უკრაინასა და ისრაელის შემდეგ, მესამე ომი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს დაიწყება?
Politico მსოფლიოში ცნობილი ამერიკული მედია-ორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აშუქებს და როდესაც „პოლიტიკომ“ დღეს ასეთი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, ძალაუნებურად ყურადსაღებია, თუმცა ცოტა ძნელად დასაჯერებელი...
„პოლიტიკოს“ მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თითქოს განუცხადა აშშ-ის კონგრესმენთა პატარა ჯგუფს დემოკრატიული პარტიიდან,რომ...სახელმწიფო დეპარტამენტში თვლიან შესაძლებლად, უახლოეს კვირებში აზერბაიჯანის არმია შეიძლება შეიჭრეს სომხეთის სამხრეთ ნაწილშიო...
თუკი „პოლიტიკოს“ წყაროები არ ტყუიან და აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებს მართლაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ძალის გამოყენებით შეიძლება სცადოს სომხეთის სიუნიკის ოლქზე ზანგეზურის დერეფნის გაჭრა ნახიჩევანამდე, გამოდის, რომ უკრაინისა და ისრაელის ომების შემდეგ მესამე ომი იწყება და უკვე ჩვენს სამხრეთ კავკასიაში?
ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში ცეცხლის შეწყვეტის სამხრივ ხელშეკრულებაში ერთ-ერთ პუნქტად მართლაც შევიდა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების საკითხი,თუმცა მას შემდეგ სამი საინტერესო მოვლენა მოხდა...
პირველი: სამი კვირის წინ აზერბაიჯანმა სრულიად აღადგინა დე ფაქტო კონტროლი ყარაბაღზე.
მეორე: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთთან საერთო საზღვრების აღიარებითა და მშვიდობიანი მეზობლობის დაწყებით.
მესამე: ირანმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ხიდების და გზების აღდგენა, რათა თურქეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელმა მომავალმა სატრანსპორტო დერეფანმა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე გაიაროს.
ზემოთმოყვანილი გარემოებები არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯან-სომხეთის შესაძლო მორიგი ომის დაწყება სრულიად გამორიცხულია, მაგრამ არის იმის დიდი იმედი, რომ ეს არ მოხდება, რადგან ამ ეტაპზე აზერბაიჯანმა მიიღო ის, რისკენაც სამი ათეული წელი მიდიოდა: აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ეს ოფიციალური ბაქოსთვის უზარმაზარი გამარჯვება, რომლის გაქარწყლება ახალი ომით, რომელშიც აგრესორად უცილობლად აზერბაიჯანი იქნება მიჩნეული, პრეზიდენტ ალიევს წესით არ უნდა სურდეს.
თვით ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თითიც კი არ გაატოკა 19-20 სექტემბერს ყარაბაღელი სომხების სამხედრო ძალით დასახმარებლად, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ოფიციალური ერევანი ძალზე უფრთხოდა ყარაბაღისთვის ახალი გრძელვადიანი ბრძოლების დაწყების შემდეგ ომი უკვე თავად სომხეთის საზღვარზე არ გადასულიყო, რასაც ბევრად უფრო ძლიერი აზერბაიჯანის არმია აუცილებლად გამოიყენებდა სწორედ სიუნაკის ოლქის გავლით ნახიჩევანისკენ გასაჭრელად...
ავტორიტეტიან ამერიკულ გამოცემას „პოლიტიკოს“ ვერ შევაკამათებით, მაგრამ ყურადღებას იწვევს, თავად ის გარემოება თუ რა ვითარებაში განაცხადა ზემოხსენებული აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა...
თავად „პოლიტიკო“ ჰყვება, რომ ამერიკელი კონგრესმენების მცირე ჯგუფი დემოკრატიული პარტიიდან, თურმე... ტელეფონით დაუკავშირდა 3 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანს და ჰკითხა- თუ რა ზომების მიღებას აპირებს ადმინისტრაცია აზერბაიჯანის მიმართ ყარაბაღში განვითარებული ბოლო მოვლენების საპასუხოდო...
ბლინკენს კი უპასუხია, რომ აშშ ეძებs საშუალებას თუ როგორც მოსთხოვონ პასუხი აზერბაიჯანს და ასევე გადახედონ აზერბაიჯანისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამას და ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტელეფონში ესეც დაუმატებია - „უახლოესს კვირეებში ადმინისტრაცია თვლის შესაძლებელს, რომ აზერბაიჯანი სომხეთის სამხრეთ ნაწილში შეიჭრას...“
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ამ სატელეფონო გასაუბრების ინიციატორები გახლდნენ ის ამერიკელი კონგრესმენები დემოკრატიული პარტიიდან, რომლებიც არ მალავენ თავიანთ მჭიდრო კავშირებს აშშ-ის სახელისუფლო სტრუქტურებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე სომხურ ლობისთან...
მანამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ ასეთ მკვეთრ პროსომხურ პოზიციას იკავებდა სენატორი რობერტ მენენდესი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ს კონგრესის სომხეთის საქმეთა ჯგუფში შედიოდა და არც მალავდა თავის საუკეთესო ურთიერთობას სომხურ ლობისთან, რის გამოც მან თავის დროზე სპეციალურად დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც ამერიკული შვეულმფრენების აზერბაიჯანისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა, ხოლო მოგვიანებით კი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეთიუ ბრაიზას კანდიდატურაც ჩააგდო, რომელიც აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად უნდა დანიშნულიყო.
ყველაფერი ამისთვის სომხეთის ხელისუფლებამ რობერტ მენენდესი 2022 წლის მაისში სომხეთის მაღალი ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა...
რობერტ მენენდესი, რომელსაც სომეხი ეროვნების მეუღლე ნადინ არსლანიანი ჰყავს, ეხლაც ძალზე იაქტიურებდა, რომ არა სერიოზული კონფუზი-ის, გასულ თვეს, არც მეტი და არც ნაკლები სერიოზულ კორუფციულ გარიგებაში ამხილეს - ეგვიპტის ხელისუფლებისთვის დიდძალი გასამრჯელოს სანაცვლოდ (რომელსაც თურმე მეუღლის შუამავლობით იღებდა ეგვიპტელი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის ეგვიპტის სადაზვერვო სტრუქტურებში მომუშავეებისგან) კონფენდეციალური ინფორმაციის მიწოდებაში დასდეს ბრალი და დროებით გადააყენეს (გამოძიების პერიოდში) საკმაოდ მაღალი თანამდებობიდან აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან, ასე რომ მენენდესს, ეხლა თავის გაჭირვებაც ჰყოფნის და სომხეთის დასახმარებლად არ სცხელა...
ჩნდება ეჭვი, რომ ეს თემა- რამდენიმე კვირაში აზერბაიჯანის არმიის სომხეთის სამხრეთ ნაწილზე თავდახმის შესახებ, შეიძლება ამერიკაში მოქმედი გავლენიანი სომხური ლობის შემოგდებულია, მასთან დაახლოებული ამერიკელი კონგრესმენების ერთი ჯგუფის გამოყენებით, რომელმაც სახელმწიფო მდივანს ბლინკენს ტელეფონის ყურმილში კაცმა არ იცის რა ათქმევინა...