„თვითგადარჩენის კოდი აუხსნელი განზომილებაა, აუხსნელი ენერგიითა და გადარჩენის ინსტინქტით“
იშვიათია ადამიანი, რომელსაც გლობალური ცვლილებები არ აშინებდეს. გლობალისტები ხშირად გვახსენებენ, რა ბედი გველის, თუ გლობალური დათბობა გაძლიერდება ან ომებისა და ქიმიური ნარჩენების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გადავა. 1986 წელს გლობალურ შოკად იქცა ჩერნობილის რეაქტორის აფეთქება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი რადიოაქტიური ნარჩენი გამოყო, იმდენად დიდი, რომ რეაქტორის გარშემო ათეულ კილომეტრ ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი მოიწამლა და გადასახლდა. თუმცა ათეული წლების განმავლობაში იშვიათად ლაპარაკობდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღესაც იქ ცხოვრობენ. ამის შესახებ ისინი ლაპარაკობენ, ვინც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და უფრო მეტიც, ფილმებიც გადაიღეს. როგორც ამბობენ, იქ ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის. ჩერნობილელები ჩვეულებრივ საქმიანობენ თავიანთ მიწაზე; ავადმყოფობისას სასწრაფო დახმარების ბრიგადას იძახებენ, ტურისტების "შემოტევებისას" კი - პოლიციას. არ სიამოვნებთ, როდესაც მათ ისე უყურებენ, როგორც აფეთქების არტეფაქტებს. ამ სურათიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვები იბადება, თუ როგორ გადარჩნენ ან ზოგადად, რა რესურსები აქვთ ადამიანებს, რადიაციის შეტევების ან მკვეთრი გლობალური დათბობის შედეგებთან შესაგუებლად. ელის თუ არა კაცობრიობას დამარცხება იმ კატაკლიზმებით, რომლებიც უკვე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ამ საკითხებზე ბიოლოგ თამარ ქარუმიძეს ვესაუბრეთ:
- ქალბატონო თამარ, მსოფლიოში რთული პროცესებია, გლობალური კატაკლიზმებით დაწყებული, ომებით დამთავრებული, რაც ქიმიურ პროცესებს უფრო გაართულებს. რამდენად გვაქვს ადამიანებს შანსი, რომ თვითგადარჩენის რესურსი ჩავრთოთ?
- როგორც არ უნდა დაძაბულად დავხატოთ არსებული ვითარება, როგორც არ უნდა ვიდარდოთ, ხვალ რა დაგვემართება, ადამიანს და საზოგადოდ, ცოცხალ ორგანიზმს მხოლოდ ორი მოცემულობა აქვს: ან გადარჩეს, ან დაიღუპოს. რა თქმა უნდა, გადარჩენის მოცემულობა ბევრად ძლიერია, რადგან სწორედ მასშია ის თანშობილი რეფლექსები, მათ შორის თავდაცვითი ქცევა, რათა ორგანიზმმა შინაგანი ენერგიების მუდმივობა შეინარჩუნოს ანუ თავი არ გაინადგუროს. თუ არადა, ორგანიზმი მოკვდება. ამიტომ ნებისმიერი ორგანიზმი, მით უფრო, ისეთი უმაღლესი ქმნილება, როგორიც ადამიანია, თავგანწირვით ირჩევს სიცოცხლეს არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანი ენერგიის უდიდესი ძალისხმევის დამსახურებითაც. ასე იქცევიან მცენარეებიც. რატომ არის უდაბნოში ფართოფოთლოვანი მცენარეები? იმიტომ, რომ ბევრი წყალი შეინახონ და ააორთქლონ საჭიროებისას. უფრო ახლო მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ჩვენი სვანეთი, სადაც მასობრივად გამრავლებულ არყს წიწვოვანი ხეები ანაცვლებს. არადა, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაბადებულ თაობას ახსოვდა, რომ მესტიის ქედი არყის ხეებით იყო დაფარული, დღეს კი არყების ნაცვლად იქ ფიჭვია. წიწვოვანი ხეები გაცილებით უკეთ ეგუებიან მზეს, ვიდრე არყის ხეები. მესტიაში იმ რაოდენობის თოვლი რომ მოდიოდეს, რამდენიც წინა საუკუნეში, არყის ხეს იქ გახარებას "ვერავინ დაასწრებს", დღეს კი ის ნაძვმა ჩაანაცვლა, არადა, 1900-იანი წლებიდან დღემდე არც ისე დიდი დროა გასული.
ცხოველებზეც მოგახსენებთ: უკვე არაერთი კვლევა არსებობს, რამდენად სწრაფად ეგუებიან ცხოველები მათთვის უჩვეულო ადგილებს, იმდენად სწრაფად, რომ მეცნიერებს დაჯერება უჭირთ. მაგალითად, ყვითელი ზაზუნა ერთ მშვენიერ დღეს ჰიმალაის მთებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 6.800 მეტრზე ნახეს ალპინისტებმა. თუმცა მეცნიერები ამ ინფორმაციას სკეპტიკურად შეხვდნენ - აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ თაგვების ამ სახეობამ, რომელიც 5800 მეტრის ზემოთ ვერ იწევდა (კლიმატისა და ჟანგბადის გამო), ახლა 1000 მეტრით ზემოთ გადაინაცვლა და იქ თავს მშვენივრად გრძნობს! თუმცა შემდეგ, როდესაც მეცნიერებმა ის თავისი თვალით ნახეს, განაცხადეს, რომ ყვითელი ზაზუნა დიდ სიმაღლეს უკვე შეგუებული იყო. ცხადია, რომ კლიმატმა ამ სიმაღლეზე მისთვის უკვე საკვებიც შექმნა.
- ქიმიურ გამოსხივებასთან შეგუებაზე მინდა გკითხოთ: ჩერნობილი რადიაციის კატასტროფულ ზონად ითვლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ თავს კარგად გრძნობენ ცხოველებიც და ადამიანებიც: ტერიტორია ევროპის ყველაზე დიდ ნაკრძალად იქცა, ადამიანები კი გადარჩნენ და ძველებურად ცხოვრობენ.
- ჩერნობილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქიმიური დაბინძურების ზონაა. მეტსაც გეტყვით: სამედიცინო კვლევებით ამ აფეთქებამ დაახლოებით მილიონ ადამიანში გამოიწვია სიმსივნური პროცესები. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის ორგანიზმმა იმაზე დიდი შეგუების უნარი გამოამჟღავნა, ვიდრე წარმოგვედგინა: ხალხი დღეს ჩერნობილში ისევ ცხოვრობს. როგორც ვიცი, ფერმებიც აქვთ. თვითგადარჩენის კოდი აუხსნელი განზომილებაა, აუხსნელი ენერგიითა და გადარჩენის ინსტინქტით. ეს ითქმის სხვა ცოცხალ ორგანიზმებზეც, რომელთა შორის ადამიანი ყველაზე მაღალგანვითარებულია. მისი შეგუება გარემოსთან შეიძლება იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამასთან დაკავშირებით ერთ ბოლო კვლევაზე მოგახსენებთ. მეცნიერებმა ჩერნობილის 12 წერტილში ბაყაყები შეისწავლეს და მათგან ყველა შავი ფერის გამოდგა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ "ასე გადაწყვიტა" მელანინის პიგმენტმა, რომელმაც ამ შემთხვევაში ორგანიზმი დაიცვა - მან "შეღება" ბაყაყი შავად და აარიდა გამოსხივების მძიმე დოზა. საქმე ის არის, რომ შავი ფერი შთანთქავს და ამცირებს იმ ტოქსიკურ დასხივებას, რომელიც ორგანიზმს აავადებს. მელანინი ასევე ებრძვის იონიზებულ მოლეკულებს, რომლებიც დასხივების შედეგად შედიან უჯრედში და შლიან - ანუ ბაყაყმა, ამ ცოცხალმა ორგანიზმმა, სასწრაფოდ განივითარა თავდაცვითი უნარი, გადაახტა ევოლუციის გარკვეულ საფეხურს, რასაც, ეს საფრთხე რომ არა, სხვა დროს ვერ შეძლებდა. ეს ტოქსიკურმა გარემომ სასიცოცხლოდ სწრაფად შეაძლებინა.
- შესაძლოა ადამიანშიც ხდება მსგავსი რამ?
- სავარაუდოდ, მსგავსი რამ მოხდა ჩერნობილელებშიც. თუმცა ეს არ გამორიცხავს მძიმე შედეგებსაც. ამიტომაც როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვებრძოლოთ ბუნების დაბინძურებას. ველი დროს, როცა ადამიანს აღმოაჩნდება ძალა, პასუხი გასცეს ყველას, ვინც, როგორც იტყვიან, ცხვირ-პირს ყოველგვარი ნაგვით გვივსებს.