დიდი „აფეთქება“ ანუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?! - კვირის პალიტრა

დიდი „აფეთქება“ ანუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?!

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან "ჰამასის" ტერორისტები თავს დაესხნენ ისრაელს და მის სასაზღვრო რაიონებში სასაკლაო გამართეს. მას შემდეგ ვითარება სულ უფრო მწვავდება, ისრაელმა თავდასხმას ღაზის სექტორზე მასირებული საავიაციო და სარაკეტო შეტევებით უპასუხა. 14 ოქტომბრის მონაცემებით, როდესაც ეს სტატია მზადდება, არ დაწყებულა ისრაელის მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში, თუმცა 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს სახმელეთო რეიდები "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომლის დროსაც ისრაელელებმა ბოევიკებისგან ტერიტორია გაწმინდეს და ჩაატარეს დაზვერვითი ოპერაციები იმის დასადგენად, თუ სად შეიძლება იმყოფებოდნენ გატაცებული მძევლები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას ტელევიზიით მოკლე სიტყვით მიმართა - ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ ხალხს შაბათს მიმართა. ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არმიის ამჟამინდელი ქმედებები ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" სრულად განადგურების ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია. "ისრაელელები იცავენ თავიანთ სახლს და ისინი "იბრძოლებენ როგორც ლომები", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. იმავდროულად, ღაზის სექტორში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას უკვე მოუწოდეს დატოვონ რეგიონის ჩრდილოეთი და ევაკუაცია დაიწყონ სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრის ახლოს. 13 ოქტომბრის დილას გაეროს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში საკუთარი სახლი დატოვა 423 378-მა კაცმა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, მოსალოდნელია თუ არა ამ ვითარებამ მთელი ახლო აღმოსავლეთი ააფეთქოს? - სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- სამწუხაროდ, ასეთი რისკი არის, მიზეზი კი უპირველესად არის ის, რომ ეს არ არის პალესტინა-ისრაელის ომი. მას აქვს გლობალური განზომილება და განსხვავებით იმ ტრადიციული ომებისგან, რომლებიც მიმდინარეობს რაღაც სარგებლის მიღების მიზნით, ეს ომი ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ასეთი ომების დროს გონება ითიშება, პრაგმატიზმი გადადის უკანა პლანზე და შემოდის უფრო საკრალური, ემოციური ელემენტები. ამიტომაც ასეთი ომები განსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელია, რასაც, სამწუხაროდ, ახლა ვადევნებთ თვალს.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს, ახლა მთავარი დრამა ვითარდება არა კონკრეტულად ამ ცხელ წერტილში, არამედ იმ პოზიციურ ბრძოლებში, რაც მიმდინარეობს რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით. ახლა მნიშვნელოვანია იმუშაოს შემაკავებელმა ფაქტორებმა, რათა ეს ალი არ მოედოს მთელ ახლო აღმოსავლეთს, რისი რისკებიც არის. რუკას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ პატარა ისრაელი სრულად მტრულ გარემოშია მოქცეული. ყველა მისი მეზობელი მის შეჭმას ლამობს. ისინი ახლა აკვირდებიან ვითარებას და ელოდებიან, რომ ისრაელმა რაიმე შეცდომა დაუშვას ან სისუსტე გამოავლინოს.

ახლა აშშ, დიდი ბრიტანეთი და მთელი ევროპაც პრინციპში ერთგვარ შემაკავებელ ფარს აკეთებენ ისრაელის ირგვლივ. განსაკუთრებული რისკები რამდენიმე ქვეყნიდან მომდინარეობს, მათ შორის ყველაზე მეტი ირანიდან, რომლის გაგრძელებაც არის "ჰესბოლა", რომლის დარტყმის საფრთხეც ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთით დიდია.

მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები მოქმედებს უკვე, მან ისრაელის ტერიტორიულ წყლებთან ატომური საავიამზიდო ჯგუფი გაგზავნა, ასევე გაგზავნა ფლოტი ბრიტანეთმაც. ეს ყველაფერი გამაფრთხილებელი მოქმედებებია. ისრაელი თავის პრობლემებს ღაზასთან დაკავშირებით თვითონვე მიხედავს, მაგრამ მთავარია, დომინოს პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები. თვითონ ამ მუსლიმანური ქვეყნების ხელისუფლებებსაც შიდა ზეწოლა აქვთ, რელიგიური ფაქტორი იქ ძალიან მძლავრობს. შეიძლება ამას ვუწოდოთ რელიგიური ფანატიზმიც, არაბული სამყაროს ქვეყნები იქნება, ირანი თუ თურქეთი, სწორედ რელიგიურ ნიადაგზე არიან საზოგადოების ზეწოლაში. შეიძლება ისინი სულაც არ არიან მზად აქტიური ქმედებებისთვის, მაგრამ მოუწევთ გარკვეულწილად საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინება და ესეც დამატებითი რისკფაქტორია. თურქეთის მაგალითი ავიღოთ. თითქოს აბსურდია, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ასეთ პოზიციაზე იყოს, მაგრამ ვხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებს ერდოღანი, ის ამით ხარკს უხდის სწორედ საზოგადოებრივ განწყობებს. როცა ამ ყველაფერში რელიგიური ელემენტი შემოდის, ეს სწორედ იმ მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების ნაწილია, რაზეც უკვე ვილაპარაკე და ეს განსაკუთრებულად ამძაფრებს ვითარებას.

მე მაინც იმედს ვიქონიებ, რომ ვითარება სწრაფად განიმუხტება. ისრაელს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ღაზის პრობლემა ძველებურ რეჟიმში დატოვოს. ეს პრობლემა რამენაირად უნდა გადაწყდეს, თუნდაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნით რისკების მეტ-ნაკლებად შესამცირებლად. ბუნებრივია, ჰუმანიტარული პრობლემები არ უნდა გამწვავდეს, რადგან ამანაც შეიძლება ააფეთქოს ვითარება. არ ვისურვებ, რომ ყველაფერი ქუჩის ბრძოლებამდე მივიდეს, "ჰამასი" თავის შვილებს, დედებსა და მამებს ცოცხალ ფარად იყენებს. ამან შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ისრაელი ამ ყველაფერს ითვალისწინებს. ამაზე მისი პირველი ოპერაციებიც მეტყველებს. სრულმასშტაბიანი შეტევა კი არ დაიწყეს, არამედ ომით ერთგვარად დაზვერვა ჩატარდა, თანაც წარმატებულად და იმედისმომცემად. საჭიროა ემოციების ჩაწყნარება და გადაწყვეტილებების მიღება.ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას... არა ირანი, არამედ სწორედ რუსეთი.…

- აღსანიშნავია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პალესტინის მხარდასაჭერი განცხადების გამო.

- დიახ, რუსეთი არც მალავს, რომ აშკარად ტერორისტების მხარეს არის. ესეც არ იყოს, ასეთ ვითარებაში ვის აწყობს ამგვარი კონფლიქტების აფეთქება? - არავის ისე, როგორც რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ფაქტობრივად, უპერსპექტივო ომს აწარმოებს და ახლა მნიშვნელოვანი იყო დაძაბულობის ვექტორის გადატანა სადმე სხვაგან, ასევე დასავლური რესურსების დაქსაქსვა და ამოსუნთქვის საშუალების მიღება.

ყველაზე საშიში კი ის არის, რომ როდესაც იმ ტიპის ქვეყნები, როგორიც რუსეთია, ასეთ პროვოკაციებზე მიდიან, ისინი არასდროს აკეთებენ ერთსვლიან კომბინაციებს. ბუნებრივია, კრემლს ილუზია არ ექნებოდა იმის, რომ პალესტინას ისრაელთან რამე გამოუვიდოდა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდა. სავარაუდოდ, მათ შემდგომი სვლებიც ექნებათ მომზადებული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვითარება ძალიან დაძაბულია, მეტიც, დრამატული, მაგრამ იმედია, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად სწრაფად დასრულდება, მანამ, სანამ ფუნდამენტალიზმი იფეთქებს და ვითარება უკონტროლო გახდება.…

- რა შეიძლება იყო რუსეთის გეგმის მომდევნო ნაბიჯი?

- რუსეთმა უკრაინაში მძიმე მდგომარეობის გადასაფარად დაიწყო შენელებული ნაღმების აფეთქება სხვადასხვა წერტილში. ასეთი ნაღმი მას ბევრი აქვს ჩადებული, მათ შორის ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ დაცულ ზონაში ვცხოვრობთ. რუსეთმა რუბიკონი გადალახა - მისი გეგმაა, რაც შეიძლება ბევრი ცხელი წერტილი გააჩინოს, რათა აქცენტები გადაიტანოს სხვაგან და დასავლეთის რესურსები დაქსაქსოს. რისკები ძალიან გაზრდილია იმისა, რომ კიდევ სადღაც რაღაც იფეთქებს.

- "ჰამასის" თავდასხმას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა აშშ-ის მყისიერი რეაქცია. ისრაელში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. აშშ აცხადებს, რომ მას რესურსები როგორც უკრაინის, ისე ისრაელის დასახმარებლად ეყოფა.

- დიახ, რესურსი ორივე ქვეყანას გასწვდება, მაგრამ დაიქსაქსება. რა თქმა უნდა, ერთბაშად ორი ომი დიდი დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ თუ რესურსების ომზე ვილაპარაკებთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს განუზომლად დიდი რესურსი აქვთ, ვიდრე მათ მოწინააღმდეგეებს.

რა თქმა უნდა, ეს შექმნის პრობლემებს და უკრაინის საკითხის გადაწყვეტა შეიძლება გადავადდეს, მაგრამ ის, რომ რესურსი ამოიწურება და უკრაინა ომს წააგებს, გამორიცხულია. რუსეთს არანაირი კოზირი აღარ აქვს იმისა, რომ ამ ომში რაიმე გარდატეხა მოახდინოს. უკრაინა სულ დახმარების გარეშეც რომ დარჩეს, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი აღარ აქვს. უკრაინისთვის ეს არის სამამულო ომი. რუსეთმა გამარჯვებულად რომ ჩათვალოს თავი, ქვეყანაზე კონტროლის დამყარება უნდა შეძლოს. კრემლმა ძალიან დიდი სამხედრო უპირატესობაც რომ მოიპოვოს, მას კონტროლის დამყარების შანსი აღარ აქვს. რუსეთი იმ იმედით კი არ არის, რომ უკრაინაში ომს მოიგებს, არამედ იმას ელოდება, რომ ვიღაც დაიღლება, მასთან მოლაპარაკებას გამართავს და რაღაცაში შეუთანხმდება. დღეს რუსეთი იმპერიის გაფართოებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ზრუნავს იმპერიის რაღაც ნაწილი მაინც შეინარჩუნოს და მთელი ქვეყანა არ დაექცეს თავზე.

- ბრძანეთ, რომ საფრთხეები ჩვენი რეგიონისთვისაც მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ამ საფრთხეებს ვერ ან არ ხედავს. უამრავი კითხვაა იგივე თავდაცვის შესახებაც - არ იზრდება თავდაცვის ძალების რიცხვი, არც ბიუჯეტი, ასევე არავინ ფიქრობს რეზერვის შექმნაზე. როცა ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს უყურებ, იბადება კითხვა, საქართველო, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, რამდენად თავდაცვისუნარიანია?

- სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია ამ მიმართულებით არა აქვს. დღეს ხელისუფლებაში გვყავს პირთა ჯგუფი, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და დღევანდელ მშვიდობას აცხადებს მთავარ ფასეულობად ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს. უსაფრთხოების სისტემებზე არ მუშაობენ, არც იკრიბებიან. არადა, უსაფრთხოების საბჭო ამ ვითარებაში მუდმივ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. აგერ ოჩამჩირეში ჩვენი მტერი - რუსეთი აშენებს სამხედრო ბაზას და ხელისუფლება ამაზეც კი არ რეაგირებს, მეტიც, ჩვენ გვეუბნება, ხმა არ ამოიღოთო. ამ სახიფათო თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადების მეტი არაფერი მოგვისმენია, რა გლობალურ საფრთხეებზე ვლაპარაკობთ! ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ ოჯახებზე, ქონების დაგროვებაზე, ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამის იქით მათი აზროვნება არ მიდის.

აგერ ფარცხალაძეს ბრალდება წაუყენეს, რომ მტრული სახელმწიფოს დაზვერვაზე მუშაობს, მაგრამ ამას კი არ იძიებს სუს-ი, არამედ ოპერატორებს, რომლებიც რაღაც ტრენინგზე ყოფილან, დაატარებს დაკითხვაზე.…

- საქართველოს სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. როგორც ამბობენ, ის მოწადინებული იყო, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკება საქართველოში გამართულიყო, თუმცა სომხეთმა უარი თქვა. ცნობილია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკება ბრიუსელში გაიმართება.

- საქართველო და აზერბაიჯანი ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძის ელემენტები არიან. ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის განწირული ვართ. ჩვენ გვაქვს ერთი ფუნქცია - აზია-ევროპის შემაერთებელი კვანძის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის მარშრუტები, ფაქტობრივად, დაიხურა, მოთხოვნა ჩვენს მიმართულებაზე გაიზარდა და აქ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება იმას, რატომ მოინდომა ოფიციალურმა ერევანმა ბრიუსელში შეხვედრა, ეს მარტივი საკითხია - თბილისში მოლაპარაკების გამართვა იქნებოდა აქცენტი იმაზე, რომ ეს არის რეგიონული და არა გლობალური პოლიტიკის პრობლემა. სწორედ ამიტომ არ დაეთანხმნენ სომხები ამ შეთავაზებას და ეს გასაგებია.

ვერ გამოვრიცხავთ, რომ თბილისში ამ მოლაპარაკების გამართვით დაინტერესებული ყოფილიყო რუსეთიც, რომელიც კვლავ ცდილობს ცნობილი ფორმატის "3+3" გააქტიურებას, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ბევრი მიზეზის გამო - დაწყებული ჩვენგან გაცხადებული განვითარების ვექტორით და დასრულებული იმით, რომ ამ ფორმატში დომინანტის როლი 2 სხვა სახელმწიფოსთან ერთად აქვს რუსეთს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. სახელს შეხედეთ - 6 თანასწორუფლებიან სახელმწიფოზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ 3 დომინანტ დიდ რეგიონულ მოთამაშეზე: ირანზე, თურქეთსა და რუსეთზე და 3 პატარა, მათი აზრით, მეორეხარისხოვან ქვეყანაზე. თითქოს სამხრეთი კავკასია ტორტი იყოს, რომელიც ამ სამმა დომინანტმა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს ინტერესთა სფეროებად. ყველა სხვა რისკებს რომ თავი დავანებოთ, აქ რუსეთის ყოფნა ჩვენთვის უდიდესი საფრთხეა, თუმცა ჩვენი ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია. აზერბაიჯანი ამ ფორმატით დაინტერესებულია, რადგან ის ლავირებს, მისთვისაც მიუღებელია რუსეთის გავლენის რისკები, მაგრამ მას პარტნიორად ჰყავს თურქეთი, შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე რისკები დივერსიფიცირებულია. აზერბაიჯანს შეუძლია მშვიდად იყოს, მით უფრო, რომ ბოლო ხანს თვითონაც დიდ წარმატებას მიაღწია, ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული პრობლემა გადაწყვიტა და მომძლავრებულია. აი, ჩვენთვის კი ასეთი ტიპის ფორმატებში მონაწილეობა ყოვლად გამორიცხული უნდა იყოს.

- გასულ კვირას საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 3-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა, ხელისუფლება ამას წარმოაჩენს როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მოვლენას, თუმცა ბევრი პირიქითაც ფიქრობს...

- ვიქტორ ორბანი ევროპული პოლიტიკის გაგებით არის ერთგვარი "კოჭლი იხვი", აქედან გამომდინარე, სადაც ტაშს დაუკრავენ, ის ყველგან სიხარულით მიდის, ამით ის უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ქმნის რაღაც ილუზიას. ჩვენმა ხელისუფლებამ რომ დაიწყო ტრაგიკომიკური კამპანია "დედა დედაა და მამა მამაო", ამის მოდელად აიღეს სწორედ ორბანი, მისი იმიტაცია ხდებოდა და ამით ვითომ ევროპულ პოლიტიკას უკავშირდებოდნენ. სინამდვილეში ორბანი არის ადამიანი, რომელიც სწორედ იმის გამოა ევროპული პოლიტიკისთვის მიუღებელი, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება იხუტებს. შესაბამისად, როდესაც შენ ევროპისკენ მიდიხარ, სადაც ერთადერთი პრობლემა ორბანის ხელისუფლებაა და შენ ამ პრობლემასთან იწყებ მეგობრობას, ბუნებრივია, ევროპაში დაფიქრდებიან, ერთი თავსატეხი არ გვეყოფა, ახლა მეორე არ ავიკიდოთო? შეუძლებელია არ იცოდნენ ჩვენს ხელისუფლებაში, რომ რეალურად ამ ტიპის ვიზიტები ხელს კი არ უწყობს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ხელს უშლის და საზიანოა, მაგრამ ამით ქმნიან ილუზიას, რომ ვითომ ევროპისკენ მიდიან, საზოგადოებას ურეცხავენ ტვინს, გაუცნობიერებელ ადამიანებს ატყუებენ ამგვარი პროპაგანდით. მართლა სიგიჟეებით არის ეს ყველაფერი გაზავებული, თურმე ორბანმა და ღარიბაშვილმა ევროპელებს უნდა აუხსნან, ოჯახი რა არის.

ისე, პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიფარა სააკაშვილის ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები, მათ შორის ადეიშვილი, კოდუა, უდესიანი, უნგრეთი იყო. როცა მათგან ითხოვდნენ, ეს პირები გადმოეცათ, უნგრეთი მტკიცე უარს ამბობდა. ახლა, რა თქმა უნდა, ეს არ ახსოვთ ღარიბაშვილის მთავრობაში, ან არ იხსენებენ - ეს არის ცინიკური, ვირეშმაკული, იაფფასიანი და ბანალური პოლიტიკა.

- გასულ კვირას ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ამგვარი გადაწყვეტილებები, ეს ხომ არ ჭრის რუსეთთან მოლაპარაკების ყველა გზას?

- არა, ამით მოლაპარაკების გზა არ მოიჭრება. ისტორიას თუ გადახედავთ, დიქტატორებსაც ელაპარაკებიან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით იჭრება სეპარატული მოლაპარაკების გზა, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ გაბედოს კულისებში ლაპარაკი და რაიმე გარიგება, ლაპარაკია იმაზე, რომ დიქტატორს უნდა ელაპარაკო საჯაროდ და პრინციპულად. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს გადაწყვეტილება. მე კიდევ ერთ საკითხზე მივაქცევდი თქვენი მკითხველის ყურადღებას - მაშინ, როდესაც ევროსაბჭო აცხადებს პუტინს დიქტატორად, ორბანი კი ამბობს, უკრაინას დახმარება უნდა შეუწყდეს და რუსეთს მოველაპარაკოთო, და ამ დროს თბილისში როგორც ძმა და მეგობარი ჩამოდის, ვფიქრობ, ზედმეტი კომენტარის გარეშეც ყველაფერი ცხადია.