ამერიკული ატომური ავიამზიდი, რომელსაც ირანის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია - რისი ეშინიათ პუტინსა და ერდოღანს?! - კვირის პალიტრა

ამერიკული ატომური ავიამზიდი, რომელსაც ირანის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია - რისი ეშინიათ პუტინსა და ერდოღანს?!

ისრაელი, რომელიც დღედღეზე ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს, არ გამორიცხავს, რომ ზურგში ანუ ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან, „ჰესბოლამ“ დაარტყას, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სირიიდან კი - პროირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა...

ამიტომაც ისრაელის, სავარაუდოდ, საიდუმლო თხოვნის საფუძველზე, მისმა ისტორიულმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - აშშ-მა ისრაელის ტერიტორიულ წყლებთან ატომური საავიამზიდო ჯგუფი გააგზავნა, რომელშიც თავად ატომური ავიამზიდის, Gerald Ford -ის გარდა, Ticonderoga-ს კლასის სარაკეტო კრეისერი Normandy და მართვადი სარაკეტო შეიარაღების მქონე Arleigh Burke-ს კლასის სამი საესკადრო ნაღმოსანი Thomas Hudner, Ramage და Carney არის გაერთიანებული...

საგულისხმოა, რომ მსოფლიოში უდიდესი ატომური ავიამზიდი „ფორდი“, თანმხლებ ხომალდებთან ერთად, სწორედ ისრაელ-ლიბანის სახმელეთო საზღვრიდან 12-მილიანი ტერიტორიული წყლების სიახლოვეს დრეიფობს და ლიბანის ნაპირიდან „ჰესბოლას“ მეთაურები კარგად ხედავენ 337 მ. სიგრძის, უზარმაზარი ამერიკული ავიამზიდის სილუეტს და ისიც საუკეთესოდ მოეხსენებათ, თუ რა განსაკუთრებული საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნია ამ ამერიკულ საავიამზიდო დაჯგუფებას...

შეძლებით კი მას, არათუ „ჰესბოლას“, არამედ ერთი საშუალო სიდიდის ქვეყნის აღგვა პირისაგან მიწისა ძალუძს, თანაც ისე, რომ საერთოდ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს...

თავად განსაჯეთ - მსოფლიოში უდიდეს ამერიკულ ავიამზიდზე - „ჯერალდ ფორდზე“ 90-მდე თვითმფრინავი ბაზირებს, მათ შორის - უახლესი საგემბანო F-35С-ებიც, ეს კი სამი საავიაციო პოლკი ანუ ერთი საავიაციო დივიზიაა, რომლის ერთდროულად ჰაერში აწევა ათასიოდე კმ-ის რადიუსში ყველას შიშის ზარს დასცემს.

2-avia-1697186553.png
ისრაელის სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის კრეისერიდან სტარტაღებული ფრთოსანი „ტომაჰავკები“ თავისუფლად წვდებიან ირანის მთელ ტერიტორიას...

„ტიკენდოროგას“ კლასის სარაკეტო კრეისერ „ნორმანდიას“ ბორტზე 122 ერთეული ვერტიკალური უნივერსალური გამშვებია დამონტაჟებული, რომლებიდანაც როგორც საზენიტო, ისე - ხომალდსაწინააღმდეგო და ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეიძლება, მათ შორის - ცნობილი „ტომაჰავკებისაც“, რომელთა აღჭურვა ბირთვული ქობინებითაც არის შესაძლებელი და ისრაელის სანაპიროს სიახლოვიდან სტარტაღებულ ამ „ტომაჰავკებს“ თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ ათასიოდე კმ-ით დაშორებულ ირანის ყველა სტრატეგიულ ობიექტამდე.

ამ საავიამზიდო ჯგუფში შემავალი სამი საესკადრო ნაღმოსნიდან თითოეული შეიარაღებულია 96 ერთეული ანალოგიური ვერტიკალური უნივერსალური გამშვებით, ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ერთ კრეისერსა და სამ ნაღმოსანს 400-მდე „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტის ერთდროული ზალპის განხორციელება შეუძლიათ, რაც წყვდიადში მოაქცევს მთელ ირანს მაშინაც, თუკი „ტომაჰავკები“ არ იქნებიან აღჭურვილნი ბირთვული ქობინებით...

გარდა ამისა, ატომური ავიამზიდის - „ჯერალდ ფორდის“ საავიამზიდო ჯგუფს აუცილებლად უნდა ახლდეს ერთი მრავალდანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავიც, რომელიც შეიძლება ვიზუალურად არ მოჩანს, მაგრამ მას წყალქვეშიდან ასევე შეუძლია რამდენიმე ათეული „ტომაჰავკის“ გაშვება...

ამერიკული საავიამზიდო ჯგუფის გაგზავნა ისრაელ-ლიბანის ტერიტორიული წყლების საზღვართან არის აშშ-ის მხრიდან ღია გართხილება, პირველ რიგში, ირანის ხელისუფლებისთვის, რომ თეირანი არ შეცდეს და მისი გავლენის ქვეშ მყოფ „ჰესბოლას“ არ მისცეს ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე თავდასხმის ნება, როდესაც „ცახალის“ ტანკები ღაზის სექტორში შეიჭრებიან...

მაგრამ, ამ ამერიკული საავიამზიდო ჯგუფის ისრაელის სანაპიროსთან გამოჩენამ ირანზე მეტად... მოსკოვი და ანკარა გააღიზიანა...

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, პუტინისა და ერდოღანის მკვეთრი გაცხადებები, თუ რას აკეტებს ამერიკული ატომური ავიამზიდი ისრაელის სანაპიროსთან და ეს სიტუციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, რაც კრემლის მხრიდან გასაკვირი არცაა, მაგრამ თურქეთი „თითქოს“ იმ ნატოს წევრია, რომელშიც აშშ-ცაა გაერთიანებული...

რუსეთისა და თურქეთის მხრიდან გაჟღერებულ პროტესტს თეთრი სახლი აინუნშიც არ აგდებს, პირიქით, აშშ მეორე საავიამზიდო ჯგუფსაც, ატომური ავიამზიდის - USS Dwight D. Eisenhower-ის მეთაურობით, აგზავნის ხმელთაშუა ზღვაში, რათა მთელი მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ამერიკა ისრაელს არ მიატოვებს და სხვა ძალებს არ მისცემს საშუალებას, ისრაელს ახალი ფრონტები გაუხსნან, სანამ „ცახალი“ ღაზის სექტორში ტანკებით „ჰამასის“ განადგურებას შეეცდება...