„არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს რუსეთის ჩატარებული ოპერაცია, რაც ნათელი გახდა ისრაელის დაზვერვისთვის და ისრაელმაც თავისი თამაში წამოიწყო...“ - კვირის პალიტრა

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს რუსეთის ჩატარებული ოპერაცია, რაც ნათელი გახდა ისრაელის დაზვერვისთვის და ისრაელმაც თავისი თამაში წამოიწყო...“

ისრაელში უმძიმესი ვითარებაა. "ჰამასის" თავდასხმების შედეგად 1300-ზე მეტი კაცი დაიღუპა, მხოლოდ დაშავებულთა რიცხვმა 3500-ს მიაღწია. თავზარდამცემია გავრცელებული ვიდეოფირები, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებიან "ჰამასის" წევრები ბავშვებს, ქალებს, მოხუცებსა და ჯარისკაცებს. პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით, იქაც დაღუპულია 1200 კაცი.

მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა­ მსოფლიოს, თუ რა მყიფეა მშვიდობა... გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ბატონო მამუკა, ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისრაელი არაბებს გენოციდს უწყობს­ და მუსლიმანურ სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოსალოდნელია თუ არა ეს ომი უფრო მასშტაბური გახდეს? რამდენად საფრთხილოა ირანის განცხადება?

- რასაკვირველია საფრთხილოა. ვფიქ­რობ, ირანის განცხადება შემაკავებელი ხასია­თისაა. ისრაელი ფართომასშტაბიანი­ სახმელეთო ოპერაციისთვის­ ემზადება და პალესტინის მოსახლეობას ვადა მისცა ტერიტორიების დასაცლელად. მან გაეროსაც მოუწოდა დაეხმაროს მოსახლეობას.

განცხადება გააკეთა რუსეთმაც და შუამავლობა შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს. "ჰესბოლამ" განაცხადა, რომ თუკი სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ის აუცილ­ებლად ჩაერთვება ისრაელის წინაღმდეგ ბრძოლაში. ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ­ სხვა ტიპის განცხადება გააკეთა, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოსთხოვა სირიას არ ჩაერიოს კონფლიქტში, ნეიტრალიტეტი დაიჭიროს. ყველა ეს განცხადება, ძირითადად, შემაკავებელია სიტუაციის მოსინჯვისთვის, კულუარულად კი ყველა ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ვითარება. ვიღაცისთვის აუცილებელია­ კონფლიქტური სიტუაციის გააქტიურება­. მაგალითად, თურქეთი აგრესიულ დასავლეთზე აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რატომ არ ერევა აშშ და რატომ არ აჩერებენ ისრაელსო. ამას ამბობს თურქეთის ხელმძღვანელობა, რომელიც თვითონ ისე მოქმედებს სირიის ტერიტორიაზე, ვითომ ვიღაცამ აჩუქა ეს ტერიტორია. არადა, ყველა კარგად ხვდება, როგორ ვითარდება სინამდვილეში მოვლენები, როგორ ცდილობს ყველა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. ამ კონფლიქტში ირანის ჩართულობა ისედაც ჩანს, რადგან სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ "ჰამასი" ირანის მითითებებით მოქმედებდა. პარადოქსია - "ჰამასი" სუნიტური ორგანიზაციაა, ირანი კი შიიტური ქვეყანა, მაგრამ მაინც თანამშრომლობენ. მეტსაც გეტყვით, ირანში "ჰამასის" შტაბბინაც არის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ჰამასი" შეიქმნა, მათი ანტიისრაელური ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ სირიის მოვლენების გამო "ჰამასსა" და ირანს ურთიერთობა­ გაუფუჭდათ, რადგან "ჰამასმა" სირიის მოვლენებში ასადის ოპოზიციის მხარე დაიკავა­. მიუხედავად ამისა, წლებია, მათი ინტერესები ემთხვევა. რაც ახლა მოხდა ისრაელში, ეს არის გეოპოლიტიკური ჯახის პროდუქტი­. რუსეთს დასავლეთი უკრაინაში უქმნის დისკომფორტს, რუსეთი კი ცდილობს დასავლეთს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, შეუქმნას დისკომფორტი. "ჰამასის" ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიმართა რუსეთის, სირიის, "ჰესბოლასა" და იმ შიიტური ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლებიც ახლა ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან უტევენ. შეხვედრიდან ძალიან უცნაურმა ინფორმაციამ გამოჟონა - რუსეთი "ჰესბოლას" სთხოვდა საარტილერიო ჭურვებს, რომლებიც დასაწყობებული აქვს "ჰესბოლას" თავის ბაზებში. მიკვირს, ისეთი რა გაუჭირდა რუსეთს, რომ ჭურვებს "ჰესბოლას" სთხოვდა, პირდაპირ ირანს რატომ არ მოსთხოვა?!.

- ფიქრობთ, რომ ფართომასშტაბიანი ომი იქნება?

- ჩემი ვარაუდით, იქნება, ახლა ძალიან რთული იქნება ისრაელის გაჩერება. თუ შეჩერდება, სახელმწიფო თავის სისუსტეს აჩვენებს და ამას ვერ დაუშვებს ვერც ისრაელის მთავრობა და ვერც ხალხი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ისრაელის მოქალაქეები ბრუნდებიან სამშობლოში საბრძოლველად. საზოგადოება მობილიზებულია საომრად, ამიტომ სათუოა ისრაელმა შეარჩინოს ეს პალესტინას. ასევე ისრაელს ეძლევა უნიკალური შანსი ერთხელ და სამუდამოდH მოიშოროს თავიდან "ჰამასი". ისრაელი ებრძვის კონკრეტულ ორგანიზაციას და არა ხალხს და ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს, რადგან "ჰამასს" მუდმივად ტერორში ჰყავს­ ისრაელი. ამიტომ ისრაელმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი­ - ასე თვლიან ისინიც,­ ვინც ისრაელს უჭერს მხარს. ნეთანიაჰუს მთავრობას­ იმდენად აჭრილი აქვს სიტუაცია, ახლა სიკვდილის ტოლფასი იქნება ომის შეჩერება...

რაც შეეხება რუსეთს, ის ამ ომში მსხვილი­ მოთამაშეა და ძალიან სჭირდება­ ყურადღების გადატანა ამ რეგიონზე, უკრაინისთვის­ სამხედრო დახმარების შესასუსტებლად. უკვე დაიწყო კიდეც დახმარების გადამისამართება ისრაელისკენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კრემლისთვის... მეორე მსხვილ მოთამაშე თურქეთს სურს გახდეს ისლამური სახელმწიფოების ან რეგიონული ლიდერი. ამ შემთხვევაში მას ფართო მანევრირების საშუალება ექნება. სხვა მოთამაშეებს კიდევ სხვა ინტერესები აქვთ... ირანისთვისაც მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება. მას ხელი უფრო გაეხსნება, რადგან აქვს შანსი თურქეთის ნაცვლად თვითონ გახდეს ლიდერი და ამის მიღწევას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს...

- ის ვერსია,­ რომ პუტინმა ამით მეორე ფრონტი გახსნა ამერიკისთვის, დასაშვებია?

- ამ კონფლიქტში რუსეთისა და ირანის­ ჩართულობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე - მაგალითად, ისრაელის ტერიტორიაზე დახოცილი ტერორისტებისგან ამოღებულია მაღალი ხარისხის რუკები,­ რომელთაც ისინი ჩვეულებრივად­ ვერ გადაიღებდნენ. ვგულისხმობ თანამგზავრიდან გადაღებულ რუკებს, პლუს იმას, რომ ძალიან საინტერესო ინსტრუქციებია, რომელთაც პრიმიტიულ დონეზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაცია ვერ შექმნიდა.­ ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ამ ოპერაციაში ჩართული იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები. სადაზვერვო ინფორმაციაც, რაც "ჰამასს" ჰქონდა, მათ ინსტრუქციებშიც კი იყო აღწერილი, რა ტიპის გამოწვევასთან ექნებოდათ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილ ბოევიკებს საქმე. ყველაფერი ეწერა, წინასწარ იცოდნენ, რა უნდა გაეკე­თებინათ, კიბუცების აღწერილობაც კი ჰქონდათ, ვინ ცხოვრობდა იქ, რა ეცვათ და ა.შ. ეს ძალიან მაღალი დონის­ დაზვერვის გაკეთებულია. თუ ამაში ირანი და რუსეთი იყვნენ ჩართული, ჩნდება კითხვები, როგორ­ გამოეპარა ეს ყველაფერი ისრაელის დაზვერვას. ორი საათის მერე მოახერხეს რეაგირება, როგორ მოხდა, რომ სამხედრო ბაზა დაკარგეს. ამდენი ჯარისკაცი დაკარგეს პირველივე ბრძოლაში, ტყვედ რამდენი ჩავარდა. ეს წარმოუდგენელია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იქ სამმაგი, ოთხმაგი თამაში მიდის, ვიღაცებს სჭირდებოდათ, რომ ეს ამბავი მომხდარიყო და ყოფილიყო ასეთი მძიმე შედეგი. არ გამოვრიცხავ, ეს იყოს რუსეთის ჩატარებული ოპერაცია, რაც ნათელი გახდა ისრაელის დაზვერვისთვის და შეიძლება ისრაელმა თავისი თამაშიც წამოიწყო, რათა ჰქონოდა საბაბი "ჰამასის" საბოლოოდ გასანადგურებლად. ეს ვარაუდია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი ჩნდება. ის, რომ ახლა ვიღაცას სჭირდებოდა კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი, ესეც ფაქტია. არ მჯერა, რომ ეს ამბავი ასე მარტივად მოხდა და გამოეპარა ისრაელისა და განსაკუთრებით, აშშ-ის დაზვერვას. ქუჩაში ვერ დამდგარხარ, თანამგზავრიდან გაკონტროლებენ და დავიჯერო, ამხელა ოპერაცია გამოეპარათ? მე მაინც მგონია, რომ სხვისი დაგეგმილი ოპერაცია, როგორც პროვოკაცია, ისე გამოიყენა ისრაელის მხარემ, რათა ხელები გახსნოდა.

- და თავისი მოსახლეობა გაწირა?

- მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი უამრავი მაგალითია. მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის საშიშროება, რომ რეგიონში გაჩაღდეს ფართომასშტაბიანი ომი. ვფიქრობ, ირანი თავს შეიკავებს ომში ჩართვისგან, რათა არ მიიღოს საპასუხო დარტყმა. ამიტომ მაქსიმალურად შეაიარაღებს სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციას, რომლებიც ისრაელის გარშემო არიან განლაგებული. სამხრეთში ეს არის "ჰამასი", ჩრდილოეთში - "ჰესბოლა". თითოეულ ამ ორგანიზაციას 20-25 000 მეომარი ჰყავს, აქვს კარგი შეიარაღება და უზარმაზარი გამოცდილება. მართალია, არა აქვთ ისეთი ავიაცია და მძიმე არტილერია, როგორიც თანამედროვე სამხედრო ოპერაციას სჭირდება, სამაგიეროდ, ჰყავთ ფანატიკოსი მებრძოლები. არაერთი წყარო მოწმობს, რომ ამაში­ ჩართული იყო როგორც რუსეთი, ასევე ირანიც, არ გამოვრიცხავ თურქეთის სპეცსამსახურებსაც. მოკლედ, ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა.

- "ჰამასი" ამბობს, თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით და არ გავჩერდებითო.

- მარტო "ჰამასი" ვერ მოერევა ისრაელს. ტყუიან, რომ ამბობენ, წლების განმავლობაში ვემზადებოდითო. თუ მომზადებად ჩათვალეს გვირაბების თხრა, კუსტარული სისტემების შექმნა, კი ბატონო. "ჰამასს" შეუძლია მუდმივ დისკომფორტში ამყოფოს ისრაელი, ისევ ბომბავს აშკელონს, ამიტომ "ჰამასი" უნდა განადგურდეს. ბევრ კითხვას ბადებს ბოევიკების ისრაელის ტერიტორიაზე ასე მარტივად შეღწევა. ბოევიკებთან ერთად იქ ბრბოც შეიჭრა ტრაქტორებით. სად იყვნენ მესაზღვრეები? იქ ხომ საგუშაგო პოსტებია? რა, პარაშუტებით გადმოვიდნენ? ასე მასობრივად და "თეატრალიზებულად" მოხდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ვიღაცამ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რათა სამუდამოდ ბოლო მოეღოს "ჰამასს". უმძიმესია იმ სისასტიკის ნახვა - ბავშვთა სახლში ჩვილებს თავები დააჭრეს და ყოველივე ამას სამაგიეროს გადახდა არ მოჰყვეს, წარმოუდგენელია.

- რა საფრთხე ელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ომში ირანი ჩაერთვება?

- ისრაელი ჩვენგან შორს არის, მაგრამ ფაქტია, მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, დღეს ყველა ცდილობს მეტი გავლენა მოიპოვოს რეგიონში. ჩვენი რეგიონიც არის ამ პროცესში ჩართული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს რეგიონშია თურქეთი, რომელიც ირიბად ჩართულია ისრაელის კონფლიქტში, იმიტომ, რომ "ჰამასის" მიმართ სიმპათიები ოფიციალურ ანკარას ყოველთვის ჰქონდა. ამ წუთში აშკარა საფრთხე საქართველოსთვის არ ჩანს, მაგრამ გააჩნია, როგორ გაგრძელდება ეს კონფლიქტი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მსხვილი მოთამაშეები პატარა ქვეყნებს იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისლამიზმის საფრთხე კვლავ არსებობს - პოლიტიკურ ისლამს ვგულისხმობ. ჩვენ გარშემო ტერიტორიული დავებია. ვიღაცას ჰგონია, ყარაბაღის კონფლიქტი დამთავრდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დამთავრებულა. ჩვენ ისეთ ზონაში ვართ, რომ საქართველოსთვის ყველა ტიპის გამოწვევაა...

- რატომ თვლით, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა?

- ყარაბაღის პირველი ეტაპი დასრულებულია აზერბაიჯანისთვის, მაგრამ მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს 2020 წლის ხელშეკრულების რეალიზაციას, ჯერ არ დაწყებულა. ეს არის ზანგეზურის კორიდორები, რომელთა გატარება არ სურს სომხებს, თან ისეა შედგენილი ეს მუხლი, რომ აზერბაიჯანი დაუკავშირდეს ნახიჩევანს. არ არის მითითებული, ვინ უნდა გააკონტროლოს ეს კორიდორი. ზოგი ამბობს, სომხეთმა და რუსეთმა უნდა გააკონტროლონო, აზერბაიჯანი თვლის, რომ თვითონ უნდა გააკონტროლოს, სომხეთს კიდევ სხვა პოზიცია აქვს. როცა სადავო საკითხი ასე მწვავედ დგას, ესე იგი, კონფლიქტი არ არის დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ერევანმა დათმო ყარაბაღი, იქ მაინც არის დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი, ასევე დაპატიმრებულია ყარაბაღის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, 120 000-მდე ლტოლვილი მიიღო ერევანმა - ესეც გასათვალისწინებელია. ფაშინიანის მთავრობა ყველაფერს არ დათმობს და იქნება გაუთავებელი დაპირისპირება.