"კატასტროფული მარცხი" - გია ხუხაშვილის პირველი კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
"6:3 ხელისუფლების ფორმალური გამარჯვებაა, მაგრამ რეალურად კატასტროფული მარცხია. 3 მოსამართლის წინააღმდეგობამ გამოავლინა, რომ სისტემას სერიოზული კოროზია შეეპარა. საზოგადოება ახლა კი არ უნდა ქილიკობდეს და შეთქმულების თეორიებს ავითარებდეს, არამედ უნდა აქებდეს და მხარდაჭერას უცხადებდეს ამ სამ ადამიანს, რომლებმაც მძიმე დარტყმა მიაყენეს ხელისუფალს. სისტემის მდგრადობის შერყევა, რაც ხელისუფლების ცვლილების აუცილებელი ელემენტია, მოხდება მაშინ, როდესაც წესიერ ჩინოვნიკს ეცოდინება, რომ სამოქალაქო გმირობა ფასდება. თუ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ვიაზრებთ, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში?", - წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დასკვნის გამოცხადებისას განაცხადა, განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ. კერძოდ, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.