პოლიტიკური „სექენდჰენდი“?!
თბილისში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა. ამ ერთი შეხედვით უწყინარი ნიუსით საზოგადოება სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღე ერთობოდა და არც არის გასაკვირი - ოფისში ღია საკიდზე ჩამოკონწიალებული სააკაშვილის პიჯაკები და ქურთუკი, ფეხსაცმელების თაროზე მისი ნახმარი ბოტასები, საწერ მაგიდასთან სავარძლის საზურგეზე გადაკიდებული პიჯაკი, თითქოს პატრონს დასცხა ან მუშაობაში ხელს უშლიდაო, საზოგადოებრივი ოფისისთვის, ვისი სახელობისაც არ უნდა იყოს, იმდენად არაბუნებრივი ჩანს, რომ ცარიელი წიგნების კარადაში (ალბათ, მომავალში დადებენ რამეს) რეიგანის ბიუსტიც კი ამ ყველაფერს ვეღარაფერს შველის და ძალაუნებურად გეცინება, თუ სააკაშვილის ფანი არა ხარ.
არც ის არის გამორიცხული, სააკაშვილს თავად სურდეს საკუთარი მუზეუმის ხილვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, რომ მერე მისმა (პოლიტიკურმა) შვილებმა „შიბლეტებიც“ კი გახადონ.
სხვათა შორის, მისი ფანების ნაწილი გაბრაზდა, რადგან ჩათვალეს, რომ მათი ბელადი გაამასხარავეს. ზოგს სამეგრელოში ბებია-ბაბუებისგან მოსმენილი გაახსენდა, გარდაცვლილი ადამიანის ოთახში ორმოცი დღის განმავლობაში დილა-საღამოს ლოგინს რომ შლიდნენ და ალაგებდნენ და გვერდით სკამზე დაკეცილ ტანსაცმელს ულაგებდნენ, რომელსაც, რასაკვირველია, ყოველდღე ცვლიდნენ. თუმცა სააკაშვილი ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, და ცხადია, ამ ურთულესი კომპოზიციის ავტორებს გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი ექნებოდათ და საკუთარ ლიდერს დაცინვას ვერ გაუბედავდნენ. თუ არადა, ბოლოს და ბოლოს, თავად სააკაშვილი ან მისი ოჯახიდან ვინმე გააპროტესტებდა.
რეალურად კი გაცილებით პრობლემურია ვითომ უწყინარი "მუზეუმის" გახსნა იმ პარტიისგან, ვინც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, რაც არ უნდა თქვას ამ პარტიამ, ეს მიშას პირადი წარმომადგენლის ინიციატივაა და ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მოწიწების ნიშნად ტანსაცმლის გამოფენა და მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებული განცხადება, რომ სააკაშვილი ყველაფერში მართალია, არ ჯდება დემოკრატიის არანაირ ჩარჩოში. არც ის დოგმაა ასე მარტივად მისაღები, რომ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით თავი საქართველოს გადასარჩენად გაწირა, რადგან ორი წელია, უშედეგოდ ვცდილობ გავიგო, როგორ გადაარჩინა საქართველო მისმა ციხეში მოხვედრამ, რადგან სხვა არაფერი გაუკეთებია, და ციხეში რომ არ მოხვედრილიყო, დღეს აღარ ვიარსებებდით?
ამ პარტიის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთავარი პრინციპი მიშას განუმეორებლობა და მისი ნათქვამის ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადებაა, რაც აპრიორი საწინააღმდეგო აზრის განდევნას ითვალისწინებს და ეს რომ ასეა, ამ პარტიაში მიმდინარე ამბებიც ცხადყოფს. ვინ როგორ იყენებს ამას და ვინ ახერხებს, უფრო ხმამაღლა და დამაჯერებლად განადიდოს ბელადი, ეს სხვა თემაა. მიშას ნახმარი ტანსაცმლის გამოფენაც ბელადის განდიდების ერთ-ერთი გამოვლენაა და საზოგადოებასაც ამიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, რადგან საქართველოში ნახმარი ტანსაცმლის გამოფენა მაინც ე.წ. სექენდჰენდთან ასოცირდება და ეს მცდელობაც ამ პარტიისთვის პოლიტიკური "სექენდჰენდი" არ აღმოჩნდეს.
რუსა მაჩაიძე