„გამაგებინეთ, სად მოვხვდით?!“
მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული მამის შვილია, მის კალთას არასოდეს ამოჰფარებია. პატარაობიდანვე იბრძოდა თავისი ცხოვრების შესაქმნელად და გამოუვიდა კიდეც. ქართველებისათვის საყვარელი ფილმები გადაიღო და სპექტაკლები დადგა, მსოფლიოს ჩვენი კულტურა გააცნო. 90-იან წლებში, როცა არაფერი ხდებოდა, მისი ფესტივალი "საჩუქარი" ნათელი წერტილი იყო კულტურის მოღვაწეებისათვის და არა მარტო მათთვის. ჰქონდა დიდი წარმატება, აღიარება, ტკივილი და ბოლოს დიდი ღალატიც. თუმცა არ გატყდა, სულ ახლახან დადგა სტრინდბერგის პიესა "უფრო ძლიერი", რომლის პრემიერაც ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე გაიმართა და ცნობილმა თეატრის ჟურნალისტმა და პოლიტიკის მიმომხილველმა, შოტლანდიელმა ჯოის მაკმილანმა 4 ვარსკვლავი მისცა. შოტლანდიის ქუჩებში სპექტაკლის ბანერები ოთხი ვარსკვლავით გამოჩნდა და სპექტაკლის შესახებ გავლენიან შოტლანდიურ გაზეთ "სკოტსმენშიც" დაიწერა. ჩვენი რესპონდენტი რეჟისორი ქეთი დოლიძეა, რომელსაც ედინბურგიდან დაბრუნებისთანავე ვესაუბრეთ:
- გილოცავთ ამ დიდ აღიარებას.
- დიდი მადლობა. ეს ჩვენი დასისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. "უფრო ძლიერი" აკადემიური სპექტაკლია, ზუსტად ისეთია, როგორიც ჩავიფიქრე და მინდოდა გამოსულიყო. ვინც მიღალატა, იმათთან აღარ ვმუშაობ, მე ახალგაზრდებზე გადავერთე...
- 21 ოქტომბერს ფესტივალი "საჩუქარი" იხსნება...
- 26-ე წელია, რაც ეს ფესტივალი არსებობს. შარშან არ გამართულა, რადგან გულნატკენი ვიყავი. ფულიც გვაკლდა. სულ სხვა დაპირება იყო და ფუჭი ყოფილა... მე უკვე იმდენი წლისა ვარ და იმხელა ცხოვრება მოვიტოვე უკან, აღარავის ვერიდები - დალოცვილო, როცა საქვეყნო საქმე კეთდება, რომ მპირდები, რატომ მატყუებ?! დიდი თანამდებობის პირი რომ ხარ და დაპირებას იძლევი, მე შენგან გამომდინარე, ამას ვეპატიჟები, იმას ვეპატიჟები... მერე რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გამაკრიტიკაო... მე უნდა ვიყო ნაწყენი და მთავრობა როგორ არის ჩემზე ნაწყენი? მე უნდა მემსახუროს ხელისუფლება, მე კი არ უნდა ვემსახურო რომელიმე მინისტრს ან ხელისუფალს. რას მემართლებიან, ვერ გავიგე! ერთი, გურამ ოდიშარიას და რეზო ამაშუკელის გარდა, ვალერი ასათიანზე აღარ ვლაპარაკობ, არაჩვეულებრივი კაცია და არაჩვეულებრივი მინისტრიც იყო, დანარჩენთან ვერ გამოვნახე საერთო ენა. რა უნდათ, ვერ გამიგია! გავა დრო და მერე იხდიან ბოდიშს, შენთან შევცდიო. კულტურას რატომ უნდა მართავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სულ რაღაცაში ცდებიან? ახლა მწერლებს გადაეკიდნენ, მანამდე მუზეუმებს... მე ერთი რამ ვიცი - დღეს კულტურის სფეროს არც ერთი მისი წარმომადგენელი არ მართავს! ერთ კაცს ჰკითხეს, სად მუშაობო, და უპასუხა, მე ციხეში ვმუშაობდი ამა და ამ თანამდებობაზეო, მერე მეორეს ჰკითხეს, იმანაც, ციხეში ვმუშაობდიო. ეს რა არის, გამაგებინეთ, სად მოვხვდით?! კინოცენტრს რა უქნეს? რა უქნეს გაგა ჩხეიძეს?! კინოცენტრი დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ სახელმწიფო დაეხმარება, ძალიან კარგს იზამს, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უნდა იღებდეს, როგორც ყველა სერიოზული ინსტიტუცია. ისე კი არ უნდა იყოს, მე შენ ფულს გაძლევ და წესიერად მოიქეციო. თავიდან კინოცენტრი თავისუფალი იყო. ზვიადის დროს ცოტა აირ-დაირია იქაურობა, მაგრამ მერე დალაგდა. მე სულ მეკითხება "საჩუქარზე" ჩემი საერთაშორისო დირექტორატი, თქვენი ფესტივალი წლიდან წლამდე შაგრენის ტყავივით რატომ პატარავდებაო? სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებდა. შემდეგ ჩემმა ერთმა უფროსმა კოლეგამ ამომაგდო იქიდან და თანაც დაიტრაბახა, სულ წიხლით გავაგდე ეგ ფესტივალი ბიუჯეტიდანო! ღმერთმა აცხონოს და აპატიოს იქ, სადაც არის. დრო რომ გავიდა, ქუჩაში შემხვდა, რას მერჩოდი-მეთქი, ვკითხე. ნერვებს მიშლიდა მაგ შენი ფესტივალი და მიშა თუმანიშვილი, თან გადაჰყევიო. ნეტავ შენსავით მეც მყოლოდა ვინმე, როგორც შენ იყავი მიშა თუმანიშვილისთვისო. ის გენიოსი იყო და ამას იმსახურებდა-მეთქი, ვუპასუხე. წარმოიდგინეთ, "საჩუქარი" 26 წელია არსებობს, მაგრამ სად 10 სპექტაკლი და სად 1. წელს მხოლოდ ორი სპექტაკლი მაქვს, ისიც როგორ მოვახერხე, არ ვიცი. ეს ნორმალურია? ეს ბიზნესმენები და ქველმოქმედება ფარსია, მხოლოდ თავისიანებს აფინანსებენ! იმის მაგივრად მითხრან, დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთი, თქვენ და თქვენი გუნდი ამხელა ფესტივალს ჩუქნით თბილისსო!
- მიშა თუმანიშვილი ახსენეთ, თქვენი მეორე მამა, როგორც ეძახდით, და კინომსახიობთა თეატრი, საიდანაც გულნატკენი წამოხვედით...
- ღმერთო, ნუ მიწყენ ამპარტავნობისთვის, მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი, თუმანიშვილის თეატრი არ იქნებოდა. მიშა 10 წელი იყო უთეატროდ. იურიდიული საკითხები არ ეხერხებოდა და მამაჩემის, სიკო დოლიძის, ვიკა სირაძისა და ნათელა ურუშაძის წყალობით მოხერხდა, რომ თუმანიშვილს ჰქონოდა თეატრი. მაინტერესებს, რა გაკეთდა თუმანიშვილის თეატრში ჩემ შემდეგ? ბატონი მიშა სანამ ცოცხალი იყო, ერთადერთი სპექტაკლი მქონდა დადგმული, "ვეფხვი", 1980 წელს. მერე მე კინოზე გადავერთე. საბედნიეროდ, მე კინორეჟისორი მამა მყავდა, სიკო დოლიძე, და დავიწყე ფილმების გადაღება. რაც მასწავლეს თუმანიშვილმა და მამაჩემმა, ყველაფერი ჩემს ფილმებში ჩავდე. არც ერთის გამო არ მრცხვენია, არც ბატონი მიშას შემდეგ თეატრში დადგმული სპექტაკლების არ მრცხვენია, განსაკუთრებით, "სერობის", რომელზეც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ეს სპექტაკლი სულ უნდა იყოს რეპერტუარშიო. სულ მგონია, რომ რაღაც ძალამ დამადგმევინა. ეს იყო პირველი სპექტაკლი, პირველი პრემიერა ბატონი მიშას წასვლის შემდეგ და ერთადერთი იმ წლის განმავლობაში... მაგრამ როცა ღალატზე მოაწერ ხელს, ისეთ სპექტაკლში, როგორიც "სერობაა", დარჩენის უფლება არა გაქვს. ამიტომ გავაჩერე. იქ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემს წასვლაზე მოაწერეს ხელი. მიღალატეს, "სერობა" კი ღალატის საწინააღმდეგო სპექტაკლია. მსახიობი რომ ხარ და ყველაზე დიდი წარმატება ჩემმა სპექტაკლებმა და ფილმებმა მოგიტანა, ცოტა გამოიხედე, რა!..არც ერთ რეჟისორს არასდროს თეატრი არ დაუნგრევია. თეატრს ანგრევენ მსახიობები, რომელთაც აქვთ ამბიცია! როცა არ აძლევენ როლს, ბოროტდებიან, საზოგადოებისთვის უვარგისი ადამიანები ხდებიან! იშვიათი გამონაკლისების გარდა.
- არის შანსი, რომ დაბრუნდეთ თეატრში?
- სამხატვრო ხელმძღვანელად? ღმერთმა დამიფაროს. მაშინაც, როცა ვაშაძემ დამნიშნა, ორი კვირის განმავლობაში ვეჭიდავებოდი, არ მინდა-მეთქი! რატომო, მკითხა. ვუთხარი, 1968 წლიდან ამათ ცოცხლად შემჭამეს. ვუკეთებდი, მჭამდნენ, არ ვუკეთებდი, მჭამდნენ. არასოდეს, ორი კაცის გარდა, გიორგი ნაკაშიძისა და ზურა ყიფშიძის გარდა, ჩემთვის მადლობა არავის უთქვამს. გული რომ არ გამსკდომოდა, დიდხანს მიმალავდა ზურა გეწაძე, რომ თეატრში როგორც მიწვეული რეჟისორი ვიყავი. წარმოგიდგენია, შტატგარეშე, როცა შვიდ კაცს არასოდეს არ უნდა შეგვხებოდა შტატიდან გაშვება... და თანაც პირველად მე შემეხო! სულ თავიდან თეატრში ჩემი უახლოესი ადამიანი მივიყვანე და წლების მერე გავიგე, რომ სწორედ მან დამიწყო ძირის გამოთხრა. ვერ ვაპატიე, რადგან არა მარტო მე, თეატრსაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ჩემი პირადი დანაშაული თეატრის მიმართ. ბევრი ცუდი რამ დატრიალდა მის გამო თუმანიშვილის თეატრში.თეატრში კი არა, ბოლო 20 წელია, საქართველოში არაფერი ხდება ახალი. იმედი მქონდა, რომ 2012 წელს, როცა ვიბრძოდით, ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. მაშინ 674 სოფელი მოვიარე 40-გრადუსიან სიცხეში. არაფრით არ მეგონა, თუ ესენი ისევ წამოყოფდნენ თავს. ევროკავშირმა და, ალბათ, ამერიკამაც დააძალა ამათ, რომ "ნაციონალები" დარჩნენ მეორე პოლიტიკურ ძალად. ეს უფრო ამერიკელი რესპუბლიკელების ბრალია. ამათგან განსხვავებით, მიშა ხმაურობდა, ქართველებს გვიყვარს ხმაური, გვგონია, თუ ვინმე ხმაურობს, ესე იგი რაღაცას აკეთებს, ამ დროს კი დიდი საქმეები ხმაურით არასოდეს კეთდება. ყოველთვის კეთდება სიჩუმეში, ჩაკეტილ ოთახში, მაგალითად, აი, ამ მაგიდასთან, როგორც მამაჩემი იჯდა და წერდა სცენარებს. როგორ არ ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ომში ჩვენც არ ჩაგვითრიონ და ამ გარეწარ "ნაცებს" გიჟდებიან, ისე უნდათ, რომ ომი დაიწყოს საქართველოში. ღმერთმა დაგვიფაროს!
- ამ გადასახედიდან საკუთარ ცხოვრებას როგორ უყურებთ?
- მქონდა ძალიან დატვირთული, ტკივილით და ამავე დროს სიხარულით, სიყვარულით სავსე ცხოვრება. მქონდა დიდი სიყვარული, რომელიც სულ ჩემთან არის. მყავს ორი შვილი, უფალთან ერთად დედაჩემის გამოგზავნილი ანგელოზები - დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. კოკა ბზიავასთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობა იყო. კოკა ერთადერთი კაცი იყო, ვისთანაც ჯვარი დავიწერე.
- რას ნანობთ?
- ჩემს პირდაპირობას, ხშირად თავშეკავება მღალატობს. ამის გამო ბევრჯერ გავირთულე ცხოვრება. შეუცდომელი ღმერთის მეტი არავინ არის, ალბათ, მეც ვუშვებდი შეცდომებს, ვიღაცებს გულს ვტკენდი. არ შეიძლება 49 კაცი გყავდეს დასში და რომელიმესთან არ შეგეშალოს.
- ყველასთვის ცნობილია თქვენი სიყვარული უწმინდესის მიმართ...
- მე გამორჩეულად ბედნიერი ადამიანი ვარ - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი არიან ჩემი მშობლები და უწმინდესი, რომელთანაც პირველად რეზო თაბუკაშვილმა მიმიყვანა, ახალგაზრდა, ულამაზეს და უჭკვიანეს ადამიანთან, რომელსაც აღარც მოვშორებივარ.
"თეთრი მანდილის" აქციის დროს პირველი უწმინდესი დამიდგა გვერდით. "თეთრი მანდილი" მსოფლიოს 18 ქვეყანაში აღიარეს და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩაწიხლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ არ ყოფილიყო, საქართველოა. მახსოვს, როცა აფხაზეთში ვაპირებდით წასვლას მატარებლით, უწმინდესმა დამირეკა, ფრთხილად იყავიო. გამოგვიგზავნა ერთი მღვდელი და როცა სამტრედიაში ჩავედით, თავად დავურეკე მის უწმინდესობას, წინ ვერ წავალ, თუ თქვენ არ დამლოცავთ-მეთქი. დამილოცნიხართ, არაფერი იქნება, აბა, თქვენ იცითო. მაშინ მისმა ლოცვამ გადამარჩინა. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, უწმინდესი მყავს გვერდით. როცა თეატრიდან გამომიშვეს, პირველად მასთან მივედი, 20 წუთი მის კალთაში დამხობილი ვტიროდი. ისიც ატირდა და მითხრა, ქეთი, როდესაც ასეთი გამწარებული ხარ, ჩემი ცხოვრება გაიხსენე. გაიხსენე, მე რა მაქვს გადატანილიო... როგორ არ ვთქვა, რომ მისმა უწმინდესობამ სამუდამოდ დამაკავშირა ბოდბის მონასტერთან, რომ მისი და დედა თეოდორას წყალობით ავაღორძინეთ იქაურობა. ერთადერთი ხსნა ეკლესიაშია. პირველად ვამბობ თქვენთან - მე-6 კლასში ვიყავი, უფლის სიყვარული რომ შევიგრძენი და მახსოვს, ძილის წინ მთელი გულით ვთხოვდი, ქრისტე, დამესიზმრე-მეთქი, და არ არსებობდა, ძილში მისი სახე არ მომლანდებოდა, ან ხატის სახით არ მენახა. დღემდე უფალი იესო ქრისტე ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია, უმისოდ სუნთქვაც კი მიჭირს.
რუსუდან შაიშმელაშვილი