ოჰ, ეს უცნაური ნარცისიზმი - კვირის პალიტრა

ოჰ, ეს უცნაური ნარცისიზმი

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში, ახალგაზრდა გოგონების ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი ბერაზეა შეყვარებული, თავს რეპერობაზე დებს, და, როგორც თვითონ ამბობს, კიდევ ბევრი პროფესია აქვს. მას გვანცა ჰქვია. მეორე გოგონა უბრალოდ, სიმპათიურია. როგორც ჩანს, ფოტოაპარატი ახალი შეძენილი აქვს, რადგან ყველა ფოტოსა და ვიდეოში კამერით ხელში დგას და სარკესთან. მისი სახელი ნინი გახლავთ.

ბუნებრივია, ვიდეოები აქტიურ ინტერნეტმომხმარებელს არ გამოჰპარვია და შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. ფეისბუქზე გაკეთდა ფეიჯები, სადაც თითოეულს ცალ-ცალკე და ორივეს ერთად, ხალხი დასცინის.

არსებობს ასაკი როდესაც ადამიანს სხვების ყურადღების მიქცევის სურვილი უჩნდება, რასაც სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ეს, ძირითადად, თინეიჯერობის საწყის ეტაპს ახასიათებს (გამოვუტყდეთ საკუთარ თავებს), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გვანცა ან ნინი ამ ასაკში არიან. ორივე ოცი წლისაა. მე არც ერთის განსჯას ვაპირებ, რადგან მგონია, ნინის რამდენიმე თვეში აპარატი მობეზრდება და უნიჭო ნარცისიზმს დაანებებს თავს, ან ვინმე დამწყები ფოტოგრაფი შეამჩნევს და რამდენიმე ფოტოს გადაუღებს (ნინის ყველა ფოტო და ვიდეო სარკეში აქვს გადაღებული) გვანცა კი გაიგებს, რომ ბერას გოგონების ბილწსიტყვაობა არ მოსწონს და ისევ ხატების წერას განაგრძობს.

ზოგადად, ასეა: როცა ვინმეს არ ვიცნობთ, მასთან ვალდებულებები არ გვაკავშირებს. შესაბამისად, ურთიერთობაში თავისუფლები ვართ. სოციალური ქსელი ამ ფაქტს კიდევ უფრო ცხადს ხდის. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ვირტუალურად დიდ გულზე მყოფი ადამიანები გვანცასა და ნინის პირისპირ იმავეს გამეორებას, რითაც ფეისბუქის სხვადასხვა კედელი აქვთ აჭრელებული? ალბათ, ასიდან ხუთიც ვერ შეძლებს. ჩვენ არ ვიცით გოგონების არგუმენეტები (თუ კომენტარს, რომ გვანცას ჩვენ, ჩვენი აზრებით, ფეხზე ვკიდივართ, ამად არ მივიღებთ) და არგუმენტების გარეშე კამათი, წყლის ნაყვაა. განსაკუთრებით, ვირტუალურ სივრცეში, სადაც დასაბუთებული პოლემიკაც კი უშედეგოა.

მოდი შევთანხმდეთ, რომ, მეტ-ნაკლებად, ყველა ჩვენგანს საკუთარი თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და ფიქრობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მისი არსებობა განსაკუთრებული მოვლენაა. ყველას გვინდა, რომ სამყარო ჩვენი სურვილების მიხედვით იყოს მოწყობილი, თუმცა გვავიწყდება, რომ ჩვენ გარდა, დედამიწაზე არა ერთი და ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული მილიარდია, რომელსაც ჩვენნაირი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ გვანცა ან ნინი 25 წლის ასაკში მაინც მოახერხებენ ჩამოყალიბებას და იმ ღრმაინტელექტუალურ პეროსაც გამოჰკრავენ ხელს, ბევრი ჩვენგანი რომ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ატარებს, მაგრამ მოდი, მანამდე მივცეთ საშუალება, გამოხატონ თავისი თავი და, თუნდაც, დაგვიანებით, გაიარონ ის ეტაპები, რომლებიც ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელია. ნუ შევუშლით ხელს, ნუ დავაკომპლექსებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

თქვენ ამ პოსტს კითხულობთ და ქვემოთ აღშფოთებულ კომენტარს მიმზადებთ, ამასობაში, დაკვირვების ობიექტებისგან ტიპურ თინეიჯერულ დამოკიდებულებას ვხვდებით: გვანცა კვლავ რეპერობს და ხმამაღლა გვიცხადებს, რომ ჩვენ, ჩვენი ინწელექწუალური აზრებით, ფეხზე ვკიდივართ (?), ნინის კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეისბუქზე კომენატარი ჯერ არ გაუკეთებია.

P.S. ელიტურ ფეისბუქურ საზოგადოებაში აკრიტიკებენ ყველაფერს, რაც მასას მოსწონს და პირიქით: აქ ყველაფერია მოდაში, რაც მასის ანტიპათიას იწვევს. მიიღეთ გულწრფელი აღიარება, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა პოსტით ვეცადე, დიდი პერო გამერჭო.

P.P.S. ისე, ჩვენივე დახმარებით, ამ გოგონებმა მოახერხეს ის, რაც, ჩვენდასაბედნიეროდ, თავის დროზე ვერ შევძელით და ამ წუთას მეც ჩემი წვლილი შემაქვს! დიახ, დიახ, პოპულარობაზე მოგახსენებთ.