„კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“ - კვირის პალიტრა

„კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“

პროფესიულად მომზადებული, ოპერატიული, სანდო, გადამოწმებული და ფაქტებით გამყარებული ამბები - ეს იმ ჟურნალისტურ ღირებულებათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ვებგვერდი kvirispalitra.ge დგას და ღირსეულად მიუყვება იმ გზას, რომელიც გაზეთმა "კვირის პალიტრამ" რამდენიმე ათეული წლის წინ გაუკვალა. მას შემდეგ იცვლებოდა ამინდი, ხელისუფლებები, იყო ცდუნება, ზეწოლა, მაგრამ ჰოლდინგ "პალიტრამედიას" პრინციპებისთვის არ უღალატია, გზიდან არასდროს გადაუხვევია... თანამედროვე სამყაროში ბევრნაირი მკითხველი გვყავს: ზოგს ინფორმაციის კითხვა კლასიკურად, ბეჭდურად, ქაღალდის შრიალის ფონზე, ანუ გაზეთიდან სურს, ზოგს გაჯეტებში მოსწონს სანდო ვებგვერდის სქროლვა, მოვლენათა­ ­­კვალდაკვალ. ჰოლდინგი "პალიტრამედია" ყველანაირი გემოვნების მკითხველს კომფორტულ, სანდო, ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა პლატფორმიდან. ახლა კი, რადგან საუბარი ვებგვერდით დავიწყეთ, მინდა ის ადამიანები გაგაცნოთ, ვინც ღირსეული სახელის, kvirispalitra.ge-ს უკან დგას და ქმნის იმ პროდუქტს, რომელიც რეიტინგული, მოთხოვნადი და მაღალპროფესიულად მომზადებულია. ჩვენ kvirispalitra.ge-ს კულისებში შეგახედებთ და გაგაცნობთ მათ, ვინც ამ რეიტინგულ პროდუქტს ქმნის.

20190110-223045-1697436254.jpg

თამთა დადეშელი, kvirispalitra.ge-ს რედაქტორი: - ვებგვერდი 2009 წლის 9 სექტემბერს ამოქმედდა (09.09.2009) და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რედაქტორის ხელმძღვანელობის პერიოდში, თავისებურად ვითარდებოდა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნათია დოლიძის წვლილი,­ რომელმაც საიტის განვითარებაში დიდი შრომა და ენერგია ჩადო, მას შემდეგ კი თითოეული ჩვენგანი ყოველწუთიერად ვცდილობთ ვებგვერდის მრავალფეროვანი მასალებით გამდიდრებას და კიდევ უფრო განვითარებას, გათანამედროვებას. ამ წლების განმავლობაში "კვირის პალიტრას" უნიკალური და ძალიან საინტერესო არქივი დაუგროვდა, რომელიც არა მარტო ინფორმაციული, არამედ შემეცნებითიცაა თავისი ისტორიული მასალებით და გადამოწმებული ფაქტებით, პირველი პირებისგან მონათხრობი ამბებით. მოგეხსენებათ, გაზეთი "კვირის პალიტრა" ყოველ ორშაბათს გამოდის, სტატიები კი დილიდანვე იტვირთება ვებგვერდზე და ჩვენს ხელმომწერებს შესაძლებლობა აქვთ ისინი სხვებზე ადრე ონლაინრეჟიმში წაიკითხონ. ის ინფორმაცია, რაც საიტიდან თქვენამდე მოდის, ერთ მუშტად შეკრული გუნდის უდიდესი შრომის შედეგია, თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს, თუ რა დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ პრესტიჟულ გამოცემაში მუშაობა და ყველა მათგანი მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო შედეგი აჩვენოს. "კვირის პალიტრის" უდიდეს ოჯახში პროფესიონალები, ძალიან გამოცდილი, შესანიშნავი ჟურნალისტები მუშაობენ და ის ძირითადი გუნდი, რომელიც დღეს საიტზეა, წლების განმავლობაში ნაცნობი და ახლობელია მკითხველისთვის. ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ისინი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ სტატიებს:

ძმები ალადაშვილები - მათი ბლოგები დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლებია, წამყვან პოზიციასა და რეიტინგულობას ინარჩუნებენ. ირაკლი ალადაშვილი სამხედრო თემებს დეტალურად და სიღრმისეულად მიმოიხილავს, ბესიკ ალადაშვილი კი სპეცსამსახურებზე ისეთ უნიკალურ ცნობებს აწვდის მკითხველს, რასაც სხვა ქართულ საიტებზე ნამდვილად ვერ მოიძიებთ; ბატონი სიმონ კილაძე "კვირის პალიტრას" ყოველ დილით, ადრიანად, უცხოური საინტერესო, ხშირად ექსკლუზიური პუბლიკაციებით უზრუნველყოფს; ყველაზე ოპერატიული და გადამოწმებული კრიმინალური სტატიები გამოცდილ ჟურნალისტს თეა ხურცილავას ეკუთვნის; კულტურის სფეროში მიმდინარე აქტუალურ თემებზე ხალხისთვის საყვარელ რესპონდენტებთან ინტერვიუებს მანანა გაბრიჭიძე გვაწვდის; ხათუნა ბახტურიძე პოლიტიკას მიმოიხილავს და ექსპერტების საინტერესო შეფასებებით მკითხველს მოვლენების ანალიტიკურ მიმოხილვას აცნობს; ეკა გადახაბაძე ჰოლივუდელი სელებრითებისა და სამეზობლოში პოპულარული ლიდერების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოუთხრობს მკითხველს უცხოურ ენაზე მოპოვებული ცნობების მიხედვით; საღამოს საათებში საიტის ფუნქციონირებას რუსა კილასონია უზრუნველყოფს, სოციალური მედიის მიმართულებით კი სულ ორიოდე­ თვეა, რაც ნიჭიერი და პერსპექტიული ჟურნალისტი მარიამ გამზარდია შემოგვიერთდა და ჩვენს "ფეისბუკგვერდებს" მრავალფეროვანი ფოტო-ვიდეომასალითაც ამდიდრებს.

kvirispalitra.ge-სთან ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობენ ჟურნალისტები: ხათუნა ჩიგოგიძე, ელენე მეტრეველი, ეთერ ერაძე, ნინო ჯავახიშვილი, ლიკა ქაჯაია და სხვები; ბლოგერები: ნინო ცხვარაშვილი და ბექა ჭიჭინაძე.

საიტის კორექტორი დიდი გამოცდილების მქონე, მკითხველისთვის საყვარელი ჟურნალისტი და ბლოგერი ირმა ხარშილაძეა, რომლის ბლოგები და სტატიები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია და მადლობა გუნდს კვალიფიციური მუშაობისთვის.

ზოგადად, საიტზე მუშაობა გარკვეულწილად სტრესულია, რადგან ყოველწუთიერად ხარ ჩართული პროცესებში, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არ უნდა შეგეშალოს, თითოეული სიტყვის, ფრაზის გააზრება გჭირდება, რათა მკითხველი არ გააღიზიანო, არავის ავნო, ეს კი მხოლოდ მშვიდ და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ამიტომ ვცდილობთ ჩვენს ჟურნალისტებს მაქსიმალურად არასტრესული პირობები შევუქმნათ და თავიანთი საქმე აუღელვებლად, "იჩქარე ნელას" პრინციპით აკეთონ. თითოეულ მათგანს ისედაც გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერატიულობა და აქედან გამომდინარე, თავადაც დიდი აზარტი აქვთ, საზოგადოებას პირველებმა მიაწოდონ უახლესი, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ყველაზე მძაფრი ისრაელში მიმდინარე ომი, შოვისა და გურიის სტიქიები იყო და ჩვენც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით. ეს იყო ემოციურად ყველაზე რთული დღეები, რაც კი მიმუშავია... ასევე, უკრაინის ომი და პანდემიის პერიოდი, როცა ყოველდღიურად გვიწევდა ნეგატიური სტატისტიკური მონაცემებისა და დაღუპული ადამიანების შესახებ სტატიების გაზიარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენზეც ძალიან მოქმედებს, თითოეული ადამიანის ტრაგიკულ ამბავს ისევე განვიცდით, როგორც მკითხველი.

მიმაჩნია, რომ "კვირის პალიტრა" არის ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური გამოცემა და პირადად მე, სადაც არ უნდა ვიყო, ამ პრინციპებს არ გადავუხვევ. ჩემი 20-წლიანი საქმიანობიდან 14 წელი სწორედ "პალიტრაში" გავატარე და ამ დროის განმავლობაში არავის არასდროს მოუთხოვია ჩემგან გამეკეთებინა­ ის, რაც ჩემთვის მიუღებელია - ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელსაც მხოლოდ სიყვარულით ემსახურები, სხვაგვარად არაფერი გამოგივა. როცა ეს გამოცდილება რედაქტორის ამპლუაში გადაგაქვს, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერია სამუშაო პროცესი - სტატიებს რედაქტირებას უწევ, ჟურნალისტებთან ერთად ახალ-ახალი თემების მოძიებას იწყებ და გეგმავ.

"კვირის პალიტრა" ჩემთვის არის ბავშვობის დროინდელი სურვილის ასრულება - ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი,­ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცემა, რომელიც 1995 წლიდან დღემდე ინარჩუნებს თავის სახელს, იმიჯს, სანდოობასა და ხარისხს.

მედიაჰოლდინგში 2009 წელს მოვედი, ჟურნალში "გზა", მოგვიანებით კი "კვირის პალიტრის" საიტთანაც დავიწყე თანამშრომლობა, როგორც ჟურნალისტმა. ზუსტად სამი წლის წინ კი, პანდემიის დროს, ნიუსრუმის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნატა მუმლაძემ საიტის რედაქტორობა შემომთავაზა, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დიდი მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, ამ გამოცემის რედაქტორობა კი ახალი გამოწვევა. საწყის ეტაპზე, ცხადია, სიძნელეებიც იყო, რადგან საიტის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავებულია საჟურნალო და საგაზეთო სტატიებისა და ინტერვიუების მომზადებისგან. გაიზარდა ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საქმე, თუმცა დროთა განმავლობაში ადვილად ავუღე ალღო და იმას, რაც თავიდან რთულად მეჩვენებოდა, ახლა უსწრაფესად ვაკეთებ და სიამოვნებას მანიჭებს შედეგი. ყოველთვის გვიწევს ზღვარზე სიარული, ოქროს შუალედის დაცვა, რადგან ბრენდი "კვირის პალიტრა" დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ის, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს.

წარმატებას ვუსურვებ kvirispalitra.ge-ს მთელ გუნდს, მეტი ექსკლუზივი და მეტი დადებითი ინფორმაცია. ვისურვებდი, რომ მკითხველისთვის მხოლოდ სასიამოვნო ამბების მიწოდება გვიწევდეს და ჩვენი საინფორმაციო დილა პოზიტივით იწყებოდეს.

"უხუცესი" ჟურნალისტი

1111-1697395452.jpg

ირაკლი ალადაშვილი: - შეიძლება ითქვას, "კვირის პალიტრაში" "უხუცესი" ჟურნალისტი ვარ, 27 წლის წინ დავიწყე აქ მუშაობა. მას შემდეგ, როგორც სამხედრო მიმომხილველს, არ ჩამიგდია არც ერთი კვირა გაზეთში პუბლიკაციის გარეშე. ასევე, 2004 წლიდან ვუშვებ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალს "არსენალი", რომლის მთავარი რედაქტორიც გახლავართ. 5 წლის წინ კი "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე დავიწყე ბლოგის წერა და ამან საშუალება მომცა, პროცესები, რომლებიც მსოფლიოში ელვისებურად ვითარდება, ოპერატიულად გავაშუქო. ამ წლების განმავლობაში უამრავი ერთგული მკითხველი შევიძინე. კარიერას რომ ვიწყებდი, ბევრი მაშინდელი რიგითი მკითხველი დღეს უკვე გენერალია ქართულ არმიაში... ბლოგმა საშუალება მომცა მოვლენებს კვალდაკვალ მივყვე და მთელი სიზუსტით გავაშუქო. რუსეთ-უკრაინის ომი რომ იწყებოდა, დღეში რამდენიმე სტატიის დაწერა მიხდებოდა, რომ მიმდინარე პროცესებს გამოვხმაურებოდი, იგივე ხდება ახლაც, ისრაელის რეალობიდან გამომდინარე. სისწრაფეში რთულია ანალიზის გაკეთება, ეს შესაძლებელია კვირის ბოლოს გაზეთ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე. ვებგვერდზე მუშაობამ უფრო საინტერესო გახადა ჩემი საქმიანობა და მეტი მკითხველიც გამიჩინა.

"კრიმინალის გაშუქებისას ყველა დეტალი უნდა გაარკვიო"

tea-1697436760.jpg

თეა ხურცილავა: - წლების წინ შევუერთდი "კვირის პალიტრის" დიდ და ძლიერ გუნდს. ჯერ ჟურნალ "გზაში" დავიწყე მუშაობა, სადაც საოცარი გარემო დამხვდა და პარალელურად, გაზეთ "კვირის პალიტრაში" მივედი, გაზეთში, რომელმაც უკვე თქვა თავისი სიტყვა ჟურნალისტიკაში და აქ მუშაობა მართლაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

წლებია, ძირითადად, სამართლებრივ და სოციალურ თემებზე ვწერ სტატიებს. როცა საქმე ეხება კრიმინალს, დანაშაულს, ზოგადად სამართალს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი გაარკვიო, მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდო მკითხველს, არ შეიყვანო შეცდომაში და მისი ნდობა არ დაკარგო. როცა მხარეებს უსმენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ორივეს ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და სტატია დაბალანსებული იყოს.

როცა ჟურნალისტი ხარ და შენი საქმე გიყვარს, სულ ძიებაში ხარ, "წყაროები" გყავს, რომლებიც ამბავს გაწვდიან და შენც გინდა ეს ამბავი პირველმა მიაწოდო მკითხველს. ამაში ძალიან მეხმარება საიტი კვირისპალიტრა.გე. როცა საიტზე მუშაობა დავიწყე, ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის - თუ გაზეთში დრო მქონდა სტატიის მოსამზადებლად და შემეძლო ერთ მასალაზე რამდენიმე დღეც კი მემუშავა, აქ დრო არ ითმენს, ოპერატიულობაა უმნიშვნელოვანესი. ჟურნალისტისთვის ადვილი არ არის შემთხვევის ადგილზე მუშაობა, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე მკვლელობას­ ან სხვა მძიმე დანაშაულს ეხება, მით უფრო, როცა დანაშაული ახალი მომხდარია. მაგრამ აქ უკვე პროფესიონალიზმია საჭირო, რათა შეძლო იმ ქაოსში სხვებისგან განსხვავებული სიახლის მოპოვება. მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი მედიასაშუალებაა და კონკურენცია დიდია, უნდა მოახერხო, სხვებზე მეტი გაიგო და მიაწოდო საზოგადოებას, რომელიც შენგან სიმართლეს ელის.

"კვირის პალიტრის" საიტის რეიტინგიც ნათლად ადასტურებს, თუ როგორ გვენდობიან - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნდობა არ უნდა დავკარგოთ. ძალიან მძიმე იყო შოვში დატრიალებული ტრაგედიის გაშუქება, დღემდე ყურში ჩამესმის ხალხის განწირული ხმა, როდესაც მათ ვუკავშირდებოდით და ვცდილობდით ამბის გაგებას... ძნელია ამის დავიწყება...

ამ წლებში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრჯერ ხიფათის წინაშეც აღმოვჩენილვარ, მაგრამ როცა შენი საქმე გიყვარს, მთელი გულით აკეთებ. ჟურნალისტობა დიდი პასუხისმგებლობაა, თან დიდი ადრენალინიც. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დიდ გუნდს და ჩვენს მკითხველს ვეტყვი - გვენდონ და ახსოვდეთ, რომ აქ ყოველთვის იქნება გადამოწმებული ამბავი.

"კორექტურას სიყვარულსაც კი ადარებენ"

xarshilaze-1697395453.jpg

ირმა ხარშილაძე: - მოგესალმებით ჩემი საყვარელი გაზეთის, "კვირის პალიტრის" მკითხველს. მე ირმა ხარშილაძე ვარ, ჟურნალისტი, ფილოლოგი და ბლოგერი. "პალიტრამედიის" სხვადასხვა გამოცემასა თუ ვებპორტალზე დიდი ხანია, ვმუშაობ, ბოლო წლები კი, ოფიციალურად kvirispalitra.ge-ს თანამშრომელი ვარ - ჩემი რამდენიმე კოლეგის სტატიების კორექტურას სწორედ მე ვაკეთებ. თურმე, კორექტურას და სიყვარულს ერთმანეთსაც კი ადარებენ, ნათქვამია, - ისე გაგეპარება, ვერ გაიგებო. არადა, "გაპარული" კორექტურა მკითხველისთვის სატანჯველია, ჰოდა, მეც იმიტომ ვარ აქ, რომ მკითხველი­ არ დაიტანჯოს და ჩვენი პორტალის მართლაც ძალიან საინტერესო, ხშირად ექსკლუ­ზიური სტატიებისა და ბლოგების კითხვისას არ დაბრკოლდეს. ისე გამივარჯიშდა თვალი, ტექსტს რომ დავხედავ, ძებნაც არ მჭირდება, უცნობი სიტყვაც რომ იყოს, თვალი თვითონ პოულობს ზედმეტ ან გამოკლებულ ასოებს. ცხადია, არც ჟურნალისტის პროფესია მიმიტოვებია და ვებგვერდზე საავტორო სტატიებსაც ვაქვეყნებ. მაქვს რუბრიკებიც: "სიყვარულის ისტორია", ახლახან კი ახალიც დავიწყე - "ფოტოამბავი". პირველივე ამბით და 2004 წელს ცხინვალში გადაღებული 2 ფოტოს წყალობით იმ ფოტოებზე აღბეჭდილი ცხინვალიდან დევნილი ადამიანი ვიპოვე, უფრო ზუსტად - მან მიპოვა. აქვე მაქვს მოგზაურის ბლოგიც - "წერილები ჩემი ზურგჩანთიდან". მიყვარს ექსტრიმი, თავგადასავლები, ფოტოვიდეოკადრების გადაღება და მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ მთაში, ტყეში, სამშობლოში, უცხო ქვეყნებში, უცნობ ადგილებში და ყველაფერს ჩვენი ვებგვერდის მკითხველს ვუამბობ. ბედნიერი ვარ, რომ შესანიშნავ გუნდთან ერთად ვმუშაობ, ერთმანეთისგანაც ბევრს ვსწავლობთ და ერთმანეთისაც კარგად გვესმის, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რა პოზიციაზეა, მთავარია, ვართ გუნდი, რომელიც ახერხებს, რომ ცინცხალი ამბები არ მოაკლოს მკითხველს.

"ბლოგერობა საქართველოში რთულია"

alaashvil-beso-1697395452.jpg

ბესო ალადაშვილი: - kvirispalitra.ge-ზე ბლოგერი ვარ. ჩემი ინტერესის სფერო როგორც პროფესიულად, ასევე მეცნიერულად თუ საკვლევად, არის სპეცსამსახურები. ჩვენ პირველი ბლოგი 2020 წელს დავბეჭდეთ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო... საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ობიექტური ინფორმაცია, ღრმა ანალიზი იმ თემებისა, რასაც სპეცსამსახურები ჰქვია.

ბლოგერობა საქართველოში რთულია, იმიტომ, რომ მკითხველში ხშირად ჭარბობს­ სუბიექტური შეხედულებები. არის ტაბუები. მაგალითად, სტალინზე სტატიის მომზადება ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, მასზე არც ცუდი უნდა დაწერო, არც კარგი. ერთნი ადიდებენ, მეორენი - პირიქით. არადა, ყველას მიაჩნია, რომ მაინცდამაინც ის პოზიცია უნდა გქონდეს, რაც თვითონ აქვს. იმავეს ვიტყვი ზვიად გამსახურდიაზე, მასზეც ასევე შავ-თეთრი წარმოდგენა აქვთ. რა თქმა უნდა, ვერ მიჰყვები სხვის გემოვნებას, ასე ბლოგის წერასაც არ ექნება აზრი. ესაა ჩემი სუბიექტური შეხედულება და ამიტომაცაა ბლოგის ქვემოთ მიწერილი, რომ რედაქცია შეიძლება არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას.

ჯერ კიდევ 1990-91 წლებში აქტიურად ვთანამშრომლობდი "7 დღესთან". მახსოვს, საუკეთესო სტატიისთვის 1993 წელს ჟურნალისტთა კავშირმა ძალიან საინტერესო საჩუქრით დამაჯილდოვა - ეს იყო 1 კგ შაქარი, 1 კგ წიწიბურა, პურის ფქვილი... ოჯახში გამოგვადგა. მას შემდეგ მქონდა ტაიმ-აუტი. პირდაპირ გეტყვით, დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი აზრის საჯაროდ გამოხატვა შემიძლია, იმიტომ, რომ როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ, მოქმედებს შეზღუდვები, არის საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაცია, შინაგანი კონტროლიც - არ ავნო ადამიანს, არ ავნო პროცესებს... მადლობელი ვარ მიშა სააკაშვილის ხელისუფლების (მადლობა ბრჭყალებში), იმიტომ, რომ ზუსტად მისი მმართველობის პერიოდიდან (2006-07წწ.), სპეცსამსახურებში აღარ ვმუშაობ... მას შემდეგ 10 წიგნი გამოვეცი, რასაც ვერ გავაკეთებდი სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას. ასევე, ჩართული ვარ სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაში, უმაღლეს სასწავლებლებში ვკითხულობ ლექციათა კურსს.

ვთვლი, რომ "მედიაპალიტრა" ერთ-ერთი ყველაზე ობიექტურია საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთაც არა. გმირულად აგრძელებს იმ პოზიციას, რაც დაარსების დღიდან დაისახა, იმ ფასეულობებზე დგას, რასაც ჰქვია მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ყველა მხარის პოზიციის გაშუქება, მაღალი პროფესიონალიზმი. გაზეთი ინარჩუნებს სტანდარტებს და ასევეა ვებგვერდი კვირისპალიტრა.გე, ის ყველანაირ მკითხველზეა გათვლილი, პირნათლად მუშაობს, ხოლო ის ფასეულობები, რომლებითაც გაზეთი შეიქმნა, უცვლელია.

"მედიაპალიტრა" ყველას აძლევს განვითარების საშუალებას"

gadaxabaze-1697395452.jpg

ეკა გადახაბაძე: - "მედიაპალიტრის" დიდი ოჯახის წევრი ჯერ კიდევ 2014 წელს გავხდი. ჩემთვის, მაშინ გამოუცდელი სტუდენტისთვის, დიდი გამოწვევა იყო ქვეყანაში წამყვანი მედიაჰოლდინგის წევრობა.­ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ახლოს ვარ ჟურნალისტიკასთან და ამ საქმეში მამამ ჩამახედა, "კვირის პალიტრაში" მოხვედრით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. აქ თავიდან ვისწავლე, როგორ უნდა დამეწერა და გამეშუქებინა ინფორმაცია ობიექტურად, მიუკერძოებლად. როგორც დამწყებ ჟურნალისტს, გამოცდილ ჟურნალისტებთან ურთიერთობით ჩემი პრინციპები ჩამომიყალიბდა. ვებგვერდის ადმინისტრატორი გავხდი და ჟურნალისტურ საქმიანობას ეს საპასუხისმგებლო საქმეც დაერთო. მე მევალება ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული გაზეთის "კვირის პალიტრის" ყოველი ახალი ნომრის საიტზე განთავსება. მკითხველი ყოველ ორშაბათს ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, გაზეთის ონლაინვერსიასაც ეცნობა.

მაშინ, როცა მულტიმედიური ჟურნალისტიკა ქვეყანაში ნაკლებად იყო განვითარებული, ჰოლდინგში ჩვენმა გუნდმა საიტის ახალი კუთხით განვითარებასა და თანამედროვე პროდუქტის შექმნაზე იმუშავა. ეს იქნებოდა ფოტო თუ ვიდეომასალა, ახალი კუთხით დაწერილი სტატიები თუ ტესტები, ვიდეოქვიზები... მახსოვს, მკითხველის პირველი რეაქცია, როცა ვიდეოზე დართული სახალისო ტესტები შევთავაზეთ. გვწერდნენ, რომ ეს წამოწყება ძალიან მოსწონდათ, მადლობას გვიხდიდნენ.

"მედიაპალიტრა" ყველას აძლევს განვითარების საშუალებას და მე ამის ნათელი მაგალითი­ ვარ. როცა რედაქტორმა გაიგო, რომ ციფრული ხატვა (Digital Painting) შემეძლო, დავიწყეთ სტატიებზე საინტერესო ქავერების მომზადება, საინტერესო პოსტების kvirispalitra.ge-ს "ფეისბუკგვერდზე" განთავსება და საბოლოოდ ახალი პროფესია, სოციალური მედიის მართვა და დიზაინიც შევისწავლე. ამ წლების განმავლობაში დავესწარი საინტერესო სემინარებს, ტრენინგებს, გავიარე ონლაინკურსებიც, მათ შორის ამერიკაში, ტეხასის უნივერსიტეტში. ახლაც ვესწრები საინტერესო კურსს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მედიაკომუნიკაციებს შეეხება. kvirispalitra.ge საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია, ამ მაღალ რეიტინგს კი ყოველდღიური შრომა სჭირდება. თუმცა ჩვენი გუნდისთვის მთავარი არ არის მაღალი რეიტინგი ნებისმიერ ფასად. ჩვენთვის მთავარია ღირებულებები და ეთიკა, რომელიც ფასდაუდებელია!

kvirispalitra.ge-სთან ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაკავშირებს. ამ საქმეზე შეყვარებული საიტზე ორსულობის პერიოდშიც ვმუშაობდი. შეიძლება ითქვას, ჩემმა 2 წლის ელენემ მუცლიდან ისწავლა რესპონდენტთან ურთიერთობა - მისალმება, წარდგენა, თემის გაშლა... ჯერ მხოლოდ თოჯინებისგან იღებს ინტერვიუებს... სამსახურში მეხუმრებიან, ელენე ჩვენი უშტატო თანამშრომელიაო. მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ყოველდღე უსწრაფესი რეჟიმით მუშაობა დიდი გამოწვევაა, თუმცა "პალიტრამ" მომცა საშუალება ჩემი საქმე დისტანციურად გავაკეთო და თან სრულფასოვნად ვიყო ჩართული სამუშაო პროცესში.

"კვირის პალიტრა" ითხოვს ინტელექტს"

gabriwize-2-1697395590.jpg

მანანა გაბრიჭიძე: - ათი წელია, რაც ამ გუნდის წევრი ვარ, ძირითადად, კულტურის სფეროში ვმუშაობ და რესპონდენტებისგან ყოველთვის ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ. არაერთხელ უთქვამთ, "კვირის პალიტრა" თუ ინტერვიუს აიღებს, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე დაიბეჭდება, რასაც ვიტყვითო... თენგიზ არჩვაძის, ოთარ კობერიძის, სოფიკო ჭიაურელის, ნანი ბრეგვაძის, ნინო ანანიაშვილისა და სხვა უდიდესი ხელოვანების თაყვანისმცემელი თუ შორიდან ვიყავი, ამ წლების განმავლობაში საშუალება მქონდა მათგან არაერთი ინტერვიუ ამეღო, შინ ვწვეოდი და ახლოს გამეცნო... ყველაზე მეტად მახსოვს, ბიძინა კვერნაძე შეხვედრისას რომ სულ მეფერებოდა, რამხელა გაზრდილხარო. უკანასკნელად ეს სიტყვები 33 წლის ასაკშიც კი მითხრა...

ბოლო წლებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პოლიტიკაზე უფრო ხშირად უწევთ ჩემთან საუბარი, ვიდრე კულტურულ მოვლენებზე, მაგრამ ეს ძალიან მოსწონთ... მათთვის ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება მათ სიტყვას ენდობა...

ყველაზე მეტად განვიცდი, როდესაც გამორჩეული ხელოვანები გვტოვებენ და ამაზე მიწევს დაწერა... როდესაც გაზეთისთვის სტატიას ვწერ, ამას იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, როგორც, ალბათ, სადისერტაციო ნაშრომს. უკვე წინასწარ ვიცი, რა შეიყვარა ჩვენმა მკითხველმა, ვის კომენტარს რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვება... რესპონდენტებს უკვირთ, სკანდალებზე რომ უარს ვამბობთ და ჩვენთან მხოლოდ ღირებული ინფორმაცია გადის. დღეს რომ მედიის წარმომადგენლების უმეტესობა ხმაურიან სათაურებს ეძებს, "კვირის პალიტრის" საიტი აბსოლუტურად სხვა რამეს ითხოვს, ინტელექტსა და ინფორმაციას, რომელიც ასჯერ გადამოწმებული და სწორი იქნება!

"ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაზეც ვწერთ!"

380129938-656798979895983-8020961837811239363-n-1697395451.jpg

რუსკა კილასონია: - მე-7 წელია, რაც "პალიტრაში" ვმუშაობ. არაერთხელ მითქვამს, აქ მოსვლით ჩემთვის დაინგრა სტერეოტიპი, რომ აუცილებელია გყავდეს რეკომენდატორი, პროტექტორი, ჟურნალისტად მუშაობის დასაწყებად. მაგისტრატურა­ დავასრულე თუ არა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. სწორედ მაშინ, "პალიტრას" გამოცხადებული ჰქონდა სტაჟირება. მონაცემები რომ გავგზავნე, მეგონა, თაროზე­ შემორჩებოდა, ჯერ გასაუბრება გავიარე, მერე ტესტირება და სტაჟირების შემდეგ ანაზღაურებად საქმიანობაზე გადავედი. მალე როგორც ჟურნალისტი ვებგამოცემის გუნდის წევრი გავხდი. უკვე დიდი ხანია, ღამის საათებში ვმუშაობ და ქვეყანაში ამ დროში მიმდინარე მოვლენებზე ნიუსებს, ინტერვიუებს ვებგვერდზე ვაქვეყნებ და "ფეისბუკგვერდზე" ვაზიარებ. ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ყველასთვის­ თვალსაჩინოა და იმაზე მეტყველებს, რომ გუნდი შეთანხმებულად მუშაობს, იცის, რა სურს მკითხველს. გვყავს მრავალრიცხოვანი აუდიტორია. ჩვენი ვებგვერდი, პრაქტიკულად, ყველა აქტუალურ თემას მოიცავს. რეიტინგიც ცხადყოფს, რომ რასაც ვაკეთებთ, მკითხველს მოსწონს. ერთიცაა - ჩვენ არ ვმუშაობთ რეიტინგისთვის! ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რასაც ვწერთ და როგორც ვწერთ! "პალიტრა" ჩემი მეორე ოჯახია. ძალიან გავიზარდე ჰოლდინგში მოსვლიდან დღემდე. როცა მახსენდება ჩემი პირველი დღეები, მუშაობის სტილი, ახლა ბევრად მეტ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, მეტად ვიაზრებ ჩემი პროფესიის მნიშვნელობას. ამ ყველაფერში ხელი შემიწყო გამოცდილებამ, პროფესიონალების გუნდმა, ჰოლდინგის პოლიტიკამ.

"kvirispalitra.ge გამოცდილ ადამიანებზე დგას"

mariam-1697395590.jpg

მარიამ გამზარდია: - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ. "მედიაპალიტრაში" რომ მოვედი, მეორე კურსზე ვიყავი. kvirispalitra.ge-ს აგვისტოში შევუერთდი და მას შემდეგ ჩემი რეჟიმიც საგრძნობლად შეიცვალა.­ ამ ეტაპზე სოციალურ მედიას ვმართავ, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ოპერატიულობას, სისხარტესა და სიახლეებისთვის მუდმივად ფეხის აწყობას მოითხოვს. kvirispalitra.ge გამოცდილ ადამიანებზე დგას, რომლებმაც ბევრი რამ ნახეს საკუთარი თვალით და უფრო მეტი დაანახეს ხალხს. რაც მთავარია, ასეთ რეჟიმში მუშაობის სტიმული არ გეკარგება, რადგან შენი გაკეთებული საქმე ყოველთვის დაფასებულია და არასდროს იკარგება.