პუტინს უკრაინის ომის ისრაელის ომით გადაფარვა სურს... - კვირის პალიტრა

პუტინს უკრაინის ომის ისრაელის ომით გადაფარვა სურს...

ბოლო ათი დღეა მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემა ისრაელისა და "ჰამასის" სამხედრო დაპირისპირებაა, რაც გასაკვირი არაა იქიდან გამომდინარე, თუ რა დაუნდობლად მოექცა "ჰამასი" ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს და საპასუხოდ როგორ სასტიკად ბომბავს ისრაელი ღაზის სექტორს, რომლის დროსაც მშვიდობიანი პალესტინელებიც იღუპებიან.

ყოველივე ამის ფონზე სადღაც მეორე-მესამე პლანზე გადაინაცვლა რუსეთ-უკრაინის ომმა. განა იმიტომ, რომ იქ ბრძოლები შეწყდა, არამედ იმის გამო, რომ შეიმჩნევა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების ერთგვარი "გადაღლა" ოც თვეში გაწელილი ომით, რომელშიც არ ჩანს კარდინალური ცვლილებები.

უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში მალე წვიმების სეზონი დაიწყება, რაც უფრო შეანელებს უკრაინის კონტრშეტევების ტემპს - მოწინააღმდეგე მხარეები გამოზამთრებასა და მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოდან ახალი შეტევებისთვის მოემზადებიან.

თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალები ბოლო ერთი კვირაა ძალზე აქტიურობენ, რათა ოკუპირებულ დონეცკთან მდებარე ავდეევკა როგორმე აიღონ, რაც მათ მთელი ომის განმავლობაში ვერ მოახერხეს, და ზამთრის წინ გაიუმჯობესონ საბრძოლო პოზიციები. თავის მხრივ, უკრაინის არმია ისევ ცდილობს განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს სამხრეთით, ტოკმაკისკენ, მაგრამ მნიშვნელოვნად წინ წაწევას ვერ ახერხებს.

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის სხვადასხვა უბანზე ერთგვარი პატური ვითარებაა - არც ერთ და არც მეორე მხარეს არ ძალუძს შედეგიანი შეტევითი ოპერაციების ჩატარება, თუმცა იმისთვის კი ჰყოფნით ძალა, რომ თავდაცვით ბრძოლებში არ დამარცხდნენ.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები ისრაელში და შეძლებს თუ არა "ცახალი" ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის შედეგიანად ჩატარებას, ეს ირიბად თუ პირდაპირ აისახება რუსეთ-უკრაინის ომზეც. განა კრემლის ინტერესებში არ შედის ახალი დიდი ომის ინიცირება ახლო აღმოსავლეთში, რათა დასავლეთის, უპირველესად კი აშშ-ის ყურადღება სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე გადავიდეს, რითაც მეტ-ნაკლებად მივიწყებული იქნება უკრაინა, რომლის დამარცხებასაც ამხელა რუსეთი ვერაფრით ახერხებს?

პუტინი ძალიან ცდილობდა "აეფეთქებინა" ნატოს "უკანა ეზო" და სერბეთსა და ნაწილობრივ აღიარებულ სეპარატისტულ კოსოვოს შორის ახალი შეიარაღებული კონფლიქტი გაეჩაღებინა, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარებიდან ევროპის თითქმის შუაგულში გაჩენილი "ხანძრის" ჩაქრობაზე გადაეტანათ ყურადღება.

საბედნიეროდ, რუსეთმა ეს ჯერ ვერ მოახერხა, მაგრამ ის, რაც მოხდა და ხდება ისრაელში, პირდაპირ ჯდება რუსეთის ინტერესებში - ისრაელისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენის პარალელურად, აშშ-მა უკრაინას შეუმციროს სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები.