"ხალხი დაიღალა ამდენი ომით... ისრაელი ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორიც ომამდე იყო. ბავშვებიც კი შეიცვალნენ" - რა დეტალებს იხსენებს ისრაელში მცხოვრები ქართველი?
თეა ჯაჭვაძე 14 წელია ისრაელში ცხოვრობს. მეუღლემ, რომელიც ქართველი ებრაელია, შესთავაზა საქართველოში წამოსვლა, მაგრამ თეამ კატეგორიული უარი თქვა. ამბობს, რომ ამ ქვეყნის მადლიერია და არ აპირებს პასუხისმგებლობას გაექცეს, სურს მანაც წვლილი შეიტანოს ტერორისტებთან ბრძოლაში.
- მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, როგორია განწყობაა. თითოეული მოქალაქე მოითხოვს, რომ ეს ომი ღაზის სექტორის გაცამტვერებით დამთავრდეს. ხალხი დაიღალა ამდენი ომით. იომ-ქიფურის ომიც კი არ ყოფილა ასეთი სასტიკი და ვერაგული. შეგახსენებთ, რომ 1973 წელს, ზუსტად 50 წლის წინ, ისრაელს მაშინაც რამდენიმე მხრიდან დაესხნენ თავს. ჩემი მეუღლე დავითი, რომელიც 43 წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისრაელს მსგავსი არაფერი ახსოვს. ამ ქვეყანამ ერთ ღამეში დაკარგა 900 კაცი, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები.
- როგორი იყო თქვენთვის 7 ოქტომბრის დილა?
- პარასკევ საღამოს მშვიდობიან ქვეყანაში დავიძინეთ, შაბათ დილით საუკეთესო განწყობით გავიღვიძეთ, იმ დღეს თბილისობა უნდა აღგვენიშნა, საქართველოდან ანსამბლი "გორდელა" იყო ჩამოსული და ძალიან გვიხაროდა. 7 ოქტომბერი ებრაელებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია, სიმხატ-თორა, ისეთივე, როგორიც ქართველებისთვის აღდგომა. მე და ჩემი მეუღლე დილით ვსაუზმობდით, როცა აფეთქების ხმა გაისმა. ჩვენგან ქალაქი ჰერცლია-პიტუახი, რომელსაც "მილიონერების დასახლებას" უწოდებენ, 15 წუთის სავალზეა. ჩვენ ომის დაწყება მაშინ გავიგეთ, როდესაც ამ ქალაქში ჩამოვარდა ბომბი. დავითმა თქვა, რაღაც ცუდი ხდებაო და ტელევიზორი ჩართო. აი, მაშინ კი დანამდვილებით გავიგეთ, რომ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ხვდები, რომ მტერი უკვე ქვეყანაშია შემოსული. შაბათ საღამოს 6 საათამდე არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ყველაფერი გაითიშა, ინტერნეტი, სატელეფონო კავშირი... ამ ომს არანაირი წინა პირობა არ ჰქონდა. აქ ხშირად მომხდარა კონფლიქტი, რომელიც მერე ომში გადაზრდილა, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, შეიძლება ასეც დავარქვათ - ომი მოწმენდილ ცაზე.
- მოსახლეობას თუ უჩნდება კითხვა, როგორ გამოეპარა ლეგენდარულ "მოსადს" ასეთი დიდი სამხედრო ოპერაციის ორგანიზების პროცესი?
- კი, ეს კითხვა ყველას აქვს, უბრალოდ, ჯერ ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ქვეყანაში ოპოზიცია აღარ არსებობს, ყველა გაერთიანდა, ყველა ერთ მხარეს დგას. ამ ომმა გამოააშკარავა, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც წარმოგვედგინა. ყველაზე მეტად იმან გაგვაკვირვა, რომ "რკინის გუმბათმაც" ვეღარ იმუშავა ძველებურად.
- როგორც ვიცი, "რკინის გუმბათი" სარაკეტო თავდასხმების დროს არის ეფექტური, მაგრამ ამჯერად "ჰამასმა" დრონებიც გამოიყენა.
- ძველებურად ვერც სარაკეტო თავდასხმის მოგერიება მოხერხდა. რაკეტების წვიმა მოდიოდა... აფეთქებების, ვერტმფრენების ხმა მთელი დღე გრძელდებოდა, კოშმარი იყო. ქვეყნის 22 ქალაქში შეცვივდნენ ტერორისტები და მძევლები აიყვანეს. მე ჩემი ვერსია მაქვს, თუ რატომ დახვდა ისრაელი თავდასხმას მოუმზადებელი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ერთწლიანი პოლიტიკური კრიზისი, მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ორ ნაწილად გაყო. აქ საქართველოზე არანაკლები პოლარიზაცია იყო. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც უშიშროებას ასეთი ამბავი გამოეპარა. ახლა მთავარი კითხვაა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება ისრაელში. როგორც ბაიდენის გამოსვლიდან გაირკვა, ეს არ იქნება ორი ან სამკვირიანი ბრძოლა, ჩვენ წინ გველის სასტიკი ომი, გაურკვეველი ვადით. ებრაელმა ხალხმა იცის, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს, უკანასკნელი იქნება, ქვეყანა გაცამტვერდება, ამიტომ ყველა, ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია, ომისთვის ემზადება. დღეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდებიან ის ებრაელები, რომლებსაც სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი და მებრძოლთა რაოდენობა გაორმაგდება.
მე არ დავთანხმდი დავითის წინადადებას, წამოვსულიყავი საქართველოში. ისრაელს ჰყავს ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება და ეს იგრძნობა ყველა სფეროში. მე მინდა ამ ქვეყანას ჩემი ერთგულება დავუმტკიცო და უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს საქმეს, ადამიანებს, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ, იმ მოხუცებს, რომლებიც ყოველ დილით მელოდებიან. ჩვენ ყოველწუთიერად ვიღებთ დირექტივებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენები არა მარტო წინ მიიწევენ ღაზის სექტორისკენ, არამედ ათავისუფლებენ მძევლებსაც... ისრაელის არმიას საშინელი მდგომარეობა ხვდება კიბუცებში... ისრაელი ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორიც ომამდე იყო. ბავშვებიც კი შეიცვალნენ, ოჯახში, სადაც მე ვმუშაობ, ბავშვები სამხედროებისთვის სენდვიჩებს ამზადებენ. ოჯახი აღარ დარჩა, ვისაც ამ ომში ახლობელი არ დაეკარგა. ბავშვების ძალიან დიდი მსხვერპლია.
- თქვენი მეუღლეც ხომ არ იბრძვის?
- მართალია, ჩემი მეუღლე პენსიონერია, მაგრამ მზად არის, როგორც დაუძახებენ, მაშინვე ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. რეზერვისტების მობილიზება უკვე დაიწყო. ის ახალგაზრდებიც გამოიძახეს, ვისაც ჯარი ახალი გავლილი აქვს, დრო და დრო ბრძოლაში ყველა ჩაერთვება.
ხათუნა ბახტურიძე