"თუ "ჰამასი" ახლა არ განადგურდა, ყველა მხრიდან გადაგვივლიან" - კვირის პალიტრა

"თუ "ჰამასი" ახლა არ განადგურდა, ყველა მხრიდან გადაგვივლიან"

"ეს არ არის ომი, ეს ჯოჯოხეთია", "ბოროტების აქტი", - ასე აფასებენ მსოფლიო ლიდერები იმ სისასტიკეს, რომელსაც საზღვარი არა აქვს და რასაც "ჰამასი" ისრაელის ტერიტორიაზე სჩადის. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ზუსტად იომ-ქიფურის (არაბეთ-ისრაელის ომის) 50 წლისთავს დაამთხვია სისასტიკით გამორჩეული აქტი და როგორც მაშინ, ახლაც 6 ოქტომბრის დილას დაიწყო ისრაელის სამხრეთის მასირებული დაბომბვა, რასაც დიდი სისხლის ღვრა და უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.

ჩვენი თანამემამულე 23 წელია ისრაელში,­ თელ-ავივთან ახლოს, პატარა ქალაქ ორეუდაში ცხოვრობს და კერძო კლინიკა "ასუტაში" ექიმ-ანესთეზიოლოგად მუშაობს. იმავდროულად, არის ისრაელში ქართული საკვირაო სკოლის - "მამული" - დამფუძნებელი. ირაკლი კილაძემ "კვირის პალიტრას" უამბო იმ შოკზე, რომლიდანაც ქვეყანა ვერ გამოდის. ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მისი ოჯახი საქართველოში წამოსვლას არ აპირებს, იმედი აქვს, რომ ისრაელი გაიმარჯვებს და როგორც მას უწოდებენ "უდაბნოში ოაზისი" უფრო ბედნიერი და წელგამართული გამოვა.

- თელ-ავივთან 8 კილომეტრშია ორეუდა, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრ­ობს. საკვირაო სკოლა გვაქვს ისრაელში­ და შაბათ-კვირას სტუმრების მისაღებად ვემზა­დებოდით - საქართველოდან გოგონების­ ანსამბლი "გორდელა" და "ნიკოლშოუს" ბიჭები უნდა გვყოლოდა, საღამოს კონცერტი იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველაფერი­ აგვერია. პირველი საათები შოკში ვიყავით... დილაადრიან სირენების ხმამ გაგვაღვიძა, 7-ის ნახევარი იყო, როცა დაბომბვა დაიწყო. მაშინვე თავშესაფარში შევედით - ყველა თანამედროვე ბინას აქვს თავშესაფარი, რომელიც იკეტება და მეტ-ნაკლებად დაცული ხარ. რომ გამოვედით და ვნახეთ, რაც ხდებოდა, თავზარი დაგვეცა. ბევრი კითხვა აქვს ისრაელის მოსა­ხლ­ეობას, ბევრს უკვირს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. წარმოუდგენელია, ტერორისტები სამხედრო ბაზებში შეიჭრნენ, მძინარე ჯარისკაცები ჩახოცეს - არ ვიცი, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო. იმაზე­ აღარაფერს ვამბობ, ფესტივალზე სასაკლაო რომ გამართეს, ბავშვები დახოცეს. ახლა იმის დრო არ არის, რომ ვეძებოთ, ვინ არის დამნაშავე. რაც ისრაელმა მასწავლა, პატრიოტიზმია, და ახლა მთავარია ქვეყანა, სხვა ყველაფერი­ გვერდზე უნდა გადადო. ქართველი ვარ და, უპირველეს ყოვლისა, საქართველო მიყვარს, ის ჩემი სამშობლოა, მაგრამ 23 წელია, რაც ისრაელში­ ვარ, ეს ქვეყანაც ძალიან შემიყვარდა, ჩემი ქალიშვილები აქ გათხოვდნენ. ანი და თიკო ჯარშიც მსახურობდნენ. ახლა ჩემი სიძეა ომში და ძალიან ვნერვიულობ. ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების შვილებიც იბრძვიან, თუმცა კითხვები მაინც ისმის, როგორ მოხდა, რომ ჯარს 8 საათი დასჭირდა დახმარებოდა იმ სოფლებს, რომლებშიც ტერორისტები შეიჭრნენ, რატომ ვერ მოხერხდა მობილიზაცია, როგორ ჩაიგდეს ტყვედ უამრავი ადამიანი... ახლა, საბედნიეროდ, ისრაელი ფეხზე დგება და "ჰამასს" სასტიკ პასუხს გასცემს. პალესტინელ ხალხს ამ კაციჭამიებთან არავინ აიგივებს. ჩვენ უამრავი არაბი მეგობარი გვყავს, ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ამ მოვლენას ძალიან განიცდიან, ტერორისტებს მხარს არ უჭერენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დაბომბვის დროს "ალაჰ აქბარს" გაიძახიან და ზეიმობენ. იმ ღამით აქ, არაბულ სექტორში, ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ ამხელა ტრაგედიას. არაბების უმეტესობას არ უნდა ომი, ჩემ თვალწინ განვითარდა ეს ხალხი, სოფლები აღორძინდა, გალამაზდა, დამშვენდა. ისრაელსა და პალესტინას შორის დათბობის­ პოლიტიკა წავიდა და ამან მოგვადუნა, ალბათ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მიჩვეული ვართ ამ რეჟიმში ცხოვრებას, დაბომბვა ჩვენთვის საახალწლო ფოიერვერკივითაა, პერიოდულად გვიწყობენ ტერორისტები, მაგრამ მაინც დაცული გვეგონა­ თავი. რა მოხდა და რატომ, ამას ადრე თუ გვიან გაეცემა პასუხი.

- ვატყობ, საქართველოში ჩამოსვლაზე არც ფიქრობთ...

- ჩემს უამრავ მეგობარს, თქვენც, მათ შორის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. დიახ, გვირჩევენ, წამოდით საქართველოშიო, მაგრამ არ ვაპირებთ­. დარწმუნებული იყავით, რომ აქ დაცული ვართ, ახლა წამოსვლა არ შეიძლება. ახლახან კერძო კლინიკაში გადავედი სამუშაოდ, სადაც მხოლოდ გეგმური ოპერაციები კეთდება. 24-საათიანი მზადყოფნა გვაქვს და თუ საჭირო იქნება, ჩავერთვებით... დაღუპულებს სამაშველო-საქველმოქმედო ორგანიზაცია "ზაკა" ეძებს. სოფელ აზაში, ღაზის სექტორთან, 700 მოსახლე იყო და 200 კაცი მოკლული იპოვეს, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც ტერორისტებმა თავები დააჭრეს. ეს რამ გააკეთებინათ ამ არაადამიანებს?! მებრალებიან პალესტინელები ღაზაში, ისინიც ტერორისტების ტყვეები არიან. შიშზე, დესპოტიზმსა და ტერორიზმზეა აგებული "ჰამასი". თვითონ ლიდერები კატარში არიან მოკალათებული, საწყალი ხალხი კი იჩაგრება. ერთ-ერთი ტერორისტის შვილი მყავს ნამკურნალევი, ჩვენს კლინიკაში გავუკეთეთ ოპერაცია. ჩვენ ხშირად ვმკურნალობთ პალესტინელებს, "ჰამასის" ოჯახის წევრებსაც­ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან არ ვასხვავებთ. ეთიკური ამბავია, დაეხმარო ავადმყოფს განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. ამჟამადაც სამი დაჭრილი ტერორისტი ისრაელის კლინიკებში მკურნალობს. ეს ფაქტი მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს, ჩვენთვისაც ძალიან რთულია, ასეთ დროს შეინარჩუნო სიმშვიდე და არ გამოავლინო აგრესია, მაგრამ ჩვენ, განსაკუთრებით ექიმები, ადამიანებად უნდა დავრჩეთ. ენით აღუწერელ საშინელებას სჩადის "ჰამასი", რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ისეთივე ფორმულირება მისცა, როგორიც დააში იყო - სირიაში ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაცია.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ უსამართლო ომში ებრაელი პოლიტიკოსები და მათი შვილებიც ჩაებნენ...

- დიახ, პოლიტიკოსები, მინისტრები და მათი შვილებიც ომობენ, პრემიერ ნეთანიაჰუს შვილიც იბრძვის, რაც მისასალმებელია. ასეც უნდა იყოს, პოლიტიკოსი ერისთვის მაგალითი უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი არა ვარ, მაგრამ ამჯერად მისი მომხრე ვარ, ახლა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის დრო არ არის. ძალიან მიყვარს ისრაელი, რომელიც პატრიოტიზმის სამშობლოა, მათ ყველაზე მეტად სამშობლო უყვართ. ერთიცაა, ებრაელებმა იციან, რომ მათ სხვაგან წასასვლელი, სხვა ქვეყანა არა აქვთ, ამიტომ სამშობლოს და თავის ხალხს კბილებით დაიცავენ.

- ახლა რა ვითარებაა, ხშირად ირთვება სირენა?

- 2 ღამე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გვქონდა, დღეს დილით ისევ ჩაირთო სირენები, ისევ ჩამოვარდა ნამსხვრევები აეროპორტის ახლოს. საბედნიეროდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა კარგად მუშაობს და არავინ დაშავებულა. "რკინის გუმბათიც" გვიცავს, თუმცა ერთდროულად 200-300 რაკეტა რომ მოდის, შეუძლებელია ყველაფრის დაცვა. ძირითად ობიექტებს, საავადმყოფოებს, აეროპორტებსა და ა.შ. არ მოხვედრია ჭურვები. საომარი ზონა ჩვენგან დაახლოებით 300 კილომეტრზეა, ჩვენ ცენტრში ვართ და ამჯერად აქ დიდი საფრთხე არ არის.

- არის ტყვეების პრობლემაც, რაც სახელმწიფოსთვის უმკაცრესი ზომების მიღებაში ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს ისრაელის ხელისუფლება?

- დაახლოებით 10 წლის წინ ისრაელში ასეთი რამ მოხდა - "ჰამასის" ტერორისტებმა ერთი ჯარისკაცი გაიტაცეს, 3 წელი ჰყავდათ ტყვეობაში (მეტი თუ არა) და შემდეგ ისრაელმა 1100 ტერორისტში გაცვალა. ყველას შვილი მინდა დაბრუნდეს ომიდან, არ ვიცი, რა უჭირთ ახლა იმ ადამიანებს... უსუსურობისგან ცრემლები მომდის, როცა წარმოვიდგენ, რა მდგომარეობაში იქნებიან მათი შვილები, 20 მძინარე ჯარისკაცი ქალი (18-20 წლისანი)­ და ბავშვები წაიყვანეს ტყვედ ამ უღმერთოებმა. იმედია, ბავშვებს არ გააუპატიურებენ, მაგრამ იმ გოგონებს რას უზამენ, არც მინდა წარმოდგენა. რა თქმა უნდა, ისრაელი ვერ იზამს იმას, რაც სურს, თუმცა დღეს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ისრაელი ტერორისტებისგან გაიწმინდა (თითო-ოროლა, ალბათ, ჩამალული იქნება, სადღაც ნაგავში თუ არხში ეგდება) და შეტევაზე გადავალთო.­ რა თქმა უნდა, ეს ისეთი სასტიკი შეტევა არ იქნება. ღაზა გადაბუგულია, მაგრამ ისრაელს რომ ნდომოდა, ის აღარც იარსებებდა. მეტყვით, ამას რაღა აკლიაო, მაგრამ უფრო უარესადაც შეიძლებოდა, ისრაელს მეტი შეუძლია.

- სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე რა აზრია ხალხში?

- სახმელეთო ოპერაცია თუ დაიწყო, დიდი მსხვერპლი იქნება. ღაზაში გვირაბები და ინფრასტრუქტურა ისე აქვთ განვითარებული, იქ შესვლა ძალიან სახიფათოა. ამ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასა და გვირაბებზე მიდიოდა კატარისა და ირანის ფული, ამიტომ იყო შეშფოთებული ისრაელი. შეიძლება უკვირთ, ისრაელი ღაზას ცემენტს უკრძალავდაო, უკრძალავდა იმიტომ, რომ სახლის მშენებლობის მაგივრად გვირაბების მშენებლობას ახმარდნენ. "ჰამასის" პოლიტბიუროს ერთი წევრი მოუწოდებს აღმოსავლეთ სანაპიროს, რამალას მხარეს (სადაც მათი ძალაუფლება არ ვრცელდება), გამოდით და დაარტყით ისრაელსო. იმედია, გონიერება ეყოფათ და ამას არ გააკეთებენ, თორემ მთლიანად აფეთქდება ისრაელი. ლიბანიდან 15 რაკეტა გამოუშვეს (სავარაუდოდ, "ჰეზბოლამ"... იმედია, ლიბანის არმია ამას არ იზამდა) და ისრაელმა საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

- ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და გაუგონარი დახმარება აღუთქვა...

- ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტი იქნება ისრაელში ამერიკული გემის შემოსვლა უამრავი თვითმფრინავითა და წყალქვეშა ნავით. ამერიკის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს და გვგონია, სხვა მეზობელი სახელმწიფოები ბევრს ვერ გაბედავენ. ბაიდენის მხარდაჭერამ და იარაღით დახმარებამ დაგვაიმედა, ალბათ, გარე ძალები გაჩერდებიან და "ჰამასს" აუცილებლად დავამარცხებთ. ითქვა კიდეც, რომ მას გააჩერებენ და შემდგომი ესკალაცია არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოეთით მაინც.

- რას ელით ამ ომისგან, რომლის დასრულების შემდგომ ალბათ, ისევ გაგრძელდება ებრაელებისა და არაბების თანაცხოვრება...

- ისრაელის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩემი აზრით, არაბები ისევ ამ ქვეყნის მოსახლეობად დარჩებიან, ხვალ მათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და უკან მოხედვის არ უნდა შეგვეშინდეს. დღეს რომ მოტრიალდები, არავინ იცის, რას გიზამენ, დღეს შიშია ხალხში ჩაბუდებული, ამიტომ ისრაელმა ხვალინდელ დღეზეც უნდა იფიქროს - თუ "ჰამასი" ახლა არ დამარცხდა და არ განადგურდა, რაზეც მთელი ისრაელი თანხმდება, მაშინ ყველა მხრიდან გადაგვივლიან. აქამდე თუ ისრაელის ეშინოდათ, ახლა აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიები იქაცაა, დრონებით და სხვა საშუალებებით გადაგვივლიან ტერორისტები. ზუსტად 50 წლის წინ, ზუსტად 6 ოქტომბერს, არაბეთსა და ისრაელს შორის იომ-ქიფურის ომი დაიწყო და არ არის შემთხვევითი, ტერორისტებმა ამ თარიღს რომ დაამთხვიეს ეს საშინელება. ისრაელისY ყოფილი პრემიერის გოლდა მეიერის გამონათქვამია, მშვიდობა მაშინ დადგება, როცა არაბები საკუთარ შვილებს იმაზე მეტად შეიყვარებენ, ვიდრე ჩვენ ვძულვართო. ისინი სიძულვილით იზრდებიან. ახლაც, ღაზაში რომ ბომბი ჩამოვარდა, ვიღაც ბავშვს დედა ან მამა რომ მოუკვდა, ისიც ისევ სიძულვილით გაიზრდება, სკოლებშიც სიძულვილს აღვივებენ. სასურველია, "ჰამასი" პირწმინდად განადგურდეს, იმედია, მათ კატარშიც მისწვდებიან. ამის შემდეგ ნორმალურ ხალხთან შეიძლება დალაპარაკება, საერთო ენის გამონახვა და მშვიდობიანი ცხოვრების გაგრძელება.ებრაელები და არაბები აქ ერთად ცხოვრობდნენ, ახლაც ცხოვრობენ და მერეც უნდა იცხოვრონ, სანამ კაცობრიობა იარსებებს. საუბედუროდ, ადამიანებს მოკლე მეხსიერება გვაქვს. 2 წლის წინ ერთმა პატარა ვირუსმა მსოფლიო დააჩოქა, სახლებში შეკეტა, მაგრამ დღეს ვიღას ახსოვს, ისე სიხარულით ხოცავენ ერთმანეთს.

იმედია, ისრაელი გაიმარჯვებს, ყველა მშობელს, პალესტინელებსაც ღმერთი მშვიდობით დაუბრუნებს შვილებს. ისრაელი ბედნიერი ქვეყანაა, ის ოაზისია უდაბნოში და გვეგონა, სულ ასეთი ბედნიერი იქნებოდა. ასე მგონია, ისრაელს ვერ დაამარცხებენ და ისევ ბედნიერი და უფრო წელში გამართული იქნება. ისრაელი რომ გაერთიანებული და ძლიერია, ეს უდავოა. კი, მოხდა შეცდომა, მოდუნდნენ, სილა გაგვაწნეს, გაგვათახსირეს, მაგრამ ნახავთ, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და ეს ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთი ჰფარავდეს ისრაელსა და ჩემს პატარა საქართველოს, მშვიდობა გვქონოდეს.