მიტოვებული ჩვენი ძეგლები - ეს ის საგანია, რომლის გარეშეც კაცობრიობის ისტორია აბსოლუტურად სხვაგვარი იქნებოდა
ჩემმა მეგობარმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა რეგიონების მიხედვით მოაგროვა მასალები ჩვენი ძეგლების შესახებ და ერთ წიგნად შეკრა. თითქოს წუხდა კიდეც, რომ დაინტერესება არ ჰქონდა შესაბამისი პირების მხრიდან. ბუნებრივია, ასე, ერთი ხელის მოსმით ყველა ძეგლს ვერ აღადგენ, მაგრამ, სულ მცირე, უნდა ვიცოდეთ თითოეულ რეგიონში რამდენი ძეგლია, რას გვეუბნება თავისი მნიშვნელობით, რა ტიპის მასალებია გამოყენებული მშენებლობისთვის და როგორ შეგვიძლია შემოვინახოთ მომავალი თაობებისთვის.
ეს ამბავი ვახსენე იმის გამო, რომ სრულიად შემთხვევით, ერთობ საინტერესო ამბები აღმოვაჩინე ქვების შესახებ. ბატონ გიორგისთან ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ, ძირითადად, ქვიშაქვითაა ნაგები ანტიკური დროის სასახლენი: მცხეთა, სვეტიცხოველი, სამთავისის ტაძარი, ატენის სიონი, თიღვასა და ილორის ეკლესიები...
საოცარი სახელებია მემატიანეში მოხსენიებული. მაგალითად, სულხან-საბა გვაძლევს გარკვეულ კლასიფიკაციას: „სასრევი ქვა არს ხრმალთა, ნამგალთა და ცელთა აღმლესველი; ხოლაზნა არს ქვა სამართებელთა და შაშართა აღმლესველი; მაქური არს ქვა დანათა და მისთანათა აღმლესველი; ხარტი არს ქვა წალდთა და პირბლაგვთა აღმხარტველი; ასევე არსებობს აფუარის, ლანგისა და მასათის ტიპის ქვები...“ ანტიკური ხანის ეს ნიმუშები, ჩვენში ძვირფასი ქვების გათლა-დამუშავების, ქვის ჭრის მაღალ დონეზე მიუთითებს.
ყოველი ნაგებობა ეპოქის სულს გამოხატავს და შეუძლებელია დაიკარგოს თუნდაც ქვის თლის ეროვნული ტრადიციები და ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ ნაგებობებთან...
ძველი ქვაფენილის ნაშთი აღმოჩნდა ახალ ათონში, ანაკოფიის ციხესიმაგრის გათხრების დროს (მე-7 საუკუნეში). ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ გზების კეთილმოწყობას. გელათიდან ქუთაისამდე იმდროინდელი ქვაფენილის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი... ძველ ნაქალაქარ დმანისშიც აღმოჩნდა მე-12 საუკუნის ქვაფენილი.
ისედაც, მეგობრებო, გარდასული ამბები მარტო ძველმა ეტრატებმა და პალიმფსესტებმა ხომ არ შემოგვინახეს, არამედ - ქვებმაც, უფრო სწორად, ქვებზე წარწერებმაც. თავიდანვე საკვირველი ბედი დაეზიარა ქვას. იგი იყო შრომის პირველი იარაღიც და მოგერიების პირველი საშუალებაც, პირველი საშენი მასალაც და... სახატავი რვეულიც. ქვასთან ადამიანის ჭიდილი უხსოვარი დროიდან დაიწყო. გარდა იმისა, რომ ქვა იმთავითვე დაეუფლა სამშენებლო პოლიგონებს, საუკუნეთა მანძილზე ქვისგან ათასგვარი ნივთიც მზადდებოდა; მართალია, მოსაპირკეთებელ თუ სანახელავო ქვას პლასტიკური მასალა ჩაუდგა ჯიბრში, ქვითკირს - რკინაბეტონი, მაგრამ თავდაპირველი ფუნქციებიდან ქვას თითქმის არც ერთი არ დაუკარგავს და დღესაც - ატომის საუკუნეში - ზუსტი ინსტრუმენტებისთვის, საიუველირო ხელოვნებაში თუ სხვაგან, ქვაზე უკეთესი მასალა ვერ მოუძებნიათ. ქვის ხანა შორეულ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ქვამ დღემდე შეინარჩუნა საკუთარი როლი.
სახელმწიფო დაცვაზე აყვანილი კულტურის ძეგლების სიაში ორმოცდაათამდე გალავანია მოხსენიებული ისტორიაში, მაგრამ, ფაქტობრივად, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ქვაზე პირველი წარწერის მსგავსი ნიშნები შუა ბრინჯაოს ხანიდან გვაქვს. გომარეთის ზეგანზე, ზურტაკეთის სამარხის კედლებზე 180-მდე ნიშანი ქვა იყო ჩატანებული. ქვაზე ამოკაწრულია სამკუთხედები, კვადრატები, რომბები... „თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში აღმოჩენილ სიმბოლურ ნიშნებში დამწერლობის ჩანასახი შესაძლოა ვიგულისხმოთ“, - ვკითხულობთ „საქართველოს ისტორიანში“
ქვა - ეს ის საგანია, რომლის გარეშეც კაცობრიობის ისტორია აბსოლუტურად სხვაგვარი იქნებოდა; თუკი არ იარსებებდა ბუნების ეს ქმნილება, არ იქნებოდა შრომის პირველი იარაღი, რომელსაც ადამიანი ქვა-ღორღის ბასრი ნაკვესებისაგან ამზადებდა. არ იქნებოდა უკვდავი ეგვიპტური პირამიდები, მხოლოდ ერთის აგებას მილიონობით კუბური მეტრი ბრტყელი ქვა, რომ სჭირდებოდა... ბოლოსდაბოლოს არ იქნებოდა ის უკვდავი ე.წ. გოტიკური ღობეები და კედლები, რომლითაც სავსეა ევროპის არა ერთი ქალაქი; იგი გვაოცებს არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ - სიდიდითაც;
აქვე არ უნდა დავივიწყოთ გვიანდელი ეპოქის ეკლესიებიც, რომლებიც კარგად დამუშავებული უძველესი ქვებისგან არის ნაგები.
მოუჭედავი კირის რბილი ლოდები, ძირითადად, ევროპის ერთ კონკრეტულ ადგილას - სამხრეთ საფრანგეთში მოიპოვებოდა.
თანამედროვე ქვის სამტეხლოებში გაცილებით მეტი ქვა მოიპოვეს და დაამუშავეს, ვიდრე ძველმა ეგვიპტემ თავისი არსებობის მანძილზე გამოიყენა. ძველ ევროპაში კი საკმაოდ დიდი რაოდენობის ქვა აითვისეს, ვინაიდან მაშინ ყველაფერს ქვისგან აგებდნენ და ამყარებდნენ.
უფრო მოგვიანებით სწავლულები ზომავდნენ ნანგრევებს, აღწერდნენ ძველ ძეგლებს; აგროვებდნენ ეგვიპტური ხელოვნების უამრავ ნიმუშს, სკულპტურას, ბარელიეფს. არსებობს მსგავსი ლეგენდაც: ერთხელ ჯარისკაცები არაბულ სოფელ როზეტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ამაგრებდნენ ფლოტს. ჯარისკაცებმა მიწიდან ამოიღეს ბაზალტის დიდი ფილა, რომელიც მთლიანად დაფარული იყო წარწერებით. წარწერების დათვალიერებამ ეგვიპტოლოგების დიდი მღელვარება გამოიწვია, წარწერა ორენოვანი გამოდგა. მეცნიერები უცებ მიხვდნენ „როზეტის ქვის“ უდიდეს მნიშვნელობას. მისი მნიშვნელობა იმით იყო განპირობებული, რომ მეცნიერებმა პირველად იგდეს ხელთ ეგვიპტური ტექსტი ზუსტი თარგმანით, ბერძნულ ენაზე.
რაღა შორს წავიდეთ, რამდენი წარწერა და ისტორია შემოინახა ქვებმა?
ქვები - ეს უკვდავი მაცნეები, უძლებენ საუკუნეებსა და ათასწლეულებს, მაგრამ დრო და ჟამი ქვასაც უცვლის ფერსა და იერს. ხშირად ისიც უძლურია დედამიწის ზედაპირზე მოქმედი პროცესების წინაშე. გეოლოგები ამ პროცესს გამოფიტვას უწოდებენ. უშუალოდ, ქვის უნიკალურობასა და მის უდიდეს ისტორიაზე ბუნებრივია, ყველაფერს აქ ვერ მოვყვები. ფაქტი ისაა, რომ ბევრი ხუროთმოძღვრული ძეგლი, განსაკუთრებით - რბილი ქვით მოპირკეთებული ნაგებობები, საუკუნეების განმავლობაში ძლიერ დააზიანა ტემპერატურის რყევამ, ბუნებრივმა მოვლენებმა. რაც ბუნებრივ ფაქტორებს გადაურჩა, ადამიანმა მოუთავა ხელი. ხუროთმოძღვრული ძეგლის რესტავრაცია ძეგლის ხელახალი დაბადებაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, სპეციალისტთან ერთად.
უბრალოდ, ბოლოს ცნობისთვის გეტყვით, რომ საშენი ქვები ათეული და ასეული მილიონი წლის წინ გავარვარებული მასის - ლავის ამონთხევით წარმოიშვა და დღემდე ქვის შესაძლებლობები არ ამოწურულა...