"მინდა დავამშვიდო ისრაელში მყოფი ქართველები, მათ შორის, არალეგალები..." - რას ჰყვება ქართველი ექიმი ისრაელიდან - კვირის პალიტრა

"მინდა დავამშვიდო ისრაელში მყოფი ქართველები, მათ შორის, არალეგალები..." - რას ჰყვება ქართველი ექიმი ისრაელიდან

“ისრაელის საავადმყოფოში დაჭრილ ტერორისტებს მკურნალობენ, რომლებმაც ბავშვებს თავები მოკვეთეს. ჩვენ ჰამასს არ უნდა დავემსგავსოთ და ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის საზოგადოება მომხდარით ძალიან გამწარებულია...", - ამის შესახებ ქართველმა ექიმმა, თელავივის ახლოს მდებარე კლინიკის - "ასუტას“ ანესთეზიოლოგმა, ირაკლი კილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა... მას შემდეგ, რაც, ისრაელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჰამასის ტერორისტს თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში მკურნალობდნენ - მათ მიერვე დასახიჩრებული ებრაელების გვერდით, კლინიკასთან ხალხი მივიდა და ძალიან დიდი აღშფოთება გამოხატეს...

ამ და სხვა მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ირაკლი კილაძეს ისრაელში დაუკავშირდა...

- ბატონო ირაკლი, გავრცელდა კადრები, სადაც ხალხი ძალიან დიდ აღშფოთებას გამოხატავდა ისრაელში ტერორისტის მკურნალობის გამო...

- დიახ, ხალხი ძალიან აღშფოთდა და მართალიც იყო... მოსახლეობა გაღიზიანებულია. როგორია თავის და-ძმას დაჭრილს რომ ხედავს და მის გვერდით - საშინელების ჩამდენს... უბრალოდ, პირველი დღეები მართლაც ყველა შოკში იყო და ჯანდაცვის სისტემაში შეცდომა დაუშვეს იმ მხრივ, რომ საზოგადოებრივ საავადმყოფოში ტერორისტი მოიყვანეს... ჯარის ან ციხის საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ეს შეცდომა იყო, მაგრამ ძალიან მალე გამოსწორდა. ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება! ჯანდაცვის სამინისტრომ შეცდომა გამოასწორა და შემდგომში ყველა ტერორისტს ციხის ან ჯარის ჰოსპიტალში გადაიყვანენ...

მეც მქონია მსგავსი რამ პრაქტიკაში და გამომიცდია, ოპერაციის დროს, როგორც ანესთეზიოლოგს, ტერორისტისთვის მიმკურნალია... ეს ექიმისთვისაც ძალიან რთულია. ჩემთვის ურთულესი იყო, რადგან ვიცოდი, ხუთი წუთის წინ, მან უამრავი ახალგაზრდა ავტობუსში ააფეთქა. თუმცა ექიმი ხარ და შენი მისია უნდა შეასრულო, მერე კი კანონმა გადაწყვიტოს. მე არ ვარ ღმერთი, არ მაქვს უფლება მას განაჩენი გამოვუტანო. მე ექიმი ვარ და ყველას უნდა დავეხმარო.

სამწუხაროდ, ტელევიზიით შეცდომა გაიპარა, თითქოს ახლა ვთქვი, რომ ტერორისტს ჩემს კლინიკაში მკურნალობდნენ. მე ისრაელის, ჩვენი ქვეყნის კლინიკები ვიგულისხმე და არა ის კლინიკა, სადაც ვმუშაობ...

- ანუ იმ კლინიკაში არ ყოფილხართ, სადაც რამდენიმე დღის წინ ტერორისტს მკურნალობდნენ?

- არა, იმ კლინიკაში მე არ ვყოფილვარ... ხოლო რომელი ფაქტიც ტერორისტის მკურნალობის შესახებ გავიხსენე, ის 15 წლის წინ იყო.

- როგორც ვიცი, თქვენი მუშაობის განრიგი შეცვლილია და ბევრად დიდი დატვირთვა გაქვთ...

- დიახ, სხვადასხვა კლინიკებში ვართ გადანაწილებული და ველოდებით, რა წუთს სად გამოგვიძახებენ...

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაზაფრულ მოსახლეობას მივმართო, როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში...

გუშინ გვქონდა შეხვედრა საქართველოს რამდენიმე დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, პარლამენტის კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და განვიხილეთ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში როგორ დავეხმაროთ აქ მყოფ ქართველებს, სადაც ძალიან ბევრი არალეგალიცაა...

ძალიან დიდი მხარდაჭერა გადმოგვცეს პრემიერისგან, მთავრობისგან. მართლაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, მადლობა ამისთვის. დროული იყო ჩვენი ჩართვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან საზოგადოება დამშვიდდა და სოციალურ ქსელში მიმართვაც გავავრცელე...

ვინც მიცნობს, იცის, რომ მთავრობის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ ახლა არ შემიძლია არ ვთქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენთვის... აქ მყოფ ყველა ქართველს მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით ვართ! მეც 24 საათის განმავლობაში მზად ვარ ნებისმიერ საკითხში დავეხმარო!

მადლობა ჩემს საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ და ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს!

ირაკლი კილაძე:

"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო!

მძიმე დღეები დაგვიდგა ისრაელში, ქვეყანა ომშია!

მუხანათურად, მხეცურად დაგვესხნენ თავს, მშვიდობიან მოსახლეობას და მუსიკალურ ფესტივალზე მყოფ უიარაღო ახალგაზრდებს!

ისრაელი გამოდის შოკიდან, ახლა არაა იმის დრო, მტყუან-მართალი ვარჩიოთ, საბედნიეროდ, როგორც ისრაელმა იცის, ასეთ დროს გადაიდო ყველა დაპირისპირება, ქვეყანა გაერთიანდა და დარწმუნებული იყავით, საკადრის პასუხს გასცემს ტერორისტებს!

ისრაელის თავდაცვის არმია-“ცაჰალი”, ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ისრაელში უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს!

ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობის და საიმედოობის!

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილები პირნათლად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ დავალებას და მალე მშვიდობით დაგვიბრუნდებიან!

გუშინ, ისრაელში დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გვქონდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, სადაც იყვნენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის საგარეო და დიასპორულ კომიტეტის წევრები.

მათ გავაცანით ისრაელში არსებული მდგომარეობა და განვიხილეთ სახელმწიფოს დახმარების შესაძლებლობა და საჭიროება.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამჟამად ისრაელის ცენტრში შედარებითი სიმშვიდეა და არ არის ისეთი სიტუაცია, რომ დაიწყოს ჩვენი თანამემამულეების მასიური დაბრუნება საქართველოში.

ჩემი თხოვნა იყო, მაგალითად, ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს სახელმწიფოს აქტიური დახმარება.

როგორც გადმოგვცეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, გაცემულია ბრძანება, შესაბამისი სამსახურები აქტიურად ჩაერთონ, (თუ, მაგალითად, გაიხსნება მეორე ფრონტი ჩრდილოეთიდან) თუ საჭირო გახდება, ჩვენი თანამემამულეების სასწრაფო გაყვანა ისრაელიდან.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი სამშობლოს და მთავრობის და პარლამენტის გულშემატკივრობას ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც ისრაელი იმყოფება.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისრაელში საქართველოს საელჩოსთან, სადაც გახსნილია რამდენიმე ცხელი ხაზი.

გადაწყვეტილების მიღება დაბრუნების თაობაზე ყველამ უნდა მიიღოს ინდივიდუალურად და დარწმუნებული იყავით, თქვენ მარტო არა ხართ, ჩვენს გვერდითაა როგორც მთლიანად ჩვენი სამშობლო, ასევე, მთავრობა და ჩვენი საელჩო ისრაელში.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბექა ოდიშარიას, ბატონ ვლადიმერ კონსტანტინიდის, ბატონ მუხრან გულაღაშვილს, ლევან მაღრაძეს, ქალბატონ ალიონა ჩხატუას და ქალბატონ მანანა დუმბაძეს სითბოსა და ყურადღებისათვის!

ასევე განსაკუთრებული მადლობა “საქართველოს ავიახაზებს”!

ისრაელში დარჩენის შემთხვევაში,

გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის რეკომენდაციები და გამაფრთხილებელი სირენის დროს, სასწრაფოდ მიაშუროთ ახლომდებარე თავშესაფარს, სადაც უნდა გაჩერდეთ 10 წუთი სირენის დამთავრების შემდეგ.

აქვე მიგითითებთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს

+97252699092

(სპეციალურად საიტისთვის)