"მერწმუნეთ, არაფერია მათი სიკვდილის ნახვაზე სევდიანი" - ქართველი ფოტოგრაფის შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი შემოქმედება
"ამ ქოხმა განსაკუთრებით იმოქმედა, როცა მის უკან ნისლში გახვეული მყოფი ხეების სამგლოვიარო პროცესიას მოვარიდე მზერა და ქოხის ნანგრევების წინ აკვანს მოვკარი თვალი... თითქოს მთელი ამ ქოხის ცხოვრება მის მაცხოვრებლებთან ერთად ახმაურდა სიცოცხლის წამით, რომელიც კიდევ უფრო წარმავალია, ვიდრე მაღალმთიანი აჭარის ნისლი", - ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძე, რომელსაც საზოგადოება და მიანეს სახელით იცნობს, თავის შემოქმედებაზე გვესაუბრება. მისი ფოტოები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ათასობით ადამიანის ინტერესს იწვევს და მრავალი კონკურსის გამარჯვებულია...

- თავიდან ტელეფონით იღებდით, დღეს როგორ აფასებთ იმ ფოტოებს, რამდენად ძვირფასი და ემოციურია?
- როდესაც ტელეფონით ფოტოების გადაღება დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ არ შეეძლოთ მობილურ ტელეფონებს ნორმალური ხარისხით გადაღება. დღეს ისინი მხოლოდ ხიდის ფუნქციას ასრულებენ იმ ემოციებთან, რაც წლების წინ მქონდა... რაც შეეხება ძველი ფოტოების შეფასებას, როდესაც პატარა ციფრული აპარატით ვიღებდი, რომელსაც შეზღუდული ფუნქციონალი ჰქონდა, იმ ფოტოებს დღესაც ვაგზავნი სხვადასხვა კონკურსში და პერიოდულად ვამუშავებ... რა ფოტოებსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, გარკვეული დროის გასვლის მერე, ისინი უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან და სწორედ ამიტომ, ყველა ფოტოს ვინახავ და მათზე ვსწავლობ, თუ როგორ გადავიღო ახალი.

- თუ დაამთავრეთ პროფესიული სასწავლებლები?
- ფოტოგრაფია პროფესიულ სასწავლებელში არ მისწავლია. ერთი წლის წინ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში, ვიდეო-ოპერატორის განხრით. ამ კურსის განმავლობაში მომიწია მხოლოდ შევხებოდი სხვა ფოტოგრაფებისგან გაცემულ პროფესიულ რჩევებს...
- თქვენ მიერ გადაღებული ფოტო "გარდიანში" მოხვდა...
- დიახ... "გარდიანში" ფოტოს მოხვედრა არ არის ისეთი ამბავი, მოსაყოლად რომ ღირდეს, ჩვეულებრივი ამბავია... ჩემი ფოტო სხვადასხვა გამოცემაშიც დაბეჭდილა, წიგნის ყდაზეც, მაგრამ არა მგონია, საინტერესო იყოს.
- ძალიან ბევრი კონკურსი მოგიგიათ, გამარჯვებულ ფოტოებზე რომ გვითხრათ...
- დიახ, კონკურსები ბევრი ფოტოთი მომიგია, მაგრამ ერთი ფოტოს ისტორია, მოსაყოლად შეიძლება საინტერესოც იყოს... გოცირიძის მეტროსადგურთან, ძველ ვაგონებს შორის მინდოდა საცურაო კოსტიუმში გოგოს გადაღება. ფოტო ხიდიდან დაბლა უნდა გადამეღო. ფოტოს ინსპირაციის წყარო ჰენრი დეივიდ თოროუს წიგნი - "უოლდენი, ანუ ცხოვრება ტყეში გახდა", სადაც ის მატარებლების წვლილზე საუბრობს, ცივილიზაციის და საათის ფენომენის გაჩენაზე... ის, ვისი გადაღებაც მინდოდა, არ მთანხმდებოდა, გამვლელების გამო და ბოლოს უკვე, როცა იმედი გადაწურული მქონდა, ვუთხარი, რომ ამ ფოტოს ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში დაბეჭდავდნენ, მუზეუმში გამოფენდნენ და ინანებდა...
მისი შემცვლელი ადვილად ვიპოვე და ეს ფოტოც გადავიღეთ. რამდენიმე თვეში, ამ ჟურნალის ქართულმა ანალოგმა პირველი კონკურსიც დააანონსა და გავგზავნე კიდეც. ორ თვეში, იმ გოგოს, რომელიც არ დამთანხმდა, ეს ფოტო ვანახე და ვუთხარი რომ, დაჯილდოება, სადაც ეს ფოტო იყო გამოფენილი, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში იყო. სწორედ ამ ფოტოთი ავიღე პირველი ადგილი პირველ ფოტო-კონკურსში...
- ქუჩის ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანეთ, ეს როგორ შეძელით?
- შემთხვევით არაფერი ხდება კვანტური სამყაროს მიღმა და ამის ცოდნა, მაძლევს ძალას, რომ არ დამეზაროს ქუჩაში გასვლა და გადაღება. ეს ხანდახან დამღლელი პროცესიც კი ხდება. პროცესი, რომელიც განსატვირთად დავიწყე, სხვებზე დაკვირვებისას შედეგად რომ საკუთარი თავი მეპოვა, ზედმეტად რუტინულიც ხდება დროთა განმავლობაში და დიდ შრომას მოითხოვს...
კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ ბევრი კილომეტრის გავლა კარგად ნაცნობ ქუჩებზე, სადაც თითქოს არაფერი იცვლება. ბევრს ჰგონია, რომ ქუჩაში ფოტოების გადაღება მხოლოდ იღბალზე და სისწრაფეზეა დამოკიდებული. ეს კი სიმართლისგან ძალიან შორსაა. ქუჩა, როგორც სტუდია, ისეა. იქ ყველაფრის დაგეგმვა შეიძლება, თუკი კარგად იცნობ ადგილს და წინასწარ განსაზღვრავ, თუ რომელ ობიექტს ჩაუვლის ესა თუ ის ადამიანი. ხანდახან ირჩევ ადგილს და ელოდები შესაბამის ადამიანს, როდის ჩაივლის. ზოგჯერ საათიც გადის. ზოგჯერ საინტერესო ადამიანი გაიძულებს მას გადაასწრო, ირბინო და იმ ადგილას მოასწრო ჩასაფრება, რომელიც მას უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს. ერთი სიტყვით, მეტად შემოქმედებითი პროცესია.
- რამდენად ხშირად ყოფილხართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
- საქართველოში იმდენი ხანია ვლაშქრობ, რამდენიც ფოტოებს ვიღებ და ყველგან თუ არა, ძალიან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი... ორი წლის წინ კი აღმოვაჩინე, რომ მაღალმთიან აჭარაში არათუ არ ვყოფილვარ, არამედ, წასვლაზეც კი არ მიფიქრია. ამიტომ, წინა ზაფხულს გადავწყვიტე, ეს კუთხე მენახა. თავიდან ყველაფერი ბუნების სილამაზის ტკბობით დაიწყო. ხოლო როდესაც უკვე ფეხით გავლის დროც დადგა, აჭარელი მემთეურების სახლების ხილვამ, აჭარის ბუნების სილამაზე მეორე პლანზე გადაწია. ეს ხის ქოხები ზოგიერთ ხეზე დიდხანს ცხოვრობენ და მაღალმთიანი აჭარის ეკოსისტემის ნაწილადაც შეიძლება ჩავთვალოთ... თუმცა მერწმუნეთ, არაფერია მათი სიკვდილის ნახვაზე სევდიანი.
ამ ქოხმა კი განსაკუთრებით იმოქმედა, როცა მის უკან ნისლში გახვეული მყოფი ხეების სამგლოვიარო პროცესიას მოვარიდე მზერა და ქოხის ნანგრევების წინ აკვანს მოვკარი თვალი. თითქოს მთელი ამ ქოხის ცხოვრება მის მაცხოვრებლებთან ერთად ახმაურდა სიცოცხლის წამით, რომელიც კიდევ უფრო წარმავალია, ვიდრე მაღალმთიანი აჭარის ნისლი. ამ ხის ქოხების თვალიერებაში, ადგილობრივებიც გაცნობაც მოვასწარი და მივხვდი, რომ მათზე სტუმართმოყვარე ხალხი არსად მინახავს! ეს სტუმართმოყვარეობა არ იყო დაძალებული, პირიქით - სრულიად გულწრფელი და ამ ხალხის სიყვარულმა მათ მთებში წელსაც ამიყვანა... და ავედი არა ბუნების და ქვის ქოხების გამო, არამედ ხალხის, რომლებიც ახლაც მელოდებიან, როდის დავბრუნდები მათთან სტუმრად. ყველა ცდილობდა, რომ რაიმეთი დამხმარებოდა, სახლში შევეპატიჟებინე, დამლაპარაკებოდა. იალაღიდან იალაღში მისულს, „კოფეთი“ და ტკბილეულით მხვდებოდნენ. ეს არ სრულდებოდა, სანამ არ იშლებოდა, როგორც თვითონ ამბობდნენ, მოკრძალებული სუფრა. ასეთი გემრიელი კერძები, როგორიცაა - ბორანო, კაიმაღი, არსად მიჭამია... მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ ხალხის გაცნობა, ამ კერძების მთაში დაგემოვნება.
- ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებზე რას იტყოდით?
- საქართველოს კუთხეები ძალიან რომ განსხვავდება, მგონია, ეს კარგად ვიცით. ყველას რომ თავისი სილამაზე აქვს, ესეც კარგად არის ცნობილი... ძირითადად, სხვადასხვა კუთხეში ყოფნა ისეთ ადგილას მიწევს, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან. ასეთია სალაშქრო ბილიკების მარშრუტები და ვფიქრობ, ჩემზე კარგად მათ შესახებ ფოტოები მოჰყვებიან.
- ამ წლების განმავლობაში, რომელი კადრი ყოფილა თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?
- რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მაღალმთიან აჭარაში, იალაღ ნათელათისკენ მიმავალ გზაზე გადაღებულ ფოტოს გამოვარჩევდი. მძიმე ზურგჩანთით მიმავალს, "ვილისმა" გამიჩერა, რომელიც ნათელათისკენ მიდიოდა. მანქანაში ოჯახი იჯდა, უკანა სავარძლები ამოღებუი იყო და ორ ბავშვთან ერთად მომიწია ჩანთებზე ჯდომამ. გზა ძალიან ცუდი იყო, თითქმის ყოველ ათ წუთში ერთხელ ყველა ერთად ვურტყამდით თავს მანქანის ჭერს. როდესაც ტყის საფარი დამთავრდა, მანქანაში შუქმა შემოანათა და წინ მჯდარი ქალის სახის კონტური გაანათა, რომელსაც მუხლებში შვილი ეჯდა. ამ დროს ვეცი აპარატებს, ციფრულს და ფირს და ლამის ერთდროულად გადავიღე ფოტო, რომელიც როგორც ციფრულზე, ისე ფირზეც მაქვს..
- გადაღების დროს სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩენილხართ?
- ქუჩაში გადაღებას რისკები ყოველთვის ახლავს... თუკი არ ხარ მზად, რომ ეს რისკი გაიღო, მაშინ სჯობს არც გახვიდე ქუჩაში გადასაღებად. ადრე, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ მივდგომოდი ამა თუ იმ ადამიანს, კონფლიქტებში ჩაბმა მიწევდა... განსაკუთრებით, ბაზრის ტერიტორიაზე. უმეტესწილად, ეს იყო მათი მხრიდან მედიის უნდობლობით გამოწვეული, რომელიც ჰიგიენური ნორმების ვერ ან არ დაცვაში გამყიდველებს ამხელდა. ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არასდროს მისულა, თუმცა დაძაბული სიტუაციები ყოფილა.
ერთ-ერთი იყო როცა, სილამაზის სალონში დალაქი გადავიღე გარედან. მელოტი კაცი, მელოტ კაცს ჭრიდა თმას. საინტერესო გარემო იყო. როდესაც დამინახეს ორივე გამოვარდა და ფოტოების გადაღება არ მაცადეს იმ მოტივით, რომ კერძო ტერიტორია იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი ფოტოს გადაღება მაინც მოვახერხე, რომელიც საბოლოოდ 500px-ის კონკურსის ფინალშიც გავიდა და კატალოგშიც დაიბეჭდა.
კიდევ მახსენდება ასეთი კონფლიქტი, რაჭიდან მოვდიოდი სამარშრუტო ტაქსით თბილისში და როდესაც თერჯოლას გამოვცდი, ძალიან საინტერესო, ახალშეღებილი შენობა დავინახე. მის უკან კი ძალიან მუქი ცა. ტრანსპორტი გავაჩერე და ჩამოვედი. გადაღება გარედან დავიწყე, როდესაც მისი პატრონი გამოვარდა და გამოკითხვა დაიწყო, თუ რომელი სააგენტოდან ვიყავი და რატომ ვიღებდი. ბოლოს დავაჯერე, რომ ჩემთვის ვიღებდი. როდესაც ეს ფოტო სოციალურ ქსელში დავდე, დიდი გამოხმაურება ჰპოვა და თავადაც მომწერა, რომ კარგი ხარისხით მიმეცა.. საბოლოოდ, ეს ფოტო sony world photography award-ის მოკლე სიაში მოხვდა და კატალოგშიც დაიბეჭდა.
- რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ფოტოგრაფებს?
- გადაიღონ ისე, როგორც იღებენ...
(სპეციალურად საიტისთვის)