ახალი მსოფლიო უწესრიგობა, რისთვის არის მზად საქართველო?! - კვირის პალიტრა

ახალი მსოფლიო უწესრიგობა, რისთვის არის მზად საქართველო?!

გასული კვირის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ისრაელში დაწყებული ომი იყო.­ წარმოიდგინეთ, ამ ომმა გადაფარა მეორე დიდი ომი - არადა, ამ წუთებშიც რუსეთი ბომბავს უკრაინას და იქ ისევე იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდ­ობიანი მოქალაქეები, როგორც აქამდე იღუპებოდნენ... 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს, ბევრი კითხვა გაჩნდა და ათასგვარი თეორია გამოითქვა - რატომ "ჩავარდნენ" ნაქ­ები ისრაელური­ სპეცსამსახურები და ვინ დგას ამ თავდასხმის უკან, რუსეთი, ირანი თუ ორივე ერთად; ან რაში სჭირდებოდა "ჰამასს" მაინცდამაინც ახლა თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ძლიერი არმია ჰყავს, ფლობს და აწარმოებს ულტრათანამედროვე იარაღს და ჰყავს მოკავშირე აშშ, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში იარაღსაც მიაშველებს და ფლოტსაც დაახმარს.

თბილისიდან, რა თქმა უნდა, საუბარი ადვილია. თუმცა მოვლენების შეფასებაში ქართველ ექსპერტთა ნაწილი უშვებს შეცდომას, რადგან ისრაელურ-არაბულ კონფლიქტს ერთი ნიუანსი აქვს...

რატომ არ ჰგავს ისრაელის ომი რუსეთ-უკრაინის ომს?!

ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში, რომ მთავარი პროვოკატორი და სამხედრო კონფლიქტების გამჩაღებელი რუსეთია - 90-იანების საქართველო, 2008 წლის საქართველო, 2014 წლის უკრაინა და 2022 წლის უკრაინა. შესაბამისად, ჩვენ რუსეთის აგრესიული ქმედებებისას მივეჩვიეთ გარკვეული კატეგორიებით აზროვნებას, რაც არ გამოგვადგება ისრაელის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად.

კერძოდ, კრემლს აქვს რაციონალური­ მიზნები - ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში თავისი გავლენის აღდგენა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს - მეზობელ ქვეყნებში ახალისებს სეპარატიზმს, სამოქალაქო ომს და ბოლო კოზირის სახით, ესხმის ხოლმე მათ თავს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით. კრემლის მსხვერპლი არის მასზე სუსტი სახელმწიფოები და ბლიცკრიგის პრინციპს მიმართავს (სხვა საქმეა,­ რომ გეგმებს ყოველთვის ვერ ასხამს ხორცს, მაგალითად, უკრაინაში). ამასთან, რუსეთი თავს არასოდეს ესხმის თავისზე ძლიერ სახელმწიფოებს - წარმოუდგენელია ხომ, რუსული ჯარი ჩინეთს ან აშშ-ს დაესხას თავს?! იმიტომ, რომ კრემლში იციან - ისეთი მოხვდებათ ყბაში, რომ შესაძლოა რუსეთისგან აღარაფერი დარჩეს და მოსკოვის სამეფო სანატრელი გაუხდეთ.

ისრაელს კი საქმე აქვს ფანატიკოსებ­თან,­ რომელთათვისაც რაციონალური გათვლები არ არსებობს. მათი დაბნელებუ­ლი გონება სხვანაირად აზროვნებს - მთავარია,­ მოკლან ებრაელი. მერე რა, რომ ათი ებრაელის­ მოკვლას შესაძლოა ათასი არაბი­ შეეწიროს. ათი ებრაელით ნაკლები ხომ დარჩა დედამიწაზე?! მათთვის ეს უკვე გამარჯვებაა! ამ ფანატიზმიდან გამომდინარე, მათთვის მეათეხარისხოვანია ისრაელის საპასუხო რეაქცია.

იცით, ერთ-ერთი პირველი რა გააკეთა­ "ჰამა­სმა", როდესაც ღაზის სექტორში პოზიც­იები გაიმყარა? ტელეეთერში ჩაუშვეს საბავშვო გადაცემა, "დისნეის" მოჰპარეს­ გმირები - მიკი მაუსი, ლომი სიმბა და ა.შ. ეს გადაცემები მთლიანად ეძღვნებოდა იმას, თუ როგორ წაართვეს ებრაელებმა არაბებს მიწები და ამიტომაც ისინი უნდა განადგურდნენ. ამ გადაცემებზე თაობა­ გაიზარდა. მათ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლება იცხოვრონ არაბებმა და ებრაელებმა მშვიდობიანად. შესაბამისად, კი ბატონო, ისრაელის არმია გაანადგურებს "ჰამასის" სამხედრო ფრთას, მაგრამ რას უზამს მილიონობით ადამიანს, რომლებიც პროპაგანდით არიან მოწამლულები და ფანატიკოსები არიან?! საკითხავი,­ აი, ეს არის და ვეჭვობთ, თავად ისრაელში ჰქონდეთ ამაზე პასუხი. ამ მასობრივი ფანატიზმიდან გამომდინარე, "ჰამასი" და "ჰესბოლა" იმ ურჩხულებს ჰგვანან, რომელთაც ერთი მოჭრილი თავის მაგივრად, ორ-ორი ამოსდით ხოლმე.

ახალი მსოფლიო უწესრიგობა

დიახ, მოირღვა წესრიგი და მსოფლიოში­ ახალი უწესრიგობა გაბატონდა. "პოლიციელი" აღარ არის, "პოლიციელი" დასუსტდა­ და ნელ-ნელ ვუახლოვდებით იმ პერიოდს, როდესაც შესაძლოა ყველამ ერთმანეთს გაუხსენოს ტერიტორიული პრეტენზიები. ვინ უნდა უზრუნველყოს მსოფლიო წესრიგის აღდგენა? გაერომ, რომლის განცხადებებს თუ რეზოლუციებს უკვე აინუნშიც არ აგდებს არავინ?! ნატომ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ განცხადებებში არის მრისხანე?!

მსოფლიო წესრიგს აყალიბებს დიდი სახელმწიფოების შეთანხმება გარკვეულ თამაშის წესებზე, რომლებიც შემდეგ მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია, რადგან ჩვენს ჩრდილოეთით მყოფ ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოსა­ და "ჰამასის" მეთოდებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ჩინეთი განაბულია და ელოდება, როდის ჩამოატარებს მტრის ცხედრებს მდინარე და... ელოდება მომენტს, ტაივანის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ რომ გადაჭრას.

პუტინს კოზირივით დაეცა აფეთქებული­ ახლო აღმოსავლეთი (და დარწმუნებული­ ვართ, ამ აფეთქებაში თვითონაც დიდი წვლილი შეიტანა). რუსეთი სავაჭროდ მზად არის. კრემლში ელოდებიან, როდის ჩაფრინდება დასავლეთიდან ემისარი და ეტყვის, მოდი, ნუ მივიყვანთ საქმეს მესამე მსოფლიო ომამდე, მოვრიგდეთ ან გავრიგდეთო. და ძალზე საშიშია, რომ ამ გარიგება-მორიგებაში საქართველომ და უკრაინამ ხურდა ფულის როლი არ შეასრულონ.

მწარე სიმართლე უნდა ვთქვათ - გარიგება-მორიგების საფრთხე საკმაოდ დიდია. აგრესიული რუსეთის და პოტენციურად აგრესიული ქვეყნების საპირწონეს როლს დასავლეთი ასრულებს. უფრო სწორად, ყველაზე დიდ როლს აშშ, თავის მოკავშირე ბრიტანეთთან ერთად, და შემდეგ ევროკავშირი. აშშ-მ და ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმაში, რომ უკრაინა დღეს რუსეთის ჯარს წინააღმდეგობას უწევს.

მოდი, ვნახოთ, რა ხდება ევროკავშირში. ევროპულ პრესაში დიდი ადგილი უკავია მოთქმა-გოდებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ომი დროში იწელება, ხარჯები იზრდება, ეკონომიკას საფრთხე ემუქრება და... დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. აშშ-ში მთლად ასეთი განწყობები არ არის, მაგრამ...­ იქაც ისმის კითხვები, თუ სადამდე­ დაეხმარება ვაშინგტონი კიევს,­ ბოლოს და ბოლოს, ეს ომი რა სცენარით უნდა დამთავრდეს და ა.შ. ეს ომი კი იწელება, უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა, სწრაფი გამარჯვების იმედი გაქრა და დასავლეთში დახმარებები უკვე წლებზე უნდა გათვალონ და არა თვეებზე... სამწუხაროდ, დასავლურმა სანქციებმა რუსებს ბევრი ვერაფერი ავნო...

და ამ დროს ფეთქდება ახლო აღმოსავლეთი. თუ იქ ომმა ფართო მასშტაბი მიიღო, შესაძლოა მასში ჩართული აღმოჩ­ნდნენ ის არაბული ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს ნავთობით ამარაგებენ... აპოკალიფსურ სურათს აღარ დავხატავთ, თუმცა დარწმუნებული ვართ - პუტინი სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტს და ელოდება, როდის მიუკაკუნებენ კრემლის კარებზე მოლაპარაკებისთვის...

რისთვის არის მზად საქართველო?!

საქართველოში შიდაპოლიტიკა თავისივე წვენში იხარშება. გასული კვირის მთავარი თემები იყო "ნაცმოძრაობის" ახალი მენეჯმენტის ვიზიტი კვიპროსში კეზერაშვილთან შესახვედრად და მკითხაობა­ იმაზე,­ შექმნიან თუ არა პოლიტიკურ ალიანსს მამუკა­ ხაზარაძე და გიორგი გახარია. ასევე,­ როდესაც გაზეთის ეს ნომერი გამოვა, იმ დღეს გვეცოდინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სალომე ზურ­აბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, ახალი შიდაპოლიტიკური შტორმი დაიწყება.

არადა, საქართველოში, ალბათ, ცოტა სხვა რაღაცები უნდა იყოს პრიორიტეტული.­ მოდი, ცოტა "ზემოდან" შევხედოთ ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩვენს ჩრდილო-დასავლეთით დიდი ომია; დიდი ომი იწყება ჩვენს სამხრეთით; უფრო ახლოს კი სულ ახლახან დამთავრდა კიდევ ერთი ომი (სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი), რომლის განახლების საფრთხეს სულაც არ ჩაუვლია.

აქედან ერთ დიდ ომში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მონაწილეობს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთით დაწყებულ დიდ ომში კი ძალიან აქტიურად არის ჩართული (ჯერ მხოლოდ ფარულად) ჩვენი "ჩერეზ" მეზობელი ირანი და ახლოს არის ჩართვასთან ჩვენი კარის მეზობელი თურქეთი. რელიგიური ფანატიზმი კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ჩვენი რეგიონისთვის არის უცხო ხილი.

ამის ფონზე ჩვენი პოლიტიკური ელიტა (ხელისუფლება-ოპოზიციანად) კვლავ ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული. არადა, საზოგადოებას აინტერესებს, საერთოდ, რაიმე ცუდი სცენარისთვის მზად ვართ (აქედან გამომდინარე ყველა თემით - დაწყებული ჯარის რაოდენობის გაზრდა-არგაზრდით, სპეცსამსახურებისთვის დაფინანსების გაზრდითა თუ სამოქალაქო თავდაცვის კუთხით სასწრაფო ზომების მიღებით დამთავრებული)?

სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ჩვენი თავი უცხოპლანეტელი­ გვგონია და თუ მსოფლიო "აფეთქდა", მფრინავი თეფში წაგვიყვანს უფრო მშვიდ პლანეტაზე. არ გვინდა ცუდი ამბების წინასწარმეტყველები გავხდეთ, თუმცა... არხეინობას, საფრთხეების შეუფასებლობასა და შიდადაპირისპირებას ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოები ჩაუგდია მძიმე მდგომარეობაში.

პ.ს. ორიოდე სიტყვით მაინც შევეხებით შიდაპოლიტიკურ ტოპთემებს. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ სკანდალად გამოაცხადა­ კეზერაშვილის მიერ "ნაცმოძრაობის" ახალი მენეჯმენტის კვიპროსში დაბარება. არადა, სასკანდალო რა არის?! "კეზერა" აფინა­ნსებს "ნაცმოძრაობას" და სავარაუდოდ, "ჯიბის ფულსაც" აძლევს ახალ მენეჯმენტს. მუსიკას კი ის უკვეთს, ვინც ფულს იხდის. ჰოდა, შეუკვეთს ახლა კვიპროსში ახალ-ახალ "სიმფონიებს".

რაც შეეხება მეორე სკანდალურ ინფორმაციას ხაზარაძე-გახარიას სავარაუდო გაერთიანების შესახებ. ზოგიერთი ჩვენი­ კოლეგა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გაერკვა სიტუაციაში. "ლელო" და გახარია გაერთიანებას კი არ აპირებენ, არამედ ორივეს სალომე ზურაბიშვილი სურს პოლიტიკურ პარტნიორად. თუმცა შესაძლოა მომავალში სალომე ზურაბიშვილმა (საკითხავი ის არის, მოქმედი პრეზიდენტი იქნება მაშინ თუ ყოფილი) შეუწყოს ხელი ამ ორი პარტიის "დაახლოებას".

გიორგი კვიტაშვილი