მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის პირველი კომენტარი, რომელიც არ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე - კვირის პალიტრა

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის პირველი კომენტარი, რომელიც არ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე

ზოგადად მე დავალებული არავისგან ვარ, არ ვიცი ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც ახლა გრძნობს არანაირ გავლენას.

„ჩვენი განსხვავებული აზრი, რამდენიმე წუთის წინ დაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნონ და თავად მიხვდებიან, თუ რას ეყრდნობა ჩვენი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც განსხვავებულ აზრშია ჩამოწერილი.

არ დავეთანხმე ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ დაარღვია [პრეზიდენტმა კონსტიტუცია]. ამის საფუძველი გახდა ის სამართლებრივი შეხედულებები, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში გაგვაჩნია საკითხთან დაკავშირებით. სამი მოსამართლე ვაწერთ ამ განსხვავებულ აზრს ხელს.

არანაირი ტერაინკოგნიტა, მგონი, ეს არ არის, მოსამართლეს ხან აქვს განსხვავებული აზრი, ხან არ აქვს. ხან რაღაც ემთხვევა, ხან არა. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობის პოზიციებთან თანხვედრა. ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო ცხოვრების თანმდევია.

ზოგადად, დავალებული არავისგან არა ვარ, არ ვიცი ვინ რას ამბობს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს უფრო ფართო ფარგლები აქვთ მათი პოზიციების გამოხატვის და დაფიქსირების. მოსამართლეები ჩვენი სამოსამართლეო ესთეტიკით შეზღუდულები ვართ და ამგვარ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერანაირად.

მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს, რა თქმა უნდა, და ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს, არც ძირითადი აზრის ავტორი მოსამართლეების მიმართ და არც განსხვავებული ავტორი მოსამართლეების მხრიდან, ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო პროცესია ცხოვრების.

მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არასდროს გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ და არც ახლა არანაირ გავლენას არ ვგრძნობ, ეს ჩემი პოზიციაა, რასაც ახლა ხელს ვაწერ. ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ ისაუბრონ, ის რაც მათ მიაჩნიათ მათ პოზიციად და გამოხატონ ეს თავისი პოზიციები“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა 6 მოსამართლის გადაწყვეტილებას და არის თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება სამარცხვინო, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ „არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი“.

„არ შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი იმიტომ, რომ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი იქნება თუ განსხვავებული, გარკვეული ეთიკა არსებობს და ეთანხმები ან არ ეთანხმები, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სხვა ტერმინებზე მე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

"ინტერპრესნიუსი"