"ისრაელმა მათ გადაუკეტა წყალი, არ შედის საწვავი, გაეთიშათ ელექტროენერგია. რადგან ისინი ითხოვენ ჯოჯოხეთს, ეს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ" - რას ჰყვება აშკელონიდან ლევან ბარდანი? - კვირის პალიტრა

"ისრაელმა მათ გადაუკეტა წყალი, არ შედის საწვავი, გაეთიშათ ელექტროენერგია. რადგან ისინი ითხოვენ ჯოჯოხეთს, ეს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ" - რას ჰყვება აშკელონიდან ლევან ბარდანი?

რამდენიმე დღეა ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი ვითარებაა. უახლესი ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულია - 3000-ზე მეტი. შოკისმომგვრელია გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ „ჰამასის“ წევრები ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ჯარისკაცებს. ომი გრძელდება, ისრაელის თავდაცვა ჰაერში ახერხებს რაკეტების დიდი ნაწილის განეიტრალებას, მაგრამ მაინც იბომბება ქალაქები.

პარალელურად, ისრაელი ბომბავს ღაზას სექტორს. საჰაერო ძალებმა ღაზაში რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" კუთვნილი ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით, იქაც დაღუპულია 1200 ადამიანი. ამ დრომდე ტერორისტების ტყვეობაში რჩება ისრაელიდან გატაცებული 150 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. უმძიმესია ის ამბები, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ. ისრაელის მოსახლეობა საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს, ისინი თავს აფარებენ თავშესაფრებს და განგაშის ზარები ძალიან ხშირად ისმის.

"კვირის პალიტრა" ქალაქ აშკელონში მცხოვრებ ლევან ბარდანს, იგივე ლევან ბარდანაშვილს დაუკავშირდა. ბატონი ლევანი საქართველოში დაბადებული და გაზრდილია. კარგად იცის ქართული. 45 წელზე მეტია ისრაელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქალაქ აშკელონის მერიაში აბსორბციის განყოფილების უფროსი გახლდათ, უშიშროების საბჭოს წევრია და თავდაცვის შტაბის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

- ბატონო ლევან, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის მოვლენების ასეთი განვითარება, ამას რაიმე წინაპირობა ჰქონდა?

- რეალობა საკმაოდ რთული და დაძაბულია. რაც მოხდა, ძალიან მძიმეა, არის ძალიან დიდი მსხვერპლი. ვფიქრობ, ტაქტიკური შეცდომების დაშვებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი ჩვენს რეგიონში. აშკელონში ბევრი ადამიანია დაჭრილი, არიან დაღუპულები. საღამო ხანს მოხდა ეს თავდასხმა, ახალგაზრდების შეკრება იყო ბუნებაში და ბევრი ის ადგილი არ არის ძალიან დაშორებული ჩვენს რეგიონთან. კიბუცაში არის დიდი მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მოხდა, დიდი მსხვერპლია, ადამიანები მძევლად არიან აყვანილნი და ღაზის სექტორში გადაყვანილები.

- ცნობილია, როგორი დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას ისრაელში, როგორ შემოაღწიეს ჰამასის წევრებმა თქვენთან?

- ეს იყო სიურპრიზი. ამას არავინ ელოდა, რადგან შეთანხმება იყო ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის, რომ უფრო ფართო მასშტაბით შემოგვეყვანა იქიდან მუშა ხელი და მათ აქ დასაქმების საშუალება ჰქონოდათ. იქ მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს, ღაზის სექტორიდან იყო ამაზე მოლაპარაკება, რომ მივცემდით საშუალებას ემუშავათ ჩვენთან. მათ უნდოდათ 20-28 ათასი ადამიანის შემოყვანა აქ დასაქმების მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო თვალის ახვევის თამაში, ამით ისარგებლა ჰამასმა. ჰამასის ჯგუფი ამ ოპერაციას აგვისტოს თვიდან ამზადებდა. იყო საერთო ხაზი ირანს, ჰამასსა და ჰესბოლას შორის.

ალბათ, ამას შეუწყო ხელი ჩვენთან არსებულმა კრიზისმა. 10 თვეა მიტინგები იმართება და ყოველ შაბათს 200-250 ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. ეს შიდა ჩატეხილი ხიდიც იყო, მათთვის გარკვეული შანსი იმისა, რომ დაეწყოთ ეს ოპერაცია.

თითქმის 1000 ტერორისტი შემოვიდა, გაარღვიეს დაცვის ხაზი და კიბუცაში მოაწყვეს სასაკლაო. ეს არის დიდი ტრაგედია. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბოლო დროს, იქ კარგი კონტროლი არ იყო. მე არ მინდა ახლა ამის ანალიზი გავაკეთო, რადგან ეს ყველაფერი ომის შემდეგ გაირჩევა და გაირკვევა, რატომ მოხდა. მაგრამ დღეს, უმძიმესი მდგომარეობაა ისრაელში, ომში ვართ, შედარებით დიდი კონფლიქტი იყო ასევე, ლიბანელების, ჰესბოლას მხრიდანაც და ასე ვიტყოდი, ისრაელი რეალურად ორ ფრონტზე იბრვის - ღაზის სექტორში ჰამასს და ლიბანთან ჰესბოლას.

ჩვენ უკვე თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავედით, ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიები.

კიბუცის მოსახლეობა ამას ვერ წარმოიდგენდა, ღაზის სექტორთან ახლოს არის. ტერორისტები შემოფრინდნენ პარაშუტებითაც, ზღვიდანაც, ხმელეთიდანაც, ეს იყო საკმაოდ რთული ბრძოლა. სანამ ჯარი რეგიონში შევიდოდა, ამას დრო დასჭირდა და იქ უმძიმესი სურათი დახვდა - დახოცილი და თავმოკვეთილი მშვიდობიანი ადამიანები. ახლა, ისრაელი, პრაქტიკულად, თავდასხმას ახორციელებს. ღაზაში დაღუპულია "ჰამასის" ფინანსთა მინისტრი, რომელიც მათ ეკონომიკას ხელმძღვანელობდა, ასევე, მათი თავდაცვის კაბინეტის წევრი და მაღალი რანგის რამდენიმე სამხედრო მებრძოლი. ისრაელმა ტერორისტებიც აიყვანა, სხვა სიტუაციაა დღეს, მოსახლეობაც მოვიდა გონზე, საჭიროა ბოლომდე ბრძოლა.

რადგან ისინი ითხოვენ ჯოჯოხეთს, ეს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ. მათთან კეთილშობილური მეზობლობა გამორიცხულია.

ჰამასის მებრძოლები არიან ტერორისტები, მათთან არსებობა არ შეიძლება. ჩვენ შევძლებთ გავანადგუროთ ისინი. სულიერი სამყარო ებრაელთა ერში ძალიან ძლიერია. მოსახლეობას მეც მაქსიმალურად ვეხმარები. ეს ომი დღეს და ხვალ არ დამთავრდება, ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა. ჩვენ ერს არ შეუძლია ამ ომიდან კრახით გამოვიდეს. რაც მოგვივიდა, იმან გამოგვაფხიზლა. რაც იყო ღაზა, ის არ იქნება. ჰამასის სამყარო, რომელიც ღაზაშია, მიწასთან უნდა გავასწოროთ, ისრაელის თავდაცვა ამას შეძლებს.

ერთ-ერთი ცენტრია, სადაც ცხოვრობენ ღაზის მილიონერები, ის რეგიონი მთლიანად მიწასთან გასწორებულია. ისრაელმა მათ გადაუკეტა წყალი, არ შედის საწვავი, გაეთიშათ ელექტროენერგია. ესეც ეკონომიკურ დაძაბვას მოახდენს.

წარმოუდგენელი საზიზღრობები ჩაიდინეს - გაიტაცეს 8 თვის, 5 წლის, 3 წლის ბავშვები, ორი 85 წლის ქალბატონი, ნაპოვნია ბავშვების თავმოჭრილი ცხედრები, 42 ბავშვზეა საუბარი, ეს არის საშინელი სისასტიკე. მხეცურად მოექცნენ ახალგაზრდებს. ისეთ დღეში იყო ცხედრები და იმდენად დასახიჩრებული, რომ ექსპერტებს ამოცნობაც კი გაუჭირდათ. 268 ახალგაზრდა, რომელიც ფესტივალზე იყო, ჩაცხრილეს. ვინც თავშესაფრებს შეაფარა თავი, იქაც ნაღმები ჩაუყარეს. ბავშვები თევზაობდნენ და ისინიც იქვე ჩაცხრილეს. რომელი ერთი გითხრათ, ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამას ჩვენ უნდა გავუძლოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ომი გამარჯვებით დასრულდეს.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მაგალითად, ეგვიპტეს, მშვიდობის კანონზე აქვს ხელი მოწერილი. ისრაელმა გააფრთხილა ეგვიპტე, რომ თუ ჰამასს მიაწოდებს საწვავს და დაეხმარება მათ, ისრაელი ამ ტანკერებს გაანადგურებს. ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ჯერ არ მინდა. ამის დროც მოვა. ისრაელმა პროფესიონალური მეთოდების გამოყენება დაიწყო. ჩვენს ჯარს ეროვნული სიძლიერე გააჩნია, ახლა აქ ყველა ერთიანია და ცნობილი გენერლები ერთ შტაბში იმუშავებენ, რომ რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ გამარჯვება ღაზის სექტორში და ჰამასის ბუნაგი საბოლოოდ განადგურდეს! ჩვენც გვინდა მშვიდობა, ასეთ კაციჭამიებთან სხვანაირად შეუძლებელია. იქ ცხოვრობს 2 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის 60%-ს სურს ჰამასის განადგურება. ღაზის სექტორშიც ხალხს ცხოვრება უნდა, ყველანი ხომ არ არიან ტერორისტები?! 300 ათასმა კაცმა დატოვა ბოლო დროს ღაზა, ეკონომიკური კუთხითაც ძალიან უჭირთ და ახლა მოუწევთ უშუქობა, უწყლობა, საკვების პრობლემები, მაგრამ ეს არის ჰამასის თავხედური ტერორისტული მოქმედების შედეგი. ამათ უნდა დაესვას ბოლო წერტილი. ჩვენ ეს ძალა გაგვაჩნია. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, აქ ყველა დგას ფეხზე, ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ქალაქის მერთან ერთად. ჰამასისგან იყო მუქარა, რომ მოსახლეობას სასწრაფოდ დაგვეტოვებინა აშკელონი, მაგრამ ქალაქს არავინ ტოვებს. ვისაც თავშესაფარი არ აქვს, ბუნკერები, ისინი ცდილობენ თავი ისეთ ადგილებს შეაფარონ, სადაც შეიძლება დაცულები იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ფეხზე დგას.

- აშკელონიდან ღაზის საზღვრამდე ახლო მანძილია?

- თუ გადახვალ ზღვის მხრიდან, 14 კილომეტრია, ისე ღაზის შესასვლელამდე არის 18 კილომეტრი. მე კარგად მახსოვს ის ტერიტორიებიც. 1987 წელს, როცა ამბოხება დაიწყო, იქ შევედით... ღაზიდან რაკეტები მოფრინავს, ახლა გამოვედი ბუნკერიდან, მუდმივად ისმის განგაშის ზარი. ამ დროს 30 წამი გაქვს იმისთვის, რომ ბუნკერს თავი შეაფარო. სროლები სულ არის. ლიბანიდანაც გართულებულია სიტუაცია, ისინიც ეძებენ კონფლიქტის საბაბს. დიდი მადლობა ჩვენს ელჩს, ლაშა ჟვანიას რომელიც ძალიან ეხმარება იმ ქართველებს, რომლებიც აქ სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მაქსიმალურად გვერდში უდგას და ყველას ეხმარება. საქართველოდან მეც მირეკავენ ჩემი მეგობრები და ძალიან ამაყი ვიყავი, როცა საქართველოში ებრაული დროშები დავინახე. ეს დიდი მხარდაჭერაა, მით უფრო, ამ რთულ სიტუაციაში.

აბსოლუტური მხარდაჭერა გამოავლინა ამერიკამ.

- ირანიდანაც ხომ არ ელოდებით საფრთხეს?

- თუკი რამე მსგავსი მოხდა, ისრაელი უკან არ დაიხევს. მეეჭვება ირანი დღეს ღიად ჩაერთოს ამ ომში. ალბათ, ჩუმად დაეხმარება და ეხმარება კიდეც. ჰამასის გარკვეული ნაწილი იქ ზის. ეს ომი ალბათ დიდხანს გასტანს, სიტუაციიდან გამომდინარე, ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, გვაქვს შინაგანი სიძლიერე და დღეს ჩვენი მთავარი მიზანია მოისპოს ამ ტერორისტების ბუნაგი, სხვა გზა არ გაგვაჩნია.

ორი ქართველი ებრაელიც დაგვეღუპა, ერთი პოლიციაში მუშაობდა, მეორე - ჯარში. თევზაობისას ჩაცხრილული ბავშვებიდან ერთი ცნობილი გენერლის შვილიშვილი იყო. მათი ამოცნობა ორი დღე გაჭირდა, სახეები ვერ ამოიცნეს.

მძიმე ომია, მახსოვს, 1973 წელს მოხდა ასევე დიდი სისხლისღვრა. მაშინ კიბუცში ვცხოვრობდი. ებრაელთა წმინდა დღეს დაამთხვიეს, სირია და ეგვიპტე იყო. შინაგანი ეროვნული სიძლიერე როცა გაქვს, ყველაფერს გაუძლებ. როგორც ჩვენ არ გვყავს კეთილშობილი მეზობლები, ასევე ჩვენს საქართველოსაც არ ჰყავს. გეოპოლიტიკური ცვლილებებია მთლიანად მსოფლიოში და პატარა ერებს სიფრთხილე სჭირდება. ახლა ჩვენთვის მთავარია იმ 160 ადამიანის გათავისუფლება, რომელიც მათ ტყვეობაშია.

360 000 ადამიანია გაწვეული ისრაელის ჯარში. ომის დაწყების მეორე დღიდან დაიწყო საერთაშორისო ფრენები და უცხოეთში გასული ისრაელის მოსახლეობა მასიურად ბრუნდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს ახალგაზრდები პირდაპირ ჯარში მიდიან. მოხალისეები ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან ჯარს და ურიგებენ პროდუქტებს, ტკბილეულს, მოსახლეობა რიგებში დგას და დაჭრილებისთვის სისხლს აბარებს. ყველა ჩართულია, ეს არის ამ ერის სიძლიერე. ისრაელი შეჩვეულია ამ რეჟიმს, რთულია დღევანდელობა, მაგრამ ძლიერი შინაგანი პატრიოტიზმია ჩვენს ერში. აქ ადამიანები ცხოვრობენ არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ, ისრაელისთვის.

გეოპოლიტიკური ვითარება რთულია, მაგრამ მე მწამს, რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, გავუმკლავდეთ და გავუძლოთ. სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვება, ეს რეალობაა.

მე ვცხოვრობ ჩემი ერის სახელმწიფოში, მაგრამ ჩემი სამშობლო არის საქართველო და მინდა, ჩემს სამშობლოს და ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო მშვიდობა, ერთიანობა და ეროვნული სიძლიერე.

(სპეციალურად საიტისთვის)