რა აქცევს ბავშვს მოძალადედ და როგორია ბულერის ფსიქოლოგია
სკოლაში ბულინგი სერიოზული პრობლემაა. სპეციალისტების თქმით, ის ბავშვების ფსიქოემოციურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. რა მოტივები იმალება ბულინგის უკან? რა პრინციპით ირჩევს ბულერი მსხვერპლს? რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, სკოლამ და მშობლებმა, რომ სკოლაში ბულინგი დაფარული პრობლემა აღარ იყოს და რაც მთავარია, მოგვარების გზები როგორ გამოინახოს, ამ საკითხზე ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი და გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვესაუბრებიან:
"ბულინგი შედეგია იმ გარემოსი, რაც საზოგადოებაშია"
მაია ქურციკიძე: - ბულინგი გავრცელებული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართველოა. სკოლა არ არის იზოლირებული ინსტიტუცია, ის სოციალური ნორმები, რაც საზოგადოებაში არსებობს და სამწუხაროდ, არაერთი, მათ შორის ძალადობრივი ქცევაც, წახალისებულია და ეს გავლენას ახდენს გარემოზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ბულინგი შედეგია იმ გარემოსი, რაც საზოგადოებაშია. ჩვენი ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია ძალადობრივი ქცევა როგორც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა და მისაღები ქცევა. როცა ბავშვი ხედავს, რომ რომელიმე ქცევას ახალისებს საზოგადოება, ისიც სხვებთან ცდილობს ასევე მოქცევას. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სკოლებში ბულინგია. ეს პრობლემა კომპლექსურია. ბულერებიც ბავშვები არიან, გასაანალიზებელია, რა დგას მათი ქცევის მიღმა. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა წახალისდეს ძალადობის პრევენციის პოზიტიური მექანიზმები და არა სადამსჯელო, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ხშირად სკოლიდან რიცხავენ ბავშვს, მშობელს აიძულებენ გადაიყვანოს შვილი სხვა სკოლაში, მაგრამ მას პრობლემა გადააქვს სხვა სკოლაში. ეს არ არის პრობლემის აღმოფხვრა. ამიტომ მასწავლებლები და დირექტორები უნდა იყენებდნენ დისციპლინის ისეთ ზომებს, რომელიც გამორიცხავს შიშს, მუქარას.არის შემთხვევები, როცა თავად მასწავლებლები არიან მოძალადეები. დისციპლინა არ ნიშნავს ძალადობას. თუ ბულინგი მოხდა, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და ბავშვების ინფორმირება, რომ დაუშვებელია ძალადობა. სკოლის სასწავლო პროგრამებში უნდა იყოს ისეთი საკითხები, როგორიც არის თანასწორობა, ტოლერანტობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა. ბავშვები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სკოლის ცხოვრებაში. სკოლაში უნდა არსებობდეს ბულინგის საპრევენციო მექანიზმები, მაგალითად, რეაგირების, ძალადობის გამოვლენის კოდექსები. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად უნდა თანხმდებოდნენ მოსწავლის ქცევის წესებზე. სკოლა ასევე უნდა თანამშრომლობდეს სოციალური სამსახურის თანამშრომლებსა და ყველა იმ პირთან, რომლებსაც ბავშვებზე აქვთ გავლენა. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების როლი. ოჯახში ბავშვი უნდა იზრდებოდეს პოზიტიური აღზრდის მეთოდით. თუ მშობლები ძალადობენ, შემდგომ ის ბავშვები სხვებზე ძალადობენ. დღეს საქართველოში არსებობს სასკოლო მედიაციის მექანიზმი, მანდატურის ინსტიტუტი. ეს არის დიალოგი, მედიაცია, რომელშიც მონაწილეობენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები. ხშირად ასეთი დიალოგი ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას. ძალიან გავრცელებულია კიბერბულინგიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვების ინფორმირება, თუ როგორ დაიცვან თავი სოციალურ სივრცეში. განათლების სამინისტროსთან, კომუნიკაციის კომისიასთან ერთად სკოლებში შევიტანეთ ახალი საგანი, მედიაწიგნიერება, რომელიც არჩევითია და საშუალებას მისცემს ბავშვებს იცოდნენ, როგორ გაარჩიონ დადებითი ინფორმაცია. ჩვენი დახმარებით შეიქმნა სახელმძღვანელო, გადამზადდა 600 მასწავლებელი. წლის ბოლომდე ამ საგანში დამატებით კიდევ 1000 მასწავლებელი გადამზადდება. რამდენიმე სკოლამ უკვე აირჩია ეს საგანი და იმედია, სხვებიც მიბაძავენ.XXI საუკუნის განათლება შეუძლებელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ არის რისკები და ამის მართვა მნიშვნელოვანია. ამას სწორედ მედიაწიგნიერების საშუალებით უნდა გავუმკლავდეთ. მშობლების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელმაც უნდა იცოდეს, როგორ დაეხმაროს შვილს. აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის მუდმივი კომუნიკაცია, დიალოგი, რათა ბავშვმა იცოდეს, თუ წააწყდა არასწორ ქცევას, უთხრას მშობელს ან მასწავლებელს.
"ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ბავშვებსაც, ვინც ბულინგს შორიდან უყურებს და ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინია"
ელენე ყიფიანი: - სკოლა არის პირველი სივრცე, სადაც იწყება ბულინგის გამოვლენა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო უწყებების ჩართულობით მაქსიმალურად ბევრი რამ გაკეთდეს ბულინგის პრევენციისთვის. ჩვენ მოგვმართავენ სხვადასხვა პრობლემით და ბავშვთან მუშაობისას შეიძლება გამოვლინდეს, რომ ის ბულინგის მსხვერპლია. როგორც წესი, ამაზე საუბარი უჭირთ მსხვერპლებს, ხშირად მალავენ.
- როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ბავშვი მსხვერპლია, როგორ უნდა მიუდგეს მშობელი, რომ მას უამბოს ყველაფერი?
- ვთქვათ, შეშინებულია ბავშვი, ითხოვს, რომ სკოლაში წაიყვანოს მშობელმა ან უარს ამბობს წასვლაზე. თავს არიდებს ამა თუ იმ სიტუაციას, ხდება დეპრესიული, გულჩათხრობილი, შეიძლება სუიციდური ფიქრებიც კი ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით ხშირია მოზარდობის ასაკში. იცვლება ბავშვის ქცევა, ხშირად მოწყენილია, შეიძლება უჩიოდეს უმადობას ან შემცირდეს მისი აკადემიური მოსწრება, ასეთ ბავშვებს აქვთ დაბალი თვითშეფასება. შესაძლებელია დასვან უცნაური კითხვები, მაგალითად, ის, რასაც ბულერი ეუბნება და კითხულობს, მართალია თუ არა ეს. როცა ასეთი ფაქტები ხდება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მხოლოდ ერთი მშობელი ვერაფერს გახდება. ფსიქოთერაპია აუცილებელია როგორც მსხვერპლთან, ასევე ბულერთან. სკოლამ და მშობლებმა ერთად უნდა იმუშაონ, და არამარტო მსხვერპლის მშობელმა. აუცილებელია ყველა მშობლის ჩართულობა, მონაწილეა თუ არამონაწილე. ბულინგი უმეტესად ხდება ისეთ დროს, რომ მისი შემჩნევა რთულია. არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი გეუბნება, არაფერი მომხდარაო და ამ დროს ბულინგი ფარულად მიდის. ამ ფაქტს ზოგჯერ ჰყავს შემსწრე თანატოლი, რომელიც არაფერს აკეთებს არც ბულერის საწინააღმდეგოდ და არც მსხვერპლის დასახმარებლად. ხედავს, მაგრამ ხმას ვერ იღებს, მასაც ეშინია... როცა ბავშვი თავად ვერ აგვარებს პრობლემას, უნდა მიმართოს უფროსს, ვისაც ენდობა. საჭიროა სპეციალისტების ჩართვა, მთელი სკოლის, მშობლების. სკოლამ უნდა შექმნას ატმოსფერო მშობლებსა და ბავშვებთან კომუნიკაციისთვის, უნდა შესთავაზოს პრობლემის ერთობლივად გადაჭრა.
- მასწავლებელი რატომ ვერ ამჩნევს, რომ კლასში ბულერი ჰყავს?
- იმიტომ, რომ ბულინგის გამტარებელი ცდილობს სხვისთვის შეუმჩნეველი იყოს. ეს მიზანმიმართული ქმედებაა. ბულინგია მაშინ, როცა ორჯერ და მეტჯერ არის ზეწოლა მსხვერპლზე. განმეორებითი აგრესიული ქცევა ხშირად არათანაბარი ძალებითაა განპირობებული. შეიძლება მსხვერპლი ბულერზე სუსტია ან ბულერს ჰგონია, რომ მასზე ძლიერია და იოლად დაჩაგრავს. მიზეზი ძალიან ბევრია. ბულინგი სხვადასხვა ტიპის ქცევებს მოიცავს. შეიძლება მსხვერპლს ტკივილი მიაყენონ, ნივთები დაუზიანონ, აბუჩად აიგდონ და ა.შ. სოციალური ბულინგის მიზანია რეპუტაციის შელახვა, გარიყვა, მსხვერპლზე ჭორების გავრცელება. ხშირია ვერბალური ბულინგი, დამცირება, დაშინება, მუქარა, შეურაცხმყოფელი სახელების დაძახება, დაცინვა, არასასიამოვნო და ნეგატიური კომენტარები, გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება. გავრცელებულია კიბერბულინგიც და მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა სოციალურ ქსელებში ცრუინფორმაციის გავრცელება, "ფეისბუქის" გვერდის გატეხა, მსხვერპლის სახელით ახალი გვერდების შექმნა, ვიდეოების, ფოტოების განთავსება, ცუდი კომენტარები. ბულინგი შეიძლება იყოს შერეულიც, ოთხივე ფორმა გამოიყენონ.
- როგორ არჩევს ბულერი მსხვერპლს?
- მისი აზრით, რაღაცით მასზე ნაკლებია, შეიძლება ფიზიკურად იყოს სუსტი, ან ჩუმი და მორიდებული... შეიძლება ბულერი თავადაც იყოს აგრესიის მსხვერპლი და სურს ეს დაგროვილი უარყოფითი ენერგია სადღაც დახარჯოს. თუ ამ პრობლემას დროულად არ შეებრძოლები, შეიძლება მენტალური პრობლემებიც გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ბულერზეც მოქმედებს, მასაც უფუჭდება ურთიერთობები და არ შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს, როცა მუდმივად ნეგატიურად არის განწყობილი, თუმცა შეიძლება სიამოვნებასაც გრძნობდეს. ასეთ ადამიანს დახმარება სჭირდება, დახმარება სჭირდება იმ გამტარსაც, ვინც ამას უყურებს. აუცილებელია თერაპია, ბავშვის უნარების გაძლიერება, რათა იცოდეს როგორ დაიცვას თავი.
- დიდი დრო სჭირდება მოძალადესთან მუშაობას?
- გააჩნია ბავშვის რესურსს, როგორ მოგყვება. ბულერს ბულინგისთვის სერიოზული მიზეზი არ სჭირდება, შეიძლება თანატოლი ან მასზე უმცროსი იმის გამო ამოიჩემოს, რომ თმის ფერი აქვს განსხვავებული, შეიძლება მეტსახელიც დაარქვას. ბულინგის გამტარებელი ხშირად ფარულად მოქმედებს, უფროსების თვალისგან მოშორებული. ამიტომ არის საჭირო პრევენციული ღონისძიებები პატარა ასაკიდანვე. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს როგორ უნდა მოიქცნენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ბავშვებსაც, ვინც ბულინგს შორიდან უყურებს და ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინია.
- ბავშვს რა აქცევს მოძალადედ?
- ბევრი რამ, შეიძლება თვითონ არის ბულინგის მსხვერპლი. შეიძლება მის ოჯახშია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, ან ოჯახის გარეთ, სადღაც მას ჩაგრავენ, ვერ უმკლავდება ამ ნეგატიურ ემოციებს და სხვის ჩაგვრას იწყებს. ან მოზარდობის დროს არასწორი გზა აქვს შერჩეული, ფიქრობს, მე თუ დავჩაგრავ, თუ მოვერევი, ყველა მე მაღიარებსო. ბულინგი დაახლოებით მე-4-5 კლასებიდან იწყება. ასეთ დროს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა არ არის გამოსავალი, იქვე უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. ყველა უნდა ჩაერთოს - სკოლაც და მშობლებიც. ასეთ დროს საჭიროა ფსიქოლოგის მუშაობა ბავშვთან, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ბავშვის ნებისმიერი ქცევა არის მესიჯი, რაღაც მიჭირსო და ამას დეტალურად შესწავლა სჭირდება.ევროპის ქვეყნებში საბავშვო ბაღებშივე აქვთ პრევენციის პროგრამები. ჩვენს საჯარო სკოლებში არის ძალადობის პრევენციის პროგრამები. მშობლებო, მოუსმინეთ შვილებს, ბავშვის ქცევა გვეუბნება, როცა მას პრობლემა აქვს. მშობელსა და ბავშვს შორის უნდა იყოს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, რათა ბავშვმა უთხრას, რაც ხდება, უნდა იცოდეს, რომ მშობელი მის გვერდით არის და დაეხმარება.