„ეს ტრაგედია უნდა იყოს გამოღვიძება...“ - კვირის პალიტრა

„ეს ტრაგედია უნდა იყოს გამოღვიძება...“

ეთნიკურ უმცირესობებში არსებულ ტრადიციებსა და პრობლემებზე "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" დამფუძნებელს სამირა ისმაილოვას ვესაუბრეთ:

- ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ტრადიცია შესაცვლელია. მათი შეფუთვა რელიგიური­ ან ეთნიკური ნიშნით დიდი შეცდომაა და კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანისთვის­ იძულებით თავისუფლების აღკვეთა, მასთან სქესობრივი ურთიერთობა, სამართლებრივად დასჯადია. არაერთხელ გვითქვამს, რომ სკოლას, მით უმეტეს ასეთ სპეციფიკურ რაიონებში, უნდა ჰქონდეს მონიტორინგის მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს,­ სად არიან სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები. 14 წლის გოგონას სკოლის დირექტორმა თქვა, რომ გოგონა რამდენიმე დღის წინ სკოლაში იყო, არადა, ის 2 თვის განმავლობაში მკვლელს ლამის ტყვედ ჰყავდა. ბევრი შემთხვევაა, როცა გოგონები გაჰყავთ სკოლიდან და არავინ კითხულობს, რატომ, სად არიან ისინი. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტე. როცა ლაპარაკია ბავშვის ბედზე, ბევრი სამართლებრივი ასპექტია გასათვალისწინებელი. ასეთ რაიონებში მისი უფლებები ხშირად უხეშად ირღვევა. მერწმუნეთ, გოგონა ქუთაისში რომ გაეტაცებინათ, სულ სხვანაირი რეაგირება იქნებოდა. ჩვენთან კი ეს ინიღბება, ტრადიციით ვფუთავთ. ნურას უკაცრავად, ეს არ არის ჩვენი ტრადიცია, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

- სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერ გრძნობთ?

- საკანონმდებლო დონეზე ფანტასტიკური კანონები გვაქვს, მაგრამ მათი აღსრულება პრობლემაა, ხან არ არის დროული,­ ხან საერთოდ არ არის რეაგირება. ეს კი მოძალადეებს დაუსჯელობის განცდას უქმნის, ასეთია ჩვენი ტრადიციაო. მოზარდის ცხოვრებაში მშობლებთან ერთად დიდ როლს უნდა ასრულებდნენ მასწავლებელი, დირექტორი, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ ამგვარი პროცესების მაყურებლები არიან. მთავარი პრობლემა საზოგადოებაშია. ეს ადამიანებიც ამ თემის წარმომადგენლები არიან და არ სურთ დაპირისპირება მეზობელთან, ნათესავთან. ასეთ დანაშაულზე ხელის დაფარებაც უნდა ისჯებოდეს კანონით. ჩვენ ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია მოსწავლეებთან და ბევრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, თუ რატომ მიატოვეს გოგონებმა სწავლა, თუმცა ხმას არ იღებდნენ. თვითონვე ესწრებიან მათ ნიშნობებსა და ქორწილებს.

თუ სახელმწიფო არ ჩაერევა ამ ჩაკეტილი წრის გარღვევაში, კიდევ არაერთი უბედურების მომსწრენი ვიქნებით. ეს არ არის ტრადიცია, ეს არის თემის ჩაკეტილობის გამო ჩამოყალიბებული მიდგომები, რომლებიც მყარად დამკვიდრდა. როდესაც 14 წლის ბავშვს სკოლას ჩამოაშორებენ და ნიშნავენ ან ათხოვებენ, სახელმწიფოსა და საზოგადოების რეაქცია მწვავე უნდა იყოს. წესით, პოლიცია უნდა გვიცავდეს, არადა, ჩვენს რეგიონში მას არ ენდობიან, რადგან ასეთ შემთხვევებზე რეაგირება არასათანადო და არაეფექტურია. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ვიღაც ნაცნობს გამონახავს, შეთანხმდებიან... არის ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა უშუალოდ გოგონებსა და მათ ოჯახებზე, დანამუსება, სასამართლოში რომ უჩივლო, ციხეში ჩასვამენ, ასე როგორ უნდა გაწიროო. ამ ყველაფრის ფონზე გოგონებიც თანხმდებიან არასასურველ ქორწინებას. სახელმწიფო ინსტიტუცია თავის ფუნქციას ზედმიწევნით რომ ასრულებდეს, ასეთი შემთხვევა ბევრად იშვიათი იქნებოდა. არ უნდა იყოს გარჩევა ეთნიკური ნიშნით, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გადახედავენ ზოგად პოლიტიკას. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აუცილებელია შეხვედრები საზოგადოებასთან, თემთან. აუცილებელია სკოლებში მუდმივი მონიტორინგი, უნდა აღიკვეთოს გოგონების სკოლიდან გაყვანა, თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. თუ იქნება პოლიტიკური ნება, ადრეული ქორწინების პრევენცია შესაძლებელია.

- ახალგაზრდა მშობლების აზროვნება არ განსხვავდება უფროსი თაობისგან? ისინიც ეთანხმებიან ადრეულ ქორწინებას?

- რა თქმა უნდა, ტენდენცია უკეთესია, მაგრამ არის ერთი პრობლემა - ჩვენ ძალიან ტრადიციულად ვიზრდებით. რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად - ბებია, ბაბუა, შვილები, შვილიშვილები. ოჯახში ყველაფერს წყვეტს ადამიანი, რომელიც მატერიალურად უზრუნველგვყოფს. ხშირად ეს არის მამა და დედას, რომელიც ბავშვებს ზრდის, უვლის, აზრს არავინ ეკითხება. უმრავლესობა ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. გადაწყვეტილების მიმღები პირები, უფროსი თაობა გავლენას ახდენენ იმ ახალგაზრდა მშობლებზეც. მე თვითონ და ჩემი ოჯახიც თავის დროზე ბულინგის მსხვერპლი ვიყავით. დედაჩემმა 15 წლის ასაკში დანიშნა ჩემი და და 16 წლისა გაათხოვეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ შუამავალი, რომელიც მოლაპარაკებას მართავდა ჩვენს ოჯახთან, ოჯახის ახლობელი იყო, დედაჩემს გაუთავებლად ჩასჩიჩინებდნენ, ამაზე უკეთესს ვის უნდა გაჰყვეს, მასწავლებლის შვილიშვილიაო. დედაჩემს სურდა მის შვილებს ესწავლათ, თუმცა საბოლოოდ ზეწოლას მანაც ვერ გაუძლო. ამიტომ არის საჭირო სწრაფი რეაგირება, რათა გარე აქტორებს არ ჰქონდეთ დრო მოზარდის ბედის გადაწყვეტაში ჩასარევად.

იშვიათად, ვინმეს მოსწონდეს იძულებითი ქორწინება. ყველას სურს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამის მოტივაციას ძირშივე უკლავენ. დიდ როლს თამაშობს შიშიც. მე ყველას ვეუბნები, როდესაც საკითხი ეხება თქვენს უსაფრთხოებას, მომავალს, რაც არ უნდა გითხრან დედამ, ბებიამ თუ მეზობელმა, რომ მათ საუკეთესო სურთ თქვენთვის და გთავაზობენ გათხოვებას, თუ ეს მიუღებელია, დარეკეთ შესაბამის ორგანოებში. ხშირად ბიჭებიც აპროტესტებენ ადრეულ ქორწინებას...

ამ გოგოს ტრაგედია გაკვეთილი უნდა იყოს ყველა მშობლისთვის, სხვა გოგონებისთვის, რომლებიც შეიძლება პოტენციური მსხვერპლები არიან. ეს ტრაგედია უნდა იყოს გამოღვიძება, ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ ახალგაზრდები.

სოფო კაჭარავა