„ალიევის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ რუსეთის გარეშეც შეგვიძლია შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს კავკასიაში“
ბოლო კვირა საქართველოში იმით დაიწყო, რომ ჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვიდა ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გახმაურებულა, შემდეგ კი უნგრეთის პრემიერი გვეწვია დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტით, რასაც უფრო ოჯახური დასვენების ფორმა ჰქონდა და სხვათა შორის, ორივე ქვეყნის პირველი პირის განცხადებებიც ოჯახური ფასეულობების დაცვაზე იყო აგებული. უნგრეთის პირველმა პირმა ისიც კი თქვა, თითქოს ევროპაში ქრისტიანობას დევნიან. ცხადია, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით და უპირველესად ყარაბაღ=ის მოვლენების გამო, საინტერესო იყო ალიევის რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯიც, მათ შორის ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის თბილისს სთავაზობს, რასაც უკვე მოჰყვა ფაშინიანის უარყოფითი რეაქცია, მან განაცხადა, რომ ეს ფორმატის შეცვლა იქნება. "ჩვენ ვამბობთ, მოდი, ჩამოვყალიბდეთ პრინციპებზე, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ამ პრინციპების გათვალისწინებით. ცხადი იყოს, რა ჩარჩოში ვმუშაობთ და რა იქნება შედეგი. არა ვართ საუბრის მოწინააღმდეგე, მაგრამ წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გადაგვახვევინებს", - განაცხადა მან. ამ ვიზიტების მიზეზებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ:
- ალიევის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ რომ არ გავრცელებულა, არ ნიშნავს, რომ მოულოდნელი იყო. უბრალოდ, არ გავრცელებულა, სავარაუდოდ, მხარეების შეთანხმებით. რაც შეეხება თავად ვიზიტის მნიშვნელობას, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მოხდა, ნამდვილად კარგი იყო - ვგულისხმობ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პრინციპში, აუცილებელიც იყო ასეთი ტიპის შეხვედრა. გასაგებია, რატომაც იყო ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ე.წ. შუა დერეფნით დიდი დაინტერესების გამო, მაგრამ დღეს ის ადეკვატურად ვერ ფუნქციონირებს, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც უყენებენ. დერეფნის ღერძი სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის თანამშრომლობაა. ცხადია, წარმმართველი ფუნქცია აქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანს. სამუშაოა რამდენიმე საკითხზე: ინფრასტრუქტურაზე, დერეფნის მენეჯმენტზე, ინფორმაციის გაცვლაზე და ა.შ. ამისთვისაც აუცილებელი იყო ვიზიტი. როგორც ვიცი, ახლა საქართველოს პრემიერის ვიზიტი იქნება ბაქოში.
- ალიევი ანაკლიის პორტითაც არის დაინტერესებული. რამდენად რეალისტურია ამ პროექტში აზერბაიჯანის აქტიური ჩართვა და ეს რეალობას როგორ შეცვლის?
- ეს ინტერესიც კარგია და სიმართლე გითხრათ, მოველოდი კიდეც, რადგან აზერბაიჯანს ყოველთვის აინტერესებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა და როცა ხედავს, რომ არის ამის შესაძლებლობა და ჩინური კომპანიები გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, რატომაც არა აზერბაიჯანი? ოღონდ მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად განხორციელდება პროექტი.
- ანაკლიის პორტზე ხშირად ამბობენ, რომ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკას არ მოსწონს აქ ჩინეთის შემოსვლა. თუკი აზერბაიჯანი თუნდაც რაღაც წილით და არა სრულად შევიდეს ამ პროექტში, შეცვლის ამ დამოკიდებულებას?
- ამერიკელები ამბობენ, რომ ჩვენთვისვე უკეთესია, პორტი იყოს ქართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტში სხვაც არ მონაწილეობდეს, მთავარია, მართვის პაკეტი არ გადასცენ სხვას. მართლაც, როცა ამხელა პროექტს აკეთებ, მართვის სადავეები ხელიდან არ უნდა გაუშვა, რაც აბსოლუტურად სწორია და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ანაკლიის პროექტი როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანის დაინტერესება, რა თქმა უნდა, კარგია.
- ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც უსაფრთხოების საკითხი და მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ადგილად საქართველოს შეთავაზებაა, რასაც უკვე მოჰყვა სომხეთის უარი. საქართველოს ინიციატივა რამდენად არის გამართლებული ამ ვითარებაში და საამისო რა პერსპექტივა არსებობს?
- არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ თბილისი იყოს მოლაპარაკების ადგილი და პლატფორმა, მაგრამ კარგია, რომ ამ წინადადებას დადებითად უპასუხა ალიევმა. თუმცა, როგორც ვიცით, სხვა აზრის არის ფაშინიანი და არა იმიტომ, რომ რამე პრეტენზია აქვს თბილისთან, იმიტომ, რომ მას მოლაპარაკების გამართვა სურს ისეთ ადგილას, სადაც ამ პროცესში ჩართულობა უფრო მაღალია. მაგალითად, თუ გაიმართება საფრანგეთში, უპირატესობა სომხეთის მხარეს იქნება. მოლაპარაკების ადგილს მნიშვნელობა აქვს და ფაშინიანი ცდილობს ისეთი ადგილი შეარჩიოს, რომელიც მისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება. სად, არ ვიცი, მაგრამ მოლაპარაკება აუცილებლად გაიმართება, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასაფორმებელია, რაც ყველას ინტერესებში შედის. ასეთ დროს ძალიან საფრთხილოა ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს და განაპირობოს მოლაპარაკების გადადება ან ჩაშლა. ამ კონტექსტში მოვისმინეთ კიდეც ალიევის კრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტზე. საქართველო ნეიტრალური პლატფორმაა, რომელსაც სურს ნეიტრალურად კარგი ურთიერთობა ორივე მეზობელთან. ამიტომ, თუკი მოლაპარაკება თბილისში გაიმართება, ძალიან კარგი იქნება. თუმცა, ვიმეორებ - მხარეები ყოველთვის დაინტერესებული არიან მოლაპარაკება იმ შუამავლის ტერიტორიაზე გაიმართოს, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკებაზე ზემოქმედება...
- მას შემდეგ, რაც ალიევი მოლაპარაკებაზე არ ჩავიდა, შესაძლებელია ევროპელი ლიდერებისა და განსაკუთრებით მაკრონის არაოფიციალური თხოვნით მოეწვია ღარიბაშვილს ალიევი, რათა მოლაპარაკების ადგილად საქართველოზე შეთანხმებულიყვნენ?
- არა მგონია, მით უმეტეს, ეს ინიციატივა ჩვენ მანამდეც გვქონდა გამოთქმული. უბრალოდ, მხარეები ამას არ განიხილავდნენ მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ახლა პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და ეს პლატფორმა აზერბაიჯანისთვის უკვე მისაღებია და შესაძლოა მისაღები გახდეს სომხეთისთვისაც.
- საქართველოს მოლაპარაკების ადგილად შეთავაზებაში რუსეთის კვალი თუ ჩანს? ანუ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ინარჩუნებს და ყარაბაღის კონტექსტიდან რუსეთი, ფაქტობრივად, ამოვარდნილია, შესაძლებელია თუ არა კრემლი ირიბად მაინც ცდილობდეს ჩართვას და ეს გახდეს სომხეთისთვის მოლაპარაკების აქ გამართვის ხელისშემშლელი?
- არა. ალიევის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ რუსეთის გარეშეც შეგვიძლია შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს კავკასიაში, ნამდვილად არავის სჭირდება "უფროსი ძმის" ზედამხედველობა, რათა თანამშრომლობა შედგეს. ამასთან, რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ხელი შეუშალოს შუა დერეფნის ფუნქციონირებას, მისი ეფექტიანობის ამაღლებას.ასე რომ, მე ამ კონტექსტში რუსეთთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ... სომხეთისთვის პრინციპული გადასაწყვეტია, სურს თუ არა მას აზერბაიჯანთან ლაპარაკი. თუ სურს გაფართოებულ ფორმატში, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი ითხოვს თურქეთის დასწრებას (მაგალითად, როგორც გრანადაში), სომხეთი კი თავისი ძლიერი მხარდამჭერების დასწრებას. თუკი მისაღები იქნება ერთი-ერთზე საუბარი, მაშინ მისთვის თბილისიც მისაღები გახდება.
- მესიჯი, ჩვენი საკითხები ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთო, რას ემსახურებოდა?
- ეს, ალბათ, მთავრობამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობდა. კარგია, რომ ჩვენი საკითხები ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ როდესაც ტერიტორიები ოკუპირებული აქვს ბირთვულ სახელმწიფოს, არა მგონია, საქართველოს იმხელა ძალა შესწევდეს, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავადვე უზრუნველყოს. საერთაშორისო დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვერც იმ დიდი პროექტების განხორციელებას, რაზეც ლაპარაკი იყო თუნდაც ალიევის ამ ვიზიტისას. მარტივ მაგალითს გეტყვით - რომ არა აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა, საქართველო ვერ განახორციელებდა ვერც ბაქო-ჯეიჰანისა და ვერც სხვა დიდ ენერგოპროექტებს. საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება რუსეთის საფრთხეს, ჩვენ გვჭირდება დასავლელი მეგობრების დახმარება.
- ამ კვირაში სამდღიანი ვიზიტით იყო ჩამოსული უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც. ბოლო წლების განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი პირი ასეთი ხანგრძლივი ვიზიტით ჩამოვიდა. ორბანი, ერთი მხრივ, საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და მეორე მხრივ, ევროკავშირს მასთან ბევრი პრეტენზია აქვს.
- უნგრეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და მისი მხარდაჭერა ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც კარგი და საინტერესოა ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი. ორბანი არის სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც კომფორტულია საქართველოს ხელისუფლებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ არასოდეს აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. სხვათა შორის, ეს ის ორბანია, რომელიც 2012 წელს სააკაშვილს აქებდა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩამოსული და მახსოვს მისი განცხადებაც, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნებოდა, შეცდომა არ დაუშვათ, უკან არ დაბრუნდეთ და "ქართული ოცნება" არ აირჩიოთო. ასე რომ, ეს არის იმ ტიპის ლიდერი, რომელსაც ახასიათებს პოპულისტური განცხადებები, ეს მისი პოლიტიკური ხაზია და ამას არც მალავს. ამიტომ სწორება მაინცდამაინც ამ ტიპის ლიდერზე არა მგონია დიდად სასარგებლო იყოს. ორბანი მიეკუთვნება იმ მცირე ჯგუფს, ვინც მხარს გვიჭერს. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა იმ სახელმწიფოების მეთაურებთან, ვინც ჩვენგან რეფორმებს ითხოვენ და ვისურვებდი, მათთან გვემუშავა მეტი, რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ორბანსა და სხვა მხარდამჭერებთან არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა. უბრალოდ, ახლა ძალისხმევა სკეპტიკოსებთან უნდა გვქონდეს მიმართული. განსაკუთრებით მათთან, ვინც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ და მოვახერხეთ და ჩვენი ქმედებებით სკეპტიკოსებად ვაქციეთ.
რუსა მაჩაიძე