„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება - როგორ აფასებს "ნაცმოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, „დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან“.
„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"