რომ მეტი გადადება აღარ შეიძლებოდა. იცჰაკ ილანი იხსენებს: „მახსოვს, როგორ მოავხდინეთ ალ–კარმის ლიკვიდაცია. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო სასაფლაოს კედელში, იმ გზაზე რომელსაც იგი გადიოდა, როცა სახლში ბრუნდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეშმაკური ლიკვიდაცია ტერორთან ბრძოლის ისტორიაში“. ეს 2002 წლის ინვარში მოხდა. მანამდე კი იყო ლეგენდარული "ინჟინერის" - პალესტინელი ტერორისტის, იჰია აიშას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია.

იცჰაკ ილანი 1995 წლის აპრილში დანიშნეს „შინ ბეთის“ სამხრეთისა და ღაზას სექტორის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსად. იმ დღიდან მისი მთავარი ამოცანა "ინჟინერის" ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა და რეალიზაცია გახდა. 1995 წლის შემოდგომისთვის "ინჟინრის" მიერ ორგანიზებული ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვმა 60 მოკლულს და 530 დაშავებულს მიაღწია.

picture3-1697137933.jpg

„ტერორისტი – ინჟინერი“ – იჰია აიშა (1966-1995)

„შაჰიდის ქამრების“ მთავარი კონსტრუქტორის იჰია აიშას ლიკვიდაციის ბრძანება პირადად პრემიერ მინისტრმა იცჰაკ რაბინმა სიტყვიერად გასცა. როდესაც რაბინი მოკლეს და პრემიერ მინისტრი შიმონ პერესი გახდა, „შინ ბეთის“ ხელმძღვანელობას მოუხდა ხელახლა აეხსნა მისთვის, თუ ვინ იყო იჰია აიაში და რატომ იყო აუცილებელი მისი ლიკვიდაცია. 1995 წლის დეკემბრის განმავლობაში, „შინ ბეთის“ სპეციალური ჯგუფი დღე და ღამ მუშაობდა "ინჟინერის" ლიკვიდაციის ოპერაციაზე. მასში მონაწილეობდნენ: „შინ ბეთის“ ტექნიკური განყოფილება, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის სპეციალისტები, თავდაცვის ინდუსტრიის კონცერნი და ა.შ.. აიაშას ლიკვიდაციისთვის შემუშავებული ტექნოლოგია იმ დროს მართლაც უნიკალური იყო. ტერორისტს, რომელიც შენიღბვის და უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებდა, ახლო ნათესავმა Motorola–ს Alpha მოდელის ტელეფონი აჩუქა - იმ დროის უახლესი მოდელი მეტეხის აგურივით იყო და ოთხას გრამამდე იწონიდა. ასე რომ, ტელეფონის კორპუსში ჩამონტაჟებული 15 გრამი პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობა ყველას შეუმჩნეველი დარჩა. საკმარისი იყო ერთ შემომავალ ზარზე „ინჟინერს“ ეპასუხა, რომ ის თავში სასიკვდილო ჭრილობას მიიღებდა, ასეც მოხდა: 1996 წლის 15 იანვარს „ინჟინერი“ ლიკვიდირებული იყო.

„ჩვენ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვენადგურებინა „ჰამასის“ მთელი ხელმძღვანელობა ღაზაში და ამ ორგანიზაციის რამდენიმე თაობისთვის თავი მოგვკვეთა“ , – აცხადებდა იცჰაკ ილანი. მართლაც „შინ ბეთს“ ჰქონდა ზუსტი ოპერატიული ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მთელი ხელმძღვანელობა ღაზაში ერთ–ერთ სახლში უნდა შეკრებილიყო. იქ იქნებოდნენ: შეიხ აჰმად იასინი, მოჰამედ დეფი, ისმაილ ჰანია და სხვა ლიდერები. როდესაც ამ შეხვედრის მონაწილეთა ლიკვიდაციის საკითხი დადგა, ისრაელის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელისუფლებამ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად უარი თქვა დიდი სიმძლავრის აფეთქების მოწყობაზე და გადაწყვიტა ზუსტი, წერტილოვანი დარტყმით გაენადგურებინა „ჰამასის“ ლიდერები. შენობა ორსართულიანი იყო და „შინ ბეთის“ ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ რადგან შენობაში ლიფტი არ იყო, შეხვედრა პირველ სართულზე შედგებოდა - რათა შეიხ იასინი ინვალიდის ეტლით მეორეზე არ აეყვანათ. თუმცა „ცაჰალის“ ხელმძღვანელობამ იმის გამო, რომ შუქი მხოლოდ შენობის მეორე სართულზე ენთო, გადაწყვიტა, რომ შეხვედრა სწორედ იქ იმართებოდა და მეორე სართული ააფეთქა. პირველ სართულზე მყოფი „ჰამასის“ ლიდერები კი უვნებლაგ გადარჩნენ. ჩემი აზრით, ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ამგვარი "ლიკვიდაციის სპეცოპერაციების" განხორციელება პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. სპეცსამსახურების ამგვარი მოქმედებები, როგორც წესი, ახალ ტერორისტულ ტალღას წარმოშობს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევს.

"ქართველის" ყველაზე მძიმე პროგნოზი სამწუხაროდ გამართლდა

„შინ ბეთში“ მრავალწლიანი სამსახურის შემდეგ იცჰაკ ილანმა „ღაზას სექტორის“ პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი „ფორმულა“ შეიმუშავა, რომელიც ვერ ვიტყვი, რომ ყველასთვის მისაღები იყო (ან ახლა არის). თუმცა ფაქტია, რომ მის პროგნოზი სამწუხაროდ სრულად გამართლდა. 2020 წლის 18 მაისს, იცჰაკ ილანმა ვრცელი და ძალზე საინტერესო ინტერვიუ მისცა გაზეთ Maariv-ის ჟურნალისტს, სადაც იცჰაკმა „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებაც ისაუბრა. მაშინ იცჰაკ ილანმა შემდეგი განაცხადა: „რკინის გუმბათის“ გამოყენება შეცდომაა. ანუ, სისტემა თავისთავად მშვენიერია, მაგრამ ამან არ გამოიწვია დაძაბულობის განმუხტვა სექტორის ირგვლივ და არ მოუტანა სიმშვიდე საზღვრისპირა დასახლებების მცხოვრებლებს. იმიტომ, რომ „ჰამასს“ უკვე აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ თელ-ავივს და კიდევ უფრო შორს. რა მოხდება, როცა ირანი მათ კიდევ უფრო ახალ რაკეტებს გადასცემს უაღრესად ზუსტი მართვის სისტემით, რომელსაც აკონტროლებს GPS?! ეს გახდება დიდი პრობლემა“. სამწუხაროდ 2023 წლის 7 ოქტომბერს გამოცდილი მზვერავის ვარაუდი სრულად გამართლდა. პრობლემის გადაჭრას კი იცჰაკ ილანი ამგვარად ხედავდა: „ჩვენ გვჭირდება „ღაზას სექტორის“ ხელახლა ოკუპაცია. ვიმეორებ: ღაზაში შესვლისა და რაკეტებისა და ტერორისტებისგან გაწმენდის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ უნდა შეიმუშაოთ მკაფიო გეგმა ასეთი ოპერაციისთვის. შემდეგ კი დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდება . . . ამას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება“. იცჰაკ ილანი რადიკალური ზომების მომხრე იყო და ინტერვიუში განაცხადა:

„ ვინც სამოქალაქო პირებზე სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს, არის ომის დამნაშავე და სამხედრო დამნაშავეები უნდა განადგურდნენ. რაკეტების დამზადებასა და გაშვებაში მონაწილე ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ ხელი მოაწერეს საკუთარი სიკვდილის ორდერს და ადრე თუ გვიან ისინი იპოვიან და განადგურდებიან. . . . ჩვენ მოვკალით მათი 25 ბოევიკი, საჭირო იყო 2500-ის მოკვლა და მაშინ ახლა ღაზას ირგვლივ სიჩუმე იქნებოდა. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ დიდი სინანულით: ტერორის დასასრულებლად სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებისა, საიდანაც ის მომდინარეობს“. იცჰაკ ილანმა ისიც აღნიშნა, რომ ტერორიზმის ჩახშობის მთავარი ფაქტორი ისრაელის სპეცსამსახურისა და „ცაჰალის“ დანაყოფების ფიზიკური ყოფნაა ქალაქების ცენტრებსა და ლტოლვილთა ბანაკებში.

უკვე რამდენიმე დღეა „ღაზას სექტორი“ განუწყვეტლივ იბომბება, როგორც ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან „ჩვენ გავანადგურებთ იმას, რასაც „ჰამასი“ ჰქვია. „ჰამასი“ - ღაზას „ისლამური სახელმწიფო“ - აღიგვება პირისაგან მიწისა და არ გააგრძელებს არსებობას”, - აცხადებს დღეს ისრაელის ხელისუფლება. ძნელია, თუმცა აუცილებელია ემოციები დავივიწყოთ და რეალისტურად შევხედოთ არსებულ მდგომარეობას. მიმდინარე საომარმა ვითარებამ სერიოზულად დაძაბა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთსა და მთლიანად მსოფლიოში, რაც ყველაზე მეტად რუსეთისა და ირანის ინტერესებშია.

ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ საომარი მოქმედებები და მძიმე ტექნიკის გამოყენება ტერორისტების გასანადგურებლად არაეფექტიანი მეთოდია. ამიტომ, დღევანდელი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ისრაელის სპეცსამსახურების სისუსტედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მათ ვერ შეძლეს არმიის ხისტი სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, ზუსტი წერტილოვანი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება. ამავე დროს ობიექტურობა მოითხოვს ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ოპერატიულ–აგენტურული მუშაობა შორიდან, „ღაზას სექტორში“ შეუსვლელად და დისტანციურად, შედეგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. „ცაჰალის“ მიერ „ჰამასის“ გასანადგურებლად სახმელეთო ოპერაციის ჩატარება და ორმილიონზე მეტი ადამიანით დასახლებული ღაზას სექტორის დაკავება კი ქუჩის ბრძოლებში გადაიზრდება და ორივე მხრიდან ათასობით მსხვერპლი მოჰყვება. ათწლეულებია ამგვარ „ჩაკეტილ წრეში“ იმყოფება ისრაელის ხელისუფლება: შეხვალ ინანებ, არ შეხვალ მაინც ინანებ! ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ ისრაელი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყო: „ღაზას სექტორის“ მშვიდობიანად განვითარებისა და ინტეგრაციის მომხრეებად და პალესტინელებით დასახლებული ამ ანკლავის ოკუპაციისა და მკაცრი სამხედრო კონტროლის დაწესების მხარდამჭერებად. ეს რადიკალური და ამ ეტაპზე ემოციურად გასაგები ვარიანტი განიხილება დღესაც. თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს ღაზაში თითქმის ყველა სახლი გახდება „სიკვდილის მახე“, რასაც ათასობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვება და დიდი ალბათობით, საომარი ვითარების საზღვრების გაფართოებასაც მივიღებთ.

(დასასრული)