"დედამ მასწავლა ორი ჯადოსნური სიტყვა, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა - "შეუძლებელი არაფერია!... ყველა შშმ პირს მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ ჩაიქნიონ!“
როდესაც მსგავს ადამიანებს უსმენ, ძალაუნებურად გიჩნდება რწმენა, რომ ადამიანს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია... "შეუძლებელი არაფერია", - ამბობს ნანა ბრეგვაძე და თავის ამბავს გვიამბობს, რომელიც ერთდროულად სევდიანიცაა და იმედიანიც:
- ბავშვობაში მხოლოდ ფერებს ვხედავდი, მაგრამ მეგონა, ყველა ჩემსავით ხედავდა. დედას არასდროს უთქვამს, რომ მე სხვებისგან გამორჩეული ვიყავი. სწორედ დედაჩემის დამსახურებაა, რომ სიძნელეების გადალახვას ბავშვობიდანვე შევეჩვიე. სამტრედიაში ვცხოვრობდით და როცა საბავშვო ბაღში მიმიღეს, დედას ხელწერილი დააწერინეს, ბავშვი თუ რაიმეს მოიწევს, პასუხს არ ვაგებთო... მასწავლებლები გაოცებით მიყურებდნენ, რადგან მესამე დღიდან უკვე სხვა ბავშვებს ვეხმარებოდი. მოგვიანებით დედას ვკითხე, ჩემს პრობლემაზე რატომ არაფერს მეუბნებოდი-მეთქი, არ მინდოდა ბავშვობიდანვე ეს განცდა გქონოდაო. დედა რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა... მის ამაგს ვერასდროს გადავიხდი! მან მასწავლა ორი ჯადოსნური სიტყვა, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა - "შეუძლებელი არაფერია!" ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ წუთებში ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი. სწორედ ამ რწმენით გავიკეთე ორი ოპერაცია ისრაელსა და თურქეთში, სწორედ ამიტომ მაქვს იმედი, რომ მკურნალობას გავაგრძელებ და უკეთესად დავინახავ. მეტიც, მე, სრულიად არასპორტულმა ადამიანმა, სპორტის თითქმის ყველა სახეობა გამოვცადე: არ მეგონა, თუ ოდესმე პარაპლანით ან ზიპლაინით გადმოვფრინდებოდი, მაგრამ გადმოვფრინდი, არ მეგონა, თუ ჯომარდობაში ჩავერთვებოდი, მაგრამ ესეც შევძელი, რომ არაფერი ვთქვათ ცხენოსნობასა და სპორტის სხვა სახეობებზე. თუმცა მხოლოდ სპორტს როდი ვჯერდები: ჩემი ორგანიზაცია მაქვს და შშმ პირების მონაწილეობით ღონისძიებებს ვმართავ, მერიაშიც ვმუშაობ, პარალელურად ვმუშაობ უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ და უსინათლოთა შემოქმედებას პოპულარიზაციას ვუწევ. შშმ პირებს შორის არიან სახელოვანი მუსიკოსები, მხატვრები, სპორტსმენები - საინტერესო ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველა შშმ პირს მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიონ, რომ მათ ყველა წინაღობის გადალახვა შეუძლიათ... სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და უნივერსიტეტშიც, ახლაც, ოჯახში, ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერში დედა მეხმარებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შენს საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, ამიტომ ოჯახის საქმესაც შევეჩვიე და სადილის მომზადებაც არ მიჭირს.
- ნანა, თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ: როგორ გაიცანით და რა არის საჭირო ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად?
- თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა, მაგრამ გამიმართლა, რომ ცხოვრების გზაზე მიხეილ პაპუნაშვილი შემხვდა! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რომლებსაც ოჯახი არა აქვთ, ვეტყოდი, რომ მთავარია, ნამდვილ სიყვარულს შეხვდე. ჩემი მეუღლე ხედავს, მაგრამ ის თვისებები არა აქვს, რომელიც მე წლების განმავლობაში გამოვიმუშავე. ჩემი მდგომარეობის გამო ბევრი რამ დავკარგე, მაგრამ რომ ვხედავდე, ალბათ, ის ძალა არ მექნებოდა, რომელიც დღეს მაქვს. კარგად ვიცი, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და სულაც არ ვფიქრობ, რომ ვინც შშმ პირს ცოლად მოიყვანს, გმირია - მთავარი გმირი ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულია. ჩემი მეუღლე მუსიკოსია და მასთან ხელოვნების სიყვარულმა დამაკავშირა. პირველად სწორედ მან გამოიჩინა ყურადღება: ჯერ ვმეგობრობდით, შეყვარებულობის პერიოდში მუსიკალური ჯგუფი შევქმენით, რამაც უფრო დაგვაახლოვა და დავქორწინდით. უკვე შვიდი წელია, ერთად ვართ. ბედის მადლობელი ვარ, რომ ასეთი ერთგული ადამიანი შემახვედრა, მაგრამ ოჯახში ყოველთვისაა სირთულეები. სიყვარულია ის ძალა, რომელიც გაძლებინებს. მე ვიცნობ ძალიან ბევრ შშმ პირს, რომელთაც საუკეთესო ოჯახები აქვთ. მაგალითად, მყავს მეგობარი, რომელიც ტოტალურად უსინათლოა, მისი მეუღლეც, მაგრამ ბედნიერად ცხოვრობენ. ამ ადამიანებმა თავის თავში იპოვეს ძალა, არ დაკომპლექსდნენ და მიხვდნენ, რომ სიყვარულის უფლება ყველას აქვს.
- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც შშმ პირებს აქვთ...
- შშმ პირებს პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით, რეგიონებში. პირველი პრობლემა გადაადგილებაა. ავტობუსებში გაჩერებებს არ აცხადებენ: მე თვითონაც, სანამ ავტობუსის ნომერს გავიგებ, მასწრებს ხოლმე. მერე გაჩერებაზე მყოფ ხალხს ვეკითხები, რა ნომერი ავტობუსი ჩამოდგა... ზოგი არ მპასუხობს, ზოგი უხეშად მეუბნება, აქ დგას და შეხედეო... ხომ შეიძლება ხმოვანი შუქნიშნები გვქონდეს და ავტობუსის ნომრები ცხადდებოდეს?! ხმოვანი შუქნიშნები ყველგან არ არის, რაც დიდი საფრთხის შემცველია უსინათლოსთვის - შეიძლება არასწორად გადახვიდე და მანქანამ დაგარტყას! ელემენტარული პირობები არა გვაქვს, მართალია, რაღაც პროგრამები დაიწყეს, მაგრამ დღეს ასეთი სიტუაციაა. ყველგან არ არის პანდუსები და ეტლით მოსარგებლეს არ შეუძლია ყველა შენობაში თავისუფლად შესვლა. შშმ პირებს არ შეუძლიათ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით დასაქმება, რადგან სახელმწიფო მათ უნარებს არ ენდობა. კვოტირებაა საჭირო - ყველა დაწესებულებამ გარკვეული რაოდენობის შშმ პირი უნდა დაასაქმოს. აუცილებელია გადაამზადონ ისინი, ვისაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება არა აქვს, თუმცა ბევრი შშმ პირი ვიცი, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ სახლში არიან ჩაკეტილი. იმის გამო, რომ ბევრი პროგრამა ადაპტირებული არ არის, უსინათლოს სჭირდება ტექსტები დედას, მამას ან ახლობლებს წააკითხოს. არადა, მხოლოდ სკანირებაა საჭირო: კომპიუტერში ტექსტი ქართულად უნდა იყოს გახმოვანებული. ამ შემთხვევაში ყველგან შეძლებენ მუშაობას.
- საინტერესოა, როგორია ფინანსური დახმარება, რომელსაც შშმ პირებს აძლევენ?
- პირველი ჯგუფისთვის პენსია 365 ლარია, ხოლო მეორე ჯგუფისთვის - 165 ლარი. ეს სასაცილო თანხაა, რომელიც შშმ პირებს არაფერში ჰყოფნით. კიდევ ერთ პრობლემაზე უნდა ვთქვა: თუ შშმ პირის შემოსავალი წელიწადში 6 ათას ლარზე მეტია, მას საშემოსავლო გადასახადს ახდევინებენ! ჩემი აზრით, ეს გადასახადი უნდა მოიხსნას, რადგან შშმ პირს გამცილებელი სჭირდება, სჭირდება დამხმარე, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს. სულ ვცდილობ მერიას და სხვა უწყებებს მივაწოდო ინფორმაცია, ძალიან მინდა საქართველოში შშმ პირთა უფლებები დაცული იყოს. მინდა საზოგადოებას შევახსენო - ამ ადამიანებსაც აქვთ ბედნიერების და ღირსეული ცხოვრების უფლება!
ხათუნა ჩიგოგიძე