ისრაელის "ლაზერული იარაღი" და აგვისტოს ომის ვიდეოკადრები - ქართული "ტელესპექტაკლიდან" მრისხანე იარაღად გასაღებულ მულტფილმამდე?!
მთელი მსოფლიოს ყურადღება რომ ისრაელზეა მიპყრობილი, იმის მოლოდინში, თუ როდის შეიჭრება „ცახალი“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ გასანადგურებლად, გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს თვით ძალზე სერიოზული საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები...
ერთ-ერთ ასეთ „ფეიკად“ იქცა დღეს დილიდან მთელ მსოფლიოში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებზეც თითქოს ისრაელმა ლაზერული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, სახელწოდებით "რკინის სხივი" პირველად გამოიყენა…
ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა მსოფლიოს შეიარაღების ისტორიაში, თუკი ისრაელი მართლაც პირველად გამოიყენებდა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ლაზერული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, მაგრამ ეს ყველაფერი... მხოლოდ მულტფილმია, უფრო სწორად კი - კომპიუტერულ თამაშ Arma 3-იდან ამოღებული ვიდეოკადრები, რომელთა სინამდვილედ გასაღების მცდელობა იყო, რაც მსოფლიოში უკვე ნახა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა, ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ კი ერთ-ერთ წამყვან ახალ ამბებად გადმოსცა...
Iron Beam-ის ანუ „რკინის სხივის“ ლაზერული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას ისრაელის ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნი Rafael-ი მართლაც ქმნის და ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა სინგაპურის გამოფენაზე, სადაც ირწმუნებოდა, რომ ასზე მეტი წარმატებული გამოცდა ჩაატარა საარტილერიო ნაღმებისა და ჭურვების, ასევე, ზოგიერთი დრონის 7 კმ-ის სიშორეზე ჩამოგდების სახით, როდესაც მობილურ დანადგარზე დამონტაჟებული „რკინის სხივის“ რადიოლოკატორი ჯერ აღმოაჩენდა მფრინავ ობიექტს, შემდეგ კი მასზე 4-5 წმ-ით მიმართავდა მაღალენერგეტიკულ ლაზერის სხივს და ანადგურებდა მათ...

ყოველივე ამის ამსახველი რეალური ვიდეოკადრებიც არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განვლილ 9 წელში ვერ მიიღო ის შეიარაღებაში, მიანიშნებს გარკვეული ტექნიკური პრობლემების არსებობას, თუმცა ისრაელელი ინჟინრები ირწმუნებიან, რომ „რკინის სხივის“ ლაზერული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა მომავალ, 2024 წელს ჩადგება საბრძოლო მორიგეობაზე...
იხილეთ Iron Beam-ის ანუ „რკინის სხივის“ ლაზერული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოცდის რეალური ვიდეოკადრები...
P.S. ისრაელის „რკინის სხივთან“ დაკავშირებულმა ამ მასობრივმა „ფეიკმა“ ერთი ჩვენებური „ოინი“ გამახსენა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ერთმა ქართულმა პროსახელისუფლებო ტელეარხმა (თუ არ ვცდები, „რუსთავი 2-მა“, თუმცა მაშინ თითქმის ყველა წამყვან ტელევიზიას ხომ ხელისუფლება აკონტროლებდა!) პირდაპირ ეთერში „პროფესიონალურად“ ჩაატარა - გაჩვენებთ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს, რომელზეც მოჩანს ქართველი მებრძოლის მიერ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან - „იგლადან“ ცხინვალის რეგიონში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების მომენტიო - ასეთი იყო ტელეარხის წამყვანების კომენტარი...
ეს ვიდეოკადრები მობილური ტელეფონის ეკრანზე მაჩვენეს იმ ჩვენმა სამხედროებმა, რომლებსაც აგვისტოს ომის შემდეგ თავისი ჯავშანტექნიკა ცოტა ხნით ქსანთან ჰყავდათ გადამალული და მკითხეს, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს...
ტელეფონის პატარა ეკრანზე ძალიან რთული იყო ბევრი დეტალის გარჩევა, თუმცა პირველ რიგში, რაკეტის გაშვების სპეციფიკურმა ხმამ დამაეჭვა - სადღაც უკვე მქონდა გაგონილი, ოღონდ ის განსხვავდებოდა ნამდვილი „იგლას“ რაკეტის სტარტის ხმისგან...
იხილეთ კომპიუტერულ თამაშ Arma 3-იდან ამოღებული ვიდეოკადრები, რომელთა გასაღება ისე უნდოდათ, თითქოს საბრძოლო სიტუაციაში პირველად იქნა გამოყენებული „რკინის სხივი“... გადადით ლინკზე
უკანა გზაზე, სანამ სახლში დავბრუნდებოდი ეჭვის ჭია მღრღნიდა, თუ სად გამეგონა ეს ხმა და შუა ტრასაზე მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე - რა თქმა უნდა, მეც, ხომ, არა ერთხელ „გამიშვია“ „იგლას“ რაკეტა თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოსაგდებად და ყოველთვის ეს სპეციფიკური ხმა ისმოდა-თქო, - გამახსენდა...
2000-იანი წლების დასაწყისში თბილისში, მეუნარგიას ქუჩაზე მაშინ მდებარე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში დაამონტაჟეს იმ დროისთვის, ჩვენთვის თანამედროვე კომპიუტერული სიმულიატორი, რომლის დიდ ეკრანზეც ხდებოდა საჰაერო სამიზნეების ფრენების გამოსახვა, ხოლო ეკრანის წინ მდგარი მეზენიტე-მსროლელი მხარზე გადებული „იგლას“ სავარჯიშო სარაკეტო დანადგარიდან რაკეტის სასწავლო ელექტრონულ სტარტს ახორციელებდა, ეკრანზე კი ისე მოჩანდა, თუ როგორ მისდევდა „კუდში“ მოწინააღმდეგის თვითმფრინავს, ვითომ გასროლილი „იგლას“ რაკეტა იყო...
სახლში დაბრუნებულმა, უკვე კომპიუტერის ეკრანზე შევხედე იმ ტელეკომპანიის „ექსკლუზიურ“ კადრებს და კარგად გამოჩნდა, რომ მსროლელს მხარზე ყვითელი ფერის „იგლა“ ედო - ყვითლად კი სწორედ სასწავლო გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ღებავენ...
ყვითლად გადაღებილი „იგლადან“ რუსული ბომბდამშენის „ჩამოგდების“ ამბავი მაშინ იმ ტელეკომპანიამ შეიძლება დააჯერა ტელემაყურებლების დიდ ნაწილს (თუმცა „კვირის პალიტრამ“ ამ ფაქტის შესახებ სიმართლე მალევე მაინც დაწერა და მაშინდელი სახელისუფლებო წრეებში მორიგი დიდი გაღიზიანება გამოიწვია), მაგრამ დღეს რომ მილიონობით ადამიანს ასევე სჯერა ნამდვილად გასაღებული კომპიუტერული მულტფილმების, ცუდია...