"ექიმი მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწარფოდ გასაკეთებელიაო... ზოგადად მამა სულ განიცდიდა ჩემს ამბებს, კლინიკური სიკვდილიც კი გამოვიარე" - მიხეილ რამიშვილის ხიფათიანი ცხოვრება
ხელჯოხით დადის, მაგრამ ვინც მისი ცხოვრების ამბები არ იცის, იმ ხელჯოხს მის ერთგვარ აქსესუარად აღიქვამს. გარეგნულად, თუ კარგად არ დააკვირდები, არაფერი ეტყობა. რეალურად კი მსგავსი ხიფათი, რაც ცხოვრების მანძილზე გადახდენია, იშვიათია.
მიხეილ რამიშვილი თბილისურ, კოლორიტულ ოჯახში დაიბადა, ოთარ რამიშვილის შვილია და ბუნებრივია, მუსიკას ბავშვობიდან ეზიარა. ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით მიიღო განათლება. მეტსახელად "სკრიპკასაც" ეძახდნენ...
ამბობს, რომ ბავშვობიდან არ უყვარდა, თუ ვინმეს უსამართლოდ ჩაგრავდნენ. ამიტომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სამართალმცოდნეც გახდა, იურიდიული განათლება მიიღო. დღეს ორივეა - მუსიკოსი და ადვოკატი...
მიხეილ რამიშვილს არაერთმა განსაცდელის გამო ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების დაძლევა მოუხდა.
- როგორც მშობლებისგან ვიცი, 9 თვის ასაკში, პარაგრიპი შემეყარა. საავადმყოფოს პალატაში, სადაც მომათავსეს, იმ ჩვილებში, ყველაზე მძიმე ვიყავი. ჩემებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმ 14 პაციენტიდან 13 დაიღუპა და მე გადავრჩი.
- ეს ამბავი მგონი, თქვენი მომავალი ხიფათიანი ცხოვრების რაღაცნაირი სიგნალი აღმოჩნდა... კავსაძის ქუჩაზე იზრდებოდით, ზოგადად ქუჩა რა როლს თამაშობდა თქვენს ცხოვრებაში?
- ვერ ვიტანდი, ვინმეს თუ ჩაგრავდნენ, უსამართლოდ ექცეოდნენ, ყოველთვის ვუპირისპირდებოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი შვილი იყო და რომელ უბნელი. ჩემი პრინციპი მქონდა, ადამიანის დაჩაგვრა და მის მიმართ უსამართლოდ მოქცევა არ შეიძლება. მე, ჩემი ძმების და სამეგობრო ყოველთვის ამ პრინცით ვცხოვრობდით, - არასდროს დაგვეჩაგრა ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებდა.
თან ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, ვიოლინოზე ვუკრავდი. მუსიკოსები მაშინ ქუჩაში სხვანაირად იყვნენ აღქმული. გარეთ რომ გამოვდიოდი, - „ე „სკრიპკა“ - ეს ვიღაცას რომ დაეძახა - ამაზე ჩხუბი მიდიოდა. ვუკრავდით, მაგრამ ვაჟკაცობაც გაგვაჩნდა. ჩხუბი კი ხდებოდა, მაგრამ ერთმანეთისთვის მტრები არასდროს ვყოფილვართ, დავძმაკაცდებოდით ხოლმე.
- კავსაძელობას რა დადებით და უარყოფითი თვისება ჰქონდა?
- მამაჩემს აქვს ასეთი სტროფები - „ყველა თავის საფიქრალით ტკეპნის გზას და ტკეპნის შარას,/ და მათ შორის ბედგამწყრალი საიდუმლოს გულში მალავს,/ ზოგი სევდით, ზოგი ღიმით, მიმოყვება ნაცნობ ქუჩებს,/ ეს ქუჩაა ჩვენი ბედი, ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუჭებს“. ქუჩაც თავისებური „აკადემიაა“... მერე ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადაადგილდე, იქ ხომ უნდა გაიარო? ჩიტი ხომ არ ხარ გადაფრინდე. ვაკიდან მთაწმინდაზე რომ მივდიოდი, ვერა უნდა გამევლო, ჰოდა, ყველა უბანი და ქუჩა თავისებურად რაღაცას გვაძლევდა. გააჩნია, როგორ გაითავისებ და მიიღებ. რა ღირებულებების მქონე ხარ, რა არის შენთვის მთავარი. აქ იმას არ ვგულისხმობ, 24 საათი ქუჩაში იდგე და არაფერი აკეთო. ქუჩა კომუნიკაცია, ურთიერთობაცაა... ეს ყველაფერი შენს ნამდვილ სახეს გამოაჩენს.
- 90-იანი წლებიდან თქვენი ხიფათიანი ცხოვრება დაიწყო...
- 1990 წლის 1-ელ ნოემბერს ცივი იარაღით მუცლის არეში დამჭრეს, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით. თავზე იმან გადამარჩინა, რომ ტყვია აისხლიტა, თუმცა დაზიანება მივიღე. მუცლის არეში მეტი ტრავმა მქონდა. რთული ოპერაცია გამიკეთდა. ღვიძლი სერიოზულად იყო დაზიანებული, მაგრამ ექიმების ოსტატობით ღვიძლის ფუნქცია აღდგა. მაგ დროს ასევე 2-ნახევარი ნეკნი დავკარგე... თავად ოპერაციამ კარგად კი ჩაიარა, მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავი. მიზეზს ვერ ადგენდნენ. მოსკოვში გადამაფრინეს. ერთ-ერთი ცნობილი კლინიკაში ექიმებმა რომ დამხედეს, ეს მკვდარი რატომ ჩამოიყვანეთ, აზრი არ აქვსო. მაგრამ იქ აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის მილი, რომელიც ჩადგმული მქონდა და ტვინი ჟანგბადით უნდა მოემარაგებინა, იმ 9 დღის განმავლობაში გადაკეცილი ყოფილა. ფაქტობრივად ტვინი ლამის მკვდარი იყო. ამ მიზეზის დადგენის შემდეგ მოვსულიერდი. საბოლოოდ იმ კლინიკაში 3 თვე დავყავი, რომ ყველაფერი აღმდგარიყო.
- რის გამო მოხდა თქვენი დაჭრა?
- მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, პატრიარქს შევხვდი. ანალოგიური კითხვა დამისვა, რომელსაც ვუთხარი, ეს მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით-მეთქი... პატრიარქისთვისაც არ მითქვამს, რა მოხდა...
- თუმცა თქვენს ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემა არაერთხელ დადგა.
- 2007 წელი თირკმლის ინფარქტი დამიდგინდა. როგორც ექიმები ამბობენ, რაც ძალიან იშვიათია, თუმცა მე დამემართა... სასამართლო პროცესზე ვიყავი და საშინელი ტკივილი დამეწყო. მანამდეც მქონდა წელის არეში სუსტად გამოხატული ტკივილი, რომელსაც ყურადღება არ მივაქციე. მოკლედ, იმ პროცესიდან კლინიკაში წავედი, ექოზე რომ შემიყვანეს და კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღეს, თირკმელს სამი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისი დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ საჭირო გახდა, ამოკვეთა...
ორგანიზმს ცალი თირკმლით მუშაობდა გაუჭირდა, დაიტვირთა, რადგან ორივეს ფუნქცია მეორე, ჯანმრთელმა თირკმელმა შეითავსა. საბოლოოდ იმუნიტეტმა ყველაფერი შედარებით იოლად გადამალახვინა. (გააგრძელეთ კითხვა)