"ცოტა არ იყოს გული მეტკინა, არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები" - კვირის პალიტრა

"ცოტა არ იყოს გული მეტკინა, არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს.

"ჩემი წარმომადგენლები სამართლებრივი კუთხით ჩემზე ბევრად უფრო მცოდნეებიც არიან და იციან, როგორ წარიმართოს პროცესი, მათ ჰქონდათ ჩემგან სრული ნდობა და შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება. მართალი გითხრათ, მე დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი მიკვირს და არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა, დღეიდან უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის გამოც უნდა რცხვენოდეს, ყოველ მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა უნდა რცხვენოდეს, სამმა ადამიანმა გადაარჩინა საკუთარი თავის რეპუტაცია" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს.

„არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი , ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.