უკრაინის გაწირვის რეალური საფრთხე - გაისვრიან თუ არა უკრაინელთა სისხლში ხელებს ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები - The Guardian - კვირის პალიტრა

უკრაინის გაწირვის რეალური საფრთხე - გაისვრიან თუ არა უკრაინელთა სისხლში ხელებს ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები - The Guardian

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „უკიდურესად მემარჯვენე ამერიკელი რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან: როგორც ჩანს, სიტუაციას ისინი აკონტროლებენ“ (ავტორი - ჯოან გრივი), რომელშიც განხილულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების (დონალდ ტრამპის მომხრების) ანტიუკრაინული პოზიცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იმის კვალობაზე, რომ დონალდ ტრამპის ფილოსოფია - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს რესპუბლიკელებს შორის, ანტიუკრაინული განწყობა თანდათანობით სულ უფრო მეტ მომხრეს იძენს როგორც კონგრესს გარეთ, ისე - მის შიგნით. ამჟამად, როცა სენატში უმრავლესობა დემოკრატები არიან, უკრაინისადმი დახმარების გაწევას სენატორი-რესპუბლიკელებიც მხარს უჭერენ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კი საქმე პირიქით არის: კიევს სკეპტიკურად და მტრულადაც კი უყურებენ.

წინაკვირაში პალატის რესპუბლიკელმა დეპუტატებმა თავიანთი თანაპარტიელი, სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენეს - ჯო ბაიდენს ჩუმ-ჩუმად ხვდებოდა და გეგმებს უთანხმებდა, დემოკრატების მხარეს გამოდიოდაო. ახლა სპიკერი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც უკრაინის დაფინანსების მოწინააღმდეგე იქნება. რესპუბლიკელებს ასეთი კანდიდატი ჰყავთ - ჯიმ ჯორდანი, თუმცა მას გარკვეული ოფლისღვრა მოუწევს პოსტის დასაკავებლად.

წარმომადგენელთა პალატაში წარმოქმნილი დაძაბულობა სერიოზულად ართულებს ახალი პაკეტის დამტკიცებას უკრაინის დასახმარებლად, თანაც მოულოდნელად გაჩენილი პრობლემის - ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე. უკრაინის მომხრეების თქმით, თუ ამერიკელი კანონმდებლები ვერ მოილაპარაკებენ კიევის დახმარების თაობაზე, შედეგები შეიძლება საშინელი გამოდგეს. „უკრაინისათვის ამ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასაც. თუ კონგრესი უმოქმედოდ იქნება, ძალიან ბევრი უკრაინელი დაიღუპება“, - ამბობს მაქს ბერგმანი, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მკვლევარი.

რესპუბლიკელებს შორის უკრაინის დაფინანსების საკითხისადმი წინააღმდეგობა მატულობს. როგორც ჩანს, ეს არის დონალდ ტრამპის მმართველობის შედეგი, მისი მიდგომა საგარეო პოლიტიკისადმი, იზოლაციონიზმის პრინციპის მიხედვით. ამგვარი ფილოსოფია უკმაყოფილობას იწვევს იმ რესპუბლიკელებში, რომლებსაც პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ახსოვთ - როცა ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება გამოიყენებოდა კომუნიზმთან საბრძოლველად, საზღვარგარეთ.

„იყო დრო, როცა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია მტკიცედ გამოდიოდა კომუნიზმისა და ისეთი ბანდიტების წინააღმდეგ, როგორიც ვლადიმერ პუტინია. ძალიან საწყენია, რომ დღეს ყველა რესპუბლიკელი არ გმობს იმას, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს“, - ამბობს განერ რეიმერი, ჯგუფ „რესპუბლიკელები უკრაინისათვის“ წარმომადგენელი.

იმ გამოკითხვების მიხედვით, რომლებიც ტელეარხმა CBS News-მა ორგანიზაცია YouGov-თან ერთად ჩაატარა სექტემბერში, ამჟამად მხოლოდ რესპუბლიკელების 39% არის უკრაინისადმი დახმარების გაწევის მომხრე, მაშინ როცა თებერვალში მათი რაოდენობა 49% იყო (დემოკრატებს შორის კი უკრაინის დახმარების მომხრეთა რაოდენობა 86%-ს აღწევს). „ვფიქრობ, ეს არის იმის შედეგი, რომ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტია ხელში ჩაიგდო“, - აღნიშნავს განერ რაიმერი, - "ექსპრეზიდენტი ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთა გამოიყენოს“.

არიან ისეთი რესპუბლიკელები, რომლებიც, ასე ვთქვათ, უკრაინის მომხრეები არიან, მაგრამ მათაც კრიტიკული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად, წარმომადგენელთა პალატის წევრი იუტას შტატიდან ჯონ კერტისი, რომელიც ადრე მხურვალე უკრაინისტი იყო, დღეს თეთრ სახლს მოუწოდებს, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს რუსეთზე გამარჯვების სტრატეგია და განმარტოს, თუ რაში იხარჯება აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სახსრები. „მე ისევ მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ მინდა, პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომლებიც ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას უჩნდება. იუტას შტატის გადასახადების გადამხდელები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი ფული უკრაინელებს სწორად და დანიშნულებისამებრ მოხმარდება“.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის კანდიდატმა ჯიმ ჯორდანმა უკვე განაცხადა, რომ ის კიევისადმი დახმარების გამოყოფას მხარს არ დაუჭერს.

უკრაინის მომხრეებმა წამოაყენეს წინადადება, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარება ერთ პაკეტად გაერთიანდეს, მაგრამ უკიდურესად მემარჯვენე კონგრესმენები მსგავსი იდეის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოდიან.

მოკლედ, დრო მიდის. უკრაინას არ შეუძლია უსასრულოდ გააგრძელოს თავისი კონტრშეტევა იმ პირობებში, როცა დამატებით დახმარებას არ იღებს. რა თქმა უნდა, კიევისათვის სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერის შემცირება საფრთხეს უქმნის მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. მაქს ბერგმანის თქმით, თუ უკრაინა დახმარებას ვერ მიიღებს, მაშინ შედეგი ნეგატიური იქნება და ეს ყველაფერი მემარჯვენე რესპუბლიკელებს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ: „წინასაარჩევნო რეკლამა თავისთავად დაიწერება: როცა გამოჩნდება რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის კადრები, რეკლამა ამომრჩეველს მიანიშნებს: ის, რაც ხდება უკრაინაში, მავანი ამერიკელი კანონმდებლის ბრალია, მათი ხელები სისხლშია გასვრილი...“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო