გურული ღვინის პარტიაში 35 ჯიში და 20 სხვადასხვა ღვინოა
გურულ ბუკისციხელ მეღვინე თეიმურაზ შარაშიძეს 35-მდე ვაზის ჯიში აქვს გაშენებული და 20-მდე სახეობის ღვინოს აყენებს. ბატონ თეიმურაზს მიაჩნია, რომ ეს საქმე გურიაში ყოველთვის საუკეთესოდ იცოდნენ და იციან. "ჩემი დაყენებული ღვინო განსაკუთრებულია. სხვადასხვა ფესტივალზე, დეგუსტაციებზე ურიგო შეფასებები არა აქვს, რაც ადვილად მისაღწევი არ ყოფილა. გურულებს განსაკუთრებული ღვინო გვაქვს. ეს უპირველესად ჯერ ჩვენ დავიჯერეთ და მერე ვეცადეთ ღვინო საზოგადოებამდე მიგვეტანა. სხვებსაც მოსწონთ და ეს ძალიან მიხარია".
თეიმურაზ შარაშიძე: - სამწუხაროდ, ასეა ცნობილი, რომ გურიაში მევენახეობა-მეღვინეობას ნაკლებად მისდევდნენ. არადა, ჩვენს კუთხეში მევენახეობა წლების განმავლობაში იყო განვითარებული, უბრალოდ, არ ჩანდა და ხალხს გურულ ვაზზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა. ახლა ძველი ჯიშების აღორძინებას ვცდილობთ. უკვე რამდენიმე მარანიც არის, რაც გურულ ღვინოს პოპულარობას მოუტანს.
- როგორც გავიგე, ამ საქმით ბავშვობიდან ყოფილხართ დაინტერესებული, ესე იგი, ოჯახი მისდევდა მევენახეობას.
- დიახ, ბაბუაჩემი და მამაჩემი, ახლა მე გავაგრძელე და, ალბათ, ჩემი შვილებიც არ შეწყვეტენ ტრადიციას. ჩემმა სამივე ვაჟმა კარგად იცის ვენახის გაშენებისა და მოვლის საიდუმლოებანი.
- თქვენს კუთხეში ტრადიციული და სახასიათო ჯიში მაინც ჩხავერია...
- ასეა და მეც ჩხავერით დავიწყე. 1980 წელს შემეძინა პირველი ვაჟი და მაშინ ჩავყარე პირველი ჩხავერი. მერე გაგრძელდა და უკვე 35-ჯიშამდე მაქვს - მათ შორის გურული 25-ია.
ჩვენს სოფელში იყო ერთი კარგი კაცი, პედაგოგი, მევენახე და მეღვინე შოთა შარაშიძე. სკოლაში შრომის გაკვეთილებზე მევენახეობას გვასწავლიდნენ და შოთა მასწავლებელი იყო ამის სათავეში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ვაზის მოვლის მეტ-ნაკლები ცოდნა და გამოცდილება გვქონდა, განსაკუთრებით ბიჭებს. შოთა ჩემზე ამბობდა, შარაშიძეს დამოუკიდებლად შეუძლია ვაზის გასხვლა-ფორმირებაო. ბატონ შოთას 1960 წელს ჰქონდა საკოლექციო ნაკვეთი გაშენებული, სადაც 11-მდე გურული აბორიგენი ჯიშის ვაზის რიგები იყო. დღესაც არის ის საკოლექციო ფართობი შემორჩენილი და იქაური 11 ჯიში ჩემთანაც გადმოვიტანე. დანარჩენები, ასე თუ ისე პოპულარული, რომელთა სახელი გამეგონა და წიგნშიც წამეკითხა, თუ სადმე ვიპოვიდი, მომქონდა. დიდი ნაწილი ჯიღაურაში ვიშოვე.
- რა ფართობზეა ვენახი?
- ბუკისციხე მცირემიწიანია. ჩვენს ოჯახსაც არ ჰქონდა დიდი მიწა, დაახლოებით 5 ათას მეტრამდე. მერე თანდათან, როცა გლეხები ყიდდნენ, მათგან შევიძინეთ და ახლა 15 ათას კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული ჰექტარ-ნახევარი ვენახი, ყველაზე მეტი ჩხავერია.
- ამ ჯიშებს ცალ-ცალკე წურავთ თუ კუპაჟებს აკეთებთ?
- როცა მცირე რაოდენობითაა, ჯერ ახალგაზრდაა სხვადასხვა ვაზი, ამათ ვაერთიანებ და კუპაჟს ვაკეთებ. ახლა 20-მდე სხვადასხვა ღვინო მაქვს.
- თქვენ მარანი ღია ცის ქვეშ არის...
- აქ ნესტიანი ჰავაა, ამიტომაც ღია ცის ქვეშაა მარანი, რათა სოკო ნაკლებად განვითარდეს. ჩემი ჭურები ძველია, ჩემი დიდი ბაბუის. ზოგი დაზიანებულია და ამიტომ უმეტესად ღვინოს უჟანგავ ჭურჭელში ვაყენებ.
პირველ მწვანე ოპერაციებს მე ვაკეთებ ხოლმე. შვილებიც მეხმარებიან და დამხმარეც მყავს, რომელიც შეწამვლაზე მუშაობს. ორი წელია, ბიოასოციაციის წევრი ვართ. ვცდილობ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევქმნათ. წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და გვამოწმებენ.
- მეღვინეობა-მევენახეობას კი მისდევთ, მაგრამ პროფესიით ინჟინერი ხართ.
- წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურში - ჩემს რაიონშიც, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში... პანდემიის შემდეგ წამოვედი თბილისიდან და მევენახეობა-მეღვინეობას საფუძვლიანად მოვკიდე ხელი.
- იშვიათი რამ ხდება თქვენთან - ჭადრაკს ღვინით თამაშობთ.
- ეს ჩემმა მეუღლემ მოიფიქრა - 60 წლის რომ გავხდი, ჭადრაკის დაფა მაჩუქა. ჭადრაკი ღვინით პირველად მაშინ ვითამაშეთ. ერთი მხარის "ფიგურები" წითელი (სხვადასხვა) ღვინით ივსება, მეორე მხარის - თეთრი სხვადასხვა ღვინით. ფიგურები იმით განირჩევა, რომ ჭიქებია ნაირ-ნაირი. დედოფალი ძალიან ლამაზი მაღალფეხიანი ჭიქაა. როცა ვთამაშობთ, დედოფლის სასმისი ყოველთვის ჩხავერითაა შევსებული. ჩხავერი ხომ დედოფალია.
- ნამდვილად სახალისო იქნება ასეთი ჭადრაკი... ახლა საკმიელაზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა.
- საკმიელა გემოვანი თვისებებით გამორჩეული, დახვეწილი ღვინოა. თეთრ ღვინოებს შორის გურიაში უფრო იმერული ცოლიკოურია გავრცელებული. ახლა საკმიელას თითქმის ყველა აშენებს, რათა თეთრი ყურძენიც ჰქონდეს და ღვინოც.
- ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ სახლში საოჯახო სასტუმროც გაქვთ...
- 10 კაცის მიღება შეგვიძლია. უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვსტუმრობენ. მასტერკლასებს ჩემი მეუღლე ატარებს, გურულ სამზარეულოს აცნობს. ღვინის მასტერკლასიც გვაქვს - მარანში დეგუსტაცია.
- გურულ მეღვინეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაქვთ?
- 10 წლის წინ, ალბათ, 4-5 მეღვინე იყო ცნობილი. ახლა ისე მოინდომეს ახალგაზრდებმა, უკვე ბევრი ვართ. წლეულს ჩოხატაურში მეორედ გავმართეთ გურული ღვინის ფესტივალი. პირველ წელს მხოლოდ გურული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები იყო, მაგრამ ჩვენთვის მოულოდნელად ისე კარგად წარიმართა, რომ ბოლოს გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიეღო ყველას, ვინც კი მოისურვებდა. ძველი სტერეოტიპი, რომ გურიაში მხოლოდ ადესაა, დამსხვრეულია.
მევენახეობა იმდენად რთული დარგია, იმდენ შრომას მოითხოვს, თუ ვაზი არ გიყვარს, აუცილებლად მიატოვებ. ჯერ ვაზი უნდა შეიყვარო როგორც სამშობლო, ოჯახი, დედა, მამა და შვილი, მერე კი საქმეც სიყვარულით გაკეთებული გამოგივა. უამისოდ წარმოუდგენელია, თან საოცარი აზარტია - ერთხელაც შენი დაყენებული ღვინისგან შედეგს რომ მიიღებ, ჩათვალე, რომ მოწამლული ხარ და სიცოცხლის ბოლომდე ეს საქმე უნდა აკეთო. ეს სიყვარული აღარასოდეს გაგინელდება.