(18+) ქართველი მოხალისის ემოციური ინტერვიუ ისრაელიდან, უსასტიკეს ფაქტებზე: "დღემდე ვერ ვიჯერებ, რაც ვნახე... ყველაფერი სინამდვილეა, რაც გავრცელდა" - კვირის პალიტრა

(18+) ქართველი მოხალისის ემოციური ინტერვიუ ისრაელიდან, უსასტიკეს ფაქტებზე: "დღემდე ვერ ვიჯერებ, რაც ვნახე... ყველაფერი სინამდვილეა, რაც გავრცელდა"

უმძიმესი სურათია, რომ მივდივართ, გზად დაღუპული ჯარისკაცების გვამებია - მოხალისე ისრაელიდან

"საფრთხე ყოველთვის არის და ჩვენთან ერთად შეიარაღებული პირებიც მოდიან. გარანტირებულად დაცულები მაინც არ ვართ... მხოლოდ ტერორისტებისგან კი არ მოდის საფრთხე, მუდმივად იბომბება აქაურობა, ამ წუთშიც ასეა..." - გვეუბნება გიორგი მიქელაძე ისრაელიდან, რომელიც მოხალისედ ჩაეწერა და ფრონტის ხაზთან მისვლა უწევს, სადაც ჯარისკაცებს იარაღს, საკვებს, საჭირო ნივთებს აწვდიან...

- გიორგი, ქართულს სრულყოფილად ფლობთ, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

- ისრაელში ვცხოვრობ უკვე 22 წელია... აქ გავიარე ბაღი, სკოლა, ჯარი, დავამთავრე სასწავლებელი... ქართულს რომ ვფლობ, ეს მშობლების დამსახურებაა. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობდით, საქართველოში, ქარელსა და თბილისში სახლი გვაქვს, ზოგჯერ ჩამოვდივართ...

- სად იმყოფებოდით, როდესაც ისრაელში ეს თავდასხმა მოხდა?

- ყველაფერი შაბათს, დილით დაიწყო... ქალაქ ლოდში, სადაც ვიმყოფებოდი, ჯერ სირენების ხმა გაისმა, როგორც ისრაელის ბევრ ქალაქში... ვიცით, რომ ღობე შემოამტვრიეს, საზღვრიდან ოც კილომეტრში სოფლებში შემოვიდნენ, საშინელება ხდებოდა და დღესაც ასეა. ხალხს კიდევ ყველაფერს ვერ ეუბნებიან, არ სურთ, პანიკამ მოიცვას.

6 ოქტომბერს 50 წელი შესრულდა ერთ-ერთი უმძიმესი ომის შემდეგ... ანუ, რაც დღეს ხდება ისრაელში, 1973 წლის შემდეგ აღარ მომხდარა... ჯერჯერობით არავინ იცის, რა მოხდა. ძალიან ბევრი კითხვაა და პასუხი არაფერზე გაცემულა.

ბავშვებს რომ თავები მოჰკვეთეს, ფეხმძიმე ქალებს მუცელი გადაუჭრეს, ყველაფერი სინამდვილეა და, სამწუხაროდ, ეს მეც ნანახი მაქვს... თუმცა დღემდე ვერ ვიჯერებ, რაც ვნახე... წარმოიდგინეთ, სადაც მთელი ცხოვრება გაქვს გატარებული, ერთ დღეს ფანჯრიდან გაიხედავ და შენს თვალწინ ავტომატიანი ტერორისტები დარბიან, ხალხს ხოცავენ. იმდენად დიდი შოკი იყო, ზოგიერთი ვეღარც აღიქვამდა, რა ხდებოდა... მანქანებში ჩახოცეს, ერთი შემთხვევა იყო, სამი ბავშვის გვამი ნახეს, დედაც მათთან ჩახუტებული. მამა გარეთ ეზოში იყო, თავი ჰქონდა მოკვეთილი...

ისრაელი, სანამ დაბომბვას დაიწყებს, აფრთხილებს, რომ სახლი დატოვონ... ჰამასი კი მოსახლეობას მოუწოდებს, არსად წავიდნენ, რადგან ხალხი დაიხოცოს და მსოფლიოს უთხრან, აი, ეს ისრაელმა ჩაიდინაო... 13 წლიდან 16 წლამდე ბიჭები გამოგზავნეს მოტოციკლეტებით და გააფრთხილეს, თუ გვამებს არ წამოიღებთ, უკან არ დაბრუნდეთო. მოვიდნენ, ნახეს, გვამების წაღება დაეზარათ, მოაჭრეს თავები და წაიღეს... ჯარისკაცების, ქალების, მათ შორის, ორსულების, მოხუცების გვამები იყო... 16 წლიდან 90 წლამდე ადამიანებიდან ყველა დახოცეს, არავინ დაინდეს. ტროტუარზე, გაჩერებაზე, პარკში იყო ჯარისკაცების გვამები, თავების გარეშე...

- ფრონტის ხაზზე გიწევთ მისვლა, სადაც ჯარისკაცებს იარაღს, საკვებს, საჭირო ნივთებს აწვდით...

- დიახ... ფრონტის ხაზთანაც საშინელი მდგომარეობაა. დაღუპული ჯარისკაცების გვამებიდან ჯერ კიდევ ბევრი ვერ გამოიტანეს. წარმოიდგინეთ, ბევრჯერ ისე ხდება, მანქანით მივდივართ და აქეთ-იქეთ დაღუპულებს ვხედავთ... ძალიან ბევრია და, სავარაუდოდ, კიდევ მიემატება... სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაღუპულების გადმოსასვენებლად, მაგრამ ჯერჯერობით ყველასი ვერ მოხერხდა... ეს პროცესი ძალიან ნელა და დიდი სიფრთხილით ხდება, რადგან საშიშროება ისევ ძალიან დიდია.

- თქვენ როცა მიდიხართ, საფრთხე დიდია და მაინც რისკავთ?

- დიახ, საფრთხე ყოველთვის არის და ჩვენთან ერთად შეიარაღებული პირებიც მოდიან. გარანტირებულად დაცულები მაინც არ ვართ... მხოლოდ ტერორისტებიდან კი არ მოდის საფრთხე, მუდმივად იბომბება აქაურობა და ამ წუთშიც ასეა...

დილით გავდივართ, ზოგჯერ ორ ადგილზე გვიწევს მისვლა... თუ ცოტა შებინდდა, ვეღარ წახვალ. ჩემსავით კიდევ ათასობით ადამიანია მოხალისე, რომლებიც მოდიან და ზოგიერთი უფრო შიგნით შედის, თუ მძიმედ არის შეიარაღებული. ბევრგან არიან ჯარისკაცები მოფანტულები და სხვადასხვა ადგილზე მივდივართ...

საკვებს, ყველა საჭირო ნივთს ვაწვდით და უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ...

- ჯარისკაცებთან გასაუბრებას ახერხებთ?

- დიახ... ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაგვეღუპა და ამის გამო, ძალიან გაბრაზებულები არიან. სიტყვა გაბრაზებაც ყველაზე რბილი ნათქვამია, რადგან რაც ჩვენთან მოხდა, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვიდეოები რომ ნახეს, მთელ მსოფლიოში ოჯახები დატოვეს, საიდან აღარ ჩამოვიდნენ... ბიჭები საბერძნეთიდან იყვნენ ტურისტებად ჩამოსულები და რომ ნახეს, აქ რაც ხდება, ხუთივე ომში წავიდა...

მოხდა ისე, რომ ტერორისტი, რომელმაც ისრაელში ხალხი დახოცა, შემდეგ აქ, კლინიკაში აღმოჩნდა. რაც ყველაზე გასაოცარი იყო, იმავე საავადმყოფოში, იმ ოთახში, ერთ-ერთი გოგო იწვა, რომელიც ფესტივალზე დაშავდა, მისი შეყვარებული კი მოკლეს... ერთმა კაცმა ვიდეო დადო, ასე ხდება, აქ ტერორისტია და აქვე, გვერდით დაშავებული გოგო წევსო... ძალიან ბევრი აღშფოთებული ადამიანი კლინიკასთან შეიკრიბა და ხმაური იყო. ეს ჩემთვისაც ძალიან აღმაშფოთებელი იყო...

შემდეგ გამოაცხადეს, რომ თუ კიდევ რომელიმე კლინიკა მიიღებს ტერორისტს, მთელმა კლინიკამ საშვები დატოვოს და სახლში წავიდნენ. ეს ძალიან მკაცრად გამოცხადდა, ყველა ექიმი გაერთიანდა და თქვეს, ჩვენ ტერორისტს აღარ მოვუვლითო... ამხელა გავლენა მოახდინა ხალხის პროტესტმა. ასეც უნდა ყოფილიყო!

ისრაელი გაიმარჯვებს, მაგრამ ვეღარაფერი ეშველებათ დაღუპულებს, იმ განადგურებულ სოფლებს... ახალს ააშენებენ, მაგრამ იმ უნიკალურობას ვეღარ დაიბრუნებს, როგორიც მანამდე იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)