მილიონი გორიდან ანუ რა შემოსავალს იძლევა სტალინი
რატომ არის სტალინის თემა დღესაც აქტუალური? ერთი მხრივ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმაზე მარტივია, ვიდრე თუნდაც სტალინთან მებრძოლებს წარმოუდგენიათ: დიქტატორები შიშს თესავენ, თავად შიში კი იმდენად ძლიერი ემოციაა, თაობებიდან თაობებამდე ვერ "გადააშენებ". ასე რომ, ნახევარი მსოფლიოს დამპყრობი ალექსანდრე მაკედონელი ქრისტემდე ოთხი საუკუნით ადრე დაიბადა, მაგრამ მისი სახელი დღესაც არ გამქრალა, რეჟისორები სკანდალურ ფილმებსაც კი იღებენ მის შესახებ. მეორე მხრივ, რატომ არის შიში ასე ძლიერი, ეს პასუხგაუცემელი კითხვაა - თვით დიდი Aრუსთაველიც იმას ამბობდა, "შიში შეიქმს სიყვარულსაო". მას ამაში არავინ შესდავებია. ვერც გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის თანამშრომლებს შეედავები იმ რეალობაში, რომ მთელ საქართველოში მხოლოდ სტალინის მუზეუმს აქვს შემოსავალი, რომლითაც სახელმწიფოს გადასახადებს უხდის და ქალაქის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროსაც წარმოადგენს. ამას სტუმრების ის რაოდენობა განაპირობებს, რაც ქართული მუზეუმებისთვის ფანტასტიკის სფეროა. წარმოიდგინეთ, "დიდი სტალინის მშობელ პატარა გორში" მუზეუმს წელიწადში მილიონზე მეტი დამთვალიერებელიც ჰყოლია, მათ შორის ისეთი "შოკური ეფექტისას", როდესაც ხმები მუზეუმის დახურვის შესახებ გაჩნდებოდა ხოლმე. მოკლედ, გორის სტალინის მუზეუმი დღეს ასეულობით პირისა და ობიექტის შემოსავლის წყაროა, მათ შორის სახელმწიფოს, ქალაქის სასტუმროების, რესტორნების ქსელის, სავაჭრო ობიექტების, გიდების, მძღოლების, მუზეუმის თანამშრომლების და ა.შ. - ამ რეალობას კი საქართველოში ჩამოსული ასეულათასობით უცხოელი ტურისტი ქმნის. სხვათა შორის, გერმანელმა ჟურნალისტებმა გორის ერთ-ერთ ფერმაში 2010 წელს აღებული სტალინის ექვსმეტრიანი ქანდაკებაც აღმოაჩინეს და დაწერეს კიდეც (06.10.23; Mitteldeutsche Zeitung), საბჭოთა დიქტატორი დასაბრუნებლად შესაფერის დროს ფერმაში ელოდებაო. თუ მოვინდომეთ, ამავე ქანდაკებას ამავე ფერმაში ჩვენც ვიპოვით, მაგრამ არა გვგონია, ეს საინტერესო იყოს. თუმცა მუზეუმის ფინანსისტ ქეთევან მუხაძესთან საუბარი ნამდვილად საინტერესოა, თუ რა შემოსავალს აძლევს დიქტატორის მუზეუმი სახელმწიფოსა და მოქალაქეებს.
- ქალბატონო ქეთევან, წლებია მუშაობთ გორის სტალინის მუზეუმში. როგორც ფინანსისტი აღრიცხავთ მუზეუმის შემოსავლებს, იცნობთ დამთვალიერებელთა სტატისტიკას. როგორია ეს ყველაფერი?
- გორი უპირველესად სწორედ სტალინის მუზეუმით არის ცნობილი უცხოელებისთვის. მუზეუმის დასათვალიერებლად ქალაქში ყოველწლიურად ასეულათასობით ტურისტი ჩამოდის. თუმცა 1980 წლის რეკორდი ჯერ არ მოხსნილა - სტალინის დაბადების მეასე წლისთავთან დაკავშირებით მუზეუმს მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. სტუმრიანობა ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მძიმე 1990-იან წლებშიც არ შეწყვეტილა. ჩვენ გვიჭირდა, თორემ ევროპა დალხენილი იყო და ევროპელები ხალისით ჩამოდიოდნენ მუზეუმის დასათვალიერებლად, მაშინაც კი, როცა შენობაში შუქი და სითბო არ იყო. მუზეუმის თანამშრომლები კი, ცხადია, მათთვის ყოველთვის მუშაობდნენ. მუშაობა მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა, როცა მსოფლიო, და მათ შორის მუზეუმებიც, დავიკეტეთ. თუმცა შემდეგ ტურისტების რაოდენობა კვლავ სწრაფად გაიზარდა. წელს მუზეუმი უკვე 109 330-მა ტურისტმა დაათვალიერა. ბილეთი ზრდასრულთათვის 15 ლარი ღირს, სტუდენტებისათვის - 10 ლარი. ამ შემოსავლიდან სახელმწიფოს გადასახადების სახით მუზეუმი 18%-ს ანუ დაახლოებით 200.000 ლარს უხდის, დანარჩენი თანხა სახელმწიფო ხაზინაში გროვდება. ცხადია, ამ რაოდენობის ტურისტის მომსახურებას ცოტა კადრი ვერ უზრუნველყოფს.
- ანუ თუ გადასახადების სახით დაახლოებით 200.000 ლარს, 18%-ს უხდით სახელმწიფოს, მუზეუმს მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონია. მართლაც ფანტასტიკის სფეროა მუზეუმისათვის.
- დაახლოებით. ზოგჯერ იმდენი სტუმარი გროვდება, დამატებითი დახმარება აუცილებელი ხდება, მათ შორის ბილეთის გაყიდვის დროსაც. დამთვალიერებლის მოზღვავებისას ყურადღების მაქსიმუმია საჭირო. უცხოეთის მუზეუმებშიც ხომ ხდება გაუთვალისწინებელი უსიამოვნო ფაქტები. ამ მხრივ ჩვენი გიდები ისე არიან გამოწრთობილი, ჯერ არ მინახავს ტურისტი მუზეუმიდან უკმაყოფილო წასულიყოს. პირიქით, ბევრი ისევ მოდის და თავიდან ათვალიერებს ექსპონატებს. მხოლოდ უფლისციხეში ფიქსირდება იმაზე მეტი დამთვალიერებელი, ვიდრე სტალინის მუზეუმში.
- უფლისციხე მუზეუმ-ნაკრძალია, საუკუნეობით შექმნილი და არა ერთი კაცის სახელობის მუზეუმი. მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან უფრო მოდის ტურისტი სტალინის ფენომენის გასაცნობად?
- ისეთი სახელმწიფოებიდანაც მოდიან, რომ გაგიკვირდება.. მაგალითად, მოზამბიკიდან, გვატემალიდან... მოკლედ, აფრიკის მრავალი ქვეყნიდან. ევროპელ-ამერიკელი ათეულათასობით დამთვალიერებელი კი აქ ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, ტურისტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტატისტიკაა გერმანიიდან, თანაც, უმთავრესად ახალგაზრდები მოდიან. ძალიან აინტერესებთ სტალინის ფენომენი.
- ამ ინტერესს რას მიაწერთ?
- ფაქტია, სტალინმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ბედზე და ამის შემოქმედის ცხოვრება აინტერესებთ: სად იშვა, როგორ იზრდებოდა, როგორ ყალიბდებიან მსგავსი ადამიანები. ასეთი ხალხი ხომ ყოველ წუთს არ იბადება.
- უფრო რა მოსწონს დამთვალიერებელს მუზეუმში, რომელი ექსპონატი?
- უამრავი მნახველი ჰყავს სტალინის ვაგონს, თუმცა არც პატარა ექსპონატებს ათვალიერებენ ნაკლები ინტერესით.
- ვაგონი, რომლითაც ჯერ რუსეთის იმპერატორი მოგზაურობდა, მერე კი სტალინი: საძინებლით, ღუმელით, სააბაზანოთი, ტუალეტით და ა.შ. საინტერესო ექსპონატია: მეფის ადგილას მუშა დაჯდა, ამ უკანასკნელს კი მომნუსხავი შესაძლებლობები აღმოაჩნდა...
- დამთვალიერებლები სუვენირებსაც ხშირად ყიდულობენ. მუზეუმის გარდა ამ ვაჭრობაში არაერთი ობიექტი მონაწილეობს. შესაძლოა სოლიდური არა, მაგრამ ეს ბევრისთვის შემოსავლის წყაროა. ხშირად რამდენიმე ასეული სუვენირიც იყიდება დღეში.
- კიდევ ვის აძლევს შემოსავალს მუზეუმი სტალინის სახელით?
- მუზეუმის დამთვალიერებლებს სასტუმროები და რესტორნებიც სჭირდებათ... ასე რომ, გორში ამდენი სასტუმრო ტყუილად როდია წამოჭიმული. სასტუმროებში ხომ აქაური პერსონალია დასაქმებული. მუზეუმით შემოსავალი აქვთ გიდებს, მძღოლებს და ა.შ.
- მუზეუმის თანამშრომლები როგორ რეაგირებთ, როდესაც მუზეუმის გადაკეთების ან დახურვის საკითხი დგება, ეს ხომ თქვენთვის სამუშაო ადგილების დაკარგვაა. ან იმაზე რა აზრის ხართ, რომ ზოგიერთ ქალაქში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ?
- როგორც კი მსგავსი ხმები აქტიურდება, სტუმარიც იმატებს. მაგალითად, როდესაც პოლონეთის ელჩმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას მუზეუმის დროებით დაკეტვის საკითხი დააყენა, მუზეუმს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ პოლონელი ტურისტი მოაწყდა, პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას კი ჩინელი დამთვალიერებლების ბუმი იყო.
- ისეთ საინტერესო თემაზე ისაუბრეთ, მადლობა უსათუოდ უნდა გითხრათ.
- მე ერთი რამ ვიცი, ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ დიქტატურის მუზეუმები შემოსავლის წყაროდ აქცია. ისევ ქვეყნისთვის არის გამოსადეგი სტალინის მუზეუმი და მისი შემოსავალი. ასე რომ, ჯობს გონივრულად გამოვიყენოთ, ვიდრე ხმაურიანი თემების შესაქმნელად.