„რაგბიში Made in Georgia არის შერკინება!“ - კვირის პალიტრა

„რაგბიში Made in Georgia არის შერკინება!“

10 ოქტომბერს დავით ზირაქაშვილი 40 წლის გახდა. საქართველოს ნაკრებსა და ფრანგული რაგბის გამორჩეულმა მორკინალმა კარიერა 2020 წელს დაასრულა. მაშინ მითხრა, რაგბიში მწვრთნელად დარჩენა იმის აღიარება იქნებოდა, თითქოს ახალ ცხოვრებასთან შეჯახების შემეშინდაო. თუმცა, ახალი საქმის წამოწყების მიუხედავად, საყვარელი თამაშის ბოლომდე მიტოვება მაინც ვერ შეძლო და კვირაში ორჯერ პარიზული "სტად ფრანსეს" შერკინებას ეხმარება გაძლიერებაში. ეს ინტერვიუც დედაქალაქიდან კლერმონ-ფერანისკენ მიმავალ გზაზე ჩაიწერა.

- ჩემს დაბადების დღეს ინტერვიუ არასდროს მიმიცია. მატჩისშემდგომი მოკლე კომენტარი აქამდეც ყოფილა, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი ხანგრძლივი ინტერვიუ პირველია.

- 40 წლის გახდი. ცრურწმენის გამო საქართველოში ბევრი ერიდება ამ ასაკის გამხელას. ასეთ რაღაცებს შენც ხომ არ ანიჭებ მნიშვნელობას?

- პატივს ვცემ ყველას, ვინც წინაპრებისგან მოსმენილს ითვალისწინებს, თუმცა თვითონ ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას ასეთ რაღაცებს. რა მნიშვნელობა აქვს, ერთი წლის გახდი, ორმოცის თუ ასის? მთავარია, კარგად გრძნობდე თავს. ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, რაგბის თამაშისას მეც მქონია გარკვეული ჩვევები და "ტრადიციები". კარიერის განმავლობაში ოთხასამდე მატჩი მითამაშია და ფორმის შიგნით ყოველთვის ერთი და იგივე სპორტული ელასტიკი მეცვა, მეორადებში ვიყიდე დიდი ხნის წინ, სარაგბო კარიერის დასაწყისში (ფასიც კი მახსოვს - 1,5 ლარი გადავიხადე!). თავიდან ლურჯი იყო, ამდენი რეცხვისგან მთლად გაიცრიცა, მაგრამ კარიერის ბოლომდე არ მომიშორებია.

- ასაკს მნიშვნელობას არ ანიჭებ, მაგრამ დაბადების დღეს ხომ მაინც აღნიშნავ ხოლმე?

- კარგია, რომ ასაკი გვემატება - ჯობს, ვიზრდებოდეთ, ვიდრე აღარ (იცინის), მაგრამ დაბადების დღეს თითქმის არასდროს აღვნიშნავ, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მირჩევნია, სხვისი იუბილე ვიზეიმო, მას გადავყვე, ვიდრე ჩემსას აღნიშნავდნენ. რით გამოვირჩევი, ჩემს დაბადების დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ მივანიჭო? ზედმეტად მიმაჩნია... შესაძლოა ეს სიტყვები მატრაკვეცობაში ჩამითვალონ, მაგრამ მართლაც ასე ვფიქრობ.

- ახალ საქმიანობაზე ლაპარაკი ჯერ არ გსურს (შევთანხმდით, რომ 2025 წელს ვისაუბრებთ), თუმცა, რაც რაგბის ეხება, იმაზე მაინც მოგვიყევი...

- "კლერმონიდან" იმიტომ წამოვედი, რომ ძალიან გადავიღალე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, კლუბში მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს უნდა მივსულიყავი ხოლმე, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ხუთშაბათსაც მიწევდა მისვლა, პარასკევს კლუბთან ერთად უნდა წავსულიყავი გასვლით მატჩზე, შაბათს ან კვირა ღამით კი კლერმონში დავბრუნებულიყავი (ბევრჯერ 700 კილომეტრიც გამივლია ჩემი ავტომანქანით, ორშაბათ დილას ისევ კლუბში რომ მივსულიყავი). ფაქტობრივად, აღარაფრის დრო აღარ მრჩებოდა, კლუბში სტაფიც შეიცვალა და სამსახურში მისვლა დისკომფორტად მექცა... "კლერმონიდან" წამოსვლის შემდეგ, თანამშრომლობა შემომთავაზეს "მონპელიემ", "ლა როშელმა" და "სტად ფრანსემ". ყველას უარი ვუთხარი, მაგრამ პარიზული კლუბი არ მომეშვა - შენთვის მისაღებ ნებისმიერ გრაფიკზე თანახმა ვართო. ასეთ დროს როგორ გინდა უარი თქვა. შევთანხმდით, რომ კვირაში მხოლოდ ორჯერ ვავარჯიშებ "სტად ფრანსეს" შერკინებას, პირობებითაც კმაყოფილი ვარ და საკმარისი დროც მრჩება ჩემი ძირითადი საქმიანობისთვის.

- კარიერის დასრულების შემდეგ მითხარი, რაგბიში დარჩენა ჩემთვის სიახლის შიშის მაჩვენებელი იქნებოდაო... კმაყოფილი ხარ ამ სამი წლით?

- ცხოვრების წამითაც არ მეშინია, რაც გამომივლია, იმაზე ქვევით ვეღარ აღმოვჩნდები! ბავშვობაში სოფელში, რუსთავში ცხოვრებისას იმდენი რამ ვისწავლე, იმდენი გაჭირვება მინახავს, წარმოუდგენელია, იმაზე დაბლა აღმოვჩნდე. ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ რაც მინდა, იმას ვაკეთებ, მე ვარ ჩემი თავის ბატონ-პატრონი, შემიძლია არავისზე ვიყო დამოკიდებული, ცხოვრებაც და კარიერაც ჩემი შრომით შევქმენი... 06:00 საათიდან გვიან ღამემდე ვმუშაობ, პრობლემებთან გამკლავებაც მიყვარს, დალხენილი ცხოვრება მოსაწყენია ჩემთვის, გამოწვევები მოტივაციასა და ინტერესს მაძლევს... შესაძლოა ცოტათი გადარეულიც ვარ, მაგრამ მე ასე ვუყურებ ცხოვრებას - სიახლეები სულ მჭირდება. რა მასწავლა რაგბიდან წამოსვლამ? დამოუკიდებლობა. არ მოგატყუებთ - არ შემშინებია-მეთქი: თავი დავანებე იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ოჯახი, მეუღლე, ხუთი შვილი, სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულება.... ამ დროს უცებ წყდება კარიერა და... ან უნდა "ჩამოიშალო", ან პირიქით - გამაგრდე და შეუბერო. მე მეორე ვარჩიე.

- რაგბის ღირებულებები ცნობილია - ვაჟკაცობა, ერთმანეთის გატანა, მეტოქის პატივისცემა... ასეთ ყოველდღიურობას მიჩვეულს, "ახალ ცხოვრებაში" არ გაგიჭირდა?

- რაგბი სწორედ ასეთ თვისებებს აერთიანებს, იმავდროულად, კოლექტიური სპორტიც არის, სოციალური კოლექტივი კი - ერთი საქმით, ერთი მიზნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ყველას სჭირდება. გამიჭირდა თუ არა რაგბის მიღმა? არ დაგიმალავთ, საფრანგეთში ძალიან გამომადგა ის გამოცდილება, რაც რუსთავში ცხოვრებისას ვისწავლე ოჯახში, მეზობლებთან ურთიერთობით, ქუჩაში ყოფნისას... საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და გული მწყდება, რომ ბევრი რამ ჩვენთანაც იცვლება - მეზობლობის, მეგობრობის, ნათესაობის ცნებები. ადამიანები მხოლოდ მაშინ ეკონტაქტებიან სხვას, როცა რამე სჭირდებათ. მარტოკაცებად ვიქეცით... აი, გზაში ვარ და ჩემი ავტომანქანა რომ გაფუჭდეს, ტელეფონში ჩაწერილი აპლიკაციით ისე გამოვიძახებ დამხმარეს, არ დამჭირდება მეგობართან ან ბიძაშვილთან დარეკვა. ჩვენ თვითონ თუ არ ვიაქტიურეთ, არ შევინარჩუნეთ ურთიერთობები, ცოტა ხანში ადამიანის საჭიროება უფრო ნაკლები იქნება... წინათ ყველას არ ჰყავდა ავტომანქანა და ავტობუსით ან მატარებლით რომ ჩახვიდოდი ქორწილში, გასვენებასა თუ დაბადების დღეზე, ყველა ვარიანტში იქვე რჩებოდი და ღამეს ათენებდი მონატრებულ ნათესავებთან თუ მეგობრებთან ლაპარაკში... დღეს ყველას მანქანა გვყავს, მაგრამ... ყველას სადღაც გვეჩქარება.

- რაგბის მსოფლიო თასზე გადავიდეთ: საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში "ჩამოგაკითხა" - მოახერხე "ბორჯღალოსნების" რომელიმე მატჩზე მისვლა?

- მადლობელი ვარ რაგბის კავშირის, რომ არ დავავიწყდი და მიმიწვიეს ჩვენი ნაკრების თამაშებზე. სამწუხაროდ, ვერცერთ მატჩზე ვერ შევძელი დასწრება - წლევანდელი გრაფიკის შედგენისას ვერ გავთვალე ეს ამბავი და... ნაკრების მატჩებს ტელევიზიით ვუყურე. იყო თამაშები, სადაც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო საქმე, უფრო მეტად დაფასებულიყო მორაგბეების შრომა... შედეგით მეც გულნატკენი ვარ, მაგრამ ყველა კრიტიკულ კომენტარს არ ვეთანხმები და მითუმეტეს, ჭკუის სწავლებას არავის დავუწყებ, რადგან შორიდან შეფასებები არასწორად მიმაჩნია. ყველამ იცის, რომ უთანხმოება, უფრო სწორად, გაურკვევლობა გვქონდა რაგბის კავშირის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან. ჩემი პრინციპების გამო მე სხვა გუნდს ვედექი გვერდით. შეიძლება არ მომწონდეს მეთოდი, რომლითაც კავშირის ახლანდელი ხელმძღვანელობა მოვიდა, მაგრამ თავს არ მივცემ მისი გაკრიტიკების უფლებას, რადგან არ ვიცი, ჩვენ უკეთ გავაკეთებდით თუ არა საქმეს.

- წლევანდელ მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოსაგებად ჩავედით და... ერთიც ვერ მოვიგეთ!

- ნაკრების მიზანი იყო პორტუგალიის დამარცხება, კარგად თამაში უელსსა და ავსტრალიასთან და ფიჯისთან მოსაგებად გასვლა! სხვათა შორის, ფიჯისთან ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, აი, პორტუგალიასთან კი... იქ რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი მენახა, შესაძლოა მქონოდა კიდეც პრეტენზია, მაგრამ თამაშები ტრიბუნიდანაც კი არ მინახავს და თავს როგორ მივცე ვინმეს გაკრიტიკების უფლება?!

- არც შერკინების?

- შერკინებაზე მართლაც დამწყდა გული... არავის დაავიწყდეს, რომ თუ დღეს საქართველოს რაიმე სახელი აქვს რაგბიში, შერკინების დიდი დამსახურებაა! ქართულ რაგბის ვუსურვებ ბევრი დავით ნინიაშვილი ჰყავდეს! ბევრი მატკავა, ლობჟანიძე, აფრასიძე და სხვები - ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ. მაგრამ რაგბიში mMade in Georgia არის შერკინება! ჩვენს დროს შეიძლება თამაშებს ვერ ვიგებდით, მაგრამ შერკინებაში მაინც ვიფხანდით გულს! ცუდად არც საფრანგეთში გვითამაშია, მაგრამ თვალსაჩინო უპირატესობა აღარ გვქონდა, თანაბრად ვითამაშეთ სხვებთან. ბევრი ქვეყანა ინატრებდა, ასე თანაბრად ითამაშოს ყველასთან, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა პრეტენზია გვაქვს? გული მტკივა და იმიტომ ვამბობ, მინდა ბიჭებმაც სწორად გაიგონ ჩემი სიტყვები - ისეთი გამოცდილი მორკინალები გვყავს, თუ რაღაც არ გამოდიოდა, ტაქტიკა უნდა შეეცვალათ... ფიჯისთან რამდენჯერმე რომ დაჯარიმდები, უნდა გააანალიზო, რატომ ხდება ასე და რაღაც შეცვალო, არ შეიძლება ისევ ცალმხრივი მიწოლა გააგრძელო... ამის გამოსწორების საშუალება იქვე უნდა ყოფილიყო.

- წაგების ტოლფასი ფრე პორტუგალიასთან... ზედმეტმა თავდაჯერებამ ხომ არ გაგვიწია დათვური სამსახური?

- რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, არაო, დიდი ალბათობით, სწორედ ასე იყო... 30-35 წუთის განმავლობაში დიდი უპირატესობა რომ გაქვს, მეტოქეს "ჩეჩქვავ", მაგრამ ამას ქულებში ვერ ასახავ, მარცხს ვერ გადაურჩები. მთელი თამაში უტევ, უდიდეს ენერგიას ხარჯავ და ეს ანგარიშს არ ეტყობა, ნერვიულობას იწყებ და ვეღარც დაცვაში ხარ საკმარისად ეფექტიანი. მეც მქონია ასეთი მომენტები - ძლიერი ბურჯის წინააღმდეგ სხვანაირი განწყობით გავდიოდი, შედარებით სუსტ მეტოქეებთან კი რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება. ალბათ, ეს მომენტიც იყო პორტუგალიასთან, ამაზე თვითონ მოთამაშეები უკეთ ილაპარაკებენ.

- 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მსოფლიო თასი მოგების გარეშე ჩავამთავრეთ. იქნებ კარგიც იყოს ეს წარუმატებლობა, ერთგვარი "გადატვირთვის" ფუნქცია შეასრულოს, რაღაცები სხვანაირად დაგვანახოს...

- ნათქვამია, უკან გადადგმულმა ერთმა ნაბიჯმა წინ ორი უნდა გადაგადგმევინოსო. ძალიანაც ნუ ჩამოვყრით ყურებს და ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსვამთ: უელსს რომ მოვუგეთ, იტალია რომ დავამარცხეთ, ხომ გვიხაროდა?! კარგი იქნება, თუ ამ წარუმატებლობიდან მაინც გამოვიტანთ სწორ დასკვნებს და გვეცოდინება, რატომ წავაგეთ... იმედია, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს პასუხი ამ კითხვაზე. იმედია, რომელიმე მათგანი მაინც იტყვის, რომ ზუსტად იცის წარუმატებლობის მიზეზები და ხვალიდანვე დაიწყებს მათ გამოსწორებაზე მუშაობას. შეცდომის დანახვა და აღიარებაც დასაფასებელია, მაგრამ თუ წაგებას მსაჯს, მოთამაშეებს ან ამინდს დააბრალებენ, გამოდის, წარუმატებლობის მიზეზებს არ/ვერ ხედავენ და უნდა წავიდნენ. ბევრგან წავიკითხე, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად უნდა შეიცვალოსო. წასვლაზე ადვილი რა არის? ყველაზე რთული შეცდომის დანახვა და მის გამოსწორებაზე ზრუნვაა. თუ სამწვრთნელო შტაბი რეალურად აფასებს შეცდომებს და მათი გამოსწორების პირობას დადებს, მუშაობა უნდა ვაცალოთ, მაგრამ თუ მიზეზების ძებნას სხვაგან დაიწყებენ, ეს ნიშნავს, რომ როგორც ფრანგები იტყვიან, "კოსტიუმი გაქვს დიდი" - რაც ჩაგაცვეს, არ მოგერგო და უნდა წახვიდე.

- წინა ინტერვიუში მითხარი, ყველაზე კარგად 2007 წლის მსოფლიო თასი მახსენდება, როცა ნაკრებში ქართველი მწვრთნელები მუშაობდნენო... ისევ ფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებს ქართველი სპეციალისტები უფრო შეეფერებიან?

- აუცილებლად! მაგრამ ის ქართველი მწვრთნელი უნდა ხედავდეს რეალურ პრობლემებს. არ მომერიდება ლევან მაისაშვილის გაკრიტიკება, მაგრამ თუ დღეს ყველა მთავარ მწვრთნელს მივადექით, შენი ბრალია, კარგად რომ ვერ ვითამაშეთო, არც ის დავივიწყოთ, გუშინ მადლობას რომ ვეუბნებოდით უელსისა და იტალიის დამარცხებისთვის. შეიძლება მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ გასაქანი არ გქონდეს რაღაცებში, ყველაფერი შენი სურვილით არ ხდებოდეს. ლევანს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ხვდება, რომ პრობლემა მასშია, არც აღიარება გაუჭირდება. სანამ "სახრჩობელაზე" გავუშვებთ, ისიც ვიკითხოთ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყველა მწვრთნელი მან აირჩია თუ ვალდებულია გვერდით ჰყავდეს? მე სწორედ ამის გამო მიყვარს ჩემი თავისუფლება, რომ ვისთანაც მე მინდა მხოლოდ მასთან ვიმუშავებ!

- ბოლოს სასიამოვნოზეც ვთქვათ: დავით ნინიაშვილი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს...

- ნინიაშვილის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ თამაშს სულ "აცოცხლებს", ყოველთვის პოულობს შეტევის გაგრძელების საშუალებას! თანაგუნდელებმაც უნდა აუბან მხარი და ბურთს ყოველთვის მიიტანს მათთან. დათო ძალიან გუნდური მოთამაშეა, სულ ცდილობს სხვა ათამაშოს და ამიტომაც არის ასეთი მაგარი. მწვრთნელმა სწორედ ასეთ მოთამაშეზე უნდა ააწყოს თამაში, არ უნდა მისცეს საშუალება მხოლოდ ინდივიდუალურად იბრწყინოს.