ახლოვდება დიდი ომი ანუ ახალი მსოფლიო უწესრიგობა - როგორ "აფეთქებენ" მშვიდობას რუსეთი და ირანი - Die Zeit - კვირის პალიტრა

ახლოვდება დიდი ომი ანუ ახალი მსოფლიო უწესრიგობა - როგორ "აფეთქებენ" მშვიდობას რუსეთი და ირანი - Die Zeit

გერმანული გაზეთი „დი ცაიტი“ (Die Zeit) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ახლოვდება დიდი ომი: ისრაელის დასუსტება ბევრ სახელმწიფოს სურს“ (ავტორი - იორგ ლაუ), რომლის მიხედვით, ისრაელში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტები გლობალური გეოპოლიტიკური რყევების მანიშნებელს წარმოადგენს - შესაძლოა, უფრო დიდი საშინელება ახლოვდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ჩამოყალიბდა ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგი (თუ უწესრიგობა), სადაც მეტად აღარ იგრძნობა ბლოკების დომინირება, დასავლეთის გავლენა და აშშ-ის მსოფლიო პოლიციელობა. დღეს ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ მას საკუთარი ინტერესების რეალიზება ისე შეუძლია, როგორც ამას ადრე დიდი სახელმწიფოები აკეთებდნენ.

მართალია, პატარა ქვეყნების ემანსიპაცია თავისთავად ცუდი არ არის და ე.წ. გლობალური სამხრეთის ბევრ სახელმწიფოს იმედი აქვს, რომ პლანეტის სიმდიდრე უფრო სამართლიანად გადანაწილდება, მაგრამ არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რადიკალურ მოთამაშეებსა და მათ მხარდამჭერებთან, მაგალითად, რუსეთისა და ირანის მხრიდან.

ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში ირანის რევოლუციური ლიდერის - აიათოლა ალი ჰომენეის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ „პალესტინელები მზად არიან სახმელეთო ომისათვის. ისრაელის ყველაზე დიდ სისუსტეს კი სწორედ სახმელეთო ომი წარმოადგენს“. ეს შემთხვევითი წინასწარმეტყველება არ არის, რომელიც „მიზანშია მოხვედრილი“, არამედ - ეს არის ირანის გეგმა, რომლის ინსტრუქტორები მთელი რეგიონის რიგ ქვეყნებში ჯარებს ამზადებენ: სირიაში, ლიბანში და, ბუნებრივია, პალესტინაშიც. მართალია, აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ირანის კონკრეტული მონაწილეობა „ჰამასის“ შეტევის მომზადებაში, მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი გამორიცხავს იმას, რომ „ჰამასელებმა“ ირანთან კონსულტაცია არ გაიარეს და ისე შეიჭრნენ ისრაელში.

ირანმა თავისას უკვე მიაღწია - თეირანი სათავეში ჩაუდგა პალესტინელთა ბრძოლას. იმ დროს, როცა სხვა არაბული რეჟიმები თითქმის შეურიგდნენ პალესტინელთა ბედს და ისრაელთან შეთანხმებების დადება დაიწყეს, ირანი შერიგებისგან შორს დგას და მხარს უჭერს პალესტინელებს - როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ისე - სამხედრო დახმარებით. თეირანის ასეთმა კურსმა პალესტინელ არაბებში ირანისადმი სიმპათია გამოიწვია. ახლა არაბული ქვეყნები, გაბედული ირანის ფონზე, რომელიც არაბული სახელმწიფო არ არის, თავიანთი თანამემამულეების წინაშე წარმოდგენილნი არიან, როგორც უღონო და დამცირებული მაყურებლები.

ირანმა, არაბული მოსახლეობის სიმპათიისა და „ჰამასის“ შეტევის წყალობით, მოახერხა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ახალი სტრატეგიის ტორპედირება - მარცხი ე.წ. აბრაამის ხელშეკრულებისა, რომელიც 2020-21 წლებში ისრაელსა და ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოს შორის დაიდო ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული და შემდეგ ჯო ბაიდენის მიერ გაგრძელებული პოლიტიკა ერთადერთი საშუალება იყო ორი პრობლემის გადასაჭრელად: პალესტინის „დაწყნარებისა“ და რეგიონში ირანის დომინირების აღკვეთისათვის.

თუ ისრაელი მასშტაბურ ომს დაიწყებს, მაშინ მოსალოდნელი მსხვერპლი პალესტინელ არაბებს შორის ისეთი იქნება, რომელიც შეუძლებელს გახდის ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, რომელიც ეს-ესაა დაიწყო. ერთადერთი, რისი იმედიც რჩება, ისაა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ახლა შურისძიებითაა აღვსილი განცდილი სირცხვილის გამო, მაინც ფრთხილად იმოქმედებს და ღაზას სექტორს „პირისაგან მიწისა არ აღგვის“ და საბოლოოდ არ გადაიმტერესებს იმ არაბულ ქვეყნებსაც, რომლებთანაც მეტ-ნაკლებად აქვს ურთიერთობა.

ირანთან ერთად, ამ ომის უდიდეს ბენეფიციარს რუსეთიც წარმოადგენს. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილური სიტუაცია ხელს უწყობს ნავთობისა და გაზის გაძვირებას, რაც კრემლს აწყობს - მოსკოვი მეტ მოგებას იღებს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რუსეთს, გარდა ენერგომატარებლებზე ფასების მატებისა, ისიც ახარებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სტრატეგია კრახს განიცდის.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც რუსეთს სურს ისრაელისა და „ჰამასის“ ომისაგან, ისაა, რომ დასავლეთი უკრაინის ომის მიმართ ყურადღებას მოადუნებს. რუსეთის მთავრობა „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას იმისთვის იყენებს, რომ დასავლეთში და თვით ისრაელში მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვიოს. ამ მიზნით რუსეთის ოფიციალური პირები ავრცელებენ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რომლებსაც დასავლელი მემარჯვენეები იყენებენ. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ნატოს მიერ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღი „შავ არალეგალურ ბაზარზე ხვდება“ და, საბოლოო ჯამში, ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენება. იმავეს აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც. ასეთი ინფორმაციებით სარგებლობენ თვით ამერიკელი კონგრესმენებიც: რესპუბლიკური პარტიის წევრმა და დონალდ ტრამპის მომხრემ - მარჯორი ტეილორ-გრინმა ივარაუდა, რომ „ჰამასი“ უკრაინიდან მიღებულ დასავლურ იარაღს იყენებს ისრაელის წინააღმდეგ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთდროულად მიმდინარე ომებში დიდი საფრთხე იმალება. ბოლო დროს უკრაინისადმი ისედაც მყიფე სოლიდარობა კიდევ უფრო სტრესული გახდება. ჯო ბაიდენი დღეს ცდილობს, რომ კონგრესისაგან მიაღწიოს ნებართვას, როგორც უკრაინის, ასევე - ისრაელის დასახმარებლად. ამიტომაც იქმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ უკრაინას რეალური სამხედრო მიწოდება შეუმცირდეს, ისრაელის პრიორიტეტის გამო.

წყარო