მიკი მაუსი "ჰამასის" სამსახურში - როგორ უღვივებდა დისნეისგან მოპარული გმირი არაბ ბავშვებს ებრაელებისადმი სიძულვილს - კვირის პალიტრა

მიკი მაუსი "ჰამასის" სამსახურში - როგორ უღვივებდა დისნეისგან მოპარული გმირი არაბ ბავშვებს ებრაელებისადმი სიძულვილს

7 ოქტომბრის შემდეგ, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, არ წყდება სარაკეტო ცეცხლი ისრაელსა და "ჰამასს" შორის. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონში „ჰამასის“ ასზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა: „ჰამასის“ შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები. მათივე ინფორმაციით, განადგურდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

ფიზიკური დაპირისპირების გარდა, "ჰამასი" იდეოლოგიურ ომს წლების განმავლობაში აწარმოებს. ისინი ცდილობენ, ისრაელის სიძულვილი არაბებს ბავშვობიდანვე ჩაუნერგონ.

ჯერ კიდევ 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-აქსას სატელევიზიო არხზე, რომელიც პალესტინის მთავრობის კონტროლირებად მედიად ითვლება, დაიწყეს საბავშვო შოუ „ხვალინდელი დღის პიონერები“. გადაცემის წამყვანი, სახელად ფარფური, არც მეტი, არც ნაკლები, ყველასათვის საყვარელი დისნეის პერსონაჟი მიკი მაუსი იყო (მოპარული ვერსია).

screenshot-2023-10-15-174919-1697378484.png

თითქოს უწყინარი წამყვანი, რომელიც 3-დან 6 წლამდე ბავშვებს დისნეის პერსონაჟის სახელით ესაუბრებოდა, აღნიშნავდა, რომ მათ რძე უნდა მიირთვან და, ასევე, იფიქრონ, რას გულისხმობენ ისრაელელი კრიტიკოსები „სიძულვილის პროპაგანდაში“ მაშინ, როდესაც პალესტინელები „სიონისტური ოკუპაციის“ წინააღმდეგ იბრძვიან.

ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც შემდეგ YouTube-ზე განათავსეს, ახალგაზრდა მაყურებელმა ჩართვისას ფარფურს ლექსი წაუკითხა, რომლის ერთი წინადადება ასე ჟღერდა:

„რაფარი მღერის. ოჰ, ოჰ, მისი პასუხია - AK-47“.

ლექსის მოსმენისას კი პალესტინელი მიკი მაუსი ავტომატის სროლის იმიტაციას აკეთებდა. სხვა ბავშვმა კი ფარფურს უთხრა: „სიკვდილის დროა, ჩვენ დავიწყებთ ომს“.

ამ „საბავშვო გადაცემას“, დაიან დისნეი მილერი გამოეხმაურა. მან დაგმო კომპანია the Walt Disney-ს კომიქსის გმირის ამ ფორმით გამოყენება.

დაიან მილერმა, რომელიც უოლტ დისნეის ერთადერთი ცოცხალი შვილი იყო, ამ თემაზე გამოცემა the New York Daily News-თან ისაუბრა:

“ეს არ არის მხოლოდ მიკი მაუსი, ამ ქმედებით ბავშვებისთვის იდეის შთაგონებას ცდილობენ და ბავშვებს ბოროტებას ასწავლიან. მსოფლიოს უყვარს ბავშვები და ეს ქმედება კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული. ის, რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს, ნამდვილი ბოროტებაა და ამის უარყოფა შეუძლებელია“, - აღნიშნა დაიან მილერმა.

აღსანიშნავია, რომ მიკი მაუსის თანაწამყვანი გოგონა - სარა ბავშვებს ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე ესაუბრებოდა, ფარფურმა კი ბავშვებს უთხრა, რომ მათ მეჩეთში დღეში ხუთჯერ უნდა ილოცონ, იქამდე, ვიდრე „მსოფლიოში მუსლიმი ლიდერები არ იბატონებენ“.

აღნიშნული გადაცემა იმ პერიოდში ისრაელის მედიაშიც გააკრიტიკეს. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ამ გადაცემის ტრანსლირება ღაზას სექტორიდან ხდებოდა და მთელი არაბული სამყარო უყურებდა. მათი განცხადებით ამ გადაცემით ბავშვებს „სიძულვილსა და ადამიანთა კვლას“ ასწავლიდნენ.