"არ ვიცი ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა - გონივრული ეჭვი რომც მქონდეს, არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა - გონივრული ეჭვი რომც მქონდეს, არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი"

არ ვიცი [ოპოზიციიდან] ვინ მისცა ხმა და გონივრული ეჭვი რომც მქონდეს, ბუნებრივია, არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი - ვერასდროს გაიგებთ ვინ იყო და შეიძლება, ვერც იეჭვოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან ლევან ნემსაძისა და გოგა კიკილაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად არჩევის საკითხს.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელთან ჰქონდა საუბარი.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ეს ევრორეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტი იყო და დღეს „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული დავალება სრულად „ჩახურა“.

„მოწმენდილ ცაზე მეხი იყო, ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“ და პარადოქსი იცით რა არის? ასე მანევრებით რომ გვიწევს ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება. ანუ, ჩვენ მთელი მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ, რომ მანევრები ვატაროთ იმისთვის, რომ სინამდვილეში, ბოლოს მივიდეთ იქამდე, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის კონკრეტული პუნქტი, რაშიც ასე დეკლარირებულად ხელს გვიშლის „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია. ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტი და დღეს ჩვენ სრულად ჩავხურეთ ეს ევროდავალება.

ვინ მისცა ხმა, ასე მოკითხვა, რომ მერე დააბულინგოთ, როგორც წინა შემთხვევაში გააკეთეთ, არაფრით არ შეიძლება. არა ერთ ადამიანთან გვქონდა საუბარი. ჯერ ერთი, არც ვიცი ვინ მისცა ხმა და მერე მეორე, შესაძლოა, გონივრული ეჭვი მქონდეს, თუ ვინ მისცა ხმა, თუმცა, ბუნებრივია, ამას არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი. წინა შემთხვევაში, ტელევიზიებმა და „ნაცებმა“, ადამიანები, ვინც ევრორეკომენდაციის შესრულებას მხარი დაუჭირა, მორალურად გაანადგურეთ და დღეს მეკითხებით რა საჭირო იყო ფარულობა და მათი კულისებს მიღმა დარწმუნებაო. ის საჭიროება იყო, რომ დედა არ უტიროთ, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, არ გაანადგუროთ მორალურად, ბულინგის მსხვერპლი არ გახადოთ. ვერ გაიგებთ ვერასდროს ვინ იყო და შეიძლება, ვერც იეჭვოთ, ვინ იყო, იმიტომ, რომ ისე დააბულინგებთ, მორალურად მოკლავთ ადამიანს, როგორც წინა შემთხვევაში გააკეთეთ", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"