იღბლის მომტანი ფოტოგრაფი
ამერიკის ისტორიის მემატიანე, ადამიანი, რომელმაც ფოტოგრაფობა ჯონ კენედის მკვლელობის დღეს გადაწყვიტა - 19 წლის ბიჭი, ენტონი ბარბოზა, იყო მათ რიგებში, ვინც ამერიკის პრეზიდენტის შესახვედრად გამოვიდა 1963 წლის 22 ნოემბერს. ფოტორეპორტიორებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე, რომ კამერის ხელში აღება დაისახა მიზნად. ენტონი ბარბოზა ის ხელოვანია, რომელმაც ჰარლემიდან ჰოლივუდამდე გრძელი გზა განვლო, ამ გზაზე კი მის ობიექტივში მრავალი ვარსკვლავი მოხვდა. ერთხანს მას იღბლის მომტან ფოტოგრაფს ეძახდნენ, რადგან ბარბოზას ობიექტივში მოხვედრის შემდეგ ბევრმა მსახიობმა "ოსკარი" მიიღო, ბარბოზას გადაღებული ფოტოების ფასი კი გასამმაგდა.
რა ხდებოდა გადასაღები მოედნის მიღმა ლეგენდარული მომღერლის, შერის სახლში, აკოცა თუ არა არეთა ფრანკლინს და რატომ დაპატიჟა რომანტიკულ ვახშამზე ჰოლი ბერმა, ენტონი ბარბოზა ექსკლუზიურად უამბობს "კვირის პალიტრას":
"შერის ასისტენტები მიწუნებდნენ"
1987 წელია. გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსის" რედაქტორი მირეკავს, ლოს-ანჯელესში შერის გადასაღებად უნდა წახვიდეო. იმხანად ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესს შორის ვცხოვრობდი, რადგან ჩემი ცოლი სერიალზე მუშაობდა და ხშირად უწევდა ლოს-ანჯელესში ყოფნა. შერისთან ჩემი პორტფოლიო გავგზავნე. ჩემი ფოტოების გმირები უმეტესად ფერადკანიანები იყვნენ. შერის ასისტენტებისგან ასეთი კითხვა მოვიდა: ამაზე მეტი თეთრკანიანი არა გყავს გადაღებული? რედაქციამ უპასუხა, რაც ნახეთ, სულ ეგ არის, ან აიყვანეთ ფოტოგრაფი, ან დავასრულოთ საუბარიო.
მეორე დღეს შერის გადაღებაზე დამამტკიცეს. დილის 9 საათი იყო, როდესაც შერის სახლთან მივედით, ცნობილი ბევერლი-ჰილზის სასტუმროს გვერდით. სახლს პირამიდის ფორმა ჰქონდა, ჭერი კი შუშის იყო, საიდანაც სახლში შუქი ჩამოდიოდა. ამ სახლის უკან კიდევ ერთ ნაგებობას შერი ვარჯიშისთვის იყენებდა. შერის ასისტენტებმა კარგად მიგვიღეს, შეგვიძღვნენ დიდ მისაღებ ოთახში, ირგვლივ სულ ტახტები იდგა. შერი ზედა სართულზე იყო, ქვემოთ მე, ვიზაჟისტი და სტილისტი ველოდით. ვიღაცამ მითხრა, შერის შენზე ვუთხარი, რასტამენი (\რასტაფარი 1930-იან წლებში იამაიკაში წარმოშობილი რელიგიაა. რასტაფარის მიმდევარ მამაკაცს მოიხსენიებენ, როგორც რასტამენს, რაც ქართულად ძმას ნიშნავს) გელოდება-მეთქი, და ამაზე ბევრი ვიცინე. მალე შერის ასისტენტები ზედა სართულიდან ჩემს შესათვალიერებლად ჩამოვიდნენ და ისევ შერისთან აბრუნდნენ, ალბათ, უნდა მოეხსენებინათ, მართლა ვგავდი თუ არა რასტამენს. ცოტა ხანში მეუბნებიან, შერის შენი განათების ხილვა სურს, თუ არ მოეწონა, გადაღება არ იქნებაო. რამდენიმე ფოტო პოლაროიდით გადავიღე, რათა შერისთვის ეჩვენებინათ, ცოტა ხანში მისი ასისტენტი დაბრუნდა და მითხრა, მოსწონს, შეგვიძლია გადაღება დავიწყოთო. გამიხარდა, მაგრამ საშინლად ავნერვიულდი, მინდოდა შერის ყველა ფოტო მოსწონებოდა. ბოლოს ისიც გამოჩნდა, ჯინსში, თავიდან ტახტზე დაჯდა და ფოტოები გადავუღე. ჩემდა გასახარად, ძალიან მოეწონა. მალე დავმეგობრდით, ჩემთან მუშაობა შეუყვარდა.
დილის 9 საათზე ვიწყებდით ფოტოსესიას და საღამოს 9-ზე ვასრულებდით. გადაღების პირველი დღის ბოლოს მითხრა: "მაცივარში უამრავი საჭმელ-სასმელია, დაისვენე და წაიხემსე, რაც გაგიხარდება, ყველაფერი მიირთვი". მეორე გადაღების დღეს ზევით მიხმო, თავის საძინებელში, სადაც უდიდესი საგარდერობო ჰქონდა. მე რამდენიმე კაბა შევურჩიე. შერი ძალიან სექსუალური იყო, ეცვა ის, რასაც სცენაზე იცვამდა. მოკლედ, მე და შერიმ კარგი დრო გავატარეთ, მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, ის საყვარელი და დამთმობი ადამიანია. არადა, პირველ დღეს, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, იმდენ ხანს მომიწია ლოდინმა. სანამ მას მაკიაჟი და თმა გაუკეთეს, ლამის ნახევარი დღე გავიდა.
გადაღების დასრულების შემდეგ ვისხედით და ვჭორაობდით ხოლმე. ერთხელ ვუთხარი, შენს ხალხს არ უნდოდა ფოტოები გადამეღო, რადგან პორტფოლიოში უფრო ფერადკანიანთა ფოტოები მაქვს-მეთქი. გაოცებული მისმენდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებო. ეს იყო შერის ბოლო ფოტოგადაღება "ოსკარის" აღებამდე.
1988 წლის თებერვალში შერიმ "ოსკარი" მიიღო ფილმში Moonstruck მთავარი როლის შესრულებისთვის. მას შემდეგ შერის 1 მილიონ დოლარზე ნაკლებს არ უხდიდნენ ფილმში მონაწილეობისთვის. "ოსკარის" აღების შემდეგ შერიმ შეწყვიტა გამოცემებისთვის ფოტოსესიები, ყველა მსურველს ჩემთან გზავნიდა მისი ფოტოების საყიდლად. ასე გამოვიმუშავე შერის რამდენიმე ფოტოს გაყიდვით 30.000 დოლარი, "ნიუ-იორკ თაიმსმა" კი მისთვის ფოტოების გადაღებაში სულ რაღაც 250 დოლარი გადამიხადა...
პაემანი ჰოლი ბერისთან
1991 წელია, გამოცემა Elle-ს რედაქტორმა დამირეკა, ახალაღმოჩენილი მსახიობი ჰოლი ბერი უნდა გადაიღოო. იმხანად ეკრანებზე ახალი გამოსული იყო ფილმი Jungle Fever ჰოლი ბერის მონაწილეობით. გადაღებამ მთელ დღეს გასტანა, ჰოლი სხვადასხვა სამოსში გადავიღე. შესანიშნავად მუშაობდა, რასაც ვთხოვდი, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ გადაღებისას პატარა უხერხულობა შეიქმნა - ერთ კაბაში გადაღებისას ჰოლის მკერდი გამოუჩნდა. ვუთხარი, დაიფარე-მეთქი, თუმცა ჰოლის დიდად არ ადარდებდა შიშველი მკერდის გამოჩენა. ამიტომ აღარ დავუჟინე. როდესაც გადაღება დასრულდა, მეუბნება, საღამოს ვახშამზე გეპატიჟებიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მან თავისი აგენტის ნომერი მომცა. ჰოლი ბერი იმდენად მიმზიდველი ქალია,G გიჟი უნდა ვყოფილიყავი, უარი მეთქვა! მეორე დღეს მის აგენტს დავურეკე, ჰოლისთან პაემანი მაქვს საღამოს-მეთქი. სამწუხაროდ, კალიფორნიაში მოუწია სასწრაფოდ გამგზავრებამო, მიპასუხა. ასე რომ, პაემანი ჩაიშალა, თუმცა 2001 წელს ისევ შევხვდით ერთმანეთს - ჰოლი ბერი "ოსკარზეა" წარდგენილი და ჩემმა გამოცემამ მისი ფოტოსესია დაგეგმა. წავედი, თან მახლდნენ ვიზაჟისტი, სტილისტი და დიზაინერი. შეხვედრისთანავე ვკითხე, თუ ვახსოვდი, არაო, მიპასუხა. 10 წლის წინ ერთად უნდა გვევახშმა-მეთქი, გავახსენე. ვერ გაიხსენა... დაიწყო გადაღება. თითქმის მთელი დღე ვიღებდი ჰოლის, ის ძალიან თავაზიანი იყო, მე კი იმედგაცრუებული, რადგან ვერ გამიხსენა.
მალე ჰოლიმ "ოსკარი" მიიღო, მე კი ჟურნალ-გაზეთები მეხვეწებოდნენ, მომეყოლა, როგორი იყო მასთან თანამშრომლობა.
მეორედ ჩემს ცხოვრებაში, შერის შემდეგ, გადავიღე მსახიობი და ის ფოტოსესიაც მის თილისმად იქცა - შერივით ჰოლიმაც "ოსკარი" მიიღო. ამის გამო იღბლის მომტანი ფოტოგრაფი შემარქვეს. მაშინ ჰოლი ბერის ფოტოები სხვადასხვა გამოცემას მივყიდე და 25.000 დოლარი გამოვიმუშავე.
ჰოლის 2005 წელს კვლავ შევხვდი ფილმ Lakawanna Blues-ს პრემიერაზე. როდესაც დარბაზში შემოვიდა, დამინახა და მომესალმა. გამიხარდა, ამჯერად მიცნო-მეთქი. საღამოს წვეულებაზე დიდხანს ვისაუბრეთ, მის მოახლოებაზე გული მიჩქარდებოდა, - მე მას ვახსოვდი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
კოცნა არეთა ფრანკლინისთვის
არეთა ფრანკლინს 1971 წელს შევხვდი. სტუდიაში უამრავი ადამიანი ირეოდა, ძირითადად, შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, გადაღებისას კი მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებოდით, არავინ გვიახლოვდებოდა, მე თუ არ დავუძახებდი. ჩემს შემკვეთ გამოცემას მოცეკვავე არეთას ფოტო უნდოდა, მე კი ეს იდეა არ მომწონდა. არეთას ვუთხარი, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ უნდა გაკოცო-მეთქი. მინდოდა მისი მეოცნებე სახე აღმებეჭდა, აი, იმ მომენტში, როდესაც მუსიკას უსმენ და სასურველ ადამიანზე ოცნებობ. მოგვიანებით გამოცემის რედაქტორისთვის უთქვამს, ვინ არის ეს ბიჭი, მომწონსო. რედაქტორს ისე მოეწონა თვალდახუჭული არეთას ფოტო, ჟურნალის ყდაზე დაბეჭდა.