ისრაელის მთავარი იარაღი, რომელიც შესაძლოა, დასასრულის დასაწყისი გახდეს
თვეებია მსჯელობენ, გამოიყენებს თუ არა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს რუსეთი უკრაინაში, მაგრამ შეიძლება მალე მსოფლიოს სულ სხვა რეგიონში უფრო რეალური გახდეს ამის შესაძლებლობა.
უკრაინის ფრონტის ხაზიდან ზუსტად სამხრეთით 1 700 კმ-ით დაშორებულ ღაზის სექტორში დიდი ომი იწყება, რადგან "ჰამასის" მოულოდნელი და დაუნდობელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შეურაცხყოფილი და საერთაშორისო რეპუტაციაშელახული ისრაელის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაუნდობელ შურისძიებას ითხოვს ღაზის სექტორს შეფარებული "ჰამასის" განადგურების ჩათვლით. მაგრამ შურისძიებისთვის ისრაელს მარტო წერტილოვანი საჰაერო დარტყმები არ ეყოფა, ამისთვის "ცახალმა", ისრაელის არმიამ, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია უნდა ჩაატაროს ღაზის სექტორში "ჰამასის" მებრძოლების ლიკვიდაციისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის სრული განადგურებისთვის. ეს კი ხანგრძლივი ქუჩის ბრძოლების წამოწყებას ნიშნავს, რომლის დროსაც შეიძლება ისრაელის სხვა მტრებმა ისარგებლონ და მას ახალი ფრონტები გაუხსნან.
ისრაელმა სახელმწიფოდ შექმნისა და განვითარების ისტორიაში ბევრი მტერი გაიჩინა, რომლებიც, ფაქტობრივად, სამი მხრიდან ესაზღვრებიან და ყველა მათგანს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, რადგან ისრაელს ოკუპირებული აქვს ის ტერიტორიები, რომლებიც მას თავიდან არ ეკუთვნოდა, უფრო მეტიც, ყველაზე რადიკალური მტრები საერთოდ უარყოფენ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, არსებობის იდეასაც კი და დიდი სიამოვნებით "გადაყრიდნენ" ისრაელის მოსახლეობას... ხმელთაშუა ზღვაში...
ყველაზე უარეს შემთხვევაში ისრაელს შეიძლება ერთდროულად ოთხ ფრონტზეც მოუწიოს ბრძოლამ - სამხრეთში, ღაზის სექტორში "ჰამასთან", ჩრდილოეთში, ლიბანიდან შეჭრილ "ჰესბოლასთან", ჩრდილო-აღმოსავლეთში, გოლანის სიმაღლეებზე, სირიასა და პროირანულ ძალებთან და აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ორ მლნ-იანი პალესტინური დასახლებების რადიკალურ ჯგუფებთან. ისრაელისთვის პრობლემად შეიძლება იქცეს ის ასიათასობით პალესტინელი დევნილიც, წლებია იორდანიასა და ეგვიპტეს რომ აფარებენ თავს და ახლა ისრაელის საზღვრისკენ დაიძრნენ "ჰამასის" დასახმარებლად, მაგრამ მათ ისრაელთან საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ იორდანიელი და ეგვიპტელი მესაზღვრეები, თუმცა შეიძლება მალე ვეღარც შეაკავონ.
ცალკე საკითხია, რას მოიმოქმედებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, როდესაც ისრაელის არმიისა და რეზერვისტების დიდი ნაწილი ღაზის სექტორის "ჰამასისგან" გაცხრილვით იქნება დაკავებული. ხომ არ გაუჩნდება თეირანს სურვილი, რომ ისრაელს საბოლოო, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს?
ომის ესკალაციის შემთხვევაში ისრაელი შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ასეთ ურთულეს მომენტში გაბედავს თუ არა ოფიციალური თელ-ავივი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას?
ბირთვული შეიარაღების ოფიციალური მფლობელები არიან: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი. ჩრდილოეთი კორეა თავად აცხადებს, რომ აქვს ბირთვული ქობინები, რისიც დასავლეთს თავიდან არ სჯეროდა, მაგრამ ფხენიანმა რამდენიმე მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოაწყო და ამით დაარწმუნა ამერიკელები და იაპონელები, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს.
სამაგიეროდ, ისრაელი დღემდე არც აღიარებს და არც უარყოფს, რომ ბირთვული არსენალი აქვს, თუმცა ბირთვული სახელმწიფოები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელი ბირთვულ იარაღს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1970-იანი წლების დამდეგიდან ფლობს. გოლდა მეირის, ისრაელის მეხუთე პრემიერ-მინისტრის ეს ნათქვამი, "ჯერ ერთი, ჩვენ ბირთვული იარაღი არა გვაქვს და მეორე - თუ დაგვჭირდება, ჩვენ მას გამოვიყენებთ", ფრთიან ფრაზად გადაიქცა, რაც ორაზროვნად ადასტურებს, რომ ისრაელს დიდი ხანია აქვს ბირთვული შეიარაღება. უფრო მეტიც, ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს, სტრატეგიული ბირთვული ტრიადაც კი აქვს - ანუ ბირთვული შეიარაღების გამოყენება შეუძლია სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით, ბომბდამშენი თვითმფრინავებითა და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით (მაგალითად, ბრიტანეთსა და საფრანგეთს აღარ აქვთ ბირთვული ტრიადა).
საერთაშორისო ექსპერტების გათვლით, შეიძლება ისრაელს არანაკლებ 90 ბირთვული მუხტი აქვს და სავარაუდოდ, ბევრად მეტიც, უბრალოდ, ისრაელს ბოლო დროს შეჩერებული ჰქონდა ბირთვული ქობინების წარმოება, რადგან ბირთვული არსენალის გაზრდის აუცილებლობა აღარ იდგა.
ისრაელის ბირთვული ტრიადის მთავარი კომპონენტი Jericho III ტიპის სამსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტაა, რომელსაც 4,8-6,5 ათასი კმ სიშორეზე სამი ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული მუხტის გადატანა შეუძლია, თუმცა ერთი მუხტით მისმა ფრენის სიშორემ შეიძლება 11 ათას კმ-საც გადააჭარბოს და საკონტინენტთაშორისო მოქმედების კლასში გადაინაცვლოს. 15,5 მ სიგრძისა და 29 ტ მასის მქონე ამ ბალისტიკური რაკეტის გაშვება მიწისქვეშა შახტიდან და მობილური სარაკეტო დანადგარიდანაც შეიძლება, რაც მას მეტ უნივერსალურობას სძენს.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15I Ra’am ტიპის 18 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავი სპეციალურადაა მოდიფიცირებული "ჰაერი-მიწა" კლასის ბირთვულქობინიანი მართვადი რაკეტების წასაღებად და საბრძოლო გამოყენებისთვის.
ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაშია Dolphin-ის ტიპის ექვსი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, რომლებიც გერმანიაში აიგო სპეციალურად ისრაელისთვის. ამ წყალქვეშა ნავებს სატორპედო აპარატებიდან ტორპედოების გარდა, ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც შეუძლიათ, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 ათას კმ-ს აღემატება.
მოკლედ, უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში ისრაელს შეუძლია გამოიყენოს თავისი ბირთვული არსენალი, ოღონდ არა ღაზის სექტორსა ან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რაც თავად ისრაელის ტერიტორიასაც სერიოზულად დააზიანებს, არამედ ტაქტიკური დანიშნულების მცირე სიმძლავრის (2-5 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის) ბირთვული მუხტები ააფეთქოს, მაგალითად, ლიბანში "ჰესბოლას" მთავარი ძალების გასანადგურებლად, ან სირიის ტერიტორიაზე რომელიმე პროირანული სამხედრო ბაზის ჰაერში "ასაორთქლებლად", ან ყველაზე კატასტროფულ შემთხვევაში, ათასი კმ-ით დაშორებული ირანიც მასირებულად დაბომბოს.