ჯოჯოხეთი ONLINE - ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში, რომელსაც მოსახლეობა მაინც არ ტოვებს
მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, შურას (საბჭოს) ხელმძღვანელის, ოსამა მაზინის ლიკვიდაცია შეძლეს.
თუ ისტორიას გადავხედავთ, ღაზას სექტორში, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები პალესტინის მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ, ათეულობით წელია, გრძელდება დაპირისპირება ისრაელსა და "ჰამასს" შორის. ალბათ, ყველასათვის საინტერესოა, საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება და რატომ გახდა ღაზას სექტორი „აუღებელი ციხე-სიმაგრე“.
ღაზას სექტორი
ღაზას სექტორი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთით, 11 კმ მანძილზე მას ეგვიპტე ესაზღვრება, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, 51 კმ მანძილზე კი - ისრაელი. დასავლეთ ნაპირთან ერთად, ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა.
სექტორი დედაქალაქის - ღაზას სახელს ატარებს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა მსოფლიოში. როგორც ცნობილია, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, ამ ადგილზე უძველესი სავაჭრო-სანაოსნო გზა გადიოდა.
1994 წელს, მანამდე, სანამ ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზას სექტორზე მმართველობას გადასცემდა, ეს ტერიტორია თავდაპირველად ოსმალეთის ნაწილი იყო. 1918-48 წლებში ის დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო როცა დიდი ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამ ტერიტორიაზე ისრაელის ახლად შექმნილ სახელმწიფოსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ომში გადაიზარდა. მოსახლეობა ცდილობდა, როგორმე გაცლოდა სამხედრო დაპირისპირებას, ისინი ღაზას სექტორში ზღვის სანაპიროზე დასახლდნენ. 1948-67 წლებში ტერიტორია ეგვიპტის კონტოლქვეშ იყო.

უფრო ადრე კი ტერიტორიას, სადაც ძველად ეგვიპტელები, ლიბიელები, შემდგომ კი - ფილისტინელები ცხოვრობდნენ, ერთ დროს ალექსანდრე მაკედონელიც კი აკონტროლებდა, თუმცა მისი მმართველობა ამ ტერიტორიაზე დიდხანს არ გაგრძელებულა. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ღაზა ბიზანტიის შემადგენლობაში შევიდა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა აქ პირველი ქრისტიანული მონასტერი, 328 წელს. რამდენიმე წელში კი ეს ადგილი ქრისტიანულ ქალაქად იქცა.
მას შემდეგ, რაც ტერიტორია ოსმანთა იმპერიამ დაიპყრო, 400 წლის განმავლობაში ღაზა ოსმანთა ბატონობის ქვეშ იყო. მოგვიანებით, 1832 წელს ტერიტორია ეგვიპტის გენერალმა იბრაჰიმ ფაშამ დაიპყრო. ღაზა პალესტინის პროვინციად იქცა. ეგვიპტელებმა ტერიტორიაზე ევროპული რეფორმების გატარება მოისურვეს, რაც ტერიტორიაზე დასახლებულ არაბთა უკმაყოფილების საბაბად იქცა.
1841 წელს ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ თურქები და მას პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამდე აკონტროლებდნენ. 1917 წლის 7 ნოემბერს ღაზას ტერიტორიისთვის დაპირისპირებაში დიდი ბრიტანეთი ჩაერთო, მათ დაამარცხეს თურქები და 3 ათეული წელი ტერიტორიას ბრიტანელები აკონტროლებდნენ.
1929 წელს, ანტიებრაული პოლიტიკის გამო, ღაზაში მცხოვრები ებრაელები იძულებულები გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებიათ. ამის შემდეგ ღაზას სექტორის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არაბი მუსლიმანები იყვნენ.
ღაზას სექტორი და ისრაელი
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ღაზას სექტორი 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა და ტერიტორია ეგვიპტეს წაართვა.
1993 წელს ხელმოწერილი ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებსა და საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა სექტორის საზღვრის ეგვიპტური მონაკვეთისა. 2005 წელს, საკუთარი ცალმხრივი გათავისუფლების გეგმის თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა.
2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებისა და 2007 წელს "ჰამასის" მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამავე წლის ივლისში, "ჰამასი" მოქმედებს, როგორც ღაზას სექტორის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც, ასევე, ჩამოაყალიბა ღაზის საკუთარი, ალტერნატიული მმართველობა.

პირველი სპეცოპერაცია ღაზას სექტორში
ყველაზე დიდი სამხედრო სპეცოპერაცია ისრაელმა ღაზას სექტორში 2006 წლის 28 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მოაწყო. დაპირისპირების მიზეზი ორი ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობა და კაპრალ გილად შალითის გატაცება გახდა, ჯარისკაცები კერემ-შალომის კიბუცში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
შალითის გამოხსნის სპეცოპერაციაში 3 ათასზე მეტი ისრაელელი სახმედრო ჩაერთო, მათ წინააღმდეგობას "ჰამასის" 9 ათასამდე მებრძოლი უწევდა. ამ სამხედრო შეტაკებისას, პალესტინელთა ცნობით, დაიღუპა 400 პალესტინელი, ხოლო ისრაელის მხარის ცნობით, ისრაელმა 5 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. კაპრალი შალითი ამ შეტაკებისას მაინც ვერ გამოიხსნეს, ის 2011 წელს 1027 პალესტინელ პატიმარში გაცვალეს.
ზაფხულში მიმდინარე სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც „ზაფხულის წვიმის“ სახელითაა ცნობილი, ისრაელმა შემოდგომაზე, პალესტინელი რადიკალების წინააღმდეგ, 1 ნოემბერს ახალი სპეცოპერაცია დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტების დაკავებას და მებრძოლთა ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, ასევე, იარაღით ვაჭრობის კონტრაბანდული გზის ჩაკეტვას.
2008 წელს წამოწყებული ახალი სპეცოპერაციის მთავარი მიზანი პალესტინელთა სარაკეტო სისტემებისა და რაკეტების განადგურება იყო, რადგან სპეცოპერაციამდე ღაზას სექტორიდან ისრაელისკენ 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ღაზას სექტორში 2008-2009 წლებში მიმდინარეობდა. 19 ივნისს დადებული არაფორმალური ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, რომელიც პალესტინასა და ისრაელს შორის დაიდო, პალესტინიდან ისრაელის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ამ დაპირისპირებისას ისრაელის მხრიდან ჩართული იყო 8 ათასი სამხედრო და 10 ათასი რეზერვისტი, მათ წინააღმდეგ "ჰამასის" 15 ათასი მებრძოლი იბრძოდა.
ამ წლების განმავლობაში ეტაპობრივად ისევ ახლდებოდა შეტაკება ისრაელსა და ჰამასის მებრძოლებს შორის, რომლებიც თავს ესხმოდნენ ისრაელის ტერიტორიას. სწორედ ამიტომ ღაზას სექტორი მუდმივად დარტყმის ქვეშაა.
2023 წლის 7 ოქტომბერს კი, "ჰამასის" ტერორისტებმა ღაზას სექტორიდან მორიგი იერიში მიიტანეს ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისრაელის ქალაქებში მოულოდნელად შეჭრილმა ტერორისტებმა სასტიკად მოკლეს ბავშვები, ქალები მამაკაცები, მოხუცები...
საპასუხოდ ისრაელმა ღაზა დაბომბა და რამდენიმე უბანი მთლიანად გაანადგურა. ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი 75-წლიანი კონფლიქტის ისტორიაში, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.