"ალა პუგაჩოვა საქართველოში რომ ჩამოვიყვანეთ, მთხოვა, რომ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში გაჩერდებოდა" - დავით ოქიტაშვილის მოგონებები ვარსკვლავებზე - კვირის პალიტრა

"ალა პუგაჩოვა საქართველოში რომ ჩამოვიყვანეთ, მთხოვა, რომ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში გაჩერდებოდა" - დავით ოქიტაშვილის მოგონებები ვარსკვლავებზე

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ქართული სცენის ნამდვილ ვარსკვლავებს ვიცნობდი, ოჯახებით ვმეგობრობდით და ერთმანეთთან ძალიან თბილი, უშუალო ურთიერთობა გვქონდა", - ამბობს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, რომლის ინიციატივით თბილისში არა ერთი ცნობილი ხელოვანის ვარსკვლავი გაიხსნა. ბატონი დათო "კვირის პალიტრასთან" დიდი პატივისცემით იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თანამედროვე ქართულ კულტურაზე:

განუმეორებელი ნინო რამიშვილი და რამაზ ჩხიკვაძე

- ჩემი პროექტი 2000 წელს დავიწყე. უცხოეთში რომ მივდიოდი და ცნობილი მსახიობების ვარსკვლავებს ვნახულობდი, სულ ვფიქრობდი, ჩვენზე მეტი ვარსკვლავი ვის ჰყავს-მეთქი... ასე გადავწყვიტე, რომ ჩვენთვის საყვარელი, ცნობილი ხელოვანებისთვის ვარსკვლავი გაგვეხსნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი იდეის წყალობით, არა ერთი მათგანი გავახარეთ და რომ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ჩამოთვლაც კი მიჭირს და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს: ნინო რამიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, თენგიზ არჩვაძე, ლეილა აბაშიძე... აი, ასეთ საოცარ ადამიანებთან ვმეგობრობდი. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მიხარია, რომ მათ ოჯახებთან დღემდე ვმეგობრობ.

ყველაზე თბილი მოგონებები რამაზ ჩხიკვაძესთან მაკავშირებს: როცა მისი მეუღლე - ნატაშა დამირეკავდა, უკვე ვიცოდი, რომ მეტყოდა - ამოდი, ჩაი ერთად დავლიოთო... მივიდოდი მათთან და საათობით ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, ქართულ თეატრზე, მომავლის გეგმებზე... რამაზის ვარსკვლავის გახსნაზე კიდევ უფრო დავახლოვდით. ამ დიდ მსახიობს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა და როცა ხუმრობდა, სიცილით ვიგუდებოდით.

ala-1697482333.jpg

სხვათა შორის, ალა პუგაჩოვა საქართველოში რომ ჩამოვიყვანეთ, მთხოვა, რომ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში გაჩერდებოდა: ნატაშას სასტუმროს სტილის, დიდი სახლი ჰქონდა და ცნობილ მომღერალს სწორედ მან უმასპინძლა. კონცერტის დაწყებამდე ერთად ვიკრიბებოდით, ვმღეროდით, ვსაუბრობდით.

ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ნინო რამიშვილის ვარსკვლავის გახსნა: ქალბატონი ნინო ძალიან სუსტად იყო და როცა მივიყვანეთ, გვითხრა - ხელი გამიშვითო - არ უნდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ენახა. თავს ძალა დაატანა და ხალხის მიერ გაკეთებულ კორიდორში წაიცეკვა. თავის მაყურებელს არ დაანახა, რომ ავად იყო. მერე დარბაზში ავიყვანეთ, ცოტა ხანს კულისებში იჯდა, მაგრამ შეუძლოდ გახდა და იძულებული გავხდით, სახლში წაგვეყვანა.

12823262-943476555722216-4572667158035531902-o-1697481985.jpg

ვარსკვლავური ოჯახები

- ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბიძინა კვერნაძესთანაც. ერთხელ, მასთან ვიყავი მისული. მისი მეუღლე - ნუგეშა იქვე ფუსფუსებდა, როცა მეზობელმა დააკაკუნა და გვკითხა: ხომ არ იცით კარგი ვეტერინარი, ჩემი კატა ცუდადაა და არ ვიცი, რა ვუშველოო. ცნობილი მუსიკოსი დაფიქრდა და უცბად უთხრა: შე კაი კაცო, რატომ ნერვიულობ, ვირთხა დაიჭირე, მოხარშე და მისი ბულიონი აჭამე, მოუხდებაო. ასეთი მოულოდნელი, კვიმატი ხუმრობა იცოდა კაცმა, რომლის მუსიკაზე საქართველოში თაობები აღიზარდა.

თითოეულ მათგანს თავისებური, გამორჩეული ხასიათი ჰქონდა. ქართული სცენის მშვენება, სოფიკო ჭიაურელი, საუკეთესო მეოჯახე იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავდიოდით მე და სოფიკო ერთად კოლმეურნეობის მოედანზე, ბაზარში. დახლებს ერთად რომ დავივლიდით, ყველა სიყვარულით ხვდებოდა. საოცარი იყო მისი ურთიერთობა გლეხებთან, უბრალო ადამიანებთან. მასთან ერთად ელიავაზეც ვყოფილვარ. ყველამ ვიცოდით, რომ სოფიკო არაჩვეულებრივი კულინარი იყო და სტუმრებიც ძალიან უყვარდა. ერთად შეგვკრებდა, ჩვენ ვსაუბრობდით, ის კი მისი ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძებით გვიმასპინძლდებოდა. სოფიკოს ვარსკვლავის გახსნა რომ გადავწყვიტეთ, უკვე ცუდად იყო და სულ მთხოვდა, გადავდოთო. მერე უეცრად დათანხმდა... ცერემონიის დროს გვერდით ჩვენი პატრიარქი ედგა და სოფიკომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მშობლები მყავდა! - ეს ვარსკვლავი უპირველესად, სწორედ მათ ეკუთვნითო.

საუკეთესო დიასახლისი იყო მედეა ჩახავაც. სწორედ მან მასწავლა, როგორ უნდა მოვამზადოთ უგემრიელესი "სილიოტკა" და ამ კერძს ჩვენს ოჯახში დღემდე მისი რეცეპტით ვამზადებთ. მედეა ხშირად გვირეკავდა და ჩემს მეუღლესთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი კარგი მეგობრები იყვნენ გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესიც. ჩვენი მეგობრობა ახლა უკვე მათ შვილებთან გრძელდება.

ქართული მუსიკის დედოფალი

- ჩვენ, ქართველები, ბედნიერები ვართ, რომ ამ საოცარი თაობის ერთ-ერთი კაშკაშა, ნათელი ვარსკვლავი გვერდით გვყავს - ეს ქართული მუსიკის მშვენება - ნანი ბრეგვაძეა. ქალბატონმა ნანიმ წლების წინ "ჩიტი" დამარქვა, რადგან სულ თვითმფრინავში ვიჯექი და დავფრინავდი. ფრენა ხშირად ერთად გვიწევდა. არ დამავიწყდება ჩვენი სტუმრობა აზერბაიჯანში, სადაც ის ჰეიდარ ალიევმა სპეციალურად მიიპატიჟა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ეჭირა ათასობით ადამიანს ხელში ყვავილები და რა დიდი სიყვარულით ხვდებოდა საყვარელ მომღერალს. ქალბატონი ნანი მეტისმეტად უშუალო და გულთბილი ადამიანია, ისე შეუძლია ძველი ამბების გახსენება და მოყოლა, რომ მისი მოსმენა არ მოგბეზრდება. პირველ ყოვლისა, ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა! ხომ შეიძლება იყო კარგი მომღერალი, მაგრამ ცუდი ადამიანი? - მის შემთხვევაში, ეს ორი რამ ერთადაა შერწყმული. გული მწყდება, როცა მას არაფრის გამო აკრიტიკებენ.

uyiy-1697481409.jpg

ჩვენ საბჭოთა ეპოქაში დავიბადეთ, ჩვენი ბებია-ბაბუებიც იმ დროში ცხოვრობდნენ, ამის გამო ავდგეთ და ერთმანეთი დავხოცოთ? გული მწყდება, როდესაც კულტურა პოლიტიკაშია ათქვეფილი და ამ ორ, სრულიად განსხვავებულ სფეროს ერთმანეთში ურევენ. ხომ არ შეიძლება 87 წლის ქალი გააკრიტიკო იმის გამო, რომ მან რაღაც არასწორად თქვა და მერე ამაზე სკანდალი ააგო?! ნანისთან შეხვედრა ნებისმიერი ეროვნების ადამიანს უხარია, რადგან მსოფლიოში ამ მიმართულების და ამ დონის მომღერალი აღარ დარჩა, ის ერთადერთია. როცა ქართველებს ასეთი ბედნიერება გვხვდა წილად, ხომ უნდა დავაფასოთ? ხომ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში ჩასაფრებული იყო და მხოლოდ ნეგატივზე, მხოლოდ სხვის კრიტიკაზე ფიქრობდე?! სამწუხაროა, რომ ქართველები ერთმანეთს არ ვინდობთ, არ ვინდობთ ყველაზე ნიჭიერ, გამორჩეულ ადამიანებსაც კი...

okita-1697482387.jpg

უნიკალური თაობა

- ვწუხვარ, რომ ამ უნიკალური თაობიდან ბევრზე უკვე წარსულ დროში მიწევს საუბარი, მაგრამ მათ შესახებ ჩვენმა შთამომავლობამ აუცილებლად უნდა იცოდეს. მით უმეტეს, რომ დღევანდელი ახალგაზრდებიც ძალიან ნიჭიერები და გონიერები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნიჭიერესი თაობა გვეზრდება, ეს კარგად ვიცი, რადგან მასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს: ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ.

taoba-1697481745.jpg

მეც ეს სასწავლებელი დავამთავრე და ვიცი, ამ კედლებში რამდენი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა, რამდენი ხელოვანი გაიზარდა: ნანი ბრეგვაძე, მედეა გონგლიაშვილი, გურამ ბზვანელი და მისი ცნობილი ტრიო... ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ სტუდენტებთან მიწევს მუშაობა და ყველანაირად ვცდილობ, ახალგაზრდებს ხელი შევუწყო, რადგან მათში დიდ ნიჭს და პოტენციალს ვხედავ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)