პოლიტიკური "ბომბი" აფეთქდა ანუ განაჩენი პრეზიდენტისადმი - სცენარი, რომლითაც "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას შეძლებს
მაშ ასე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. "საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა „ოცნება“ 100 ხმის მოგროვებას პარლამენტში, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენოს. შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია ამტკიცებს, რომ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გარკვეული ფარული გარიგებაა. ასევე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ უკვე ჰყავს მობილიზებული 100 ხმა ანუ „გადაიბირა“ ოპოზიციონერი დეპუტატების(„ნაცმოძრაობიდან“) ნაწილი.
„ნაცმოძრაობამ“ მხარი რომ დაუჭიროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სულაც არ იქნება საკვირველი. კერძოდ, მან ამისთვის „ლეგალური მიზეზი“ უკვე შეიქმნა. კერძოდ, „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, რომ იმპიჩმენტის პროცესი სალომე ზურაბიშვილისა და „ოცნების“ შეთანხმებული თამაშია. შესაბამისად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მივიღოთ შემდეგ სცენარი - „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ. თუმცა „მოულოდნელად“, „ნაცმოძრაობის“ ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პარტიის ცენტრალურ „ხაზს“ არ ემორჩილებიან და სწორედ იმიტომ, რომ იმპიჩმენტი ზურაბიშვილ-„ოცნების“ თამაშია, მხარს უჭერენ პრეზიდენტის გადაყენებას. იქ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გაიხსენებენ 2018 წლის არჩევნებს, რომლის შემდეგადაც ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურს უწოდებდა.
და სულაც არ არის აუცილებელი, რომ „ოცნებას“ დეპუტატთა ჯგუფი მაინცდამაინც გადაბირებული ჰყავდეს. კერძოდ, „ნაცმოძრაობას“ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, აწყობს, რომ ქვეყანაში მორიგი რყევები დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილის გადაყენება კი ამის კარგი საშუალებაა.
სალომე ზურაბიშვილი თუ თანამდებობიდან გადააყენეს, მოვლენები, სავარაუდოდ, შემდეგი სცენარით განვითარდება. პრეზიდენტთან დაახლოებული პარტიები(მაგ. გახარიას პარტია ან „ლელო“) ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდებიან. თუ დაიწყო აქციები, მათ დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება, რომელსაც დასავლეთის ლიდერთან არცთუ ისე მცირე ნაწილის პოლიტიკური მხარდამჭერა ექნება. და დაიწყება ქუჩაში ნერვების ომი.
თუ „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან გადააყენებს, ახალი პრეზიდენტი ხმოსნებმა უნდა აირჩიონ(რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, საკრებულოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭობის დეპუტატები და ა.შ). დღევანდელი მოცემულობით, პოტენციურ ხმოსნებში უმრავლესობას მმართველი პარტია ფლობს.
"ინტერპრესნიუსი"