„პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს ამბავი იცოდა და არ აცნობა პოლიციას!“ - კვირის პალიტრა

„პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს ამბავი იცოდა და არ აცნობა პოლიციას!“

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 9 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი გენდერის ნიშნით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო­ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით, არასრულწლოვნის დედასა და ბიძასაც წაუყენეს ბრალი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, სასამართლომ კი ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა... მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იარაღი იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე და ამტკიცებდა, არ ვიცოდი გოგონა არასრულწლოვანი თუ იყოო. "მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო", - ასე ცდილობდა თავის მართლებას ალიმ ასლანოვი პროცესზე, რომელიც სასამართლოს განაჩენს ელოდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გოგონა ბრალდებულს მოტაცებული ჰყავდა. მოზარდი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა იძულებით ქორწინებას და მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა... უმძიმესი მოსასმენი იყო დედის მონათხრობიც: "არ მოგვეშვა, წინ და უკან იარა. ერთ დღეს ბავშვი ხბოს მოსაყვანად წასულა. ის ჩასაფრებული ყოფილა. მანქანაში ჩაუტენია. ჩემს შვილს გაქცევა ნდომებია, ტირილი აუტეხია. მას წიხლები ურტყამს, უგინებია. სახლში რომ მიუყვანია, კიდევ უცდია ბავშვს გაქცევა, მაგრამ ბაღში დაუჭერია, ყელზე თოკი გამოუბამს და თრევით წაუყვანია სახლში... მე არ გამიტანებია. ვუთხარი, ჯერ ამის დრო არ არის, 17-18 წლის რომ გახდება, მერე გეტყვი პასუხს-მეთქი. ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა­ ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავო... ვითხოვ, რომ ეს ადამიანი მოკვდეს ან სამუდამო პატიმრობა მისცენ", - ამბობდა გოგონას დედა. აშკარა იყო თავიდანვე, ოჯახმა იცოდა, რომ მამაკაცი გოგონაზე ძალადობდა და არაფერი მოიმოქმედა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი იცოდა მოძალადის ოჯახმა, მეზობლებმა, თუმცა არავინ გამოესარჩლა მოზარდს.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება კიდევ ერთი, სს კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს... გამოძიებით გაირკვა, რომ მოკლულის დედა ეგანა მაგარამოვა ყველაფრის საქმის კურსში იყო, ისიც იცოდა, გოგონა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო, მაგრამ შვილის დასაცავად არაფერი გააკეთა. მეტიც, პროკურორ ხატია გოგრიჭიანის თქმით, გოგონა მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას ცდილობდა და ერთხელ აბაზანის ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა... ქუჩაში უცხო ადამიანს ტელეფონი სთხოვა, ოჯახს დაუკავშირდა და დედას ტირილით ეხვეწებოდა, უკან არ დამაბრუნოო, დედამ კი, ნაცვლად დახმარებისა, ისევ მოძალადესთან მიიყვანა. ამიტომაც სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის დედასა­ და ბიძას, დედის ძმას, ნატიკ მაგარამოვს ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აქვე განვმარტავთ, რომ მოკლულის ბიძა, წარსულში­ ქალზე ძალადობისთვის ნასამართლევია... პროკურორ ხატია გოგრიჭიანის თქმით, 14 წლის გოგონას იძულებითი ქორწინების­ ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედამ აიძულა გოგონა ეცხოვრა მამაკაცთან, რომელთანაც მას ურთიერთობის სურვილი არ ჰქონია. მისივე შეფასებით, სწორედ დედას მიუძღვის წვლილი გოგონას გარდაცვალებაში: "ფაქტობრივად, დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედაა ის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში... გაქცეული გოგონა დედას უკან რომ არ დაებრუნებინა, ბავშვი გადარჩებოდა... ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება... დედას მოეწონა­ ასაკით უფროსი მამაკაცი და აიძულა გოგონა, რომელიც თავისუფლების უკანონო­ აღკვეთისა და იძულებითი ქორწინების დროს ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, გათხოვილიყო­ უცნობ მამაკაცზე, რადგან ის შეძლებული გახლდათ და ჰყავდა ცხვრის ფარა. დედა იყო ნიშნობის ორგანიზატორიც...­"

საზოგადოება მამის დასჯასაც ელოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, გოგონას მშობლები გაშორებული იყვნენ. მამა წლებია საქართველოდან წასულია. ისა შახმაროვი­ შვილის მკვლელობის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, ირწმუნება, რომ მან არაფერი იცოდა და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.

"ჩემი ძმა წლებია დაშორებულია ცოლს, ბავშვები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელში იზრდებოდნენ. მამა მათ ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ ოჯახთან ურთიერთობა არ გვქონია, არც გათხოვების ამბავი ვიცოდით. ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მას შვილი მოუკლეს და სამართლებრივ ბრძოლას ითხოვს. დედამისი შვილებთან ურთიერთობას უკრძალავდა", - განაცხადა მოკლულის ბიძამ.

პროკურორი ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, ბრალდების მხარე კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს აუცილებლად გაატარებს.

გოგონას მამა შვილის მკვლელობაში­ ყოფილ მეუღლესა და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს. მას გვერდით უდგანან აქტივისტები და 14 წლის გოგონას საქმეზე სკოლის დირექტორის ჰამლეტ ისმაილოვის დასჯას ითხოვენ. მათი მტკიცებით, სკოლამ ყველაფერი იცოდა. ცნობილი ხდება, რომ 13 ოქტომბერს სკოლის დირექტორი გენერალურმა ინსპექციამ რესურსცენტრში გამოკითხა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში რეანიმობილით გადაიყვანეს. ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა... აქტივისტები ამბობენ, რომ დირექტორი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან მან ყველაფერი იცოდა: "აითა­ჯი დაუნიშნავთ 2022 წლის დეკემბერში. 2023 წლის ივნისში ის სულ ორი დღე ესწრებოდა გაკვეთილებს.­ რომ დანიშნეს,­ დედამისი მისულა დირექტორთან, რომელიც წლების განმავლობაში აითაჯის გარდა, სხვა გოგონებზეც "ზრუნავდა"... ის არაერთხელ დამუქრებია მასწავლებლებს სკოლიდან გარიცხვით იმ მიზეზით, რომ ვინც არ დადიოდა სკოლაში, მათთვის ნიშნები მაინც დაეწერათ... დირექტორმაც ცოლად არასრულწლოვანი მოიყვანა - 2015 წელს თავის 15 წლის მოსწავლეზე დაქორწინდა. მაშინ თურმე ჰამლეტის საქმესთან დაკავშირებით შსს-სთვის მიუმართავთ, მაგრამ ჰამლეტის გარდა ყველა დაუჯარიმებიათ..."

ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც წლებია ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს, ამბობს, რომ კიდევ უნდა გაიზარდოს დამნაშავე პირთა წრე და ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს!

- უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი. სახელმწიფომ 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის უნდა დასაჯოს ქმარი, რომელიც მოზარდთან უკანონო არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, მაგრამ ამის პარალელურად ბევრი დანაშაული იკვეთება. კერძოდ, ქორწინებაზე იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მოზარდის გაუპატიურება და ა.შ. დარღვეულია კოდექსის არაერთი მუხლი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც იცოდა, რაც ხდებოდა და რეაგირება არ მოახდინა ძალადობაზე. ისინი ვალდებული იყვნენ დაერეკათ პოლიციაში, რაც არასოდეს არავის გაუკეთებია ამ თემში, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს არის ტრადიციით შეფუთული მავნე ქცევა, რაც ხშირია აზერბაიჯანელთა თემში. დიახ, ასეთ დროს როგორც ბავშვის მშობლებს, ასევე მათ ^მეზობლებს, ახლობლებსა და სკოლას ეკისრებათ პასუხისმგებლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაც. შეიძლება მთავარი აქტორი იყოს სკოლა, მანდატურის სამსახური, რომლებიც ვალდებული იყვნენ გაერკვიათ, სად იყო 14 წლის გოგონა, რატომ არ დადიოდა სკოლაში. ყველა ინსტიტუციის უმოქმედობამ, ყველა პირის დუმილმა ხელი შეუწყო ძალადობას, რაც მოზარდის სიკვდილით დასრულდა. როგორც ყოველთვის, არავის სურს ითანამშრომლოს პოლიციასთან, რომელიც ამ თემში ძალიან ინერტულია. ასე რომ, სახელმწიფო უწყების ვერც ერთმა რგოლმა ვერ იმუშავა, რათა დროულად გამოევლინა მოზარდზე ძალადობა.

მე არ მახსენდება ჩემს პრაქტიკაში საქმე, გარდა გამონაკლისებისა, როგორიც არის ჩინარა კოჯაევას საქმე. თითზე ჩამოსათვლელია საქმეები, როცა მსხვერპლს სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მისცეს გარანტია, რომ არ დაბრუნდებოდა მოძალადესთან. ამ თემში ხშირია მოზარდი გოგონების გათხოვება, რასაც ხშირად დანაშაული მოსდევს, ახლავს მძიმე ძალადობა, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუპატიურება. მოზარდს არავინ ეკითხება არაფერს, რადგან თემში ფესვგადგმული სტერეოტიპული კლიშეები ამბობს, რომ გოგო უნდა გათხოვდეს, უნდა ჰყავდეს პატრონი. ამ მავნე სტერეოტიპულ გავლენაში მოქცეული საზოგადოება სხვანაირად ვეღარ აზროვნებს. 14 წლის აითაჯის­ დედას შეეძლო ებრძოლა, საჯარო განცხადება გაეკეთებინა, პოლიციაში დაერეკა, მაგრამ პრობლემა ის არის, ამ თემში არავის სჯერა, რომ მათ პოლიცია დაეხმარება.

მახსენდება ხანუმ ჯეირანოვას უმძიმესი­ საქმე, როდესაც არაერთმა მეზობელმა და გარეშე პირმა სახალხოდ ჩაქოლა გოგონა. უმძიმესი წასაკითხი იყო საქმის მთავარი ფიგურანტის, ხანუმ ჯეირანოვას მამის ჩვენება, ის ამბობდა, რომ მისმა შვილმა­ ოჯახი შეარცხვინა. ახალგაზრდა ქალი ქუჩაში ათრიეს და მან თავის ჩამოხრჩობით იხსნა თავი მოძალადეებისგან, თუ შეიძლება ამას ხსნა ვუწოდოთ. თავზარი დამცა მამამისის ჩვენებამ, რომელიც მოგვიანებით შეცვალა. საერთაშორისო ორგანოებმაც დაადასტურეს, რომ ეს იყო ძალიან მძიმე, სტერეოტიპებითა და გენდერული, ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული. ჯეირანოვას საქმეშიც არაერთი პირის ბრალეულობა იკვეთებოდა, მაგრამ არავინ დასჯილა. იგივე შეიძლება ითქვას 14 წლის აითაჯის საქმეზეც. მისი ამბავი იცოდა ყველამ, სკოლამ, სამეზობლომ, ნათესავებმა, ბიჭის სოფელმა, დედამ, რომელსაც გოგონა შესჩიოდა, რომ იქიდან თავის დაღწევა უნდოდა, მაგრამ არავინ დაეხმარა. ამიტომ გაბედა მოძალადემ მისი მოკვლა. გოგონას ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა ვინმეს მხარდაჭერა, დღეს ცოცხალი იქნებოდა.

ენით აღუწერელია ეს ტრაგედია, 14 წლის გოგონა შეეწირა თემში დამკვიდრებულ უზნეო წესს, მან თავისი სიცოცხლით უპასუხა ამ შემზარავ უკანონობას. უთუოდ ბევრი ფიქრობდა, როგორ გაბედა 14 წლის გოგონამ და უარი თქვა 28 წლის ქმართან დარჩენაზე. მას არავინ გამოესარჩლა. რა თქმა უნდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს, თუმცა სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაც აშკარაა. ამ თემში არ სჯერათ, რომ შეუძლიათ დარეკონ "112"-ში და პოლიცია დამნაშავეს პასუხს მოსთხოვს, რადგან თვითონ პოლიციელებიც ფიქრობენ, რომ ეს მათი ტრადიციის ნაწილია. ამიტომაც არ რეაგირებენ ასეთ ფაქტებზე. თუ სასწაული მოხდა და რომელიმე საქმეზე გამოძიება დაიწყეს, დამნაშავეს საპროცესოს უფორმებენ, ახდევინებენ ჯარიმას და მორჩა, ეს კი ახალისებს დამნაშავეებს. ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, მათი ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა სისტემატური სააგიტაციო კამპანია მათ მშობლიურ ენაზე. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მძიმე ვითარებაა და სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. არცთუ იშვიათად მშობლები ფიქრობენ, რომ ადრეული ქორწინებით მოზარდს უკეთეს მომავალს შეუქმნიან. ეს ხშირად გამომდინარეობს ეკონომიკური, სოციალური სიდუხჭირიდანაც. სხვათა შორის, როცა ჩინარა კოჯაევას ათხოვებდნენ, თავისი სიმტკიცის წყალობით თავი დააღწია ამას. ამისთვის მამამისი დააკავეს. ეს იყო კარგი მაგალითი ადგილობრივებისთვის, მინიშნება, რომ ამ ქმედებისთვის სხვებიც დაისჯებიან. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება მომხდარი შეფასდეს როგორც ოჯახის წევრის მკვლელობა. ეს არ იყო ოჯახი, აქ უმძიმეს დანაშაულთან გვაქვს საქმე. სირცხვილია ოჯახი უწოდო ამ ორი ადამიანის ურთიერთობას. დასასჯელია კიდევ ბევრი ადამიანი, წრე დიდია და, ალბათ, ამდენი ადამიანისთვის დევნის დაწყებას ერიდება სახელმწიფო, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, რათა მსგავსი დანაშაულები აღიკვეთოს. პოლიციას, მართლწესრიგის ოფიცერსა და სკოლას აქვთ სრული ლეგიტიმაცია, რომ ასეთი ფაქტის გაგებისთანავე დაიწყოს გამოძიება. პრობლემა ისიც არის, რომ 14 წლის ბავშვის გათხოვებას შს სამინისტროც ამ თემის ტრადიციად აღიქვამს. მოძალადე მაშინვე რომ დაესაჯათ მოზარდის მოტაცებისთვის, ტრაგედია არ დატრიალდებოდა. შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება ნიშნობის დროს ან მაშინ, როცა გოგონა მოიტაცეს, ან როცა გამოიქცა. მოზარდის საწინააღმდეგოდ იმოქმედა დედამ, ბიძამ, დამნაშავის ოჯახმა, სკოლამ, მეზობლებმა, ყველა დამნაშავეა ამ ბავშვის წინაშე. პირველ რიგში უნდა გამოიძიონ გოგონას მოტაცების ამბავი. მოზარდისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უნდა გაირკვეს, დამნაშავეს მოტაცების დროს ჰყავდა თუ არა თანამზრახველები და დადგეს მათი პასუხისმგებლობაც. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის Pპასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც ეს ამბავი იცოდა და არ აცნობა პოლიციას. ესეც მძიმე მუხლია, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მუხლი, რაც უნდა წარედგინოს ბრალდებულს, არის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი - გაუპატიურება, ასევე წამების მუხლი, რადგან ცნობილია, რომ მოძალადე ბავშვზე ძალადობდა, სცემდა. იმედია დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზრდება.