„2023 წელი რინოვირუსის სიჭარბით გამოირჩევა“ - კვირის პალიტრა

„2023 წელი რინოვირუსის სიჭარბით გამოირჩევა“

რომელი ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს, როდის არის მოსალოდნელი­ მათი პიკი, როგორ შევხვდეთ ამ პერიოდს და სად არის შესაძლებელი ვაქცინაცია - ამ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ივანე ჩხაიძეს ვესაუბრეთ:

- როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები იტყობინება, გრიპის შემთხვევების მატება და მისი პიკი საქართველოში ყოველთვის დეკემბერ-იანვრის პერიოდზე მოდის. შესაბამისად, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს ამ პერიოდის წინ. იდეალურია ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის დამდეგი.

გრიპის ვაქცინა ეფექტს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ იძლევა. რაც შეეხება უშუალოდ გრიპის შემთხვევებს, კორონავირუსმა ძალიან ბევრი ვირუსის განაწილების სტრუქტურა შეცვალა. ეს ეხება გრიპის რესპირაციულ ვირუსს, რინოვირუსს. არამარტო საქართველოში, ბევრი ქვეყანა აფიქსირებს, რომ პანდემიის აქტიურობის შემდგომ პერიოდში განსხვავებულია როგორც გრიპის ვირუსის განაწილება სეზონის მიხედვით, ისე სხვადასხვა ვირუსის აქტიურობა. ამის მაგალითია თუნდაც 2022 წელი. შარშან საქართველოში გრიპის ვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ზაფხულის განმავლობაში, მაშინ როდესაც ეს პერიოდი პანდემიამდე არასოდეს ხასიათდებოდა გრიპის შემთხვევების მატებით, ერთეული შემთხვევებიც არ ყოფილა. თუმცა ლოგიკური ახსნა აქვს, თუ რატომ შეიცვალა ვირუსების სტრუქტურა. პანდემიის ორწლიანმა იზოლაციამ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვამ, განაპირობა არა მარტო კორონავირუსით დაავადების შემთხვევათა კლება, არამედ სხვა ტიპის ვირუსების შემცირებაც. მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც მოიხსნა შეზღუდვები, ამას ავტომატურად მოჰყვა სხვა ტიპის ვირუსების გააქტიურება და მათ შორისაა სწორედ გრიპის, რესპირაციული თუ რინოვირუსი.2023 წელი რინოვირუსის სიჭარბით გამოირჩევა. წელს საქართველოში სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში რინოვირუსია დომინანტური, ლაბორატორიული კვლევით ყველაზე ხშირად სწორედ ეს ვირუსი ფიქსირდება. ასევე ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც და ველით, რომ უფრო მეტი შეიძლება აღირიცხოს აცივების­ კვალდაკვალ. კორონავირუსის მაქსიმალური აქტიურობა სწორედ დეკემბერ-იანვრის პერიოდშია მოსალოდნელი. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება აქტიურობის პიკისკენ უნდა იყოს მიმართული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში და ბევრმა ოჯახმა ნახა, როგორც პირადი, ისე ახლობლების მაგალითით, თუ რამდენად საჭირო და ეფექტურია, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში არ იგულისხმება მოსახლეობის ყველა ფენის ვაქცინაცია. ჩვენ ყოველთვის მივუთითებთ რისკის ჯგუფების ვაქცინაციის მნიშვნელობას და ყოველწლიურად ვაქცინაციის სეზონის დაწყების წინ მოსახლეობას ვთხოვთ ფრთხილად იყვნენ ის მოქალაქეები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

- ვინ შედის რისკ-ჯგუფში?

- 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, სამედიცინო დარგის მუშაკები, ასევე ის მოქალაქეები, რომელთაც პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევთ დახურულ სივრცესა და ხშირი კონტაქტით. ესენი არიან სამხედრო მოსამსახურეები, სამართალდამცავები და ა.შ. ასეთ პირებს ყოველწლიურად სთავაზობენ უფასო ვაქცინაციას. შარშანდელივით წელსაც 200 000 დოზას შემოიტანენ და განსაზღვრული იქნება სწორედ რისკის ჯგუფში მყოფთათვის. დანარჩენებს, ვისაც აქვს სურვილი გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვაქცინები უკვე შემოტანილია და შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სასურველია 2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში გრიპის ვირუსი მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, უფრო მეტია გართულების რისკი, ამიტომ მშობლებს ვთხოვთ გაითვალისწინონ - 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება იქნება სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ყოველწლიურად არის გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები. ამჟამად ისევ ცირკულირებს კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი, რომელიც არ არის აგრესიული, არ იწვევს ისეთ გართულებებს და მძიმე მიმდინარეობას, როგორიც თუნდაც დელტა-ვარიანტს ჰქონდა.

- რამდენკომპონენტიანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი?

- ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ ოთხკომპონენტიან ვაქცინას ვიყენებთ. ის 4 სხვადასხვა ვირუსისგან გვიცავს. მათგან 2 არის A ტიპის, ორი კი - B ტიპის. ყოველწლიურად ამ ვაქცინის შემადგენლობა განსხვავებულია.

- ხშირად უთქვამთ, შარშან გავიკეთე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რატომ უნდა გავიკეთო წელსო?

- მარტივი ახსნა გვაქვს - გრიპის ვირუსის ვაქცინა არ იძლევა ხანგრძლივ დაცვას (6-8 თვე) და მეორე - ყოველწლიურად ამ ვაქცინის შემადგენლობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის გრიპი ცირკულირებს მოცემულ პერიოდში მსოფლიოში. ეს ვაქცინა მუშაობს სწორედ იმ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ, რა ტიპის ვირუსიც იქნება წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აქტიური.

- იგეგმება თუ არა კოვიდრეგულაციები?

- არა, რადგან შემთხვევა ცოტაა. ბევრია ისეთი მოქალაქე, რომელთაც ან ბუნებრივად მიღებული იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ გადატანის შემდეგ, ან აქვთ ვაქცინაციისშემდგომი იმუნიტეტი. შემთხვევების კლება სწორედ ამით აიხსნება.